„ჩვენ თუ გვაიძულეს ანაკლიიდან წასვლა, ეს არ იქნება ბანკიდან წასვლის ტოლფასი ამბავი, ძალზე სერიოზული დავა იქნება“
ჩვენ თუ გვაიძულეს ანაკლიიდან წასვლა, ეს არ იქნება ბანკიდან წასვლის ტოლფასი ამბავი, ეს ძალზე სერიოზული დავა იქნება, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, ანაკლიის პროექტიდან ხაზარაძის წასვლის შემთხვევაში, შეფერხდება თუ ანაკლიის პორტის მშენებლობა, ხაზარაძე პასუხობს:

„რა თქმა უნდა. პირდაპირ გეუბნებით: ისე არ მოხდება, რომ ჩვენ ოფისიდან გავალთ და ვიღაც ჩაგვანაცვლებს. ერთი მხრივ, ახმელა სახელმწიფო მანქანა გვიტევს, მეორე მხრივ კი გვეუბნებიან, ბანკებთან რატომ არ ხურავთ დროზე მოლაპარაკებებსო. ბანკებს კი თავისი მოთხოვნები აქვთ სახელმწიფოსთან.

არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. სამშენებლო გრაფიკისთვის ერთი დღითაც არ გადაგვიცდენია, როცა დავინახე, რომ ბანკებთან მოლაპარაკება არა ჩვენ გამო, არამედ მათივე მოთხოვნების გამო გადაიწია, ავიღეთ და 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოვახდინეთ, რომ არ ჩამოვრჩენოდით მშენებლობის გრაფიკს. ღმერთმა დაიფაროს და ხვალ რომ არ გამოვიდეს რაღაცის გამო მოლაპრაკება, ან გაჭიანურდეს, ჩვენთვის ეს ხომ რისკია?! და ამ დროს სახელმწიფო გამოდის და გვეუბნება შენ ვერ შეასრულე რაღაც, წადი სახლში და აწი მე გავარგძელებო. სწორია, რომ ჩვენი მთელი ენერგია ინტერვიუებსა და ინვესტორების დაწყნარებაზე მიდის? ჩვენ მხოლოდ იმას ვითხოვთ, რომ საქმე სწრაფად გამოიძიონ. რვა თვე რით ვერ გაარკვიეს ფულის გათეთრება იყო თუ არა. როცა ერთ დღეში „გაარკვიეს“ მუქარის წერილი ნამდვილი იყო თუ არა,“- აცხადებს მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძესთან ვრცელ ინტერვიუს მკითხველი „კვირის პალიტრის“ 11 მარტის ნომერში იხილავს.

წყარო: IPN

თარიღი: 2019/03/10