თამარ ტალიაშვილი: ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ ევროპულ ქარტიას საქართველოს 4 მუნიციპალიტეტი შეუერთდა

დღეს, თბილისის საკრებულოში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პრეზიდენტის, დედაქალაქის მერის - კახა კალაძის ინიციატივით, გამართულ ღონისძიებაზე ხელი მოეწერა ევროპულ ქარტიას ადგილობრივ დონეზე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ. ქარტიის მიხედვით, თვითმმართველობები საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში ღონისძიებების გატარების ვალდებულებას იღებენ.
ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტმა თამარ ტალიაშვილმა ქარტიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქარტიას საქართველოს 4 მუნიციპალიტეტის - რუსთავის, ქუთაისის, ოზურგეთისა და ლაგოდეხის მერებმა მოაწერეს ხელი.
„ამ ქარტიის წევრი ევროპის 1600-ზე მეტი ქალაქი და ადგილობრივი თვითმმართველობაა. ეს არის უდაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით. ისტორიული მოვლენაა ადგილობრივ ცხოვრებაში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ევროპულ ქარტიასთან პირველი ქართული თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მიერთება,“- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
ათეა-სა და ევროპის საბჭოს ადგილობრივ თვითმმართველობათა და რეგიონული კონგრესის ერთობლივ ღონისძიებას, საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლები და ევროსაბჭოს დელეგაციის წევრები დაესწრნენ.

თარიღი: 2019/09/24