რატომ ვერ მკვიდრდება ქართული თაფლი ევროკავშირის ბაზარზე?
მეფუტკრეობა უძველესი დარგია საქართველოში და ქართული თაფლიც განსაკუთრებული გემოთი და თვისებებით  გამოირჩევა. ამიტომ, მისი საექსპორტო არეალი ყოველწლიურად ფართოვდება. ერთ  წელიწადზე მეტია, რაც  ევროკავშირმა საქართველო მესამე ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის შეტანა დაშვებულია. მიუხედავად ამისა,  ქართული ნაწარმი ევროპულ ქვეყნებში მიზერული რაოდენობით შედის. რა პრობლემები აქვთ ჩვენს  მეფუტკრეებს და რატომ ვერ მკვიდრდება ქართული თაფლი ევროპის ბაზარზე? - ამ, და სხვა საკითხებზე „საქართველოს მეფუტკრეთა ასოციაციის“ გამგეობის წევრი - როლანდ ზირაქიშვილი გვესაუბრება:

-გასულ წელს ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან 134 კილოგრამი თაფლი გაიყიდა, ხოლო დანარჩენ ქვეყნებში - 21 ტონა. ამ 21 ტონიდან 17 ტონა აზერბაიჯანში გავიტანეთ. სამწუხაროდ, ევროკავშირის ქვეყნებში ასე მცირე რაოდენობით თაფლის გატანა ჩვენს სტრატეგიულს მიზნებს სულაც არ შეესაბამება.  უნდა ვაღიაროთ, რომ  ევროკავშირში ქართული თაფლი ვერ მკვიდრდება, თუმცა, ჩვენ ამ მოცემულობას არ ვურიგდებით და მუხლჩაუხრელად ვიღვწით, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ. წლევანდელი წელი შედარებით უკეთესად დაიწყო: იანვრის თვეში, გერმანიაში 200 კილოგრამი თაფლი გაიყიდა და ეს „მწვანე კვირეულის“ ფარგლებში მოხდა. 20 აპირილს კიდევ ერთი ტონა თაფლის გატანა იგეგმება. გერმანიაში ჩვენი თაფლი ძალიან მოეწონათ და გვითხრეს, რომ მომავალში უფრო დიდი რაოდენობით აპირებენ მის შესყიდვას. 

-ქართული თაფლი ექსპორტზე ძალიან ბევრ ქვეყანაში გადის, მათ შორის, ლიბიაში, საუდის არაბეთ, ერაყ, ლიბანში და ა.შ... ევროპის ბაზარზე რატომ ვერ გავდივართ?

-ამ ქვეყნებში ქართულ თაფლს იცნობენ, თანაც, მათ ისეთი გამკაცრებული პირობები არა აქვთ პროდუქტის შემადგენლობის მხრივ, როგორც ევროპელებს. ისედაც, აღმოსავლეთში თაფლის გამოყენების კულტურა ყოველთვის  მაღალ დონეზე იყო და დღესაც ასეა. ევროპაში სურსათის ხარისხსა და შემადგენლობაზე ძალიან მკაცრი რეგულაციებია  დაწესებული. რა არის საჭირო იმისათვის, რომ ქართულმა თაფლმა ევროკავშირის ბაზარზე თავი დაიმკვიდროს? - პირველ რიგში, შესაბამის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს და მათ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს. ჩვენმა ფერმერებმა პროდუქციის ხარისხის გასაუმჯობესებლად  სათანადო ნაბიჯები უნდა გადადგან. ამ ყველაფრის მოგვარებას დრო სჭირდება. ჩვენ სისტემატური შეხვედრები გვაქვს ხელისუფლებასთან და კოოპერატივების სააგენტოსთან, ისინი ერთობლივად ცდილობენ,  რომ  ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრირება  უფრო სწრაფად შევძლოთ.  ევროპაში  ჩვენ უკვე გვაქვს მონიჭებული კვოტა, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. წინა წლებში ჩვენს ქვეყანაში ლაბორატორიაც არ მუშაობდა, რომელიც თაფლის ხარისხს და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობას შეამოწმებდა. ამჟამად ეს პრობლემა მოხსნილია და ეს ფუნქცია სახელმწიფო ლაბორატორიამ იტვირთა. უფრო რთული გზა გვაქვს გასავლელი სანიტარიულ-ჰოგიენური სტანდარტების დაცვის მხრივ.

-რატომ?

-ის ანტიობიოტიკები და ნივთიერებები, რომელსაც ჩვენი მეფუტკრეები ფუტკრის მოსავლელად და გამოსაკვებად იყენებდნენ, მთლიანად გადასახედია. ზოგიერთი პრეპარატის გამოყენება ევროკავშირის ქვეყნებში უკვე აკრძალულია, იქ ანტიბიოტიკებით დაბინძურებული თაფლის ექსპორტი წარმოუდგენელია. ამიტომ, ჩვენ უკვე უარს ვამბობთ ანტიბიოტიკების გამოყენებაზე და ვცდილობთ ახალი, ინოვაციური მეთოდები გამოვიყენოთ, რომელსაც თანამედროვე მეფუტკრეები იყენებენ. არსებობს ბიოპრეპარატები, რომლებიც პროდუქტის ხარისხს არ აზიანებს და მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია.  სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების მაქსიმალური გამკაცრებაა საჭირო - შესაბამისმა სამსახურებმა  მეფუტკრეებთან ერთად უნდა იზრუნონ, რომ საფუტკრეებში ინფექციური დაავადებები არ გაჩნდეს. ვეტერინარული სამსახურების სრული აღჭურვა და მათი განათლების დონის ამაღლებაა საჭირო. უკვე დაწყებულია საფუტკრეების აღრიცხვა, შემოწმება და სერტიფიცირება... შემოდგომიდან კი, 30-ზე მეტი საამქრო გაერთიანდება, ისინი პროდუქციას ერთობლივად აწარმოებენ და უცხოეთში გაიტანენ. მეურნეობების გამსხვილება აუცილებელია, რომ საქართველომ  საკმარისი რაოდენობით თაფლი აწარმოოს. განა მარტო  ევროკავშირის ბაზარია საყურადღებო? - ჩვენს თაფლს თხოულობს იაპონია, სადაც 2017 წელს გაიტანეს 1 ტონა ქართული თაფლი და ძალიან მოეწონათ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინეთთან და იმედია, ქართული თაფლი ამ ქვეყანაშიც წარმატებით გაიყიდება. როგორც ვიცი, ჩინეთის შესაბამის უწყებებს ქართულმა მხარემ ყველა საჭირო ინფორმაცია გადაუგზავნა. თუ ჩვენი თაფლი ასეთი დიდი ქვეყნების ბაზრებზე შევა, წარმოების გაფართოებაზე  სერიოზულად მოგვიწევს ზრუნვა.

-გამოდის, რომ ექსპორტისთვის საკმარის რაოდენობას ვერ ვაწარმოებთ...

-დიახ, ამასთან, ქართულ ბაზარზეც ხომ უნდა ვიზრუნოთ? - ჩვენთან თაფლის ფასი ისედაც მაღალია და თუ პროდუქციის რაოდენობას არ გავზრდით, ადგილობრივ მოსახლეობასაც აღარ ეყოფა. მთავარი პრობლემა ის არის, რომ საქართველოში არ არსებობს მსხვილი საწარმოები, მსხვილი გაერთიანებები, რომლებიც პროდუქციის საკმაო რაოდენობას აწარმოებენ. წვრილი მეურნეობები ამ ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, რადგან საამისოდ მსხვილი კაპიტალია საჭირო. მსხვილი საწარმოები უნდა გაიხსნას, მაგრამ მარტო სახელმწიფო ამას ვერ შეძლებს, კერძო ბიზნესმაც უნდა იაქტიუროს. გარდა ამისა, ქვეყანაში არ არსებობს საშუამავლო ბაზარი, რომელიც ფერმერებს პროდუქტის რეალიზაციაში დაეხმარება.  მართალია, ევროპის ბაზრის რეგულაციებს ქართული წარმოება ჯერ  ვერ აკმაყოფილებს, მაგრამ ჩვენ ვიბრძვით და ცდილობთ, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს  წლებში ქართული თაფლი და მეფუტკრეობის პროდუქცია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ბაზარზე  სათანადო ადგილს დაიმკვიდრებს.  

 

თარიღი: 2019/04/16