რით ვიკვებებით? - რატომ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ ნატურალური პროდუქტის ნატურალურობა და რამდენად სანდოა ამ მიმართულებით გაცემული სერტიფიკატები
 რით ვიკვებებით? - ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მეცნიერებში გენურმა ინჟინერიამ სხვადასხვა გენების შეჯვარება ახალ საფეხურზე აიყვანა, ან კიდევ უფრო ადრე, იმ დროიდან,  როდესაც მიწა, როგორც ამოწურვადი ბუნებრივი რესურსი, მრავალხნიანი გადამუშავებით ისე გამოიფიტა, რომ მისი სასარგებლო პოტენციალის შესანარჩუნებლად საჭირო გახდა სხვადასხვა პესტიციდებისა თუ ქიმიკატების დამატება. დღეს კი თანამედროვე, ცივილურ და ტექნოლოგიურად ასე განვითარებულ სამყაროში ერთმანეთის გვერდიგვერდ მდგარ რამდენიმე დახლიდან შეგვიძლია არჩევანი ან გენმოდიფიცირებულ ვაშლატამაზე შევაჩეროთ ან გორის ვაშლზე, მაგრამ ამასთან, სრულიად სამართლიანად გაგვიჩნდეს კითხვაც - რამდენად შეგვიძლია დახლზე გასაყიდად გამოტანილ ნატურალურ პროდუქტებს მართლაც ვუწოდოთ ნატურალური?

soflidan.ge ერთ-ერთია იმ  ბიზნესოპერატორებს შორის, რომელიც საკუთარი ვებგვერდის მეშვეობით პოპულარიზებას უწევს ნატურალურ, სოფლის პროდუქტებს და მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, მოქნილი სერვისის საფუძველზე, შეიძინოს მისთვის სასურველი  სურსათი. „ბიზნესპოსტი“ ამ პროდუქტების მიმწოდებელთა სანდოობით დაინტერესდა და რამდენიმე კითხვით მის წარმომადგენელს, კახა კუჭავას მიმართა.

-როგორ არჩევთ მომწოდებელ კომპანიებს თუ ფერმებს ? მაგალითისთვის, თუ ინტერესდებით მათ მიერ პროდუქტის მოყვანის ტექნოლოგიით და ზოგადად, რატომ უნდა ენდოს მომხმარებელი თქვენს პროდუქტს?

- ვინც გვაწვდის ბიოპროდუქტებს, რა თქმა უნდა, აქვთ სერტიფიკატები, რომელიც დასტურია იმისა, რომ ისინი ბიობრენდით ოპერირებენ ბაზარზე. ამ სტატუსის მოპოვება კი, გამომდინარე კანონმდებლობის მოთხოვნებიდან, არის საკმაოდ რთული, რასაც ადასტურებს ისიც, რომ რამდენიმე კომპანიას აეკრძალა „ბიო“ სახელის გამოყენება, რამდგანაც ისინი ნამდვილად არ აწარმოებდნენ ბიოპროდუქტებს. ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ კონკრეტულ პირებსა თუ კომპანიებზე, ვინც გვაწვდის პროდუქციას. მაგალითად, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა, მწვანე სახლები ლისზე, შპს ჯბზ – რძის ნაწარმი ახალციხიდან, შპს სობისური-ვაშლის წვენი და ძმარი, შპს ქარელის ჩირი, პაპუნა კოხტაშვილის „ბედნიერი თევზების ფერმა“ – ლოქო, შპს ბიომარი – კალმახი და სხვა.

-  რა გზას გადის პროდუქტი, სანამ ის თქვენს ვებგვერზე განთავსდება ?

- პირველ რიგში, მოთხოვნილი პროდუქტი საწყობში უნდა გადმოიგზავნოს აუცილებლად, შემდეგ ვამოწმებთ, აქვს თუ არა შესაბამისი სერტიფიკატი და მხოლოდ ამის შემდეგ ვაფორმებთ კონტრაქტს. ამის შემდეგ პროდუქტი იტვირთება ჩვენს საიტზე, სადაც მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, შეიძინონ და დააგემოვნონ ნამდვილი სოფლის ნობათი.

- სურსათის ეროვნული სააგენტოს კონტროლს თუ ექვემდებარებით და თუ კი, კონტროლი რა ფარგლებში მოიაზრება?

- ჩვენ დარეგისტრირებული ვართ, როგორც ბიზნესოპერატორი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ვმოწმდებით სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, რაც მოიცავს ჰიგიენის, პროდუქტის შენახვისა და ტრანსპორტირების წესების დაცვას. შენახვის პირობები ყველანაირად დაცული გვაქვს. რაც შეეხება პროდუქტის ვარგისიანობას, მაგალითისთვის თუ ჩვენ კონტრაქტი გვაქვს კონკრეტულ მომწოდებელთან, ფირმებთან, მოწოდებამდე თვითონ ისინი აგებენ პასუხს  პროდუქტის ვარგისიანობაზე, მაგრამ თუ პროდუქტი ინახება ჩვენთან, ყველანაირად ვუქმნით საჭირო პირობებს და შესაბამისად, ჩვენს ნაწილში ეს უკვე სურსათის ეროვნული სააგენტოს კონტროლს ექვემდებარება.

„ბიზნესპოსტმა“ფერმერთან გასაუბრებაც გადაწყვიტა და ამ მიზნით ნინა პერტოვა-ძნელაძეს დაუკავშირდა, რომელსაც უკვე წლებია მოჰყავს ბიოპროდუქტები „მწვანე სახლი“ ლისის ტბაზე.

- რა ტექნოლოგიით მოგყავთ პროდუქტი ?

-ბიოპროდუქტები მოგვყავს ბიოტექნოლოგიით. თავიდან ვაძლევთ კვებას თესლიდან დაწყებული, შემდეგ ეტაპობრივად, ყველაფერ ამას ვაკეთებთ, როგორც ბუნებრივად სჭირდება იმ ბოსტნეულს, რომელიც ჩვენ მოგვყავს. გვაქვს შემდეგი სახეობები, რომელსაც შეიძლება ეწოდოს ბიოპროდუქტი, ესენია: პომიდორი, კიტრი, მწვანილი, სხვადასხვა დასახელების სალათი, ბოსტნეულიდან კარტოფილი, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო. საკვებს მორწყვის დროს ვაძლევთ ბიოლოგიურ სუფთა კვებას, რაც შემდგომ მიეწოდება ნაყოფს და პროდუქტს.

- მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი თქვენი პროდუქციის მიღება?

- პრაქტიკულად, მთელი წლის განმავლობაში შეიძლება წარმოება სასათბურე მეურნეობაში ან გრუნტზე. ჩვენ ორივე გვაქვს, თუმცა გარკვეული შეფერხებების გამო, როგორიცაა, თუნდაც მცირე ტერიტორია,  ეტაპობრივად არ გამოგვდის წარმოება, იმხელა ფართი არ გვაქვს, რომ სტაბილურად მთელი წლის განმავლობაში, როგორც გრუნტზე, ასევე სასათბურე პირობებში მოვიყვანოთ პროდუქტი.

- გაფართოებას თუ გეგმავთ ?

- გაფართოებას დიდი ხანია, ვგეგმავ და ალბათ, გავფართოვდებით კიდეც, როცა უკვე ამის საჭიროება იქნება, ვგულისხმობ, რომ როცა მოთხოვნა გაიზრდება,  აუცილებლად გაიზრდება მიწოდებაც.

- როგორია მომხმარებელთა მოთხოვნის თანაფარდობა თქვენს მიერ წარმოებული პროდუქტის რაოდენობასთან ?

- მოთხოვნა უფრო მეტი მაქვს, ვიდრე მიწოდება შემიძლია. დღესდღეისობით არც დისტრიბუცია მაქვს და არც რომელიმე კონკრეტულ წერტილებში თუ სუპერმარკეტებში შემაქვს პროდუქტი, უბრალოდ, ადგილზე მოდიან მომხმარებლები და აქ ხდება შეძენა ახალმოკრეფილი, ცოცხალი პროდუქტის, იმდენის, რამდენიც მათ სჭირდებათ. უფრო მეტი დატვირთვა გვაქვს იმ მომხარებლებისგან, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევენ და იციან, ეს რას ნიშნავს. ასევე უნდა გამოვყო ბავშთა კვება.

- კვების ობიექტები თუ ინტერესდებიან თქვენი პროდუქტით? მაგალითისთვის, ბარ-რესტორნებით და ა. შ

- პირველ ეტაპზე, როცა ბიზნესი ახალდაწყებული აქვთ და ახლა იხსნებიან, ინტერესდებიან, მაგრამ მერე უკვე შეიძლება იმდენი აღარ სჭირდებათ, ან მოთხოვნა აღარ არის, ნაკლებად იძენენ. ფასებს რომ დავაბრალოთ, ბაზარში გამოტანილი პროდუქტებისგან დიდად არ განსხვავდება. სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ უფრო მეტი გვიჯდება ბიოპროდუქტის მოყვანა, ვიდრე მისი გაყიდვა.

- ამის გათვალისწინებით, რამდენად მომგებიანი ბიზნესია ბიომეურნეობა?

- ძალიან მომგებიანია, როცა მისი მყიდველუნარიანობა იზრდება. როგორც კი აიწევს მოთხოვნის რაოდენობა, უფრო მეტი პროდუქტის მოყვანას შევძლებ და შესაბამისად, გაფართოებაზეც ვიფიქრებ, მაგრამ როცა იკლებს მოთხოვნა, მეც ვამცირებ რაოდენობას.

-  საქართველოში ბიომეურნების განვითარების პერსპექტივას თუ ხედავთ?

- ერთადერთი პერსპექტივაა ხვალინდელი დღე, როცა თითოეული ადამიანი დაფიქრდება თავის ჯანმრთელობაზე, რა ურჩევნია ჭამოს - ჯანსაღი პროდუქტი, თუმცა უფრო ცოტა რაოდენობით, თუ შემდეგ მკურნალობაში, წამლებსა თუ ექიმებთან ვიზიტში დახარჯოს  ფული? კვებით და წყლით ჩვენ ვიღებთ იმ მიკროელემენტებს, რომელიც ჩვენს ორგანიზმს სჭირდება. რაც უფრო ახალგაზრდობიდან დავიწყებთ ამაზე ფიქრს, უფრო გავიხანგრძლივებთ ცხოვრებას. მსოფლიოში, პრაქტიკულად, უზარმაზარი სეგმენტია ბიომეურნეობაზე და ორგანულ პროდუქტებზე. მართალია, ფასი უფრო ძვირია, რადგან თვითონ მოვლაა უფრო ძვირი. ჩვენ არ ვხმარობთ არც ნიტრატებს, არც პესტიციდს, არც ქიმიკატს, ვკარგავთ მოსავლის უზარმაზარ ნაწილს, მაგრამ გვაქვს ყველაფერი ნატურალური. როდესაც მომხმარებელს ჩვენს პროდუქტს ვაწვდით, ის  რამდენჯერმე მეტად არის გაჯერებული იმ მიკროელემენტებითა და ვიტამინებით ზუსტად იმ რაოდენობით, რაც ჩვენმა ორგანიზმმა, მაგალითად, ერთი პომიდვრისგან უნდა მიიღოს. ჩვენმა მომხმარებლებმა იციან, რომ ის, რაც ჩვენგან მიაქვთ, ნამდვილად არის ნატურალური და ურჩევნია ეს იყიდოს რამდენიმე ცალი და უფრო ძვირი გადაიხადოს, ვიდრე გავიდეს ბაზარში და იმავე ფასად იყიდოს, პირობითად, ხუთ-ხუთი კილოგრამი და არ იცოდეს, როგორ არის ის მოყვანილი.  ეს ნდობის ფაქტორიც არის და შეგნებისაც, ვინ როგორ თვლის, რა უნდა მისი თავისთვის.

- სახელმწიფოსგან თუ იღებთ რაიმე სახის შეღავათს ან წახალისებას თქვენი ბიზნესის განსავითარებლად ?

- შეღავათებზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მე უკვე ამ საქმიანობით მერვე წელია ვარ დაკავებული და აქედან ხუთი წელია, მაქვს აგროკრედიტი და ჩვეულებრივად, შეღავათიანად ვიხდი ამ კრედიტს. თუ არ გადავიხადე, ჩემი მეურნეობა დაიხურება. სხვა არანაირი შეღავათი არ მაქვს და მაგიტომაცაა, რომ მიჭირს განვითარება. დროდადრო ბევრმა წამოიწყო ეს ბიზნესი და დაირქვა, რომ აწარმოებდა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს, მაგრამ სწრაფი მოგების მიზნით, ბევრმა შეაჩერა ბოიტექნოლოგიებით მოყვანა და ნიტრატებისა და ქიმიკატების გამოყენება დაიწყო.

- თქვენი აზრით, რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ, რომ უფრო პოპულარული და მეტად შესაძლებელი გახადოს ბიოპროდუქტების წარმოება და მისი ყოველდღიურ ბაზარზე დამკვიდრება?

- ძალიან ბევრნაირად შეიძლება, შეგვეწყოს ხელი.  მაგალითისთვის, ახლა ცხელი ზაფხულია, მაგრამ როცა დიდწვიმიანობა და ქარბუქებია, ჩემი სათბურები ზარალდება, მაგრამ აღდგენას მე ისევ ჩემი სახსრებით ვცდილობ, რადგანაც სესხს არ მიმატებენ და ამასთან, მისი დამტკიცების შემთხვევაშიც მეტი პროცენტების გადახდის საშუალებაც აღარ მაქვს. ამიტომაც მომიწია წარმოებულ პროდუქტის მოცულობის შემცირება, რითაც შევინარჩუნე ბიზნესი იმ კუთხით, რომ ისევ ვმოღვაწეობთ და  შემიძლია დავაკმაყოფილო ის სტაბილური კლიენტები, რომლებიც ყოვედღიურობაში არიან. სოფლის მეურნეობის სამინისტრო თუ მკითხავს, ვეტყვი, რა არის საჭირო არამარტო ჩემთვის, არამედ სხვა ფერმერებისთვისაც, რომელთაგანაც ძალიან ბევრს აქვს სურვილი და ბევრი თავიდანვე ენთუზიაზმით იწყებს ამ საქმის კეთებას, მაგრამ შემდეგ ჩერდება და ბანკროტდება. იმიტომ, რომ შენ შეგიძლია პირველ წელს მოიყვანო მოსავალი, მაგრამ გაყიდვებიც სტაბილურად უნდა გქონდეს. ეს შეუჩერებელი პროცესია. აი ახლა ჩვენ ჩითილები თუ არ გამოვიყვანეთ, შემოდგომაზე არ მექნება პროდუქტი, თუ შემოდგომაზეც გარკვეული ნაბიჯები არ გადავდგი, გაზაფხულზე არ მექნება და ა.შ სულ შეუჩერებლად აკეთებ ამას. გვჭირდება გათბობა, გვჭირდება ტარიფების შემცირება, რაც არ გვაქვს და ა.შ

სარეალიზაციო ბაზარზე არსებული სურსათის კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიმარტეს, რომ სააგენტო, უპირველეს ყოვლისა, ამოწმებს, თუ რამდენად აკმაყოფილებს ესა თუ ის სურსათი უვნებლობის სტანდარტებს. რაც შეეხება თავად კონტროლის მექანიზმს, რომელიც  სპეციალურ კანონმდებლობაში დეტალურად არის გაწერილი, სააგენტო  ამ ბიზნესოპერატორების გეგმიურ და არაგეგმიურ შემოწმებას ახორციელებს. შემოწმების ინტენსივობა რისკზე დაფუძნებული ანალიზის მიხედვით იგეგმება. არაგეგმიური შემოწმებები კი  შემოსული შეტყობინებისა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ხორციელდება. ასევე ხდება დოკუმენტების გადამოწმება, ინსპექტირება, რაც ნიშნავს საწარმოო პროცესის შემოწმებას, არსებობს ზედამხედველობა და მონიტორინგიც - ლაბორატორიული კვლევის მიზნით ნიმუშების აღება და ამ ნიმუშების კვლევა.  ეს არის ის ძირითადი მექანიზმები, რითაც მუშაობს სააგენტო.

კანონმდებლობით გათვალისწინებულ სანქციების ეფექტურობასთან დაკავშირებით, მაგალითისთვის  საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოების ჰიგიენური სერტიფიკატის ან/და ნებართვის გარეშე პროდუქციის წარმოება-რეალიზაცია, იწვევს დაჯარიმებას ათასიდან ათას ხუთას ლარამდე, რაც თავის მხრივ, არის მხოლოდ ერთჯერადი სანქცია, რისი გადახდის შემდეგაც ამ ბიზნესოპერატორებს შეუძლიათ ისევ გააგრძელონ ჩვეული საქმიანობა ან საქმიანობის აკრძალვის შემთხვევაში, ახალი სახელით გამოვიდნენ ისევ ბაზარზე.  ამიტომაც რამდენად ეფექტურია კანონმდებლობით გაწერილი  სანქციები, რთული სათქმელია, რადგან ამის  ზედამხედველობა და კონტროლი მარტივი ნამდვილად არაა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მეტი ინტენსივობით კონტროლი მეტ ადამიანურ რესურსსაც მოითხოვს და სარეალიზაციო ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე, ასი პროცენტით სასურველი შედეგის მისაღებად, პრაქტიკულად, ძალიან დიდი შრომაა საჭირო.

 

თარიღი: 2018/08/13