„საწარმოო რესურსი 200%-ით გავზარდეთ“ - რა შეიცვალა „ქარელის ხილში“ „სინერჯი კაპიტალის“ შესვლის შემდეგ
200%-ით გაზრდილი საწარმოო რესურსი, ახალი მიმართულებები კომპანიაში და სწორად განაწილებული ფუნქციები - ასე აფასებს „ქარელის ხილი“ „სინერჯი კაპიტალთან“ თანამშრომლობის 6-თვიან პერიოდს. კომპანიის ხელმძღვანელი ვატო დემურიშვილი აცხადებს, რომ „დღეს საწარმოს სტრუქტურა იდეალურად მუშაობს“.  

„ქარელის ხილი“ ქარელის რაიონში 2016 წელს გაიხსნა. 2017 წელს კი პროდუქციის წარმოება დაიწყო და ჩირი ბაზარზე „ჩიკორის“ ბრენდით გამოვიდა. 2017 წლის მეორე ნახევარში კომპანიის პროდუქცია უკვე საზღვრებს გასცდა და დღეს საექსპორტო ბაზრებს შორის არის ჩეხეთი, ლიეტუვა და ჰონკონგი. „ქარელის ხილის“ ჩირი ბაზარზე „ჩიკორის“ ბრენდით იყიდება.  კომპანიაში მთლიანად 50 ადამიანი მუშაობს, აქედან უშუალოდ წარმოების პროცესში 35 ადამიანია ჩართული.

„ქარელის ხილის“  მთავარი პრიორიტეტია 100% ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისაგან ჩირების დამზადება. საწარმოს მიერ გამოყენებული ნედლეული მოყვანილია ქარელის, გორის და ბაღდათის რაიონებში. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიამ  ISO-ს სურსათის უვნებლობის დამადასტურებელი სერთიფიკატიც მოიპოვა.  

ამ ეტაპზე „ჩიკორის“ ბრენდით ბაზარზე 12 სახეობის ჩირი იყიდება, 4 სახეობის ჩირი კი შოკოლადში ამოვლებული სახით. „ქარელის ხილის“ მიერ შემოთავაზებულ პროდუქციებს შორის არის - ქლიავის ჩირი, ქლიავის ჩირი შოკოლადში, გარგრის ჩირი შოკოლადში, ხურმის ჩირი, ხურმის და ატმის მიქსი, ნესვის ჩირი, საზამთროს ჩირი და ა.შ. „ჩიკორის“ ჩირი ბაზარზე 100-200 გრამიან შეფუთვით იყიდება.

მუშაობის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ კომპანიამ გაფართოება და წარმოების გაზრდა გადაწყვიტა. უკვე 2018 წლის დეკემბერში კი „სინერჯი კაპიტალთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

ცნობისათვის,  „ქარელის ხილი“ საინვესტიციო კომპანია „სინერჯი კაპიტალის“ ბენეფიციარია, ეს უკანასკნელი კი „სინერჯი ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც ეძებს ზრდის განსაკუთრებული პოტენციალის მქონე კომპანიებს და კაპიტალში შესვლითა და საბრუნავ საშუალებებში ინვესტირებით, ასევე მართვის სისტემების მოწესრიგებით ეხმარება მათ ღირებულების გაზრდაში.

როგორც „ქარელის ხილის დირექტორი ვატო დემურიშვილი აცხადებს, „სინერჯი კაპიტალთან“ თანამშრომლობა რამდენიმე მიზეზის გამო გადაწყვიტეს, ერთ-ერთი მთავარი კი იყო „სინერჯი კაპიტალის“ მენეჯმენტის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება.

„ხელშეკრულება უკვე 6 თვეზე მეტია გავაფორმეთ. ამ პერიოდის განმავლობაში „სინერჯის“ წარმომადგენლები ძალიან საინტერესო რჩევებს გვაძლევენ. იქიდან გამომდინარე, რომ დიდი პორტფელი და უზარმაზარი გამოცდილება აქვთ, განვითარების გზაზე ყოველთვის ზუსტ მიმართულებებს გვაძლევენ. ამის გარდა, შესანიშნავად აკეთებენ კომპანიის არქიტექტურას, რაც ძალიან გამოგვადგა.

საერთოდ, კომპანია როდესაც სწრაფად იზრდება, აუცილებლად სჭირდება ისეთი საკონსულტაციო კომპანია, როგორიც სინერჯია. პატარა ბიზნესები ზრდის დროს  ხშირ შემთხვევაში ბევრ შეცდომას ვუშვებთ, „სინერჯი კაპიტალი“ არის ზუსტად ის კომპანია, რომელიც გვეხმარება, რომ ასეთი შეცდომები არ დავუშვათ“, - განაცხადა დემურიშვილმა.  

კითხვაზე, თუ კონკრეტულად რა შეიცვალა ამ 6 თვის განმავლობაში, დემურიშვილი პასუხობს:  „გავსხსნით ახალ განყოფილებებს, მაგალითად, გაყიდვების მიმართულებით, ასევე გავზარდეთ ეფექტურობა წარმოების მიმართულებით. გარდა ამისა, საწარმოო რესურსს ვზრდით მათი მოზიდული ინვესტიციებით. ასევე,  კომპანიის სტრუქტურა გახდა უფრო ეფექტური. აქამდე თუ არსებობდა გადაუნაწილებელი ფუნქციები, ახლა ეს სტრუქტურა იდეალურად მუშაობს. საწარმოო რესურსი 200%-ით გავზარდეთ, ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია.

ასე რომ, „სინერჯი კაპიტალის“ უშუალო ჩართულობა მენეჯმენტში ნებისმიერი მზარდი კომპანიისთვის ძალიან სასარგებლოა. მათთან ერთად იქმნება ისეთი გარემო, რომ სამუშაო პროცესი უფრო სასარგებლო და სასიამოვნი ხდება“, - დასძინა დემურიშვილმა.

გაიგეთ მეტი სინერჯი კაპიტალის საინვესტიციო პროექტების შესახებ
                               

ავტორი: Business Post
თარიღი: 2019/07/29