„საახალწლო“ ბიზნესის“ შუქ-ჩრდილები – რატომ არის სანტა კლაუსი თოვლის პაპაზე პოპულარული და რა ჯდება მათი გამოძახება?
ალბათ, ნებისმიერი ბავშვი ნატრობს, რომ შობა-ახალი წლის დღეებში ხურჯინმოკიდებული თოვლის პაპა, ან სანტა-კლაუსი ესტუმროს, ფიფქიასთან და საყვარელ ზღაპრის  გმირებთან ერთად. 21-ე საუკუნეში ეს უკვე აღარ არის ოცნების საგანი: შეგიძლიათ „გუგლში“ ჩაწეროთ „სანტა-კლაუსი გამოძახებით“, მერე კი, იქ მითითებული რომელიმე ნომერი აკრიფოთ და თქვენს პატარებს ჯადოსნური ახალი წელი აჩუქოთ. ბავშვების საახალწლო განწყობაზე ზრუნავენ როგორც კომპანიები და გასართობი ცენტრები, ასევე - კერძო პირები, რომლებიც ახალი წლის დღეებში სანტას ფორმას ირგებენ და  შეუძლიათ თბილისის ნებისმიერ უბანში მივიდნენ და მასპინძლებს შობა-ახალი წლის დღეები გაულამაზონ. სურვილის შემთხვევაში სანტასთან ერთად გესტუმრებათ სპაიდერმენი, ბეტმენი, ფიფქია, კონკია და სხვა პერსონაჟები, ოღონდ, ამ სიამოვნებისთვის გარკვეული საფასურის  გადახდა მოგიწევთ. ჩვენ დავინტერესდით, რამდენად მომგებიანია  ეს ბიზნესი ჩვენთან და რა დაუჯდებათ მშობლებს საახალწლოდ თოვლის პაპის და ზღაპრის გმირების გამოძახება. როგორც ბავშვთა გასართობ ცენტრ - „რიოში“ გვითხრეს, „საახალწლო ბიზნესი“ საქართველოში არც ისე მომგებიანია. ამ მოსაზრებას სხვა კომპანიები და კერძო პირებიც ადასტურებენ:

სალომე ამირანაშვილი - კომპანია „პინგვინ ივენთის“  მფლობელი:

-მარტო ახალი წლის იმედად ვერ ვიქნებით, რადგან ეს ჩვენთვის დროებითი შემოსავალია. ჩვენი კომპანია მთელი წლის განმავლობაში მუშაობს სხვადასხვა ღონისძიებებზე, იქნება ეს პირველი ივნისი, თბილისობა, 26 მაისი თუ სხვა დღესასწაულები... ყველგან მივდივართ, სადაც საბავშვო ღონისძიებები იმართება. გარდა ამისა, ჩვენს თანამშრომლებს ვაგზავნით  დაბადების დღეებზე, კორპორატიულ საღამოებზე, აქტიურად ვთანამშრომლობთ სახელმწიფო სტრუქტურებთანაც.  ათამდე  მთავარი თანამშრომელი გვყავს, ასევე არიან რეზერვში მყოფნი, რომლებსაც დიდი ღონისძიებების დროს ვეძახით, როცა დამატებით 40-45 ადამიანი გვჭირდება ხოლმე. ისინი ძირითადად, მსახიობები არიან. მთელი საქართველოს მასშტაბით ვმუშაობთ. 50-მდე ზღაპრის გმირი გვყავს, ჩვენს რეპერტუარში ცეცხლოვანი შოუ და ილუზუონისტის ნომრებიც შედის  - ერთი სიტყვით, ყველანაირი მომსახურება გვაქვს, რაც ბავშვებს გაახარებს. რა თქმა უნდა, შობა-ახალი წლის დღეებში გვაქვს სერვისი - „სანტა გამოძახებით“. ჩვენი სანტას ვიზიტი და საჩუქრების გადაცემა 50 ლარიდან იწყება, 150-ლარიანი შეთავაზებაც გვაქვს, როდესაც სანტა და ფიფქია სპეციალური პროგრამით მიდიან და ბავშვებს ართობენ. ისინი კერძო შეკვეთებზეც მიდიან და სხვადასხვა ორგანიზაციიის მიერ გამართულ ღონისძიებებზეც. ქართული თოვლის პაპის გამოძახება და 15-წუთიანი ვიზიტი უფრო ძვირი ღირს - 70 ლარი. დამატებითი პერსონაჟის მინიმალური საფასური კი - 40 ლარია. ჩვენს კომპანიას საკმაო ხარჯების გაღება უწევს: ტრანსპორტირება, დასახადები, გთანამშრომლების ხელფასი, ამიტომ ეს ჩვენთვის მომგებიანი ბიზნესი არ არის. ყოველ წელიწადს ვითვლით და შეკვეთებში ყველაზე დიდი წილი კერძო კომპანიებსა და საბავშვო ბაღებზე მოდის. იმ დედების და მამების წილი, რომლებიც სანტა კლაუსს, ან თოვლის პაპას ოჯახში იძახებენ, ყოველწლიურად მცირდება. ამ ბიზნესში მოგება უფრო კერძო პირებს აქვთ, რომლებიც საახალწლოდ ოჯახებში დადიან და იმ 50 ლარს მთლიანად იტოვებენ. მაგალითად: ჩვენი მსახიობები სამსახურიდან წავიდნენ, სანტას ფორმები შეიძინეს და ახლა თვითონ მიდიან ოჯახებში. მათთვის ეს მომგებიანი საქმეა, რადგან სანტას სამოსი ერთხელ იყიდეს და მეტი დანახარჯი არა აქვთ. კომპანიას კი, ხარისხიც მეტი მოეთხოვება, პასუხისმგებლობა და ხარჯიც მეტი აქვს.  ჩემთვის ფინანსურ სარგებელზე უფრო ძვირფასი ჩემი სახელია, მათ კი - ვერავინ იცნობს და იმიჯი სულაც არ ადარდებთ. გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები ფასს აფუჭებენ, ხარისხითაც მოიკოჭლებენ და მოსახლეობა ამ სერვისისადმი ნდობას კარგავს. ზოგი ბავშვებთან ნასვამი მიდის, ზოგი - მოუწესრიგებელი და მერე ხალხი ჩვენც აღარ გვენდობა. მომხმარებელი ხშირად გვეუბნება: გვირჩევნია მეტი გადავიხადოთ და ნორმალური სერვისი მივიღოთო. ჩვენი ფირმის კონკურენტები საკმაოდ კარგი კომპანიები არიან, მაგრამ „საახალწლო ბიზნესში“ ჩვენს მთავარ მეტოქედ  მაინც კერძო პირებს მივიჩნევთ.

დავით გაგოშიძე - შპს „დავითიანის“ ხელმძღვანელი:

-ჩვენი ფირმის საქმიანობის სფერო კულტურული ღონისძიებების მოწყობაა მთელი წლის განმავლობაში. ბუნებრივია, საახალწლოდ თოვლის პაპის გამოძახება ჩვენს სერვისებშიც შედის. ჩვენი ფასები ასეთია: 31 დეკემბერს სანტა კლაუსის სტუმრობა საღამოს 6 საათამდე 50 ლარი ღირს, 6 საათიდან 8-მდე - 60 ლარი, ხოლო ღამის 2 საათამდე - 70-80 ლარი. ქართული თოვლის პაპა 10 ლარით ძვირია. ხშირად გვეკითხებიან - რატომო? ახლავე აგიხსნით: ჩვენებურ თოვლის ბაბუას 1200 ლარის მარტო ტანსაცმელი აცვია: ჩოხა-ახალუხი, ნაბადი, ქამარ-ხანჯალი, ფაფახი - ამ ყველაფრის შეძენა აღჭურვილობასთან ერთად, სოლიდური თანხა გვიჯდება, შესაბამისად, თოვლი პაპის გამოძახება უფრო ძვირია. კიდევ ერთი რამ მაქვს შემჩნეული: ბოლო წლებში სანტა კლაუსი უფრო პოპულარულია, ვიდრე ჩვენი თოვლის ბაბუა.  ჩვენი დამკვეთების 80 პროცენტიც სწორედ  სანტა-კლაუსს იძახებს. სანტას  როლს ხშირად პროფესიონალი მსახიობები ასრულებენ. შობა-ახალი წლის დღეებში ისინი საკმაოდ დატვირთულად მუშაობენ, მერე კი - შეკვეთები თანდათან მცირდება.

პაპუნა მჭედლიძე - „სანტა სერვისის“ დამფუძნებელი:

-პროფესიით მსახიობი ვარ და შობა-ახალი წლის დღეებში სანტა-კლაუსის როლს ადვილად ვირგებ. უკვე  7-8 წელია, რაც „სანტა“ გავხდი... ყველაფერს მარტო ვაკეთებ, ინდმეწარმის სტატუსი მაქვს, ჩემს მონაცემებს ინტერნეტში ვდებ, შობა- ახალი წლის დღეებში შეკვეთები შემომდის და ოჯახებში მივდივარ. სკოლებში და საბავშვო ბაღებშიც მივდივარ ხოლმე, როცა ზეიმი აქვთ. ასეთ ზეიმებზე ჩემი სანტას სტუმრობა 40-50 ლარი ღირს, კერძო შეკვეთა კი - 50 ლარით იწყება და ზემოთ ადის, 31 დეკემბერს ვიზიტის ფასი იზრდება და 70-80 ლარია. ზოგიერთ ფირმაში ფასები გაცილებით ძვირი ღირს, მე კი, შეიძლება კლიენტი არ დავკარგო და ფასი კიდევ უფრო დავუკლო. საჩუქარს, რომელსაც ბავშვებს ვაძლევ, მშობლები მახვედრებენ. ყველაზე მეტი შეკვეთა 31 დეკემბერს მაქვს, 1-2 იანვარსაც საკმაო რაოდენობით ხალხი მიძახებს, ძველით ახალი წლისთვის კი, გუდაურში, ან ბაკურიანში მივდივარ. იქ სანტას ადგილობრივებიც იძახებენ და დასასვენებლად ჩასული ტურისტებიც. ჯერჯერობით სხვა გმირები არა მყავს, რადგან ეს ფინანსებთან არის დაკავშირებული. ბუნებრივია, გაფართოებაზეც ვფიქრობ, ძალიან მინდა პატარა კომპანია გავაკეთო, რომელშიც სხვა ანიმატორებიც იქნებიან, მაგრამ ეს ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული და ჯერჯერობით ვერ ვახერხებ.

ალბათ, გაინტერესებთ, როგორ გადავწყვიტე საახალწლოდ სანტას როლი მომერგო: ერთ-ერთ ჟურნალში წავიკითხე ამერიკელი ბიზნესმენის ამბავი, რომელიც გაკოტრდა და თავისი ქონებიდან მხოლოდ სახლები დარჩა, სხვა - არაფერი. შობა-ახალი წელი მოდიოდა და გადაწყვიტა გაერისკა: ერთი სახლი გაყიდა და მისი ფული ამ ბინზესში ჩადო. ამ კაცმა 25 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით იმდენი მოგება მიიღო, რომ მთელი თავისი დანაკარგი აანაზღაურა და გაკოტრებასაც გადაურჩა. დასავლეთის ქვეყნებში ეს ძალიან მომგებიანი ბიზნესია, მაგრამ საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩვენთან ამ გზით ფულს ვერ იშოვი. ხალხს ძალიან უჭირს და სანტა-კლაუსის გამოძახება მხოლოდ  შეძლებული ოჯახების პრეროგატივაა. ალბათ ამით  აიხსნება, რომ საქართველოში „საახალწლო ბიზნესი“ მომგებიანი არ არის.

 

თარიღი: 2018/12/28