"სინერჯი ჯგუფი"- მმართველობითი საკონსულატაციო ბიზნესიდან კერძო კაპიტალის ფონდამდე
19 წელი საკონსულტაციო მომსახურების ბაზარზე და უმსხვილესი ქართული კომპანიების წარმატებაში შეტანილი უდიდესი წვლილი - "სინერჯი ჯგუფი" სტრატეგიული პრიორიტეტების შესაბამისი ცოცხალი ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და გამართული ბიზნესპროცესების წარმართვაზე ზრუნავს.


კომპანია, რომლისთვისაც მთავარი ღირებულება საერთო ძალისხმევით წარმოშობილი თანამშრომლობაა, პაპუნა ტოლიაშვილმა მეგობრებთან ერთად დააფუძნა. სხვადასხვა ბანკის ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილებამ მათ ახალი ნაბიჯის გადადგმისა და საკუთარი საქმის დაწყების საშუალება მისცა.


პაპუნა ტოლიაშვილი: ,,მაგ დროს საქართველოს ბანკში ვმუშაობდი სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელად, დაახლოებით მსგავსი საქმიანობის კეთება მიწევდა და ვხვდებოდი, რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანი იყო ეს სხვა ბანკებისთვისაც. გადავწყვიტე, რომ გამეგრძელებინა ამის კეთება და უკვე სხვებისთვისაც შეგვეთავაზებინა მსგავსი მომსახურება. ჩვენ გვინდოდა გვეპოვა სინერგიული ეფექტები ადამიანებისა და ორგანიზაციების თანამშრომლობაში და მათი რეალიზება მოგვეხდინა. აქედან გამომდინარე გაჩნდა სახელწოდებაც. ჩვენი ძირითადი სერვისი მართვის სისტემების განვითარებაა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსის, ყურადღების, სწორად განაწილებას გულისხმობს. გვჯერა, რომ ადამიანებს ამოუწურავი შესაძლებლობები აქვთ და მათი რესურსების სწორი კოორდინაციით სასწაულების მოხდენა შეიძლება. არსებობის პირველ ეტაპზე კომპანიის მთავარი გამოწვევა კლიენტების ნდობის მოპოვება იყო. ჩავთვალეთ, რომ თუ კარგი ბანკი გამოგვყებოდა და ჩვენი მომსახურებით ისარგებლებდა, როგორც იყო მაგალითად თიბისი ბანკი, ყველა დანარჩენ ამოცანას, ბევრად ადვილად გადავწყვეტდით. ამიტომ ჩვენი მომსახურების პირველი შეთავაზება სწორედ მათ გავუკეთეთ. ეს იყო პირველი დიდი ამოცანა, რომელსაც მეტ-ნაკლები წარმატებით გავართვით თავი. ალბათ ამის შედეგი იყო, რომ შემდეგი 10 წლის განმავლობაში უწყვეტად ვმუშაობდით თიბისის გუნდთან."


დღეისთვის სინერჯი ჯგუფს უკვე 150-მდე უმსხვილეს ორგანიზაციასთან საქართველოში 300-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული. ორი ათეული წლის განმავლობაში მან მოიპოვა აღიარება 20-ზე მეტ დარგში მომუშავე არა მხოლოდ კერძო, არამედ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებისგანაც. კომპანიები, რომლებსაც მასთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ, აღნიშნავენ, რომ "სინერჯი ჯგუფი" მხოლოდ საკონსულტაციო მომსახურეობით არ შემოიფარგლება და ძირითადი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, საკუთარი მაღალკვალიფიკაციური თანამშრომლებით, ყოველთვის მთლიანადაა ჩართული. სწორედ ამიტომ მას, როგორც უნიკალური სერვისებისა და უზარმაზარი გამოცდილების მქონე საიმედო პარტნიორს, ბიზნესები სხვადასხვა ტიპის პროექტებისთვის არაერთჯერადად მიმართავენ. (იხ. ვიდეო https://www.youtube.com/playlist?list=PLUSCouJrQgDUCfh2fve38LSMBXf2p8bfC)


პაპუნა ტოლიაშვილი: ,,ჩვენი თავისებურებაა, რომ გვაქვს დიდი სურვილით, დავეხმაროთ კლიენტებს განვითარებასა და მაქსიმალური შედეგის მიღწევაში. ძირითადი ფასეულობები, რაზეც ვცდილობთ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა ეფუძნებოდეს და რითიც ვხელმძღვანელობთ თანამშრომლების შერჩევისას, არის პატიოსნება, პროაქტიულობა, მზრუნველობა, პატივისცემა და კორპორატიული პატრიოტიზმი."


საკონსულტაციო მომსახურების ბაზარზე საქმიანობის გარდა, "სინერჯი ჯგუფი" საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაზეც აქტიურად ზრუნავს. სწორედ ამისთვის შეიქმნა ვებ პროექტი "სინერჯი ინსაითი" (www.insight.ge). ის ძირითადად როგორც უმაღლესი, ისე საშუალო რგოლის მენეჯერებისათვის არის გათვლილი და მიზნად ისახავს პატარა ინსაითების მიწოდებით მათ ყოველდღიური და გრძელვადიანი მმართველობითი გადაწყვეტილებების ხარისხის ამაღლებაში დაეხმაროს. უფრო ვრცლად კი ქეისების სახით იწერება სტატიები, რომელიც ელექტრონულ ჟურნალ „სტრატეგია და ორგანიზაციის“ ვებ-გვერდზე ქვეყნდება (www.strategy.ge). საუკეთესო სტატიები და ინსაითები კი ბეჭდური სახით წიგნებად გამოიცემა.


იმისთვის, რომ თავისი კლიენტებისთვის კაპიტალი უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო სინერჯი ჯგუფმა ახალი ორგანიზაცია დააფუძნა. ეს არის კერძო კაპიტალის ფონდი - ''სს სინერჯის კაპიტალის პარტნიორები'', რომელიც ეძებს, აერთიანებს და ეხმარება ადამიანებს თავიანთი კაპიტალი დიდი პოტენციალის მქონე, სწრაფად მზარდ ორგანიზაციებში ინვესტირებით გაზარდონ. ამ გზით ინვესტორებს თანხა მომატებული ღირებულებით უბრუნდებათ და ამასთანავე აქვთ პრივილეგირებული უფლება გახდნენ წარმატებული კომპანიის აქციონერები.


პაპუნა ტოლიაშვილი: “სინერჯის კაპიტალის პარტნიორების" დანიშნულებაა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს შევუქმნათ სტაბილურად მზარდი მაღალმომგებიანი საინვესტიციო პორტფელი ისე, რომ მათი ფინანსები და გამოცდილება ხელმისაწვდომი გავხადოთ მომავლის ლიდერი იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც ეს განსაკუთრებით სჭირდებათ. ”

-რა არის მთავარი ფაქტორი, რის გამოც თითქმის ორი ათეული წელია მსხვილი ბიზნეს კომპანიების ნდობას ინარჩუნებთ?


-პირველ რიგში ეს არის პატიოსნება. ჩვენ ყოველთვის კეთილსინდისიერები ვართ კლიენტებთან. შემდეგ მოდის ნდობა. იციან, რომ ჩვენ არასდროს გავცემთ მათზე ინფორმაციას და არ დავაზიანებთ მათ ინტერესებს. ბოლოს კი მოტივაცია და თავდადებაა იმისთვის, რომ ორგანიზაცია გაიზარდოს. ჩვენს ასეთ დამოკიდებულებას რომ ხედავენ, იძენენ რწმენას, რომ მათ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ.


-არსებობის 19 წლის შემდეგ, უკვე დღეს რა არის მთავარი გამოწვევა თქვენთვის და რის მიღწევას გეგმავთ მომავალში?


-ისევ და ისევ ეს არის ჩვენი კლიენტების, მკითხველებისა და პარტნიორების ნდობის შენარჩუნება-გაძლიერება; მათი რესურსების მობილიზება, იმისთვის, რომ ისინი ყველაზე სწრაფად მზარდ, განვითარებად ორგანიზაციებში დააბანდონ და შევძლოთ თითოეულ მათგანს რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოვუტანოთ, ერთი მხრივ მნიშვნელოვნად გაიზარდონ ეს კომპანიები და მეორე მხრივ გავზარდოთ ჩვენი ინვესტორების მოგება.

თარიღი: 2018/08/20