ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე: კრიზისი გადაივლის მალე, თუ სწორად ვიმოქმედებთ
"მომდევნო წლის ტურისტული სეზონი იქნება დაცული და შემოსავლიანი, თუ მაქსიმალურად მოვიზიდავთ ევროპელ, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკელ, დსთ-ს, ახლო აღმოსავლელ, სამხრეთ აზიელ და სხვ. ქვეყნებიდან ტურისტებს" - ამის შესახებ ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, სწორად მოქმედების შემთხვევაში, კრიზისი მალე გადაივლის. 

"რამდენიმე სიტყვით შესაძლო ეკონომიკურ კრიზისზე: რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შემცირებას მოჰყვება შემოსავლების საგრძნობლად შემცირება მასპინძლობის ინდუსტრიაში (განსაკუთრებით სასტუმროებს და კვების ობიექტებს შეეხებათ).

კრიზისი გადაივლის მალე, თუ სწორად ვიმოქმედებთ. მომდევნო წლის ტურისტული სეზონი იქნება დაცული და შემოსავლიანი, თუ მაქსიმალურად მოვიზიდავთ ევროპელ, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკელ, დსთ-ს, ახლო აღმოსავლელ, სამხრეთ აზიელ და სხვ. ქვეყნებიდან ტურისტებს.

ამისათვის პირველ რიგში საჭიროა ახალი ავია-კომპანიების მოზიდვა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ქვეყნის სწორი პოზიციონირება ტურიზმის საერთაშორისო არენაზე (სერვისი როგორმე "გაქაჩავს", თუმცა დასახვეწია). ახალი ბაზრებიდან ტურისტების მოზიდვა უნდა მოხდეს გააზრებულად, სავიზო რეგულაციების და მაღალი პასუხისმგებლობის ფარგლებში. ზამთრის კურორტებზე ნაკლებ რუს დამსვენებელს ვიხილავთ, ასევე ცოტა ევროპელს მანამ, სანამ არ გვექნება მაღალი დონის კურორტები. ეკონომიკური კრიზისის დაძლევა შესაძლებელია სწრაფად და დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენს არჩევანზე და ქმედებაზე! მშვიდობას და ლამაზ მომავალს გისურვებთ"- წერს ია თაბაგარი. 

თარიღი: 2019/06/23