თუ ქართული თხილის ხარისხი არ გაუმჯობესდება, ევროპის ბაზარს დავკარგავთ?!
ქართული თხილის ექსპორტი, 2018 წელს წინა წელთან შედარებით 30,5%-ით შემცირდა და ბოლო წლების განმავლობაში პირველად, თხილი საქართველოს საექსპორტო პროდუქციის ათეულში ვეღარ მოხვდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს თხილის ექსპორტიდან შემოსულმა თანხამ 57 მილიონ 665 ათას 500 დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საექსპორტო პროდუქციიდან შემოსული თანხის 1,7%-ია. დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია იმან, რომ ევროკავშირის საზღვრიდან საქართველოში რამდენჯერმე მოაბრუნეს თხილი, რომელშიც კიბოს გამომწვევი სოკო - აფლატოქსინი აღმოაჩინეს. აფლატოქსინი საშიში ნივთიერებაა, რომელიც სიმსივნეს და ღვიძლის დაავადებებს იწვევს. ფაქტია, რომ ევროკავშირში ქართულ პროდუქციას სულ უფრო ხშირად იწუნებენ და უკან აბრუნებენ.თხილის ბაზარზე შექმნილი სიტუაცია ყველაზე მეტად ექსპორტიორებს აზარალებს.    „ბიზნესპოსტის“ სტუმარია კომპანია „კარო ნათ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი თეა ყენია, რომელსაც ექსპორტიორი კომპანიების პრობლემებზე ვესაუბრეთ:

 

-ჩვენი კომპანია 2013 წელს დაარსდა და იმ დროიდან მოყოლებული, ჩვენი პრიორიტეტი ხარისხია. თხილი ძირითადად დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გაგვაქვს: გერმანიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, ჰოლანდიასა და ბალტიის ქვეყნებში. ერთი პარტია აშშ-შიც გავიტანეთ - 2016 წელს. ამ წლების განმავლობაში თხილის გული გაგვქონდა, რომელსაც მერე იქ ამუშავებდნენ. ჩვენი პარტნიორებისთვის  ხარისხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ევროპული ბაზრის მოთხოვნა ასეთია: თხილის გულის სინესტე  2-3%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ცხადია, წლევანდელი მოსავლის პირობებში ამის მიღწევა შეუძლებელია. 2018 წელს ქართული თხილი იმდენად ცუდი ხარისხისა იყო, რომ ჩვენი ექსპორტი დასამარდა. საქმიანობა შევაჩერეთ და დროებით გავჩერდით, რადგან ასეთ თხილს ევროპელები არ იყიდიან.

-კიდევ ბევრმა კომპანიამ შეაჩერა საქმიანობა?

-ვინც ევროპულ ბაზარს ამარაგებდა და მაღალ ხარისხზე მუშაობდა, ყველა  გაჩერდა. ზოგიერთი კი, რუსეთის და აზიის ბაზრებზე გადაერთო, რადგან ევროპის ქვეყნებში გაცილებით მაღალი სტანდარტებია. ყველაზე მეტად იმ კომპანიებს გაუჭირდათ, რომლებსაც მხოლოდ ევროპულ ქვეყნებთან ჰქონდა კონტაქტი. ჩვენ, მაგალითად, დეკემბერში გავაგზავნეთ თხილის ბოლო პარტია და  ამის შემდეგ გავჩერდით. თხილის ექსპორტი შევწყვიტეთ და ახალ მოსავალს ველოდებით, რომ ბიზნესი განვაახლოთ. ვისაც ფინანსური რესურსი ჰქონდა, ჩვენსავით გაჩერდა და ახალ სეზონს ელოდება, ხოლო ვინც  სეზონურ შემოსავალზეა დამოკიდებული და კრედიტებიც აქვს, იმათ ძალიან უჭირთ. მარტო ხარისხი კი არა, მოსავლის რაოდენობაც კატასტროფულად შემცირდა და ქართული თხილის ექსპორტზე ეს ფაქტორიც ცუდად აისახა.

-რატომ აღმოჩნდა ქართულ თხილში საშიში ნივთიერება - აფლატოქსინი?  

 -აფლატოქსინი მავნე მიკროორგანიზმების ექსკრემენტებია. საერთოდ, თურქულ და აზერბაიჯანულ თხილთან შედარებით  ქართული თხილი უფრო გამძლე და დაავადებების მიმართ რეზისტენტულია. რატომ დაავადდა ჩვენი თხილის მოსავალი? - იმიტომ, რომ ადრე ჩვენს ქვეყანაში არ იყო ფაროსანა, რომელიც ჯერ კიდევ ნედლი თხილის გულს აზიანებს. ამ მავნებლის გამო თხილში რჩება ნასვრეტი, სიცარიელე, რომელშიც ობის სოკო უფრო ადვილად და სწრაფად ვითარდება და სწორედ ეს სოკო იწვევს თხილის ლპობას. ასე რომ, ფაროსანამ თხილის დაავადებები გაათმაგა. რატომ  გვიკვირს, რომ ქართულ თხილში აფლატოქსინი აღმოაჩინეს? - პირიქით, ეს ჩვეულებრივ, ლოგიკურ მოვლენად უნდა მივიღოთ.

-თუმცა, შენახვის პირობებზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული და ამას ჩვენი ფერმერებიც აღიარებენ.

-გეთანხმებით. თხილის ხარისხს ისიც განსაზღვრავს, თუ როგორ, რა პირობებში ინახებოდა და როგორ გააშრეს. მაცივარში შენახვა საქმეს ვერ შველის, მოსავლის ხარისხს მხოლოდ ის ინარჩუნებს, ვინც თხილს ვაკუუმში, დაბალი ტენიანობის პირობებში ინახავს. ცუდად გამომშრალი თხილი ექსპორტიორმა რაც უნდა კარგად  გადაარჩიოს და გადაამუშაოს,  3-4 კვირაში მაინც ლპობას იწყებს. ჩვენც ასე დაგვემართა: მხოლოდ რამდენიმე მანქანა გავიტანეთ ექსპორტზე და ოქტომბერ-ნოემბრიდან საქმე ძალიან გაგვირთულდა - უკვე შესყიდული თხილი ნელ-ნელა ფუჭდებოდა და 3 კვირის შემდეგ უვარგისი ხდებოდა მიუხედავად იმისა, რომ თავიდან გულმოდგინედ ვარჩევდით და საჭირო ტემპერტურაზე ვინახავდით. ჩვენი გლეხები ხშირად ამბობენ, რომ გასაშრობი ადგილიც კი არა აქვთ, არადა, თუ მოსავალს სწორად არ მოუვლი და არ გააშრობ, სოკოც გაუჩნდება და ყველაფერიც. ჩვენი ფერმერები და გლეხები თხილის მოვლას თანდათან სწავლობენ.  თუ ადრე სახელმწიფოს დახმარებას ელოდნენ და დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ, ბოლო ხანებში მოსახლეობა თვითონ უვლის და წამლავს თავის ბაღებს. პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღეს და არავის დახმარებას აღარ ელოდებიან. ეს ბუნებრივი პროცესია, რადგან სამეგრელოსა და გურიაში მოსახლეობის მთავარი შემოსავალი სწორედ თხილია.

-სხვა ქვეყნებში როგორ ახერხებენ მაღალი ხარისხის თხილის მოყვანას?

-თურქეთის და ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის მაგალითს მოვიშველიებ: იქაურ ქარხანას არა აქვს უფლება ისეთი თხილი ჩაიბაროს, რომლის ტენიანობაც 6%-ზე მეტია. ამ ქვეყნებში ქარხნებს საშრობიც კი არა აქვთ ანუ თხილს ქარხანა კი არ აშრობს, ეს ფერმერის პასუხისმგებლობაა. თურქეთში ამ საქმეს კოოპერატივები ემსახურებიან და თუ თქვენ საშრობი არ გაქვთ, შეგიძლიათ იქ მიიტანოთ. კოოპერატივში თხილს გააშრობენ, შეინახავენ და როცა მოისურვებთ, მაშინ წამოიღებთ. ვინც თურქეთშია ნამყოფი, აუცილებლად შენიშნავდა, რომ თხილის მოსავალი  გზისპირას, კილომეტრებზე აქვთ გაშლილი და მზეზე აშრობენ. იქაური ფერმერები თხილს ზედმიწევნით კარგად უვლიან და აშრობენ, სწორედ ამიტომ, თურქული თხილი იშვიათად ლპება.

-ესე იგი, მარტო ფაროსანა არ არის დამნაშავე და ქართულ თხილს მოვლა და სწორი შენახვის პირობებიც აკლია?

-სამწუხაროდ. ახლადდაკრეფილ თხილში ტენიანობა 40%-ია და ის გლეხმა უნდა გააშროს. საქართველოში გლეხებს ამის საშუალება და პირობები არა აქვთ. არადა, თხილი ჩვენი სტრატეგიული პროდუქტია, რომელსაც საექსპორტო პროდუქტებს შორის ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ეკავა. 2018 წელს ის საერთოდ ვერ მოხვდა ქართული საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალში. ეს იმიტომ, რომ ქართული თხილის ხარისხი ძალიან დაეცა და თუ სიტუაცია არ გამოსწორდება, ევროპის ბაზარს დავკარგავთ. თუ მათ საიმედო და ხარისხიან თხილს დროულად არ მივაწვდით, ჩვენს ადგილს  თურქები და აზერბაიჯანელები დაიკავებენ, ჩვენ კი, რუსული და აზიური ბაზრის ამარა დავრჩებით.  სწორედ ეს მოხდა 2018 წელს: ქართული თხილის უდიდესი ნაწილი რუსეთსა და აზიის ქვეყნებში გავიდა ექსპორტზე, რადგან ევროპულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა.

 

თარიღი: 2019/02/05