ჩვენი ჯგუფის წინააღმდეგ სრულიად უსაფუძვლო შემოტევა ხდება ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით - ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორი
შეექმნა თუ არა რამე პრობლემა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მას შემდეგ, რაც გამოძიებას მამუკა ხაზარაძესთან კითხვები გაუჩნდა? - ამასთან დაკავშირებით გადაცემა "იმედი LIVE"-ის ეთერში შეკითხვებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა უპასუხა.

ლევან ახვლედიანის განცხადებით, პროექტს ბევრი სკეპტიკოსი ჰყავდა და ჰყავს:

"და რიტორიკა, რომელიც მთავრობის მხრიდან და ასე შემდეგ აღინიშნება ახლა, ადრე არ იყო ასე. ამ სკეპტიციზმის მიუხედავად, მამუკა ხაზარაძემ ("თიბისი ჯგუფმა") და ჩვენმა ჯგუფმა შევძელით ის, რომ შემოგვეკრიბა კონსორციუმში საერთაშორისო წევრები... ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ასევე ავიღეთ ვალდებულება - ხელმოწერიდან (რომელიც 2 წლის წინ მოხდა) 4 წლის თავზე ჩვენ შევძლებდით პირველი გემების მიღებას. მინდა განვცხადო, რომ ჩვენ სამშენებლო გრაფიკი არ დაგვირღვევია, არცერთი დღე არ არის გადაცდენა და ის მიმდინარეობს გეგმის მიხედვით.

იყო გადავადება ფინანსის მობილიზაციისთვის და ეს მთავრობის მხრიდან გაკეთდა შეღავათი, თუმცა ეს ამ პროექტის კომპლექსურობიდან გამომდინარე ნორმალურია", - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ლევან ახვლედიანის თქმით, ახლა მათი ჯგუფის წინააღმდეგ უსაფუძვლო შემოტევა ხდება:

"ახლა ჩვენი ჯგუფის წინააღმდეგ სრულიად უსაფუძვლო შემოტევა ხდება ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით და ისმის თურმე, რომ ამ პროექტს საერთოდ არ სჭირდება მამუკა ხაზარაძეს და მის გარეშეც შეიძლება განხორციელდეს. ჩვენი კონსორციუმის წევრები, რა თქმა უნდა შეშოფთებას გამოხატავენ, როდესაც ასეთ რამეს ისმენენ და ასეთი ბრალდებებია ჩვენს წინააღმდეგ. ეს ის ფაქტორებია, რაც დღეს გვიშლის ხელს", - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

კითხვაზე, თუ რა უნდა გაეკთებინა სახელმწიფოს და როგორ უნდა გამოეხატა მთავრობას ანაკლიის პროექტის მხარდაჭერა, ახვლედიანი პასუხობს:

"ჩვენ მივესალმებით ამ განცხადებებს, რომ მთავრობის წევრები ახლა ცალსახად აცხადებენ, რომ ანაკლიის პორტის სასიცოცხლო მნიშვნელოვანია. ეს მისასამლებელია. უბრალოდ გადაავლეთ თვალი 6 თვის, ან 1 წლის წინანდელ განცხადებებს - იყო ასეთი განცხადებები და ღია მხარდაჭერა მაშინ? ამბობდნენ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო? ამაზეა საუბარი", - თქვა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

წყარო: Imedinews.ge

თარიღი: 2019/03/11