საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეხვდნენ
13 მაისს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, კობა გვენეტაძესთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტები: არჩილ მესტვირიშვილი და პაპუნა ლეჟავა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მოწვევით შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძეც.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია 72 მსხვილ კომპანიას აერთიანებს, მათ შორის დეველოპერებს, საცალო გაყიდვების მიმართულებით მომუშავე კომპანიებს და 9 საფინანსო ინსტიტუტს, შესაბამისად, შეხვედრამ ეროვნულ ბანკთან დიდი ინტერესი გამოიწვია წევრებს შორის.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა, რომ ეროვნული ბანკს გააჩნია მუდმივი კომუნიკაცია ბიზნესთან, თუმცა ამ ფორმატის შეხვედრა, სადაც წარმოდგენილია ასეთი ფართო სპექტრი ქვეყნის ეკონომიკისა, არის საკმაოდ მნიშვნელოვანი: „მოგეხსენებათ, საკმაოდ ბევრი ცვლილება განხორციელდა ბოლო სამი წლის განმავლობაში, როგორიც იყო: დოლარიზაციის შემცირებისაკენ მიმართული ღონისძიებები, არასაბანკო საფინანსო სექტორში განხორციელებული ცვლილებები, პასუხისმგებლიან დაფინანსების პრინციპების შემოღებასთან დაკავშირებული და სხვა ცვლილებები, რაც გავლენას ახდენს სხვადასხვა მიმართულებით ბიზნესზე და ამიტომ არის მნიშვნელოვანი გვქონდეს კომუნიკაცია ბიზნესთან და მოვისმინოთ როგორ მიმდინარეობს ამ ცვლილებების ასახვა, მოვისმინოთ ბიზნესის აზრი ამასთან დაკავშირებით“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ მომზადებული პრეზენტაციის შემდგომ, შეხვედრა წარიმართა კითხვა - პასუხის რეჟიმში და ბიზნესის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ახალ რეგულაციებზე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კობა გვენეტაძემ განაცხადა რომ შეხვედრები და დიალოგი ბიზნესთან გაგრძელდება და თუ არის საჭირო ცვლლებები, ის იქნება მიღებული; თუმცა ის ძირითადი პრინციპი, რომ მსესხებლის მიერ სესხის აღება უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი გადახდისუნარიანია, დარჩება და არ შეიცვლება.

„არის ორი ინდუსტრია, ეს არის დეველოპერები და საცალო სექტორში მოქმედი კომპანიები, რომლებიც პრობლემებს გრძნობენ და ჩვენ, ბიზნესის განვითარება თუ გვინდა, ბუნებრივია ყველა სექტორს უნდა დავუჭიროთ მხარი და სწორედ აქედან გამომდინარე გვინდა, რომ მომავალ თვეებში დავაკვირდეთ და პროფესიული ანალიზის საფუძველზე მხოლოდ და მხოლოდ, მიიღოს ბანკმა შესაბამისი გადაწყვეტილებები. ის რომ პასუხისმგებლიანი უნდა იყოს ქვეყანაში დაკრედიტების სისტემა, ამაზე ვთანხმდებით“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

თარიღი: 2019/05/14