რეკორდული 2018 წელი: ბოლო 30 წლის განმავლობაში ექსპორტზე ყველაზე დიდი რაოდენობით ქართული ღვინო გავიდა
2018 წელი ჩვენი ღვინის ინდუსტრიისთვის რეკორდული აღმოჩნდა, რადგან ბოლო 30 წლის განმავლობაში ექსპორტზე ყველაზე დიდი რაოდენობით ქართული ღვინო გავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა. კერძოდ: 2018 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 86,2 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა, რაც ბოლო 30 წელიწადში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 203 მლნ აშშ დოლარია, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20%-ით მეტია. სააგენტოს ცნობით, ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე - იაპონიაში, პოლონეთში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, ევროპის და აზიის მიმართულებით და ტრადიციულ ბაზრებზე - რუსეთში, უკრაინაში, ბალტიის ქვეყნებში, შუა აზიასა და დსთ-ის სივრცეში...  2018 წელს ღვინის ექსპორტი უცხოეთში 284-მა კომპანიამ განახორციელა და ექსპორტიორი კომპანიების რიცხვი გასულ წელთან შედარებით 34-ით გაიზარდა.

2018 წელს ამ ბიზნესის წარმომადგენლებიც „წარმატებულს“ უწოდებენ - ქართველი მეღვინეები  აცხადებენ, რომ ბოლო ხანებში ჩვენი ღვინის საექსპორტო არეალი საგრძნობლად გაფართოვდა:

მიხეილ ხუნდაძე - „კორპორაცია ქართული ღვინის“ გენერალური დირექტორი:

-ბოლო წლების ტენდენცია ასეთია: მოთხოვნა ქართულ ღვინოზე გაიზარდა და ქართველმა მეღვინეებმა ტრადიციულ ბაზრებთან ერთად ახალი ბაზრებიც აითვისეს. რეალიზაცია გაზრდილია ახალ და უკვე არსებულ ბაზრებზეც, რაც ცხადია, ციფრებში აისახება. გამონაკლისი ამ მხრივ არც ჩვენი კომპანიაა: ექსპორტის ზრდა გვქონდა როგორც ევროპის ბაზრებზე, განსაკუთრებით, პოლონეთში, ასევე პოსტსაბჭოთა სივრცეში - რუსეთის, უკრაინის და შუა აზიის ბაზრებზეც. თამამად ვიტყოდი, რომ გასული წელი ჩვენი კომპანიისთვისაც წარმატებული იყო, რასაც ახალი ბაზრების ათვისებამ და ბაზრის დივერსიფიცირებამ შეუწყო ხელი.

ზურაბ მარგველაშვილი - კომპანია „თბილღვინოს“ გენერალური დირექტორი:

-შარშანდელი წელი მართლაც რეკორდული იყო, რაც ერთი მხრივ, კარგია, მაგრამ მეორე მხროვ, ჩნდება რისკი რომ ხარისხის კონტროლი შესუსტდეს. ჩვენთვის რაოდენობის ზრდასთან ერთად ხარისხის ზრდაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს. როგორც წესი, ექსპორტის მოცულობის ზრდასთან ერთად დაბალხარისხიანი ღვინის რეალიზაციის საფრთხეც მატულობს. ამის საშიშროება თითქმის ყველა ბაზარზეა. ჩვენ ვცდილობთ ტრადიციული ბაზრები არ დავკარგოთ, რადგან ახალი ბაზრები, სადაც ჩვენი ღვინის რეალიზაცია სტაბილური იქნება, ძნელი მოსაპოვებელია. ჩვენს კომპანიასაც აქვს ათვისებული რამდენიმე სრულიად ახალი ბაზარი, მაგრამ ისინი არ არის დიდი მოცულობისა. მაგალითად: შარშან პირველად შევიტანეთ პროდუქცია ბრაზილიაში. ქართული ღვინისთვის ჩინეთიც ძალიან პერსპექტიულია, მაგრამ იქ მუშაობას თავისი სპეციფიკა და სირთულეც აქვს. ეს დიდი ქვეყანაა, სადაც პროდუქცია სხვა ქვეყნებსაც შეაქვთ და კონკურენციაც საკმაოდ მაღალია. ამჟამად ჩვენი კომპანია 30-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს ქართული ღვინის ექსპორტს და თითოეული ეს ქვეყანა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია - ეს გამოცდილება 2006 წლის რუსულმა ემბარგომ შეგვძინა.  

ლევან ყანჩაველი - „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ მთავარი მეღვინე:

-ქართული ღვინის პოპულარობამ ბოლო წლებში მართლაც მოიმატა. ახალი ბაზრებიდან, რომელსაც ქართული ღვინის ინდუსტრია ითვისებს, ჩინეთს, დიდ ბრიტანეთს და აშშ-ს გამოვყოფდი, თუმცა, რუსეთი მაინც ყველაზე დიდი და გამოცდილი ბაზარია ქართული ღვინისთვის, რადგან ეს ქვეყანა წლების განმავლობაში ქართული ღვინის მომხმარებელი იყო. სხვათა შორის, ევროპელებს და ჩინელებს უფრო წითელი მშრალი ღვინოები მოსწონთ, მათ შორის, „მუკუზანი“, „საფერავი“ და ქართული ქვევრის ღვინოები, რაც შეეხება რუსეთს, იქ ნახევრად ტკბილ და ნახევრად მშრალ ღვინოებზეა მოთხოვნა, რუსეთში უფრო პოპულარულია: „ალაზნის ველი“, „საფერავი“, „ქინძმარაული“ და მსგავსი ღვინოები... რაც შეეხება ევროპის ბაზარს,  ქართული ღვინო იქაც არის წარმოდგენილია, მაგრამ ევროპაში ფრანგული და იტალიური ბრენდებია პოპულარული,  ამიტომ, ჩვენ ალბათ წლები დაგვჭირდება, რომ მათ კონკურენცია გავუწიოთ. ამჟამად ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ბაზრებია: რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, პოლონეთი, ინგლისი, აშშ-ი, გერმანია და ა.შ...

გიორგი თეიმურაზიშვილი - „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიის“ საექსპორტო გაყიდვების მენეჯერი:

- მინდა ჩვენი კომპანიის მაგალითზე ვისაუბროთ: 2018 წელს  ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის და პოლონეთის ბაზრები, რადგან ექსპორტი ძირითადად სწორედ ამ ორ ქვეყანაში გაიზარდა. სასიამოვნოა, რომ პოლონეთი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზარი ხდება ძველი, ტრადიციული ბაზრების გვერდით.  ჩვენთვის ძალიან საინტერესო ქვეყანაა ჩინეთიც: ამ ქვეყანაში ღვინის მოხმარების კულტურა ყოველწლიურად ფეხს იკიდებს და ლოგიკურია, რომ არა მარტო ქართული ღვინო, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან ექსპორტირებული პროდუქციაც პოპულარული ხდება. ჩვენი კომპანიისთვის საინტერესოა იაპონიის ბაზარიც, სადაც უკვე დიდი ხანია წარმოდგენილი ვართ: ჩვენ ამ ქვეყანაში უკვე გვიჭირავს ჩვენი სეგმენტი და პროდუქციის რეალიზაციაც არ გვიჭირს. ტრადიციული ბაზრები კვლავაც რჩება, მაგრამ ტენდენცია იქითკენ მიდის, რომ მაქსიმალურად შევძლოთ ბაზრების დივერსიფიკაცია და ჩვენი საექსპორტო არეალი რაც შეიძლება გავზარდოთ. მიუხედავად ამისა, რუსული  ბაზარი ქართული ღვინისთვის მაინც წამყვანია. ისევ ჩვენი კომპანიის მაგალითზე გეტყვით: რუსეთი მაინც ინარჩუნებს პირველ ადგილს ექსპორტში მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნის წილი ჩვენს გაყიდვებში ყოველწლიურად მცირდება. სწორედ ეს დინამიკა გვაძლევს იმედს, რომ ქართული ღვინის ცნობადობა დასავლეთის ქვეყნებში კიდევ უფრო გაიზრდება და მომავალში ექსპორტის მოცულობაც მნიშვნელოვნად მოიმატებს.

P.S.გთავაზობთ იმ ქვეყნების ათეულს, სადაც გასულ წელს ყველაზე დიდი რაოდენობით ქართული ღვინო გავიდა ექსპორტზე:

  1. რუსეთი
  2. უკრაინა 
  3. ჩინეთი
  4. ყაზახეთი
  5. პოლონეთი
  6. ლატვია
  7. ბელარუსი
  8. ესტონეთი
  9. ლიეტუვა
  10. გერმანია
 

 

თარიღი: 2019/01/08