უსიამოვნო „სიურპრიზები“, რომელიც ქართული ბიზნესის განვითარებას აფერხებს
„ბიზნესი არის თამაში, ყველაზე დიდი თამაში სამყაროში, მაგრამ მისი წესების ცოდნაა საჭირო“ - ეს სიტყვები ცნობილ ამერიკელ ბიზნემსენს - თომას უოტსონს ეკუთვნის. ბიზნესის სწორად მართვა მართლაც საჭირო და აუცილებელია, თუმცა ქართველ ბიზნესმენებს, ამის პარალელურად, უამრავ მოულოდნელ „სიურპრიზთან“ უწევთ გამკლავება. ეს „სიურპრიზები“ ხშირად,  ყველაზე გამოცდილ ხალხსაც კი აბნევს და გაურკვეველ სიტუაციაში ამყოფებს.

 საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია იმ დაბრკოლებებზე გვესაუბრება, რომელიც ქართულ ბიზნესის წინსვლას აფერხებს:

ივა ჭყონია - ნომერ პირველი პრობლემა ჩვენთვის ლარის კურსის მერყეობაა, რადგან ბიზნესი ეროვნულ ვალუტაზეა „მიბმული“. ნებისმიერი მწარმოებელი თუ სადისტრიბუციო კომპანიისთვის ეს არის ნომერ პირველი განმსაზღვრელი ფაქტორი. ლარის არასტაბილურიბა ჩვენთვის იმდენად მტკივნეულია, რომ ყველა სხვა პრობლემას ფარავს. როდესაც ლარი მკვეთრად უფასურდება, ფასების ცვლილება შეუძლებელია. დისტრიბუტორ კომპანიებს თვეების და კვირების განმავლობაში უწევთ მაღაზიებთან მოლაპარაკება, რომ ფასები გაზარდონ. როგორც წესი, მაღაზიებს ფასები ერთი თვის წინ აქვთ დაანგარიშებული, კურსის ცვლილების გამო ზოგჯერ პროდუქცია 1-2 დღეში გვიძვირდება და დისტრიბუტორების იძულებული არიან ქსელურ სუპერმარკეტებს ამ ერთი თვის წინანდელ ფასში მიაწოდონ. ადვილი წარმოსადგენია, რამდენად რთულ ვითარებაშია ამ დროს სადისტრიბუციო კომპანია.

-ალბათ, ლარის კურსის გამო, მწარმოებელი კომპანიებიც სერიოზულ სირთულეებს აწყდებიან...

-დიახ, ანალოგიურ სიტუაციაში არიან მწარმოებელი კომპანიებიც: როცა ერთი თვის წინ ლარის კურსი სულ სხვა იყო, ახლა კი - სულ სხვაა, მათი პროდუქციის თვითღირებულებაც იზრდება,  მაგრამ იძუნებულნი არიან პროდუქცია იმავე ფასად გაყიდონ. ჩვენს შემთხვევაში, ვალუტის კურსის მერყეობით გამოწვეულ ზარალს  ლოჯისტიკაც ემატება: ბოლო თვეებში საწვავის ფასი მკვეთრად გაიზარდა და გაიაფების იმედიც არ ჩანს, არადა, საწვავის გარეშე სადისტრიბუციო კომპანიის მუშაობა წარმოუდგენელია.

-კიდევ  რა პრობლემას დაასახელებდით, რომელიც თქვენს საქმიანობას ხელს უშლის?

-ყველაზე დიდი პრობლემა ქსელურ სუპერმარკეტებთან ურთიერთობაა - ისინი კაბალურ პირობებს უყენებენ მიმწოდებელ კომპანიებს. ამის გამო, ჩვენ უკვე მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს. იმედი გვაქვს, რომ კონკურენციის სააგენტო შესაბამის დასკვნას დადებს და ჩვენც ჩამოვყალიბდებით, თუ როგორ გავაგრძელოთ ურთიერთობა. თუ ამ ორი მხარის ურთიერთობა არ მოწესრიგდება, პროდუქციის გაძვირება გარდაუვალია - დისტრიბუტორები იძულებული გახდებიან, რომ ფასები გაზარდონ.

-ცნობილია, რომ ბიზნესს ძალიან აწუხებს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებიც - ამის თაობაზე რას გვეტყოდით?

-კანონში ზოგიერთი ცვლილების შეტანას ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულება გვავალდებულებს. ეს არის არა მარტო საგადასახადო, არამედ ზოგადი ცვლილებები ეტიკეტირებასთან, ნარჩენების მართვასთან, პოლიეთილენის პარკებთან დაკავშირებით... საქართველოში საგადასახადო ცვლილებები ძალაში მოულოდნელად შედის, ეს ცვლილებები ხშირად მოუმზადებელი და გაუთვლელია, რაც ბიზნესზე საკმაოდ მძიმედ აისახება. ზოგჯერ ბიზნესი ინფორმირებული არ არის, რომ ეს ცვლილება მას შეეხება, რაც დიდ პრობლემებს და დანაკარგს იწვევს. ამიტომ, მთავრობამ უფრო ხანგრძლივი და სერიოზული საინფორმაციო კამპანია უნდა ჩაატაროს, ვიდრე რაიმე  რეგულაცის შემოიღებს. ამაზე ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლებთან არაერთხელ გვისაუბრია. ხშირად, კანონი ძალაში შედის და ბევრი კომპანია მას აბსოლუტურად მოუმზადებელი ხვდება. ამიტომ, ბოლო პერიოდში ჩვენი ასოციაცია მაქსიმალურად ცდილობს, რომ ინფორმაცია დროულად მოიპოვოს და ბიზნესს დროულად მიაწოდოს, რომ ახალი რეგულაცია ნაკლებად მტკივნეული იყოს. ბიზნესიის ჩართულობა ამ პროცესში აუცილებელია. 

 როდესაც პრობლემებზე ვსაუბრობთ, უნდა გავიხსენოთ ბოლო პერიოდის ყველაზე არაპოპულარული გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ მიიღო: ვგულისხმობ ე.წ. ოქროს სიის გაუქმებას, რითაც ბევრ კომპანიას დაწესებული შეღავათები გაუუქმეს. ყველაზე მეტად გაუჭირდათ მცირე და საშუალო კომპანიებს, რომლებსაც ადრე საშუალება ჰქონდათ, რომ იმპორტის და დამატებითი ღირებულების ანუ დღგ-ის გადასახადი 15 დღის დაგვიანებით გადაეხადათ. კომპანიებს საშეღავათო ვადა შეუმცირეს - ეს პერიოდი 5 დღემდე ჩამოვიდა. ხშირია შემთხვევა, როდესაც კომპანიებს დაუყოვნებლივ უწევთ ამ გადასახადის გადახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში საბაჟოდან ტვირთი ვერ გამოაქვთ. 

-რა არის საჭირო მსგავსი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად?

-სახელმწიფოს ბიზნესთან უფრო მჭიდრო კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს. ეს საქართველოში რთული ნამდვილად არ არის - შექმნილია ბიზნესასოციაციები, რომლებიც ყველანაირად უწყობენ ხელს, რომ ბიზნესი ინფორმირებული იყოს, ოღონდ, ეს არ უნდა ხდებოდეს 1-2 თვით ადრე - ბიზნესს მეტი დრო სჭირდება, რომ ცვლილებებს ფინანსურად და მატერიალურად მომზადებული შეხვდეს. საკანონმდებლო ცვლილებები მისთვის წნეხი არ უნდა იყოს. ამ მიზნით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პარლამენტთან, კონკურენციის სააგენტოსთან და სხვა სტრუქტურებთან ერთად.

-საბაჟოზე რა სახის დაბრკოლებებს აწყდებით?

-საქართველოს ტერიტორიაზე პრობლემა ნაკლებია, მაგრამ კომპანიები, რომლებსაც პროდუქცია გააქვთ, ან შემოაქვთ, ძირითად პრობლემებს ლარსის საბაჟოზე, რუსეთის მხარეს აწყდებიან. რუსული მხარე თითქმის ყველაფერს აკონტროლებს და ამის გამო კომპანიებს სერიოზული პრობლემები აქვთ.

-რა ზარალი მოჰყვება თუნდაც ერთი სადისტრიბუციო კომპანიის გაკოტრებას?

-ერთი სადისტრიბუციო კომპანიის გაუქმებით სულ მცირე, 30 ადამიანი მაინც რჩება უმუშევარი, ხოლო ბიუჯეტი დაახლოებით 1 მილიონი ლარის ზარალს განიცდის. მე ვლაპარაკობ მცირე ზომის კომპანიაზე, საშუალო და მსხვილი კომპანიის შეჩერებით კი, ასეულობით ადამიანი რჩება უმუშევარი, ბიუჯეტს კი, ათობით მილიონი ლარი აკლდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველაზე მცირე სადისტრიბუციო კომპანიის ბრუნვა წელიწადში 5 მილიონი ლარია, ყველაფერი ცხადი და ნათელია. ალბათ, ვერავინ შემომედავება, რომ დისტრიბუცია ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი რგოლია: ის რომ არ იყოს, სუპერმარკეტებს პროდუქცია ვერ მიეწოდება. თუ იმასაც დავუმატებთ, რომ დისტრიბუციაში ათასობით ადამიანია დასაქმებული, ნათელი ხდება, რა მნიშვნელოვანია სადისტრიბუციო კომპანიების და საერთოდ, ქართული ბიზნესის გაძლიერება. იმისათვის, რომ  ბიზნესმა უფრო მეტი ადამიანი დაასაქმოს, მისი ინტერესები ქართულმა სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა დაიცვას.

 

თარიღი: 2019/10/16