biletebi.ge: ჩატარდეს სახელმწიფო ექპერტიზა საბილეთო ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ შესრულებულ სამუშაოზე
„ბილეთები.ჯი“-მ სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელსაც „ბიზნესპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

„უკვე რამდენიმე თვეა ვაწყდებით მდგომარეობას, როცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო ბლოკავენ ყველა ჩვენს მოთხოვნას ჩატარდეს სახელმწიფო ექპერტიზა საბილეთო ტენდერში (#53739, etenders.ge) გამარჯვებული კომპანიის მიერ შესრულებულ სამუშაოზე (იგულისხმება ტენდერის პირობებთან შესაბამისობა), კერძოდ:

1. სამხარაულის ბიუროს ექსპერტს არ მიეცა ადგილზე მუშაობის საშუალება.
2. სამინისტროში გაგზავნილ ჩვენს მოთხოვნაზე მოეცათ დაშვება ექპერტიზის ჩატარებაზე, რაც პირველ რიგში უნდა იყოს უწყების ინტერესში რომ დამოუკიდებელმა ორგანომ დაადასტუროს ტენდერის პორობების შესრულება (...), გვითხრეს უარი იმ მიზეზით რომ კონტრაქტორია ამის წინააღმდეგი (!).
3. ყველა შესაძლო თუ შეუძლებელი საშუალებით წელავენ, არ იძლევიან ინფორმაციას და ჩანს იცავენ კერძო კომერციულ სუბიექტს, იმის მაგივრად რომ იცავდნენ სახელმწიფოს ინტერესს და იყვნენ ნეიტრალურნი.

ფაქტია, ტენდერით დათქმულ ვადაში სამუშაოები არ შესრულდა. ამ ეტაპზე გარეგნული დათვალიერებითაც კი ჩანს რომ დარღვეულია ტენდერის მრავალი პირობა. ის სისტემა რაც მუშაობს ღირს გაცილებით ნაკლები ვიდრე სახელმწიფო იხდის.

თვითონ ტენდერის ჩატარების ფორმა ბადებს სერიოზული კითხვებს:

1. რატომ ჩატარდა ტენდერი ე.წ. „კონვერტებით“ და არა ელექტრონული სახით?
2. რატომ არ იყო ტენდერში მომსახურების პროცენტის დაწევის საშუალება, როდესაც დამკვეთისვის ცნობილი იყო ჩვენი მზაობა გვემუშავა 50% ნაკლებ (!) ფასში და როგორც იკვეთება შეგვეთავაზებინა გაცილებით უკეთესი პროდუქტი?

ყველაფერი ეს გვიჩენს სერიოზული უსამართლობის განცდას. ჩვენ დაგვჭირდა 2 წლიანი მუშაობა რათა ჩვენი ძალებით შეგვექმნა ინოვაციური პროდუქტი, რაც მოაწესრიგებდა დაცულ ტერიტორიებზე ტურისტების ნაკადს და მისცემდა დამსვენებლებს საშუალებას მარტივად შეეძინათ ბილეთები ადგილზე და ოლაინ. შედეგად კი გაიმარჯვა რუსეთის მოქალაქეების მიერ თვეების უკან დაფუძნებულმა კომპანიამ სახელმწიფოსთვის წამგებიანი პირობებით.

სამწუხაროდ ჩვენ აღარ დაგვრჩა სხვა გზა გარდა იმისა, რომ გავასაჯაროვოთ აღნიშნული საქმე, რადგან, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, გავიდა ყველა შესაძლო ვადა როცა ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო პასუხი ჩვენს ლეგიტიმურ მოთხოვნებზე.

ასევე ვფიქრობთ რომ საჯარო დისკუსია გააჯანსაღებს გარემოს სახელმწიფო ტენდერების სფეროში, რაც ჩვენი დაკვირვებით უკვე რეალურად აფერხებს სახელმწიფოს წინსვლას.

ჩვენ მზად ვართ მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია ყველა დაინტერესებულ მხარეს." - ნათქვამია განცხადებაში.

თარიღი: 2019/07/25