რას მოუტანს საქართველოს და ქართულ ბიზნესს დიდი ჰესების მშენებლობა?
ბოლო ხანებში სულ უფრო მწვავე და აქტუალური ხდება საკითხი - რამდენად საჭიროა საქართველოში დიდი ჰესების აშენება და თუ საჭირო არ არის, მაშინ შეიძლება თუ არა განახლებადი ენერგიის სხვა წყაროებით ქვეყნისთვის საკმარისი ენერგიის გამომუშავება. საქართველოში დიდი ჰესების აშენებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. ისინი მწვავე  ეკოლოგიურ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას, ჰესების მომხრეები კი ამტკიცებენ, რომ მომავალი 15-20 წლის განმავლობაში, ეკონომიკური განვითარების პარალელურად, ქვეყანას დაახლოებით ორჯერ მეტი ელექტროენერგია დასჭირდება, რისთვისაც მხოლოდ ძველი ჰესები საკმარისი არ იქნება. ამ პრობლემაზე სასაუბროდ „ბიზნესპოსტმა“ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარეს - ნინო ჩხობაძემიმართა:

- ქალბატონო ნინო, თქვენი აზრით, სჭირდება თუ არა საქართველოს დიდი ჰესები?

- მე უფრო დიდი ჰესების მოწინააღმდეგეთა არგუმენტებს ვიზიარებ და ვემხრობი. რატომ? -  ისინი მეტყველებენ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით, რაც მთელ მსოფლიოში ხდება: ყველა დიდი ჰესი, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში, დღეს უკვე გადახედვას ექვემდებარება. საერთოდ, ეს ჰესები  რაღაც პერიოდის შემდეგ ინგრევა. ასეთი შემთხვევები მოხდა  იტალიაში, აშშ-ში, რუსეთში და ა.შ... ეს არის პრობლემა, რომელიც ბევრ ქვეყანას დაუდგა და მის გამო ძალიან ბევრმა სახელმწიფომ  შეაჩერა ჰესების მშენებლობა. საერთოდ, დიდი ჰესის აშენებისას რისკები ძალიან დიდია. მაგალითად: ენგურჰესი რომ შენდებოდა, თურქულ მხარეს სერიოზული მოლაპარაკებები ჰქონდა საბჭოთა კავშირთან: თურქები შიშობდნენ, რომ ტალღა, რომელიც ნგრევის შემთხვევაში შეიძლება აზვირთებულიყო, სტამბულამდე მიაღწევდა და ქალაქს დაარტყამდა.

- ენერგეტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ჩვენი ჰიდროელექტროსადგურები სრულფასოვნად ვერ მუშაობენ, რადგან მათი რეზერვუარები სავსეა ნარჩენებით და მათ აღარ შესწევთ უნარი  წყალი შეგუბონ. მათი შეფასებით, ამ სადგურების სრული რეაბილიტაციაა საჭირო და არა - ახალი ჰესების აშენება.

- ეს აბსოლუტურად სწორი მიდგომაა და დღეს მთელ მსოფლიოში ამისკენ მიდიან: ყველა არსებული ჰესის დემონტაჟს აკეთებენ და მათ რეაბილიტაციას იწყებენ. ამისათვის ყველა ჰესის მეპატრონემ უნდა ჩადოს თანხა. დღესდღეობით საქართველოს საკუთრებაში არც ერთი ჰესი არ არის დარჩენილი, ამიტომ, კერძო მფლობელებმა უნდა გაიღონ თანხა, რომ არსებულმა ჰესებმა სრული დატვირთვით იმუშაოს.

- განსაკუთრებული წინააღმდეგობა დიდი ჰესების მშენებლობას სვანეთში უწევენ. ეს რით არის განპირობებული?

- გლობალურმა კლიმატის ცვლილებამ მთელ მსოფლიოს და საქართველოს ყველა მხარეს დაღი დაასვა, განსაკუთრებით კი - სვანეთს. იქ ტენიანობა საგრძნობლად მომატებულია და დამატებითი საფრთხის გაჩენა კიდევ უფრო დიდ საშიშროებას შეუქმნის ამ რეგიონს.  ცნობილია, რომ ჩვენი მთიანი რეგიონები მეწყერსაშიში და ღცარცოფულია. ჩვენ ძალიან ბევრი ღვარცოფული მდინარე გვაქვს და შესაბამისად, მთებში საფრთხეც  ძალიან მაღალია. ამას ემატება მოვლენები, რომელიც მყინვარებზე დაიწყო. ყველამ ვიცით, რომ  მესტიაში, მყინვარ  ლეხზირის მახლობლად ყინულის დიდი მასა ჩამოწვა. ეს პროცესები მომავალში კიდევ უფრო გახშირდება.  საფრთხე ძალიან დიდია და ამიტომ, ნებისმიერი ჰიდროტექნიკური ნაგებობა მხოლოდ ძალიან დიდი დაკვირვების და შესწავლის შემდეგ უნდა აშენდეს, მით უმეტეს, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ღვარცოფული მდინარე სათანადოდ არა გვაქვს შესწავლილი.

-„საქართველოს არ ეყოფა ის ენერგია, რომელსაც გამოიმუშავებს. მხოლოდ ქარზე, მზეზე და ჩამონადენზე მომუშავე მცირე ესები ქვეყნის ენერგეტიკულ სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფს, ამიტომ, დიდი ჰესები აუცილებელია“ - ამ არგუმენტს რას დაუპირისპირებდით?

-  21-ე საუკუნეში ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მსოფლიო თანდათან გადადის მზისა და ქარის ენერგიაზე. ასევე - თერმოენერგიის გამოყენებაზე - ეს არის ახალი ტექნიკა და ტექნოლოგია. აღარაფერს ვამბობ დასავლეთის მოწინავე ქვეყნებზე, მეზობელი თურქეთიც კი ჰელიოსისტემებზეა გადასული მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა ძალიან ბევრი ჰიდროელექტროსადგური ააშენა და ჭოროხის ხეობა ბოლომდე აქვს ათვისებული. დიდი ჰესების დამცველები კი ამტკიცებენ, ეს ვერ იქნება დასაყრდენი ჩვენი ენერგეტიკისო, მაგრამ ეს მოძველებული  მოსაზრებაა. თანამედროვე მსოფლიოში  სხვადასხვა ტიპის მეთოდოლოგია მოქმედებს: მზისა და ქარის ენერგია, ეკონომიური მოწყობილობები, ჭკვიანი სახლები, ჰელიოსისტემები და სხვა ტექნოლოგიები, რომლებსაც შეუძლიათ ჰესების მიერ გამომუშავებული ენერგია ჩაანაცვლონ. ჩვენ ენერგოგაერთიანების წევრები ვართ და თუნდაც ამიტომ, ევროკავშირის მაგალითს უნდა მივბაძოთ - ძველი, ვარვარა ნათურებიდან თანდათან უნდა გადავიდეთ ახალ ტექნოლოგიებზე. კლიმატის ცვლილებას ყურადღება მივაქციოთ და მოსახლეობის მომარაგებაც სხვა წყაროებით შევძლოთ, მაგალითად, მზის ენერგიით,  როგორც ამას არაერთი ქვეყანა აკეთებს. ამიტომ ჩვენს ენერგოსისტემაშიც ახალი ტექნოლოგიები უნდა დაინერგოს.

-ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ის თანხა, რაც ქვეყანას დაუჯდება ხუდონის, ან ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის აშენება, სრულებით საკმარისი იქნება იმისთვის, რომ საქართველოში არსებული ყველა სახლის სახურავი  მზის პანელებით დაიფაროს...

-მე არ დამითვლია, მაგრამ მაღალი ტექნოლოგიების წყალობით ყველაფერი ხდება. მარტო მზის კი არა, ქარის ენერგიის გამოყენებაც შეიძლება საქართველოს ბევრ კუთხეში. ეს მოსახლეობისთვის სავსებით საკმარისი იქნება, მით უმეტეს, დღეს ჩვენი ელექტროენერგიის 80% სწორედ მოსახლეობის უზრუნველყოფას ხმარდება. თანაც, არ არსებობს ეკონომიკური დასაბუთება, რომ ნენსკრა, ან  ხუდონი რენტაბელური ჰესები იქნება - ჩვენ ასეთი საბუთი ვერსად ვიპოვეთ.  მგონი, ესეც სერიოზული არგუმენტია.

-ათი წლის წინ ვამბობდით, რომ საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა გახდებოდა: ენერგია უნდა გაგვეყიდა მეზობელ ქვეყნებში და ჰესებიც ამიტომ გვჭირდებოდა. დღეს რა სიტუაცია გვაქვს ამ მხრივ?

-ზოგი  დღესაც ამას იმეორებს, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში სიტუაცია შეიცვალა : გარე ბაზრები ძალიან გაიაფდა. ჩვენს მეზობელ თურქეთში ამჟამად ელექტროენერგია უფრო იაფი ღირს, ვიდრე 2010-2011 წლებში ღირდა. საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა ვერ გახდება ერთი უბრალო მიზეზის გამო: ჩვენი ენერგია ახლა  არავის აღარ სჭირდება: როგორც გითხარით, თურქეთის დღევანდელი ბაზარი საკმაოდ გაიაფებულია ჩვენთან შედარებით. ჩვენ კი, ახალი ჰესებისგან წარმოებული ენერგია თურქებისგან ძვირად უნდა ვიყიდოთ, რადგან ინვესტორები თურქები არიან და ეს ჰესებიც თურქებმა უნდა ააშენონ.  30-40 წლის განმავლობაში  ექსპლუატაციას გაუწევენ და შემდეგ გადმოგვცემენ, როცა შეიძლება წყალი უკვე დეფიციტი იყოს. ეს მე-20 საუკენში მიიჩნევდნენ, რომ მტკნარი წყალი აღდგენადი რესურსი იყო, მაგრამ ახალი საუკუნე დაიწყო და სრულიად ახალი რეალობის წინასე ვდგავართ: მეცნიერულად დადგინდა, რომ მტკნარი წყალი აღდგენადი რესურსი არ არის. თითქმის ყველა ამბობს, რომ წლების შემდეგ კავკასიაში წყლის რესურსების დეფიციტი წარმოიქმნება.  ესე იგი, რა გამოდის? - თურქი ინვესტორები ჩვენს მიწაზე  ჰესებს ააშენებენ, ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ და ძვირად მოგვყიდიან, მერე კი, წყალი როცა აღარ იქნება, ამ ჰესებს გადმოგვცემენ. ეს არც საქართველოს სჭირდება და არც ქართული ბიზნესის ინტერესებში შედის. მგონი, ღირს დაფიქრება - სჭირდება თუ არა საქართველოს  ამხელა ჰესების აშენება მაშინ, როცა უცხოეთში სულ სხვა ენერგიის წყაროებზე ფიქრობენ და წყლის რესურსს თვალისჩინივით უფრთხილდებიან?!  

თარიღი: 2018/08/14