მაღალი „ქეშ-ბექი“ და კაბალური პირობები - სადისტრიბუციო კომპანიები გადაულახავი პრობლემების წინაშე დგანან
სადისტრიბუციო კომპანიების პრობლემებზე ქართულ მედიაში მრავალჯერ დაწერილა. ბიზნესი, რომელიც ქართულ მაღაზიებს პროდუქციით ამარაგებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს, გადაულახავი დაბრკოლებების წინაშე დგას. ბოლო ხანებში ძალიან გამწვავდა ურთიერთობა დისტრიბუციასა და მსხვილ სავაჭრო ქსელებს შორის. გავრცელებული ინფორმაციით, მწარმოებლები და დისტრიბუტორები ზოგიერთ სუპერმარკეტს პროდუქტს აღარ აწვდიან და ამას რამდენიმე მიზეზით ხსნიან. „იმ ხელშეკრულებების დიდი ნაწილი, რომელსაც მსხვილი სავაჭრო ქსელები გვიფორმებენ, აუტანელი და კაბალურია “ - განაცხადეს დისტრიბუტორებმა „ბიზნესპოსტთან“ საუბრისას. „დისტრიბუტორთა ასოციაციაშიც“ გვითხრეს, რომ სერიოზულ დაბრკოლებებთან უწევთ გამკლავება:

გიორგი აფციაური - სადისტრიბუციო კომპანია „რგ ტრეიდის“ დირექტორი:

-ბოლო წლებში სადისტრიბუციო კომპანიებს ძალიან გაუჭირდათ: საქმე ის არის, რომ პატარა მაღაზიები თანდათან შეცვალა მსხვილმა სავაჭრო ქსელებმა. იხსნება დიდი სუპერმარკეტები, რომლებთან ურთიერთობაც ჩვენი ბიზნესისთვის წამგებიანია. მსხვილ სავაჭრო ქსელებთან საქმიანი ურთიერთობა უზარმაზარ ხარჯებთან არის დაკავშირებული: იმისათვის, რომ ჩვენი პროდქუცია მათ ქსელში შევიტანოთ და გავყიდოთ, თანხას ვუხდით, რომელსაც ჩვენს ბიზნესში „ქეშ-ბექს“ ეძახიან. არანაკლებ მაღალია მარკეტინგის თანხაც, რომელიც საშუალოდ 27-28 პროცენტამდე ადის. „ქეშ-ბექისა“ და მარკეტინგული გადასახადის ოდენობა წლიდან წლამდე იზრდება და დისტრიბუტორები ზარალზე ვმუშაობთ. თუ ასე გაგრძელდება, ცოტა ხანში აღარ ვიქნებით. ქსელურ მაღაზიებში პროდუქციის გაყიდვა საკმაოდ ძვირი გვიჯდება და ჩვენი კუთვნილი თანხის დროულად ამოღებასაც ვერ ვახერხებთ. ასე რომ, საქართველოში დისტრიბუტორთა უფლებები საერთოდ არ არის დაცული. რაღაც ზღვარი უნდა დაწესდეს, თორემ ამ ხარჯებს როდემდე გავუძლებთ, არ ვიცი.

მალხაზ ფავლენიშვილი - შპს „ზმპ კომპანის“ ხელმძღვანელი:

-15 წელზე მეტია, რაც ამ ბიზნესში ვარ და ჩვენი მთავარი პრობლემა ყოველთვის მაღაზიების მოულოდნელი დახურვა იყო: შეიძლება დღეს მიიტანო და დატოვო პროდუქცია მაღაზიაში და ხვალ ეს მაღაზია დაკეტილი დაგხვდეს. მეწარმემ კი, შეიძლება სულ სხვა ფირმა დააარსოს და თავისი ბიზნესი სხვაგან გადაიტანოს. ასეთი რამ მსხვილ მაღაზიებშიც ხშირად ხდება. მაგალითად: შარშან გაკოტრებული „ფურშეტის“ დამფუძნებლებმა თავიანთი ფული ბიზნესიდან გაიტანეს და ამ ქსელმა რამდენიმე მილიონის დავალიანება წაიღო. ეს სქემა საკმაოდ მარტივი და ხელსაყრელია: როდესაც დამფუძნებლები ხედავენ, რომ კომპანია მინუსებშია გადასული, ურჩევნიათ თავიანთი თანხა საქმიდან გაიტანონ და კომპანია ნულზე დატოვონ. როგორც ვიცი, „ფურშეტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი იყო, რომელსაც პსპ-შიც აქვს წილი, მაგრამ მანაც მიაკეტა თავისი მაღაზია და ხალხი ვალებში დატოვა. როდესაც შპს კოტრდება, პასუხისმგებელი არავინაა, რადგან ჩვენი კანონმდებლობით, შპს თავისი ქონებით არ აგებს პასუხს. დისტრიბუტორი მხოლოდ მაშინ ამოიღებს თანხას, თუ დაამტკიცებს, რომ ეს ფული დირექტორმა მიითვისა. ბოლოს მაინც სასამართლოში გაგზავნიან, სადაც შენს სიმართლეს ვერ ამტკიცებ, რადგან სასამართლო პროცესები დროში იწელება, უამრავი დრო და ენერგია გეხარჯება და სულ ამაოდ. უცნაურია: თუ კერძო კომპანიას სახელმწიფოს ვალი აქვს, მაშინ საქმეში ყველა ერევა - საგადასახადო სტრუქტურები, ფინანსური პოლიცია, პროკურატურა და ყველა, მაგრამ თუ კერძო ფირმის, ან კომპანიის ვალი აქვს, მაშინ შენი პრობლემა არავის აინტერესებს. არადა, ჩვენც ხომ შეძენილი გვაქვს პროდუქცია, ფული გვაქვს ჩადებული და ამ ფულს უკან ვერ ვიბრუნებთ. როგორც ვიცი, პარლამენტი აპირებს ამ მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებას და ეს პროცესი უნდა დაჩქარდეს, თორმემ კიდევ ბევრი მეწარმე მიკეტავს მაღაზიას და ჩვენს ფულს ისე წაიღებს, ბოდიშსაც არ მოგვიხდის. გააკოტრებენ ფირმას, თანხას მიითვისებენ, მერე სულ სხვას დაარსებენ და ა.შ. - უსასრულოდ... ჩემი აზრით, ასეთი კომპანიის ხელმძღვანელები უნდა დააკავონ, რადგან ეს ჩვეულებრიცი თაღლითობაა, მაგრამ კანონი ჩვენს ინტერესებს არ იცავს და ამით ყველა სარგებლობს. როცა ადამიანს ასეთი რამ რამდენჯერმე შერჩება, ის უკვე ეჩვევა თაღლითობას, მაგრამ როცა ერთს, ან ორს მაინც გაუშვებენ ციხეში, მერე სხვებიც გაფრთხილდებიან. ამგვარ, თაღლითურ სქემებს სახელმწიფო უნდა აქცევდეს ყურადღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, დისტრიბუტორები საერთოდ დაუცველები ვართ. თანხის დაგვიანებას, ან გადავადებას ვინღა ჩივის, მთავარია მაღაზიები არ დაკეტონ და ჩვენი ფული არ წაიღონ. ამ მაღაზიების მფლობელებს კანონის შიში თუ არ ექნებათ, ყოველთვის ერთსა და იმავეს გაიმეორებენ.

ივა ჭყონია - „საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე:

-რაც უფრო იკლებს მცირე მაღაზიების რაოდენობა და მატულობს ქსელური მარკეტების წილი, მით უფრო გაუსაძლისი ხდება დისტრიბუტორების ყოფა: პირველი პრობლემა, რომელიც სადისტრიბუციო კომპანიებს დიდი მარკეტებისაგან ექმნებათ, კაბალური პირობებია, რომელიც ყოველ წელიწადს მკაცრდება და მძიმდება. რაღაც დონეზე იძულებულსაც გხდიან, რომ ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერო. ახლავე აგიხსნით, ამას რატომ ვამბობ: როდესაც უბანში 3-4 მაღაზიაა და იქ ქსელური მაღაზია შემოდის, მათ პირობებს უნდა დათანხმდე, თორემ მთელი ქსელიდან უნდა წახვიდე. თანაც, რაც ირგვლივ სავაჭრო ობიექტებია, პრაქტიკულად ყველა იკეტება - პატარა მაღაზიები დიდ ქსელთან კონკურენციას ვერ უძლებენ და იხურებიან. ავიღოთ თუნდაც „კარფური“, „ორი ნაბიჯი“, ან „სპარი“ - მათ გარშემო რაც კი საცალო ობიექტები იყო, დაიკეტა და მომცრო მაღაზიები აღარ დარჩა. ამიტომ, დისტრიბუტორიც იძულებულია მსხვილი მაღაზიების პირობებს დათანხმდეს. დისტრიბუციის შემოსავალი თანდათან მცირდება, რადგან ამ ქსელებთან კაბალური პირობებით გვიწევს თანამშრომლობა. მაგალითად: ბოლო ხანებში პურის მწარმოებლებმა განაცხადეს, რომ მარტო „ქეშ-ბექს“ იხდიან 12%-ის ოდენობით. ეს ჩვეულებროვო პრაქტიკაა, უბრალოდ ასეთი მაღალი პროცენტის გადახდა დაუშვებელია, მაგრამ ყველა დისტრიბუტორს უწევს. ეს საბოლოო ჯამში მომხმარებელზე აისახება, რადგან მწარმოებელი იძულებული ხდება გასაყიდი ფასი გაზარდოს. ნებისმიერ ქსელში, რომელსაც სამი, ან მეტი მაღაზია აქვს, გადახდის პირობები დისტრიბუციისთვის არახელსაყრელია: მათი 90 პროცენტი ან კონსიგნაციებზე მუშაობს, ან - გაყიდვის შემდგომ გადახდაზე. ერთადერთი პროდუქტი, რომელიც ე.წ. ქეში ფულით იყიდება, არის სიგარეტი.
ადრე ძირითადად პატარა მაღაზიებთან გვიწევდა ურთიერთობა. პატარა მაღაზიაში გადახდის ვადა 2-კვირიანია და მათთან ურთიერთობა უფრო მარტივია: ასეთი მაღაზია რომც დაიხუროს, 100-200 ლარს იზარალებ, ქსელურ მაღაზიებში კი - ათიათასობით ლარს კარგავ. როდესაც მათგან თანხას დროულად ვერ ამოიღებ, ძალიან დიდ ზარალზე მიდიხარ. ბოლო წლებში რამდენიმე ქსელი გაკოტრდა და დაიხურა: მათ შორის უნდა დავასახელო „იოლი“ და უკრაინული ქსელი - „ფურშეტი“, რომელიც ქართულ ბაზარზე ათამდე მაღაზიით იყო წარმოდგენილი და 16 მილიონი ლარის დავალიანება წაიღო. მომავალში რომელიმე ქსელი ასე რომ მოიქცეს, სადისტრიბუციო კომპანიების 70% დაიხურება. პატარა მაღაზიის დაუბრუნებელი ვალი იმდენს ვერაფერს დამიშავებს, მაგრამ როცა კომპანიას დისტრიბუტორის 10-20 ათასი ლარი აქვს ვალად და არ გადაუხდის, როგორ უნდა ვიარსებოთ? მით უმეტეს, სადისტრიბუციო კომპანიების დიდ ნაწილს კომერციული ბანკების ვალი აქვს აღებული. მე აბსოლუტურად ვეთანხმები კოლეგების შეფასებას, რომ ჩვენი ბიზნესი საქართველოში საერთოდ დაუცველია. საკითხები, რომლებზეც დღეს ვისაუბრეთ, კონკურენციის სააგენტოს პრეროგატივაა და ამ სააგენტოსთან ინტენსიური მოლაპარაკებები გვაქვს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს უწყება დისტრიბუტორთა პრობლემებს ობიექტურად, დეტალურად შეისწავლის და ადრე თუ გვიან ყველას თავის ადგილს მიუჩენს.

თარიღი: 2019/01/29