გიორგი ტყემალაძე: ევროსაბჭოს ადგილობრივ თვითმმართველობათა და რეგიონული კონგრესის ყველა მისია ცალსახად აღნიშნავს საგრძნობ გაუმჯობესებას ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების კუთხით
დღეს, თბილისის საკრებულოში, საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის, ევროპის საბჭოს 70 წლისა და ევროპის საბჭოს კონგრესის 25 წლის იუბილეებისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართა. 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, გიორგი ტყემალაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებაში ევროსაბჭოს როლზე ისაუბრა.
„კონგრესის მონიტორინგის მისიები, შეფასებები და რეკომენდაციები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო პერიოდის ყველა მისია ცალსახად აღნიშნავს საგრძნობ გაუმჯობესებას ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების კუთხით და ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ კონგრესის რეკომენდაციები მაქსიმალურად იყოს გათვალისიწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის შემდგომ რეფორმებში,”- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების აქტიური მხარდამჭერისთვის ევროსაბჭოს ადგილობრივ თვითმმართველობათა და რეგიონულ კონგრესს მადლობა გადაუხადა.

თარიღი: 2019/09/24