ამ ქვეყანაში, როცა ასეთი ეკონომიკური ვითარება გაქვს, რა დროს 11 წლის წინანდელი გადარიცხვების ამოგდებაა? - გიორგი მარგველაშვილი
ამ ქვეყანაში, როცა ასეთი ეკონომიკური ვითარება გაქვს და როცა სულს უნდა უბერავდე ბანკებსაც და ბიზნესებსაც, რომ ქვეყანაში ეკონომიკა არ ჩამოგექცეს და სტრატეგიული პროექტები არ გაგიჩერდეს, რა დროს 11 წლის წინანდელი გადარიცხვების ამოგდებაა?, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ხაზარაძის საქმე არის პოლიტიკური დევნა.

„არის კითხვა მართლა კანონიერია, თუ არა ხაზარაძის მიმართ ეს. იქნებ სკოლაში მათემატიკის გაკვეთილზე გადაიწერა ვიღაცისგან საკონტროლო და იმაში ხუთიანი მიღო, მოდი იმაზე დავიჭიროთ. ცოტა მაინც პოლიტიკური თვალით თუ უყურებ, ნათელია, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. ამ ადამიანების გაღატაკება კიდევ უფრო იოლს ხდის მმართველობას. რაც უფრო გაღატაკებულია მოსახლეობა, შენი ჩინოვნიკი კარგად გრძნობს თავს. ამ დროს შენ, „ნაეზდს“ აკეთებ ბიზნესებზე? ეს „ნაეზდია“, როცა შემოვლენ და ამოგიგდებენ 11 წლის წინანდელ ვითომ უკანონო რაღაცას. ბარეღამ შევარდნაძის დროინდელი ქვითრები ამოწიონ, როცა საერთოდ ქვითრები არ არსებობდა. ამაზე ბანკიდან რომ გაგიშვებენ, ამაზე ანაკლიის პორტიდან გაგიშვებენ, მერე ამაზე სისხლის სამართლის საქმეს აღგიძრავენ და საპროცესოს გაგიფორმებენ, „ნაეზდია.

5 წლის განმავლობაში კოორდინირებული პოლიტიკა იყო ანაკლიის პორტის მხარდაჭერა. რა შეიცვალა, ეს არის პრობლემა, ამას რომ განვიხილავთ. ხაზარაძე თუ გახდა მტერი, წყალსაც წაუღია ანაკლიის პორტი - ეს არის დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება ტრაგედიაა, რომ ანაკლიის პორტი კი არ არის უფრო მნიშვნელოვანი შენ პიროვნული ანგარიშსწორებაზე ხაზარაძეზე, არამედ ხაზარაძე უფრო მნიშვნელოვანია - მას დავარტყა და ანაკლიის პორტი თუ შეეწირება, შეეწიროსო, ისევე, როგორც უფრო მნიშვნელოვანია „ნაციონალურ მოძრაობას“ დავარტყა და თუ ქვეყნის იმიჯი შეეწირება, შეეწიროს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

წყარო: ipn

ავტორი:
თარიღი: 2019/08/10