ნათია თურნავა - ჩვენი მთავრობა თანმიმდევრულად ახორციელებს ეკონომიკისა და ვაჭრობის დივერსიფიკაციის პოლიტიკას
“ჩვენი მთავრობა თანმიმდევრულად ახორციელებს ეკონომიკისა და ვაჭრობის დივერსიფიკაციის პოლიტიკას. დღეს ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები არა მხოლოდ ერთ რომელიმე ქვეყანასთან, არამედ როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან, ჰონგ კონგთან. ასევე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ინდოეთთან, ისრაელთან და ეს პროცესი გაგრძელდება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „მაესტროსთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

მინისტრის განცხადებით, ამით ბიზნესს შესაძლებლობა ეძლევა, აირჩიოს ნებისმიერი ქვეყანა თავისი სურვილისა და შესაძლებლობების მიხედვით, სადაც შეძლებს უბაჟოდ ივაჭროს.
ამავე დროს, როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, „იმ ბიზნესებს, რომლებიც ნაწილობრივ მაინც არჩევანს ტრადიციული ბაზრების, მათ შორის, რუსეთის სასარგებლოდ აკეთებენ, ჩვენ ვერ ვუკარნახებთ, მაგრამ ვუქმნით შესაძლებლობას, რომ გასაღების ბაზრები მეტად დივერსიფიცირებული ჰქონდეთ და სურვილის შესაბამისად გაზარდონ ექსპორტი სხვა მიმართულებით და დააბალანსონ საკუთარი პორტფელი.“

ამასთან, მინისტრის განცხადებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი უგუნური, დაუბალანსებელი ქმედებით დავაკარგვინოთ ბიზნესებს ტრადიციული ბაზრები.

„სხვათა შორის, ამ დღეებში სწორედ ჩვენი მთავრობის დაბალანსებულმა მშვიდმა პოზიციამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ შეგვენარჩუნებინა ასევე ტრადიციული ბაზრები, მათ შორის, ამ ეტაპზე, ექსპორტის ემბარგოს საფრთხე მოგვეხსნა. ჩვენმა პარტნიორებმა მოგვიწონეს ეს დაბალანსებული პოზიცია და ვფიქრობთ, რომ ამ ნაწილში საფრთხე დღესდღეობით თავიდან აცილებულია,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

თარიღი: 2019/07/12