Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2019 წელს საქართველოს 5,3 მილიონამდე ტურისტი ეწვევა - რის ხარჯზე იზრდება ტურისტების რაოდენობა საქართველოში?
ცნობილი საინვესტიციო ბანკი -  Galt & Taggart-ი  ტურიზმის სექტორის მიმოხილვას საქართველოში სისტემატურად ატარებს. Galt & Taggart-მა ტურისტული სექტორის კვლევის ანგარიში მარტის თვეშიც წარმოადგინა. ამ ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის თებერვალში ტურისტების რაოდენობა გასული წლის თებერვალთან შედარებით, 5.1%-ით არის გაზრდილი, იანვარში კი - ზრდის მაჩვენებელმა 5.9 % შეადგინა. საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, ზაფხულის სეზონის მოსვლასთან ერთად, ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს. Galt & Taggart-ის პროგნოზით 2019 წელს საქართველოს 5.3 მილიონი ტურისტი ეწვევა, რაც 11.4%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.  ტურიზმის შემოსავლები კი, 3.6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, რაც  2018 წლის მაჩვენებელს 12.3%-ით აღემატება.  „ბიზნესპოსტი“ დაინტერესდა, თუ როგორ, რის ხარჯზე მატულობს  ტურისტების რიცხვი საქართველოში და ამ შეკითხვით ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს მიმართა.

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატო კვაჭანტირაძე მიიჩნევს, რომ კერძო და სახელმწიფო სექტორი თანაბრად ცდილობენ საქართველო უცხოელებისთვის უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდეს:

ნატო კვაჭანტირაძე - ტურიზმის სფეროს მუშაკები ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო ტურისტებისთვის და უცხოელი პარტნიორებისთვის მიმზიდველი ქვეყანა იყოს. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესი წლიდან წლამდე მატულობს. ცხადია, ეს ინტერესი ტურისტთა რაოდენობაზეც აისახება. ბევრი ტურისტი - ბევრი შემოსავალია, მაგრამ ჩვენი ქვეყანა აქცენტს მაღალბიუჯეტიან ტურისტებზე თუ გააკეთებს, მათი რაოდენობის ზრდა ფინანსურ მხარეზეც აისახება. დღესდღეობით, საქართველოში ყველა კატეგორიის ტურისტი შემოდის: დაბალბიუჯეტიანიც, საშუალობიუჯეტიანიც და მაღალბიუჯეტიანიც, მაგრამ შემდგომ წლებში მაღალბიუჯეტიან მომხმარებლებზე უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს, თუ გვინდა, რომ  ტურისტებმა ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტი თანხა დატოვონ.  

 ნატო კვაჭანტირაძის თქმით, ვიზიტორთა რაოდენობის მატება  ტურისტული ადგილების გაფართოებამაც გამოიწვია:  

-საქართველოს კურორტებს  ძალიან ბევრი ადგილი შეემატა, რომლებსაც ტურისტები ადრე არც  იცნობდნენ, ახლა კი, სიამოვნებით სტუმრობენ. ძალიან ბევრი მნახველი ჰყავს საქართველოს დაცულ ტერიტორიებს, მარტვილის კანიონს, პრომეთეს მღვიმეს, ყოველწლიურად მატულობს სვანეთის სტუმართა რიცხვი...  ის ობიექტები, რომლებიც ადრე განუვითარებელი და მოუწესრიგებელი იყო, მოწესრიგდა, ინფრასტრუქტურა განვითარდა და ცნობილ ქართულ კურორტებს ახალი მიმართულებები დაემატა, რასაც ტურისტების რაოდენობის ზრდაც მოჰყვა. საქართველოში კიდევ არის ტურისტული თვალსაზრისით უაღრესად პერსპექტიული ადგილები, სადაც ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს. დარწმუნებული ვარ, ეს ადგილები მომავალში უამრავ დამსვენებელს მოიზიდავს. ამის კარგი მაგალითია ულამაზესი კუთხე - რაჭა. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ვვარაუდობთ, რომ წელს ჩვენს ქვეყანაში ვიზიტორთა  რიცხვი კიდევ უფრო მოიმატებს.  ამას ადასტურებს Galt & Taggart-ის კვლევაც“ - აღნიშნა ნატო კვაჭანტირაძემ „ბიზნესპოსტთან“ საუბრისას.

ჩვენ დავინტერესდით, რას ფიქრობენ ამ საკითხზე ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები. ტურისტული კომპანია „ტიფლის თრეველის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი თამაზ ჩიტაიშვილი მიიჩნევს, რომ სერვისი და ინფრასტრუქტურა ჩვენი ტურისტული ბიზნესის მთავარი სისუსტეა:

-ბოლო წლებში ტურისტების რაოდენობის მატება მართლაც შეიმჩნევა. განსაკუთრებით მოიმატა რუსეთიდან და არაბული ქვეყნებიდან შემოსული სტუმრების რიცხვმა, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება, თუ ინფრასტრუქტურას წესრიგში არ მოვიყვანთ. მათთან შედარებით მცირეა ევროპელი ტურისტების რაოდენობა, რადგან ევროპელ სტუმრებს მაღალი დონის ინფრასტრუქტურა და სერვისი სჭირდებათ. მათ აქაური საკვებიც მოსწონთ, ღვინოც, ბუნებაც, მაგრამ ინფრასტრუქტურის გამო საყვედურს ხშირად გამოთქვამენ. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები აღიარებენ, რომ ვიზიტორთა რაოდენობის ზრდაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საჰაერო რეისების ზრდამაც:  საერთაშორისო რეისები საქართველოდან ბოლო წლებში თითქმის გაორმაგდა. წელს კიდევ ინიშნება დამატებითი რეისები და ეს საქართველოს სტუმრების რიცხვს უფრო მეტად გაზრდის.

კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, ბევრი რამ ამ სფეროში თვითდინებაზეა მიშვებული და ეს ურთულესი პრობლემაა:

თამაზ ჩიტაიშვილი - ყველა ტაქსის მძღოლი, რომელმაც ორი ღერი რუსული, ინგლისური, ან სხვა ენა ისწავლა, გიდი გახდა, შესაბამისად, მომსახურების ხარისხიც დაეცა. კონტროლი არ არსებობს და არავინ იცის, ტურისტებს როგორი გიდები ემსახურებიან. ხშირად უცხოელები მოდიან და თავიანთი გიდი მოჰყავთ. დავუშვათ, ჩამოდის ირანელების ჯგუფი, მათ ირანელი გიდი მოჰყვება. ირანელი, არაბი, ან რუსი ტურისტი თავისი ტრანსპორტით და თავისი გიდით რომ შემოდის, მერე მისივე თანამემამულის მიერ ნაყიდ, ან დაქირავებულ სასტუმროში ბინავდება, რა თანხას დატოვებს საქართველოში? ასეთი ტურისტებისგან ჩვენს ქვეყანაში  თანხა არ რჩება. ეს პრობლემა რომ არ გვაბრკოლებდეს, შეიძლება ტურიზმის შემოსავალი დღეს 2-3-ჯერ მეტი ყოფილიყო. საქართველოში  შემოსული ტურისტების მიერ დახარჯული ფულის დიდი ნაწილი ისევ უკან ბრუნდება. სამწუხაროდ, ამ საკითხებს კანონმდებობა არ აკონტროლებს და ამ სფეროში ყველაფერი თავის ნებაზეა მიშვებული. გარდა ამისა, ზოგჯერ ტურისტებად მიიჩნევენ ვიზიტორებს, რომლებიც აქ მხოლოდ 24 საათით შემოდიან, მაგრამ ტურისტი სხვაა და ვიზიტორი - სულ სხვა. მარტო ვიზიტორთა  რაოდენობის ზრდა ბევრს არაფერს ნიშნავს, თუ ამ ხალხმა  საქართველოში ფული არ დატოვა. ამ პრობლემების გამო, ჩვენი ტურისტული სექტორი სახელმწიფოსგან სერიოზულ მხარდაჭერას საჭიროებს“ - აცხადებს თამაზ ჩიტაიშვილი.

P.S. გთავაზობთ Galt & Taggart-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, სადაც ჩანს, თუ როგორ იზრდებოდა ტურისტული სექტორის შემოსავლები და როგორ მატულობდა საქართველოს სტუმართა რიცხვი 2014 წლიდან - 2018 წლამდე:

2014-2018 წლებში საერთაშორისო ვიზიტორთა რიცხვი 5 მილიონიდან 7.2-მდე გაიზარდა, ხოლო ტურისტებისა  - 2.9-დან 4.8 მილიონამდე.

ამავე პერიოდში ტურიზმის სექტორის შემოსავლები 1.9-დან 3.2 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო ტურიზმის სექტორიდან მიღებული შემოსავლის წილი მშპ-ში 10.8%-დან 19.6%-მდე.

Galt & Taggart-ის მონაცემებით, ერთი ვიზიტორის მიერ დახარჯულ საშუალო თანხას მზარდი ტენდენცია აქვს: 2016 წელს 1 ვიზიტორის საშუალო დანახარჯი  391.4 აშშ დოლარი იყო, 2017 წელს - 417.2, ხოლო 2018 წელს - 445.0 დოლარი.

თარიღი: 2019/03/14