ბრძოლა უსამართლო, დემპინგური ფასებით - რატომ უჭირავს ქართულ ბაზარზე წამყვანი ადგილი იმპორტირებულ პროდუქციას?
 „ქართული წარმოების ფრინველის ხორცი ჩვენი მოსახლეობის ნახევარსაც არ ჰყოფნის“


ფრინველის ხორცი ადამიანის რაციონის განუყოფელი ნაწილია. ის განსაკუთრებით სასარგებლოა იმუნიტეტისთვის, ორგანიზმის ზრდა-განვითარებისთვის, ასევე - ნერვული სისტემისთვის. სპეციალისტების თქმით, ქათმის ხორციდან ორგანიზმი იოლად ითვისებს რკინას, რომელიც ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტია, მოკლედ, ამ პროდუქტს ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს, მაგრამ ეს ყველაფერი ახალ, ნატურალური საკვებით გაზრდილ ფრინველის ხორცს ეხება. როგორი ხარისხის ხორცი იყიდება ქართულ ბაზარზე და რა პრობლემები აქვთ ამ ბიზნესში დასაქმებულ ადამიანებს? - ამის თაობაზე „ბიზნესპოსტის“ მკითხველს „საქართველოს მეფრინველეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი ესაუბრება:

_ ამ სფეროში პრობლემა ძალიან ბევრია. პრობლემაა თუნდაც ლარის კურსის მერყეობა, რადგან ჩვენი ბიზნესი მთლიანად ლარის კურსზეა დამოკიდებული. ვალუტის კურსის ხშირი ცვალებადობა ჩვენს საქმიანობაზე ძალიან ცუდად მოქმედებს. მეორე და საკმაოდ მწვავე პრობლემაა ის, რომ წელს რუსეთშიც და უკრაინაშიც ძალიან ცუდი მოსავალი იყო, რამაც მარცვლეული, ხორბალი და სიმინდი ძალიან გააძვირა. შეიძლება ითქვას, რომ ფასების სხვაობამ ჩვენი მოგება მთლიანად შეჭამა. ისევ პრობლემად რჩება დღგ-ის გადასახადი, რომელიც ყოველთვის გვაწუხებდა, არადა, სოფლის მეურნეობის ყველა პროდუქტი განთავისუფლებულია ამ გადასახადისგან, გარდა ფრინველის ხორცისა. პრობლემაა ჩვენი საზღვრის დაუცველობა, რადგან ქვეყანაში ისეთი პროდუქცია შემოდის, რომელიც არაფერში გვჭირდება, ეს არის საკმაოდ დაბალი ხარისხის, საეჭვო პროდუქტი და ჩვენ ვერ ვახერხებთ, რომ ეს პროცესი შეიზღუდოს. ეს ის პრობლემებია, რომლებიც უკვე წლების განმავლობაში გვაწუხებს.

-გამოდის, რომ ქართული ნაწარმი უცხოურს კონკურენციას ვერ უწევს?

-როგორ ვერ უწევს, უბრალოდ, როდესაც პროდუქცია  არასამართლიანი, დემპინგური  ფასით შემოდის, მისთვის კონკურენციის გაწევა ცოტა ძნელია. ერთადერთი, რითიც პოზიციებს ვინარჩუნებთ, არის ხარისხი: ყველამ იცის, რომ ქართული ფრინველის ხორცი და კვერცხი ახალია, თორემ ამ სიტუაციაში მათთვის კონკურენციის გაწევა კიდევ უფრო რთული იქნებოდა.

-როდესაც მალფუჭებად პროდუქციას ამდენი კილომეტრი აქვს გამოვლილი, მისი ხარისხი მართლაც ეჭვქვეშ დგება.

-დავიწყებ ქათმის კვერცხით, რომელიც საქართველოში თურქეთიდან და უკრანიდან შემოდის. ამ დროს მხოლოდ იმპორტიორის პატიოსნებას უნდა ვენდოთ: წარმოიდგინეთ კვერცხი, რომელიც ზაფხულში, პაპანაქება სიცხეში, 2 დღის განმავლობაში კონტეინერში ინახება, რომელ ხარისხზე შეიძლება ლაპარაკი? ასეთ პირობებში ხარისხიც ილახება, შენახვის ვადაც და ვარგისიანობაც. ახლა რაც შეეხება ფრინველის ხორცს: ჩვენ შარშან შეხვედრა გვქონდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან და ვიმსჯელეთ კანონპროექტზე, რომელიც ფრინველის ხორცში წყლის და მინარევების შემადგენლობას განსაზღვრავს. ამ კანონის მიღებას აპირებდნენ, მაგრამ ჯერ კიდევ არ მიუღიათ. არადა, საქართველოში სხვადასხვა მინარევებითა და ხსნარებით გაჯერებული ხორცი ძალიან ხშირად შემოდის. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა იმპორტირებული პროდუქტი ცუდია. საქართველოს საზღვარზე მაღალი ხარისხის ნაწარმიც შემოდის. ეს ჩვენთვის საჭიროა, რადგან ქართული წარმოების ფრინველის ხორცი ჩვენი მოსახლეობის ნახევარსაც არ ჰყოფნის, ამიტომ, იძულებული ვართ იმპორტირებული პროდუქტი შემოვიტანოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან მაღალ ფასებთან გვექნება საქმე.

-რას უნდა მიექცეს ყურადღება, როცა საზღვარზე იმპორტირებული ხორცი შემოდის?

- პირველ რიგში ხარისხს, ვადას და წყლის შემცველობას - ეს ყველაფერი როგორმე უნდა დარეგულირდეს.

-ძალიან ხშირად იწერება იმაზე, რომ იმპორტირებულ ფრინველის ხორცში დიდი რაოდენობით შედის ზრდის ჰორმონები, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე და გამრავლების უნარზე ძალიან ცუდად მოქმედებს.

-დღეს ამ ბიზნესში ზრდის ჰორმონებს თითქმის ყველა იყენებს, მაგრამ ეს ყველაფერი ნორმის ფარგლებში უნდა იყოს. ზრდის ჰორმონი ყველა სახეობის ხორცში გვხვდება და თუ ნორმას აჭარბებს, ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამას ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ, ამიტომ, კარგი იქნება, თუ  ბრენდული საწარმოების პროდუქციას შემოვიტანთ, რომელსაც ევროპული სერტიფიკატი ახლავს. იმისათვის, რომ მოსახლეობა საეჭვო ხარისხის პროდუქციისგან დავიცვათ, სახელმწიფოსაც უნდა ჰქონდეს რაღაც ბერკეტი. ახლა კი ჩვენს ქვეყანაში ასეთი სიტუაციაა: რომც ვიცოდეთ, რომ ხორცში ჰორმონი დიდი რაოდენობითაა, ამას ვერ დავადგენთ.

-იმპორტირებული ქათმის ბარკლების ხარისხს და სანდოობასაც ეჭვქვეშ აყენებენ. რატომ?

-ალბათ ბევრმა არ იცის,  საიდან მოდის ეს ბარკლები - ამერიკაში სპეციალური ჯიშები გამოიყვანეს იმ მიზნით, რომ თეთრი ხორცი მიეღოთ. ამ ხორცის მისაღებადაც სპეციალურ ჰორმონებს იყენებენ და მერე ჩვენსავით განვითარებად ქვეყნებში აგზავნიან. ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი სწორედ ეს პრდუქტია, რადგან მასში ზრდის ჰორმონი ყოველთვის შედის - ეს ყოველგვარი კვლევის გარეშეც ცნობილია. ისე კი, ზრდის ჰორმონი ყველანაირ ხორცშია, უბრალოდ, ის დასაშვებ ნორმას არ უნდა აჭარბებდეს.

-რატომ გახდა საჭირო იმპროტირებული ფრინველის ხორცის შემოტანა საქართველოში, სადაც ეს დარგი საკმაოდ განვითარებული იყო?

- ეს იმის ბრალია, რომ არასწორი გეზი და არასწორი მიმართულება გვაქვს არჩეული. ქვეყანაში ერთადერთი საწარმო ვითარდება, რომელიც ფრინველის ხორცს აწარმოებს და ეს არის „ჩირინა“ („ბიუ-ბიუ“ ) -  სხვები კი, უკან-უკან მიდიან და წარმოებას ამცირებენ. წლები გადის და ამ ბაზარზე სიტუაცია იგივე რჩება. ავიღოთ თუნდაც „ნოზაძის მეფრინველეობა“ , ადრე რასაც აწარმოებდა, ახლა იმის ნახევარსაც ვეღარ აწარმოებს. სწორედ ამიტომ, იმპორტირებულ პროდუქციას, რომელიც  შედარებით იაფია, ქართულ ბაზარზე წამყვანი ადგილი უკავია.

-სულ სხვა სიტუაციაა ადგილობრივი კვერცხის წარმოებაში. როგორ შეძელით ამ ბაზარზე წამყვანი ადგილის დამკვიდრება?

-დიახ, ადგილობრივ, ქართული წარმოების კვერცხს ამ ბაზარზე წამყვანი ადგილი უკავია. ჩვენ თითქმის მთლიანად ვაკმაყოფილებთ საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნილებას ამ პროდუქტზე და უცხო ქვეყნების დახმარება სულაც არ გვჭირდება. რა არის ამის მიზეზი? - თავის დროზე, 2000 წლის დასაწყისიდან, საქართველოში ისეთი სახელმწიფო პროგრამები მოქმედებდა, რომ ბევრი მეფრინველეობის ფაბრიკა განვითარდა და მოძლიერდა, მათი ნაწილი საქმიანობას დღემდე აგრძელებს.

-თქვენი შეფასებით, ეს უფრო სახელმწიფოს დამსახურებაა თუ ბიზნესისა?

-ალბათ, ორივე მხარის დამსახურებაა - ბიზნესმაც კარგად იმუშავა, მაგრამ სახელმწიფომაც ხელი შეგვიწყო. მაგალითად: 2007-2008 წლებში ჩვენს ქვეყანაში მოქმედებდა სიმინდის და ხორბლის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ჩვენს საქმიანობას ძალიან დაეხმარა. უნდა ვაღიარო, რომ დღეს სულ სხვა სურათი გვაქვს: ადგილობრივ ნაწარმს იმპორტი სჯაბნის. საბედნიეროდ, იმდენს კი  ვახერხებთ, რომ ჩვენი პოზიციები ნაწილობრივ მაინც შევინარჩუნოთ.

თარიღი: 2019/05/07