საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
სბა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე პრეზიდენტის, ლაშა პაპაშვილის განცხადებას ავრცელებს:

„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ, მისი უფლებამონაცვლის საკითხს არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციები მოჰყვა, განვმარტავ შემდეგს:

ა) საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წესდების შესაბამისად, ასოციაციის პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებებს სრულად ახორციელებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი, ესაა სოსო ფხაკაძე, რომელიც ასევე არჩეულია წევრთა საერთო ყრილობის მიერ 4 წლის ვადით, 2017 წელს.

ბ) რაც შეეხება სხვა ნებისმიერ საკითხს, როგორც ყოველთვის, გადაწყდება ასოციაციის შიგნით, ასოციაციის წევრებთან ერთად."- აღნიშნულია განცხადებაში. 

ცნობისთვის, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ თანამდებობა დატოვა. მის მაგივრად აღნიშნული თანამდებობა ასოციაციის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ დაიკავა.

თარიღი: 2019/04/10