საკრებულოს თავმჯდომარემ და დეპუტატებმა აფხაზეთში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
„27 სექტემბერი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული თარიღია. 26 წლის წინ, ამ დღეს სოხუმი დაეცა. სოხუმის დაცემა იყო შედეგი ძმათამკვლელი ომისა, რომელსაც გამარჯვებული არ ჰყავს“ – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა.
მისი თქმით, ისტორიის ამ მძიმე ფურცლებმა დატოვა მოუშუშებელი ტკივილი, ათასობით დაღუპული და საკუთარ მიწა-წყალზე დევნილად ქცეული ასობით ათასი ადამიანი.
„დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებმაც სამშობლოს სიყვარულს და ქვეყნის ერთიანობას ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე შესწირეს. ჩვენ ქედს ვიხრით მათი ხსოვნის წინაშე“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა.

თარიღი: 2019/09/27