ქართველი მუჰაჯირების შთამომავალის მიერ აღადგენილი ტრადიცია - ქართული ზეთისხილის ზეთი მალე ჩინეთში გავა
ზეთისხილი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მცენარეა ბუნებაში. მის ნაყოფს ადამიანები ოდითგანვე მიირთმევდნენ და დიდ პატივს სცემდნენ. ზეთისხილი დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს და მინერალებს, რის გამოც დადებითად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე - აღადგენს ენერგიას და ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში.  ამ უნიკალური თვისებების გამო ზეთისხილი საქართველოში ყოველთვის მოჰყავდათ, ეს ტრადიცია 21-ე საუკუნეში, სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში აღადგინეს, სადაც უკვე რამდენიმე წელია ქართული ზეთისხილის ზეთს აწარმოებენ. ჩვენი სტუმარია შპს „ქართული ზეთისხილის“ დირექტორი ნელი გეთიაშვილი, რომელიც ამ პერსპექტიულ და საინტერესო ბიზნესზე გვესაუბრება:

-ზეთისხილის ბაღები სიღნაღის რაონის სოფელ საქობოში 2010 წლიდან გაშენდა. ინიციატივა ქართველი მუჰაჯირების შთამომავალს ეკუთვნის: ამ კარგი წამოწყების სულისჩამდგმელია თურქეთის მოქალაქე, წარმოშობით ქართველი - აჰმედ ქაჰრამანი, რომლის ქართული გვარი გოგროჭაძეა. ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი სულისჩამდგმელია გიორგი სვანიძეც, რომელიც ჰოლანდიაში ცხოვრობს.  სწორედ მათ მოისურვეს ზეთისხილის - ამ უძველესი და კეთილშობილი მცენარის გაშენება საქართველოში.

-ზეთისხილის საწარმოს მშენებლობაც მათი სურვილით იყო?

-მოსავალი რომ მივიღეთ, საწარმოს გახსნის აუცილებლობა თავისთავად გაჩნდა. მონაწილეობა მივიღეთ სახელმწიფო პროგრამაში, რომელსაც „აწარმოე საქართველოში“ ჰქვია და ჩვენი საწარმოს მშენებლობაც  სწორედ ამ პროგრამიდან დაგვიფინანსეს. ზეთისხილის მოსავალი საქობოშივე გადამუშავდება და იქვე ვაწარმოებთ ზეთისხილის ზეთს, რომელიც ქართულ ბაზარზე უკვე პოპულარობით სარგებლობს. ჩვენი წარმოებული ზეთი იყიდება „კარფურში“, აგროჰაბში“, „ნიკორაში“ და სხვა მაღაზიებში, სადაც ქართულ ნაწარმს ყიდიან. ზეთისხილის ზეთის გარდა ზეთისხილის მარინადსაც ვაწარმოებთ.

-ისტორიული ფაქტები ადასტურებს, რომ საქართველოში. ზეთისხილი ყოველთვის მოჰყავდათ, მაგრამ გასაბჭოების შემდეგ ის სხვა კულტურებით ჩაანაცვლეს. რით არის გამორჩეული  ქართული ზეთისხილი ?

-დიახ, ეს ცნობილი ფაქტია. ცნობილია ისიც, რომ ზეთისხილი მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20-ის დასაწყისში, თბილისშიც უხვად ხარობდა. არსებობდა საზეთე ჯიში - „თბილისური“, რომელიც ახლა მხოლოდ აფხაზეთის ტერიტორიაზეა შემორჩენილი. არა მხოლოდ აფხაზეთში, კახეთშიც არის შემორჩენილი ზეთისხილის უძველესი ხეები. ზეთისხლის მოშენება საქართველოში კომუნისტების დროს შეწყდა. არადა, დადასტურებულია, რომ ქართული ზეთისხილი უნიკალური გემოთი და არომატით გამოირჩევა, რასაც ჩვენი კლიმატი განაპირობებს. ანალიზებმა და ლაბორატორიულმა კვლევებმაც აჩვენა, რომ ჩვენში მოწეული ზეთისხილის ნაყოფისაგან უმაღლესი ხარისხის ზეთი მზადდება, რომელსაც სულ სხვა გემო აქვს.

-თქვენ მიერ წარმოებულ ზეთზე რას გვეტყოდით? რამდენად დიდია კონკურნეცია ამ ბაზარზე?

-ჩვენ ვაწარმოებთ ზეთს, რომელსაც „ქართული ზეთისხილის ზეთი“ დავარქვით. უკვე მეორე წელია, რაც ქართულ ბაზარზე ვართ, კონკურენცია ამ სფეროში საკმაოდ მაღალია, ბევრნაირი ზეთისხილის ზეთი იყიდება, მაგრამ ჩვენს მიღწევებს მაინც არ ვუჩივით.  ბუნებრივია, მომავალში პროდუქციის ექსპორტზე გატანაც გვინდა.

-გაქვთ საკმარისი პროდუქცია საამისოდ?

-ჩვენ მარტო ჩვენს ბაღებში მოწეული ზეთისხილის იმედად როდი ვართ: კახეთში სხვებსაც მოჰყავთ ეს ხილი. ამ ბიზნესში ძალიან ბევრი ფიზიკური და იურიდიული პირია ჩართული: დედოფლისწყაროში, ყვარელში, თელავში - ზეთისხილის ბაღები ძალიან ბევრ ადამიანს აქვს. პროდუქციას მათგანაც შევისყიდით და რაოდენობას ამ გზით გავზრდით. მთავარია, ჯერ ქართულ ბაზარზე დავმკვიდრდეთ, მერე კი - ექსპორტზეც ვიზრუნებთ. სხვათა შორის, კახეთის კლიმატი ყველაზე მეტად მოუხდა ამ მცენარეს. ჩვენს კომპანიას დასავლეთში, ბაღდათის რაიონის სოფელ დიმშიც აქვს ბაღები, მაგრამ იქ ისეთი მოსავლიანობა არ არის, როგორიც კახეთშია. მარნეულშიც საკმაოდ კარგი მოსავლიანობა შეიმჩნევა, რადგან ამ მცენარეს მშრალი კლიმატი უფრო უხდება.

-და ბოლოს, მოგვიყევით როდის გაიტანთ ზეთისხილის ზეთს ჩინეთში და რა პერსპექტივებს გთავაზობთ ეს ქვეყანა?

- კარგია, რომ ჩინეთის ბაზარზე გაჩნდა მოთხოვნა ქართული ზეთისხილის მიმართ - ეს ძალიან სასიხარულო მოვლენაა. ჩინელებთან მოლაპარაკებები კარგა ხანია მიმდინარეობს და ალბათ უკვე მარტში, ან აპრილში, პირველ საექსპორტო  პროდუქციასაც გავიტანთ. ეს არის პირველი ქვეყანა, სადაც ქართული ზეთისხილი ექსპორტზე გავა. ამ ქვეყნიდან სერიოზული შეკვეთა გვაქვს მიღებული და მათთან თანამშრომლობა სერიოზულ პერსპექტივას აჩენს. ჩინეთთან საქმიანი ურთიერთობა ჩვენი კომპანიისთვის უაღრესად საინტერესო და იმედისმომცემი სიახლეა.

თარიღი: 2019/01/10