ბათუმში სამეწარმეო ბაზრობა გაიმართება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ბათუმში, 25 ივნისს, 11:00-დან 19:00 საათამდე, მეზღვაურის დღესთან დაკავშირებით, გაიმართება სამეწარმეო ბაზრობა, რომლის მიზანია მიკრო და მცირე მეწარმეების ხელშეწყობა, რათა შეძლონ ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია და რელიზაცია.

ღონისძიება, რომელშიც როგორც სააგენტოს ბენეფიციარები, ასევე სხვა დამწყები მეწარმეები მიიღებენ მონაწილეობას იქნება გამორჩეული მისი მრავალფეროვნებით. სწორედ გამორჩეული და ერთმანეთისგან განსხვავებული მეწარმეები და მათი პროდუქციის ერთობლიობა შექმნის საინტერესო და უნიკალურ სავაჭრო სივრცეს ბათუმის ძველ ბულვარში.

გამოფენა-გაყიდვაზე, როგორც ადგილობრივ სტუმრებს, ასევე ტურისტებს შეეძლებათ დაათვალიერონ და შეიძინონ საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა - ტექსტილი, ხელნაკეთი აქსესუარები, სახლის დეკორი, სასურსათო პროდუქცია, საკონდიტრო ნაწარმი, ჩაი, ჩირი და სხვა. ამასთანავე, პატარა სტუმრებისთვის მოეწყობა სხვადასხვა გასართობი სივრცეები.

ღონისძიებაზე მოეწყობა სხვადასხვა პროდუქციის დეგუსტაცია, სადაც თითოეულ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება ადგილზე გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ნაწარმი და სამომავლო თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი კავშირები დაამყაროს ადგილობრივ მწარმოებლებთან.

ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე: http://bit.do/eUKME

თარიღი: 2019/06/11