ღვინის კომპანიები: „ბოლო წლებში რუსული ბაზრის გარდა სხვა ბაზრებიც ავითვისეთ“
ღვინის კომპანიებისთვის რუსული ბაზარი უმნიშვნელოვანესია, რადგან ქართული ღვინის 60 პროცენტი ექსპორტზე სწორედ რუსეთში გადის. ბოლო ხანებში რუსეთში ქართული ღვინის ხარისხი კიდევ ერთხელ  დაიწუნეს: რუსული მხარე ამტკიცებს, რომ საქართველოდან იმპორტირებული ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების ხარისხი წლიდან წლამდე უარესდება. კრიტიკული განცხადებების პარალელურად, „როსპოტრებნადზორმა“  8 ქართული კომპანიის პროდუქცია შეაჩერა და ამ კომპანიებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესა.

დღევანდელი სიტუაციის გასარკვევად „ბიზნესპოსტი“ ღვინის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა. სააგენტოში ამბობენ, რომ რუსული მხარის პრეტენზიებს ბოლოდროინდელი ციფრები და მონაცემები აბათილებს, კერძოდ: 2019 წლის პირველ ნახევარში, მსოფლიოს 44 ქვეყანაში, ექსპორტზე 40,5 მლნ-მდე ბოთლი ქართული ღვინო გავიდა, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 6 %-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 98 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 9 %-ით მეტია. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ-ში, ჩინეთში და პოლონეთში, ასევე - საფრანგეთში, ლიეტუვაში, მონღოლეთში და სხვა ქვეყნებში. 2019 წელს, ღვინის ექსპორტი საქართველოდან 229 კომპანიამ განახორციელა.

 „ბიზნესპოსტი“ ამ პრობლემებზე „თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელ ზურაბ რამაზაშვილს ესაუბრა:

-თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ქართული ღვინის უმეტესი ნაწილი დღემდე რუსეთში გადის, ამიტომ, ეს ბაზარი ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია.  ჩვენი კომპანია ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, რადგან რუსეთში ჩვენი ექსპორტი შედარებით მცირეა, მაგრამ რაღაც ნაწილი მაინც გაგვაქვს და თუ შეზღუდვები გაგრძელდება, ეს ჩვენს კომპანიაზე კარგად ნამდვილად არ აისახება. გარდა რუსეთისა, ჩვენი პროდუქცია 30 ქვეყანაში გაგვაქვს. შემიძლია ვთქვა, რომ ბაზრის დივერსიფიკაცია შევძელით, მაგრამ ბიზნესს ნებისმიერი დანაკლისი  აბრკოლებს. რა თქმა უნდა, ფინანსური ზარალი კომპანიის განვითარებას ყოველთვის ხელს უშლის. „თელავის ღვინის მარნისთვის“ ნებისმიერი ქვეყანა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორები ჩვენთვის ჩინეთი და პოლონეთია. საკმაოდ კარგად ვყიდით ჩვენს პროდუქციას პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, შედარებით მცირე მოცულობით - ევროპის ქვეყნებში. მიუხედავად ამისა, რუსეთის ბაზარი მაინც საყურადღებო და მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან იქაური მომხმარებელი ქართულ ღვინოს კარგად იცნობს და საკმაო რაოდენობით ყიდულობს. შესაბამისად, ამ ბაზრის შეზღუდვა სერიოზულ ზარალს მოუტანს ჩვენს მევენახეობას და მეღვინეობას მთლიანად. ამ სიტუაციაში ერთადერთი სწორი გამოსავალი უკეთესი ხარისხის ღვინის წარმოებაა - ეს არის გარანტი, რომ ქართულ ღვინოზე მოთხოვნა ყველგან გაიზარდოს.

  „ღვინის ექსპორტის ზრდა ბაზრების დივერსიფიკაციამ გამოიწვია“ - გვითხრა „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა - ნუცა აბრამიშვილმა:

 -ბაზრების დივერსიფიკაცია საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც სერიოზული მარკეტინგული აქტივობა და ქართული ღვინის პოპულარიზაცია სჭირდება. ამაზე ერთად უნდა იზრუნოს ქართულმა სახელმწიფომ და თითოეულმა კომპანიამ, რომელიც დღეს ღვინის ბაზარზე ოპერირებს. „შუხმან ვაისს“ დაახლოებით 3%-იანი წილი უჭირავს რუსეთის ბაზარზე. შესაბამისად, ჩვენი ბიზნესისთვის უფრო საინტერესო ბაზრებია - ჩინეთი, იაპონია, აშშ-ი და ბალტიის ქვეყნები, სადაც ჩვენი ღვინო საკმაოდ კარგად იყიდება. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები ინდოეთთან - მართალია, ეს სპეციფიკური ბაზარია, მაგრამ ქართული ღვინისთვის შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს. ჩვენს კომპანიას 6-7 წელი დასჭირდა, რომ სხვა ქვეყნების  ბაზრებზე გასულიყო და პროდუქციის ექსპორტი რუსეთში შეემცირებინა. საკუთარმა გამოცდილებამ  დაგვარწმუნა, რომ ერთი სახელმწიფოს ბაზარზე დამოკიდებულება დიდი რისკის შემცველია, მით უმეტეს, როცა ამ სახელმწიფოსთან ურთიერთობას პოლიტიკური დაძაბულობა და გაუგებრობები ახლავს თან. ამიტომაც არის საჭირო დიდი ძალისხმევა, რომ რვაათასწლოვანი ქართული ღვინო მთელ მსოფლიოს გავაცნოთ. მით უმეტეს, რომ ამაზე ტურისტული ბიზნესიც არის დამოკიდებული - კერძოდ, ღვინის ტურიზმი, რომელიც ამ სფეროში ძალიან პერსპექტიული მიმართულებაა.

  „შუხმან ვაის ჯორჯიას“ ხელმძღვანელის თქმით, ქართულ ღვინოზე რუსეთში სერიოზული შეზღუდვები ჯერ არ დაწესებულა:

ნუცა აბრამიშვილი - ჯერჯერობით ეს მხოლოდ გაფრთხილება იყო, განსაკუთრებით - 8 კომპანიის მისამართით. რუსულმა მხარემ ამ კომპანიების ტვირთი შეაჩერა და ყველას მითითება მისცა. შეზღუდვები  ჩვენც არ შეგვხებია, რადგან რუსეთში პროდუქცია მცირე რაოდენობით გაგვაქვს. მიუხედავად ამისა, უნდა ვაღიაროთ, რომ ქართული ღვინის 60% ამჟამად რუსეთში გადის. კარგია, რომ ბაზრის 40% მაინც გვაქვს დივერსიფიცირებული. ბოლოს კი, რამდენიმე სიტყვა ქართული  ღვინის ხარისხზეც უნდა გითხრათ: რუსეთში ღვინის ფალსიფიკაციის შემთხვევები საკმაოდ ხშირია. იქ ჩვენს  „ქინძმარაულს“, „მუკუზანს“, საფერავს“ და სხვა ღვინოებს სრულიად უცხო პირები არაოფიციალურად აწარმოებენ,  ჩვენთან კი, თითოეულ ბოთლს ამოწმებს ღვინის ეროვნული სააგენტო, რომელიც ყველა კომპანიას მკაცრად აკონტორლებს. ამიტომ, „როსპოტრებნადზორმა“ პირველ რიგში რუსული ბაზარი უნდა გააკონტროლოს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოთქვას პრეტენზიები ქართული ღვინის მისამართით. სხვაგვარად სიტუაცია ვერ გამოსწორდება.

P.S.    გთავაზობთ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებს, საიდანაც მკაფიოდ ჩანს, თუ რომელ ქვეყნებში გაიზარდა ღვინის ექსპორტი 2019 წლის პირველ ნახევარში:

აშშ - 88% (354874 ბოთლი)

 ჩინეთი - 19% (3554127)

პოლონეთი - 16% (1821802).

საფრანგეთი - 120% (55908)

ლიეტუვა - 68% (315306)

მონღოლეთი - 68% (146892)

ბელარუსი - 32% (889002)

ისრაელი - 20% (131184)

კანადა - 12% (83220)

გერმანია - 11% (317771)

ესტონეთი - 11% (326966)

რუსეთი - 6% (25582447)

თარიღი: 2019/07/04