დემპინგი - კონტრაბანდის, მონოპოლიებისა და უსამართლო კონკურენციის წყარო
„დემპინგი“ უცხო სიტყვაა და  უცხოეთის ბაზარზე საქონლის იაფად გაყიდვას ნიშნავს:  ადგილობრივ ფასებზე გაცილებით იაფად, ზოგჯერ, თვითღირებულებაზე ნაკლებადაც კი...  დემპინგის ფაქტებს ქართულ ბაზარზე ხშირად ვაწყდებით. ხელისუფლება ანტიდემპინგური  კანონმდებლობის მიღებას რატომღაც, არ ჩქარობს, არადა, მის საჭიროებას ყველა აღიარებს: მთავრობა, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და მთელი საზოგადოება...  ამ პრობლემაზე საპარლამენტო ტრიბუნიდან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარემ - რომან კაკულიამაც ისაუბრა: „ საკითხი ძალიან გაიწელა და ამიტომ გადავწყვიტე მთავრობას კომიტეტის ტრიბუნიდან მივმართო: თუ შეიძლება თქვენი დაპირება ანტიდემპინგურ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, შეპირებულ ვადაში შემოიტანეთ“ - განაცხადა მან და დასძინა, რომ მიუხედავად პირადი საუბრებისა და სიტყვიერი შეთანხმებებისა, ანტიდემპინგურ კანონმდებლობაზე მუშაობა ჭიანურდება, საქართველოში კი, კვლავ მიმდინარეობს დემპინგური  პროდუქციის შემოტანა, რაც მნიშვნელოვნ ზიანს აყენებს ადგილობრივ წარმოებას და ქვეყნის ეკონომიკას.

ამ პრობლემაზე ეკონომიკის ექსპერტ სოსო არჩვაძეს ვესაუბრეთ:

სოსო არჩვაძე - დაბალი ფასები, ერთი შეხედვით, სასარგებლოა და მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას უწყობს ხელს, მაგრამ ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაში ძალიან ცუდ როლს ასრულებს. შედარებისთვის გეტყვით: შვეიცარიაში ფასები თითქმის 6-ჯერ მეტია ავღანეთის ფასებზე, მაგრამ ვერც ერთი ჭკუათმყოფელი  ვერ იტყვის, რომ ავღანეთში ცხოვრება უფრო უსაფრთხო და კომფორტულია, ვიდრე შვეიცარიაში. ასე რომ, დაბალი ფასები ჯერ კიდევ არ ნიშნავს ცხოვრების მაღალ დონეს, უსაფრთხოებას და სტაბილურობას.  

-რა შედეგი მოაქვს ბაზარზე დემპინგის არსებობას?

-დემპინგი ანუ ფასების ხელოვნური შემცირება ბაზარზე კონკურენტების ჩამოშორებას და არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას ემსახურება. ეს არის არაკეთილსინდისიერი კონკურენციის მეთოდი, საშუალება, რომლითაც ბაზრის ერთ-ერთი მოთამაშე კონკურენტებს აიძულებს ბაზარი დატოვონ და  ცდილობს, მონოპოლიური მდგომარეობა თავად მოიპოვოს. დემპინგური ფასების გამო სერიოზულ ზარალს ნახულობს ქვეყნის ბიუჯეტიც:  საბიუჯეტო შემოსავლები  კლებულობს და სახელმწიფო თავისი სოციალურ ვალდებულებებსაც  ვეღარ ასრულებს. დემპინგური ფასების გამო სახელმწიფო თავის წილ შემოსავალს კარგავს. დემპინგი დამღუპველია ადგილობრივი ეკონომიკის და წარმოებისთვისაც: თუ ერთ-ერთი მოთამაშე პროდუქციას დემპინგური ფასებით ყიდის, მის კონკურენტ ფირმებში წარმოების მასშტაბები მცირდება. შესაძლოა, საწარმო გაჩერდეს კიდეც.  ცხადია, იქ დასაქმებული ადამიანები საარსებო წყაროს დაკარგავენ და უმუშევრები გახდებიან. უმუშევარი ადამიანი კი, დემპინგური ფასების პირობებშიც ვერ  შეძლებს რაიმე შეიძინოს.

-ცნობილია, რომ დემპინგური ფასები ხშირად კონტრაბანდასაც უწყობს ხელს, ამ პრობლემაზე რას გვეტყოდით?

-  დიახ, დემპინგი ხშირად უკავშირდება კონტრაბანდისტული პროდუქციის მომრავლებას ბაზარზე. მაგალითად: თამბაქოს აქციზის გაძვირების შემდეგ ქართული ბაზარი მიმზიდველი გახდა კონტრაბანდისტებისთვის. ჩვენთან სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსული სიგარეტი საკმაოდ დაბალ ფასად  იყიდება და კლიენტურას ართმევს წესიერ, კანონმორჩილ გადასახადის გადამხდელებს. ცხადია, კონტრაბანდის სადავეები ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც კანონთან მართლები  არ არიან. მოკლედ, დემპინგური პოლიტიკა მრავალი მიმართულებით არის საზიანო. დემპინგი იწვევს დაძაბულობას ბაზარზე  და სხვა უარყოფით მოვლენებს, რომლებიც ძალიან ცუდად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.  ამიტომ, დემპინგურ ფასებს ნებისმიერი სახელმწიფო ებრძვის. ეს იმიტომ ხდება, რომ ბაზარზე ვიღაცას პრივილეგირებული მდგომარეობა არ შეექმნას, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო ფასების შემცირების წინააღმდეგია, უბრალოდ, ფასების შემცირება  ეკონომიკის ზრდას უნდა მოჰყვეს და არა - დემპინგს.

-ფაქტია, რომ ქართულ ბაზარზე წლების განმავლობაში იყიდება  თურქული, ირანული ხილი, ბოსტნეული და სხვა პროდუქცია, რომელსაც ადგილობრივი, ქართული ნაწარმი კონკურენციას ვერ უწევს... როგორ უნდა გაუმკლავდეს ამას ჩვენი აგრარული სექტორი?  

-არა მარტო ირანი და თურქეთი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სუბსიდირებას  ევროკავშირის ქვეყნებიც ეწევიან. ევროკავშირის ბიუჯეტის დიდი ნაწილი სწორედ აგრარული პროდუქციის სუბსიდირებაზე მიდის. ის, რომ უცხოური პროდუქტები საქართველოში იაფად იყიდება, ამ ქვეყნების მთავრობების მიერ გაწეული მასშტაბური სუბსისიდირების დამსახურებაა. აგრარულ სექტორს საქართველოშიც სჭირდება დაფინანსება და დახმარება. ანტიდემპინგური კანონმდებლობა ხელს შეუწყობს ამ ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის ჩამოყალიბებას. ამ მხრივ ევროკავშირის გამოცდილება ძალიან საინტერესოა. საქართველოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ჩვენ ევროკავშირის ბაზარზე რამდენიმე ასეული დასახელების პროდუქტის შეტანის უფლება მოგვცეს, მაგრამ არსებობს ასეთი პირობა: თუ ქართულ  ვაშლს რომელიმე ევროპული ქვეყნის  ბაზარზე შევიტანთ და მისი ფასი ესპანურ ვაშლზე გაცილებით დაბალი იქნება, ამ ქვეყნის მთავრობას  უფლება აქვს  ქართული ვაშლის ფასი ესპანეთიდან შემოტანილი ვაშლის ფასს გაუთანაბროს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს და კეთილსინდისიერი მეწარმის ინტერესებს იცავს. ადგილობრივი ბაზრის სტაბილურობას ყველა მოწინავე სახელმწიფო იცავს. ევროკავშირის არც ერთი სახელმწიფო არ მისცემს იმპორტიორებს  საშუალებას, რომ თავისი პროდუქტის რეალიზაციისთვის დემპინგური ფასები გამოიყენონ. რატომ? - ასეთი მოთამაშე სიიაფით  სხვებს ჩაძირავს, მერე კი, ისეთ ფასებს დააწესებს, რომელიც თავად ურჩევნია. სწორედ ასე ვიღებთ  მონოპოლიურ დაჯგუფებებს, რომლებიც თავისუფალ კონკურენციას ხელს უშლიან. ანტიდემპინგური კანონმდებლობა ქართულ  ბაზარს ამ საფრთხეებისგან დაიცავს და თავისუფალ, სამართლიან ურთიერთობებს დაამკვიდრებს. ამიტომ, ამ კანონის მიღება დროის მოთხოვნაა და  დროულად უნდა მივიღოთ.

-თუმცა, ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღება საქართველოში ძალიან გაჭიანურდა. თქვენი აზრით, ეს რას უნდა დავაბრალოთ?

-ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ და საკანონმდებლო ორგანოებმა მხოლოდ ამ კანონის მისაღებად ვერ მოიცალეს.  ვფიქრობ,  პარლამენტი და მთავრობა ამ საკითხს აუცილებლად მიხედავს,  რადგან ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღება პირველ რიგში ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებში შედის.

-თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ ხელისუფლება ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღებას ხელს უშლის... შეიძლება ამ პროცესს ვინმე ხელოვნურად აბრკოლებდეს?

-როგორც წესი, ეკონომისტები მხოლოდ ფაქტებზე და ციფრებზე დაყრდნობით ვსჯელობთ. ასეთი ვარაუდები კი, სულ სხვა სფეროს - კერძოდ, იურისპრუდენციის საგანია. ძველ ქართულ ანდაზას თუ დავუჯერებთ, „უცეცხლოდ კვამლი არ ჩნდება“ , მაგრამ საფუძვლიანი და არგუმენტირებული მსჯელობა სხვაა, ვარაუდები კი - სულ სხვა. ამიტომ, მსგავს ვარაუდებზე კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ.

თარიღი: 2019/04/23