„ბაიას ღვინო“ - ჰობი თუ ტრადიციებზე დაფუძნებული ოჯახური ბიზნესი? - რას ურჩევს 23 წლის მეღვინე ქალი ახალგაზრდა მეწარმეებს
საქართველო რომ ღვინის სამშობლოა, ამაზე მსოფლიოს მასშტაბით აღარავინ კამათობს.  დაახლოებით, 8000 წლის წინ სწორედ აქ დაიწურა პირველად ღვინო და ჩაეყარა საფუძველი მეღვინეობის პროფესიას. ისტორიულად ღვინო არასდროს ყოფილა მხოლოდ თრობის საშუალება, მას ჯერ კიდევ წარმართობის პერიოდიდან ჰქონდა მისტიკური და გარკვეული რიტუალური დანიშნულება,  ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ კი მისმა სიმბოლიკამ კიდევ უფრო  ღრმა შინაარსი შეიძინა  - ბარძიმში საზიარებლად მოთავსებული ღვინო ქრისტეს სისხლთან გაიგივდა. ალბათ, სწორედ ამ რელიგიურმა მიზეზებმა, თუ ძველ  დროში სქესთა ფუნქციების მკაცრმა განსაზღვრამ განაპირობა ქალის ნაკლები ჩართულობა ღვინის დაყენების პროცესში. ჯერ კიდევ წარმართულ პერიოდში გავრცელებული შეხედულება,  რომ ქალის დაშვება ღვინის წურვის დროს სასმელს  გემოვნებასა და უნიკალურ თვისებებს დაუკარგავდა იმდენად ,,მყარი“ იყო, რომ  საპირისპირო აზრის დამკვიდრება ქრისტიანულ ეპოქაშიც ვეღარ მოხერხდა, თუმცა თანამედროვე  ცხოვრებაში  სურათი მკვეთრად შეცვლილია, ქალების როლი ჩვენს საზოგადოებაში ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ სფეროებში დღითიდღე იზრდება. ამ როლის წინ წამოწევა გლობალიზაციის პროცესმა გამოიწვია და შექმნილმა რეალობამ, თითქმის ყველა სფეროში, როგორც ამბობენ, სუსტი სქესის წარმომადგენელს ადგილი მამაკაცის გვერდით მიუჩინა. გამონაკლისი არც ღვინის ინდუსტრიის სფეროა.  თუ მეღვინე ქალების ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მათ არათუ ნაკლებად, მამაკაცებზე უკეთესადაც გამოსდით ღვინის არამარტო დაყენება, არამედ მისი ბრენდირებაც.  აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მსოფლიოში ერთ -ერთი ყველაზე ცნობილი შამპანური სწორედ ქალის სახელს ატარებს. მე-19 საუკუნეში ბარბა-ნიკოლ კლიკო პირველი მეღვინე ქალი გახლდათ , რომელიც საკუთარი შამპანურით გახდა ცნობილი. ჩვენ დროში  ღვინო ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა. ბოლო დროს მეღვინეობა სუსტი სქესის წარმომადგენლებში ერთგვარ ტრენდადაც იქცა,  თუმცა საქართველოში ამ პროფესიის ქალი მაინც იშვიათად გხვდება.

,,ბიზნესპოსტი“  23 წლის მეღვინე ბაია აბულაძეს დაუკავშირდა. ბაია ბაღდათის რაიონ სოფელ ობჩადანაა. მისთვის  მეღვინეობა ოჯახური ტრადიციაა. სულ რამდენიმე წლის წინ კი მან წინაპრების მიერ დატოვებული წესების  დაცვით დაყენებული  ციცქა,  ცოლიკოური, კრახუნა, ოცხანური, საფერე ბრენდად აქცია, რითიც საფუძველი საკუთარი ღვინის  ბიზნესს - ,,ბაიას ღვინოს“ ჩაუყარა. ღვინო თავდაპირველად თბილისის რამდენიმე მაღაზიაში იყიდებოდა, თუმცა მათი რიცხვი  მალევე გაიზარდა, რეალიზაციაში ადგილობრივი რესტორნებიც ჩაერთვნენ, ამჟამად კი ,,ბაიას ღვინოს“ ექსპორტი სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ამერიკაშიც მიმდინარეობს.  ახალგაზრდა მეღვინე  წარმატების საწინდრად ამ საქმიანობისადმი უზომო სიყვარულთან ერთად,    სწორედ ობჩაში გატარებულ ბავშვობას  და ოჯახურ გარემოს მიიჩნევს.

-ღვინო და ვაზი ოჯახის დიდი ხნის ტრადიციაა ჩვენთვის.  ბავშვობიდანვე დიდი სიყვარულით ვეხმარებოდით უფროსებს და ვმუშაობდით ვენახში. ბაბუა პროფესიით მეღვინეა, ჩვენი მშობლები მასწავლებლები არიან ადგილობრივ სკოლაში, ოჯახში ბაბუასთან და ბებიასთან ერთად ისე ვცხოვრობდით, როგორც სხვა სოფლად მცხოვრები დიდი ოჯახები. ობჩაში გატარებულმა ბავშვობამ ძალიან დიდი სიყვარული მოგვცა ბუნებისა და ვენახის. ყველა საქმიანობას ისე ვაკეთებდით, როგორც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ და მივყვებოდით ამ წესებს. ამჟამად გვინდა,  ეს ტრადიციული საქმე გავაძლიეროთ. 2015 წლიდან  ღვინის წარმოებას ბიზნესის სახე მივეცით.  სწორედ ამ წელს პროექტ ,,აწარმოე საქართველოს“  5 000 ლარიან პროგრამაში გავიმარჯვეთ და ჩამოსასხმელი დანადგარების შეძენა შევძელით. 2015 წლის 22 დეკემბერს პირველი ბოთლი ,,ბაიას ღვინო“ ჩამოვასხით. ამის შემდეგ  ფერმერთა ასოციაციის წევრები გავხდით, რამაც ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება შეგვძინა. დღეს ფერმერთა სათათბიროს წარმოვადგენ ბაღდათიდან , რაც ძალიან მახარებს.

მიუხედავად იმისა რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურა საჯარო მართვის ადმინისტრაციის განხრით დაამთავრა   კითხვაზე - ვინ იქნებოდა, თუ არა მეღვინე? - პასუხის გაცემა უჭირს.  ამბობს, რომ პროფესია მენეჯმენტის მიმართულებით  ძალიან ეხმარება.

-ახლა უკვე ძნელია იმის წარმოდგენა, ვინ ვიქნებოდი, რომ არა მეღვინე. ეს სფერო ძალიან მიყვარს და ბედნიერი ვარ, სხვა რამეზე ფიქრი რომ არ მიწევს. ასევე ძალიან მიხარია, რომ ჩემს მშობლებთან ერთად ჩემი და-ძმაც ამავე საქმაიანობას მიჰყვება. ჩემი ძმა გიორგი აგრარულ უნივერსიტეტში მეღვინოების მესამე კურსზე სწავლობს, ჩემი და - გვანცა კი ამავე უნივერსიტეტში აგრონომიის სამაგისტრო პროგრამას ასრულებს, რაც ცხადია,  ოჯახურ ბიზნესში ძალიან გვეხმარება.

ცოტა ხნის წინ, მომხმარებელთა დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ოჯახმა მეღვინეობასთან ერთად, ოჯახური სასტუმროს ბიზნესიც წამოიწყო, სადაც მისულ სტუმრებს ადგილობრივი კერძებისა და ღვინის დაგემოვნებასთან ერთად, შესაძლებლობა ეძლევათ, ეზიარონ ადგილობრივ კულტურას და უკეთ გაეცნონ ,,ბაიას ღვინო“ -ს ტექნოლოგიას. ჯერჯერობით სასტუმრო მცირე ზომის არის, თუმცა სამომავლოდ მისი გაფართოება იგეგმება.

- ბოლო ტენდენციების მიხედვით სოფელი ასე ვთქვათ ,,გაპიარდა“ ,  როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის ახალგაზრდების მეტი ჩართულობა და დაინტერესება წარმოებასა თუ აგროსფეროში? არის თუ არა ეს საქმიანობა ის, რაშიც შეიძლება ახალგაზრდა ადამიანმა ფულთან ერთად შინაგანი სიამოვნებაც მიიღოს?

-რა თქმა უნდა, ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან საჭირო საქმეა ამ სფეროსთვის, რაც თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკასაც წაადგება. ბევრი ძალიან კარგი მაგალითი მინახავს იმისა, თუ როგორ ქმნის სოფლად მცხოვრები მეწარმე ძალიან დიდ და მნიშვნელოვან ინდუსტრიას. ჰოლანდია ამის ძალიან კარგი მაგალითია, სადაც ეკონომიკის დიდი წილი სწორედ სოფლის მეურნეობაზე მოდის. იქ არსებული განათლება და საუნივერსიტეტო სისტემა  ახალგაზრდა ადამიანს  ძალიან კარგად უწყობს ხელს   საჭირო  ცოდნისა  და უნარების შესაძენად. სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი ყველაზე სასაიმოვნო და ისეთი საქმეა, რომელიც  მოდუნების უფლებას არ გაძლევს და მუდმივად გამოწვევის წინაშე გაყენებს, ეს კი, ვფიქრობ, ახალგაზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანას დიდი შესაძლებლობები აქვს მეღვინეობის განვითარების მხრივაც.

- ევროპის არაერთ ქვეყანაში ყოფილხარ და ალბათ ჩვენთან პარალელებიც გაგივლია. როგორ ფიქრობ, რა გვჭირდება იმისთვის, რომ  მეღვინეობის სფერო კიდევ უფრო  მეტად განვითარდეს, როგორც ეს ევროკავშირის წამყვან ქვეყნებშია?

-უცხოეთში, სადაც  ვყოფილვარ, ქართულ ღვინოს ყველა იცნობს  და გასინჯვის სურვილი აქვთ. იქ ამჟამად ძალიან პოპულარულია ბიოწარმოება, რაც, ვფიქრობ, სწორი მიდგომაა, ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი მეწარმე ჩვენს ქვეყანაშიც  ავითარებს ამ დარგს, რაც ძალაინ კარგია.  ამ ნაბიჯით ბუნებასთან ერთად  ჩვენს თავსაც  გავუფრთხილდებით და  მომხმარებელსაც. ამ და ბევრი სხვა ტენდენციის გამო ქართული მეღვინეობა, ვფიქრობ, უფრო და უფრო განვითარდება, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ისიც,   თუ ბიოწარმოება  ჩვენთვის პრიორიტეტი გახდება.

 ბაია ამჟამად   ამერიკულ პროგრამაში -„ფერმერი ფერმერს“ (FTF) -  მონაწილეობს, რომლის მიზანიც სოფლად შემოსავლის ზრდა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომა და სასოფლო-სამეურნეო სექტორის ინსტიტუციების გაძლიერებაა. როგორც ბაიამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მეწარმისთვის ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

-იმ ახალგაზრდა მეწარმეებს, რომლებიც  ახლო მომავალში აპირებენ აგროსფეროთი დაკავდნენ, ვურჩევ, პირველ რიგში ,,საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ წევრები გახდნენ და ამ გზით მეტი ცოდნა, საჭირო კონტაქტები და მოტივაციას მიიღონ, ისევე, როგორც ჩვენს შემთხვევაში მოხდა. ასევე, ვურჩევ საკუთარ საქმიანობაში ჩართონ  ისეთი ადამიანები, რომლებიც ეიმედებათ.  ვფიქრობ  ეს ყველაფერი ძალიან დაეხმარებათ წარმატების მიღწევაში.რაც შეეხება პროგრამა ETF -ს, მათ მიერ ორგანიზებულმა შეხვედრებმა და კონფერენციებმა ძალიან გაგვიღრმავა ცოდნა და ბევრი რამ გვასწავლა.

ამ ეტაპზე  ღვინის  საწარმოს მშენებლობის დასრულებასთან ერთად, ბიო წარმოების სერტიფიკატის აღებას ვგეგმავთ, ასევე  ძალიან გვიხარია, რომ ობჩაში ინფრასტრუქტურა კეთდება.  წელს ახალი გზა დაგვიგეს, ასევე  გაზი შემოვიდა ჩვენთან, ვფიქრობ,  ეს ყველაფერი ჩვენი წარმოების გაზრდაში ძალიან დაგვეხმარება.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი უნიკალური ჯიშების, ღვინის სამშობლოსთან დაკაშირებული ისტორიული ფაქტების და ასევე ტრადიციული ქვევრის ტექნოლოგიის  გავლენით    ბოლო დროს მსოფლიოში  შიდა და გარე ფაქტორებით  გამოწვეული პრობლემების მიუხედავად,   ქართულ ღვინოზე მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა:

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45,4 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 19%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 107,8 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28% შეადგინა. ამ ეტაპზე  კი ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ღვინის უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში იტალიაა. საქართველო კი სიაში 23-ე ადგილზეა და 38-ჯერ ჩამორჩება ტოპ მწარმოებელს. 

 

თარიღი: 2018/08/17