სურსათის ეტიკეტირება - პროგრესული ნაბიჯი თუ ბიზნესის დაჯარიმების კიდევ ერთი წყარო?
პირველი მარტიდან  საქართველოში სურსათის ეტიკეტირების წესი იცვლება. ცვლილების მიზანია, რომ  მომხმარებელს მაქსიმალური ინფორმაცია ჰქონდეს სურსათის შემადგენლობისა და ხარისხის შესახებ. ეტიკეტის დახმარებით  პროდუქტზე უფრო მეტი  ინფორმაცია უნდა მივიღოთ, თანაც, ეს ინფორმაცია უფრო ზუსტი, მკაფიო და ადვილად გასაგები უნდა იყოს. სავალდებულო ინფორმაცია უნდა დაიბეჭდოს გამოსაჩენ ადგილზე და მკაფიო შრიფტით. პროდუქტის შემადგენლობა საზიანო რომ არ იყოს ალერგიის, ან მომეტებული მგრძნობელობის მქონე ადამიანებისთვის, მასში შემავალი ინგრედიენტები  განსხვავებული შრიფტით და ფერით უნდა იყოს გამოყოფილი... სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ახალი რეგულაცია მომზადებულია ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA) შეთანხმების შესაბამისად და მისი მთავარი მიზანი ჩვენს ქვეყანაში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვაა. ახალი რეგულაციით განისაზღვრება ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის შრიფტის ზომა და სხვა დეტალები, რომელიც ჩვენი ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესია. „ბიზნესპოსტი“ დაინტერესდა, როგორ აფასებენ ამ რეგულაციებს ქართული ბიზნესის წარმომადგენლები და რამდენიმე მათგანს ესაუბრა:

როლანდ ზირაქიშვილი - შპს „მეთაფლიას“ დამფუძნებელი:

21-ე საუკუნეში, მგონი, საკამათო არ უნდა იყოს, რომ  პროდუქციის ეტიკეტირება სავალდებულო და აუცილებელია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ჩვენს სფეროში, რადგან ქართულ ბაზარზე ტონობით  დაბალი ხარისხის, შაქარნარევი თაფლი იყიდება, რომელსაც მე თაფლს ვერც ვუწოდებ. თუ კარგი ხარისხის პროდუქციის შეძენა გვინდა, ეს რეგულაციები უნდა შევასრულოთ. კარგია, თუ ეტიკეტის გარეშე უხარისხო პროდუქციას ვეღარავინ გაყიდის. შეიძლება მეფუტკრემ აწარმოოს შაქარნარევი თაფლი, მაგრამ ეტიკეტზე უნდა მიუთითოს, რომ ეს სუფთა თაფლი არ არის. ჩვენი  გზისპირები  სავსეა ფალსიფიცირებული თაფლით,  ყველგან გადამყიდველები დგანან, რომლებიც გაურკვეველი შემადგენლობის თაფლს ყიდიან. შეიძლება ამგვარი თაფლით ტურისტები მოიწამლონ და ამით ქვეყნის იმიჯს გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს. უკვე ათეულობით წლებია, რაც ქვეყანაში უხარისხო სურსათის პრობლემა არსებობს და ეს პრობლემა ოდესმე ხომ უნდა მოვაგვაროთ?  თუ კანონი მოითხოვს, პროდუქცია, რომელიც ეტიკეტირებული არ არის, ვერ გაიყიდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მსოფლიო ბაზარზეც ვერ ვიქნებით კონკურენტუნარიანები.

მალხაზ დოლიძე - „პურის მრეწველთა კავშირისთავმჯდომარე: 

აღნიშნული ცვლილებები და რეგულაციები სერიოზულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ეტიკეტები მეწარმეებს ისედაც ძვირი უჯდებათ და ეს სიძვირე პროდუქციას ხომ გააძვირებს?  ბიზნესმაც რა ქნას, რამდენ რამეს უნდა გაწვდეს? ცალკე მაღაზიებს გაუჩნდათ პრეტენზიები და მოთხოვნები, დამატებით „ქეშ-ბექს“ და გადასახადებს გვთხოვენ. აქეთ ეტიკეტირების ხარჯებიც დაგვემატა: ჯერ შრიფტი შეცვალეს, მომავალში კიდევ შეცვლიან რაღაცას და გვეტყვიან, რომ ისიც ეტიკეტზე უნდა ჩანდეს, მერე ფერს შეცვლიან, მერე - სტილს და ასე, უსასრულოდ... ეს პროცესი მე ძალიან მაგონებს სალარო-აპარატების გახმაურებული ამბავს: შემოიტანეს ერთი პარტია, გვაყიდინეს და მერე გამოგვიცხადეს - ეს სალარო-აპარატები არ ვარგაო. მეორედ სულ სხვა ტიპის აპარატები შემოიტანეს, მერე მესამე პარტია შემოიტანა სულ სხვა ჯგუფმა. ამ სალარო-აპარატებით ხალხმა ფული იშოვა, მეწარმეს კი, ხარჯის მეტი არაფერი ჰქონია.  ვისაც რა მოეპრიანება, იმას იგონებს და ყოველთვის, ყველაფერზე მეწარმეა პასუხისმგებელი. ახლაც, ახალი კლიშეების დამზადებას გვთხოვენ, ეს კი, ფული ღირს. რაც მეტი ასორტიმენტი გაქვს, მეტი კლიშე გჭირდება, თანაც, ზოგს უკვე დაბეჭდილი აქვს ეს კლიშეები და მათ გაწეული ხარჯი წყალში ხომ არ უნდა ჩაეყაროთ? ამიტომ, კარგი იქნება, თუ ამ კანონის შესრულება კიდევ ერთხელ გადავადდება. ისიც სწორია, რომ მოხმარებელმა უნდა იცოდეს, როგორი ხარისხის საკვებს ყიდულობს, მაგრამ მეორე მხარის ანუ მეწარმის პოზიციაც ხომ უნდა გაითვალისწინონ?

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - კომპანია „ნატახტარის“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი:

ეს რეგულაციები 2018 წლის 1 სექტემბერს უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ ეტიკეტირებისთვის საჭირო დეტალები რომ მოგვევარებინა, დაახლოებით 6 თვე მოგვეს - 2019 წლის 1 მარტამდე. სამწუხაროდ, ეს ვადაც არ აღმოჩნდა საკმარისი მარტივი მიზეზის გამო: ნოემბრის დასაწყისში  ტექნიკურ რეგლამენტში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა, რამაც ხელი შეგვიშალა. ყველაზე სერიოზულ პრობლემაზე გეტყვით: იმას, რაც ტექნიკურ რეგლამენტში წერია, ჩვენ სხვანაირად ვიგებთ და ვკითხულობთ, ხოლო რეგულატორი - სულ სხვაგვარად.  ყველაზე დიდი საფრთხე, რაც ჩვენთვის ამ რეგულაციებში იმალება, ბუნდოვანი მუხლებია. ამიტომ, ჩვენ ამ რეგულაციის გადავადებას კი არ ვითხოვთ, არამედ იმას, რომ ბუნდოვანი მუხლების ზუსტი განმარტება მივიღოთ. მაგალითად:  მწარმოებლებს ეტიკეტზე გვიწერია სიტყვა - „შემადგენლობა“, თუმცა ახალი კანონი მოითხოვს ჩავწეროთ სიტყვა „ინგრედიენტები“, გეკითხებით - ამ ორი სიტყვის მნიშვნელობას შორის რაიმე განსხვავებაა? ჩვენ გვიწერია სიტყვა - „ჩამოსხმულია“, რეგულაცია კი მოითხოვს ეტიკეტზე ეწეროს სიტყვა - „დამზადებულია“. ლუდის ინდუსტრიაში ჩამოსხმულსა და დამზადებულს შორის განსხვავება არ არის. არადა, ეს ყველაფერი თავისუფლად შეიძლება გახდეს დაჯარიმების საფუძველი და მიზეზი. კიდევ ერთი, დიდი პრობლემა საბეჭდი ფორმების ანუ  კლიშეების  შეცვლაა. სექტემბრის შემდეგ კლიშეები ბევრმა მეწარმემ შეცვალა და ამაში დიდი ფულიც გადაიხადა, თუმცა, 31 ოქტომბერს რეგლამენტი კიდევ ერთხელ შეიცვალა და ახალი კლიშეები უვარგისი გახდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი კლიშე 200-დან 3 ათას ევრომდე ღირს, ადვილი მისახვედრია, რომ ზოგიერთმა კომპანიამ შეიძლება ასეულობით ლარის ზარალი ნახოს. ერთი წერტილიც რომ იყოს შესაცვლელი, ეს ეტიკეტის შეცვლას იწვევს. ეტიკეტის შეცვლა კი, საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც ფინანსურ დანახარჯებსაც მოითხოვს და დროსაც. მოკლედ, ამ რეგულაციებში ბევრი რამ არის დასაზუსტებელი და გასარკვევი. ამიტომ, ჩვენ საქმეში ჩავრთეთ ბიზნესომბუდსმენი, ბიზნესასოციაციები და ამ რეგულაციების შესახებ სერიოზულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. იმედია, რომ ყველაფერი გაირკვევა, მაგრამ ეს დროს მოითხოვს. ამიტომაც არის საჭირო რეგლამენტის გადაწევა  2020 წლის 1 იანვრამდე. მეწარმეები მხოლოდ ერთ რამეს მოითხოვენ - ყველა ცვლილების ზუსტ ფორმულირებას და უფრო მეტ გამჭვირვალობას. კანონი ნათელი და ადვილად ასახსნელი უნდა იყოს და ორმაგი წაკითხვის საშუალებას არ უნდა იძლეოდეს. უკვე გითხარით, რომ ამ კანონში არის ბუნდოვანი მუხლები, რომლებიც ლავირების საშუალებას იძლევა და შესაძლოა, ჯარიმების წყაროდ იქცეს. მეწარმეებს კი, არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ დაგვაჯარიმონ და ამით ჩვენი ავტორიტეტი შეილახოს.

 

თარიღი: 2019/02/07