„გავრილოვის ღამემ“ და ივლისის მოვლენებმა ყველაზე მეტად მცირე და საშუალო ბიზნესი დააზარალა
ბანალური ფრაზა, რომ ბიზნესს მშვიდობიანი და სტაბილური გარემო სჭირდება, ივლისის მოვლენების შემდეგ კიდევ ერთხელ დამტკიცდა:  „გავრილოვის ღამის“ და დაძაბული პოლიტიკური მოვლენების გამო, ტურისტულ სექტორს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა. ამას რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აკრძალვაც დაერთო, რამაც საქართველოში შემოსული რუსი ტურისტების რიცხვი საგრძნობლად შეამცირა. ყველაზე მეტად თბილისის ცენტრში მოქმედი სასტუმროები და რესტორნები დაზარალდნენ. „ბიზნესპოსტი“ ესაუბრა „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელს - შალვა ალავერდაშვილს,  რომელმაც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა:

-საჰაერო ფრენების გაუქმებამ ჩვენს ბიზნესზე ძალიან იმოქმედა, რადგან თვითმფრინავით გაცილებით მეტი ტურისტი შემოდიოდა, ვიდრე - ხმელეთით. ივლისის მოვლენებმა ყველაზე მეტად თბილისი და ზღვისპირეთის კურორტები დააზარალა. შარშანდელთან შედარებით სტუმარიც ნაკლები გვყავს და შემოსავალიც მწირია. მაგალითად: ჩემს სასტუმროებში ფასები 20-25 პროცენტით დაეცა და დატვირთვაც 20%-ით ნაკლებია. სულ შვიდ  სასტუმროს ვმართავ და ყველგან ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს. იგივე ხდება რესტონებში. ზოგიერთები ტურისტების სიმცირეს წვიმიან ამინდს აბრალებენ, მაგრამ ამინდი აქ არაფერ შუაშია - ვისაც საქართველოში დასვენება უნდა, მაინც ჩამოდის. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ  ივლისის მოვლენებმა ყველაზე მეტად მცირე და საშუალო ბიზნესი დააზარალა.

 ზარალზე და შემოსავლის კლებაზე საუბრობენ თბილისურ რესტორნებშიც. „ბიზნესპოსტი“ დედაქალაქის სხვადასხვა უბანში მოქმედ რესტორნებს დაუკავშირდა და მათი მდგომარეობით დაინტერესდა:

ნუგზარ მაჭარაშვილი - რესტორანძველი მეტეხისდირექტორი:

-შემოსავლის კლება აშკარაა. მარტო ჩვენ კი არა, ივლისის ამბები ძველ თბილისში და დედაქალაქის ცენტრში მდებარე ყველა რესტორანს შეეხო. კლიენტების რაოდენობა შეგვიმცირდა და რა თქმა უნდა, ეს ჩვენს შემოსავალზეც უარყოფითად აისახა. ტურისტების რაოდენობამ იკლო, რის გამოც ივლისის ნავაჭრი წინა თვეებთან შედარებით ლამის, მეოთხედია. შესაძლოა, ბევრმა არც იცოდეს, რომ ჩვენთან რუსეთიდან საკმაოდ მაღალშემოსავლიანი ხალხი შემოდის. ისინი აქ ისვენებენ, ერთობიან და თანხასაც კარგად ხარჯავენ. 30 წელია უკვე ამ ბიზნესში ვარ და ვიცი: ევროპელი 100 ლარს რომ დახარჯავს, იქ რუსი 500 ლარს ხარჯავს. ევროპელები ძალიან უფრთხილდებიან თავიანთ ჯანმრთელობას, წონას აკონტორლებენ და ალკოჰოლსაც არ ეტანებიან, რუსებს კი, ჩვენი ღვინოც მოსწონთ, არაყიც და კალორიული ქართული კერძებიც ძალიან უყვართ. მსხვილმა რესტორნებმა როგორღაც გაუძლეს ამ გამოწვევას, მცირე და საშუალო სეგმენტი კი -  ძალიან დაზარალდა.

ნინო ლებანიძე - რესტორანთბილისური მუხამბაზისმენეჯერი:

-ივლისის მოვლენები და საჰაერო ფრენების აკრძალვა ჩვენს ბიზნესზე ძალიან ცუდად აისახა: შეიძლება ითქვას, რომ ივლისი ჩვენთვის ყველაზე მძიმე და რთული თვე იყო. იმედი გვაქვს, რომ აგვისტო-სექტემბერში სიტუაცია გამოსწორდება და დანაკლისს როგორმე ავანაზღაურებთ - ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით.

კახა  დვალიშვილი - რესტორანდილეოსმეპატრონე:

-მიუხედავად იმისა, რომ ქუჩიდან შემოსულ სტუმრებზე არა ვართ დამოკიდებული და ჩვენი საქმიანობის სფერო სარიტუალო მომსახურებაა, დაძაბულობა და საერთო ფონი  ჩვენც დაგვეტყო - შეიძლება ითქვას, რომ ივლისი ჩვეთვის ყველაზე ცუდი თვე იყო. არ ვიცი რამ იმოქმედა, მაგრამ შემოსავალი საგრძნობლად შეგვიმცირდა: ივლისში ხარჯებიც კი ვერ გავისტუმრეთ. ჩვენი რესტორნის შემოსავალი კომუნალურ გადასახდებზე და აუცილებელ ხარჯებზეც  კი არ გვეყო.

ზოია ხუროძე - რესტორანურმულის“  მენეჯერი:

-ჩვენს რესტორანს ივლისის კრიზისი ასე მწვავედ არ შეხებია. საკმაოდ დიდი რესტორანი გვაქვს: 3-სართულიანი შენობაა და 18 მარტო კუპე გვაქვს. შესაძლოა, იმანაც გვიშველა, რომ უფრო ადგილობრივ, ქართველ მომხმარებელზე ვმუშაობთ - ვფიქრობ, რომ ამის გამო არ გაგვიჭირდა. რასაკვირველია, რუსი კლიენტებიც გვყავს, უკრაინელებიც და სხვებიც, რომლებიც ჩვენთან შემოდიან და ქართული სამზარეულო ძალიან მოსწონთ. სხვათა შორის, მეც ვეთანხმები მოსაზრებას, რომ რუსი ტურისტები ყველაზე კარგი მხარჯველები არიან:  ევროპელებთან, არაბებთან და ჩინელებთან შედარებით ისინი უფრო ხელგაშლილები არიან და რესტორანშიც უფრო მეტ ფულს ხარჯავენ. თუმცა, ჩვენთვის ეროვნებას დიდი მნიშვნელობა არა აქვს: როდესაც მოხმარებელს ვემსახურებით, პირველ რიგში იმაზე ვფიქრობთ, რომ ის ჩვენი რესტორნიდან კმაყოფილი წავიდეს და საქართველოში ჩამოსვლა კიდევ ბევრჯერ მოისურვოს.

 

თარიღი: 2019/07/26