"ხარისხის ინსტიტუტი"- საერთაშორისო სტანდარტების პლატფორმა საქართველოში
 ხარისხის სრულყოფის გზების ძიება თანამედროვე კომპანიების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავია. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამ, რომლის ნაწილიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაა, ეს პრობლემა ეროვნული ეკონომიკური უსაფრთხოების ფაქტორთა რიგში მოაქცია. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სტანდარტების დაცვა ნებაყოფლობითი ინიციატივაა, კომპანიები ბაზარზე პოზიციების გასამყარებლად მასთან მიერთებას ცდილობენ.


"ხარისხის ინსტიტუტი" საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მოწოდებულია, დაეხმაროს ბიზნესში, საზოგადოებრივ და საჯარო სექტორში მომუშავე ორგანიზაციებს საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი მართვის ეფექტური სისტემების შემუშავებაში, პრაქტიკაში დანერგვასა და სერტიფიცირებაში. მისი მიზანი ისეთი ორგანიზაციული პლატფორმების შექმნაა, რომლებიც კომპანიების ინსტიტუციურ განვითარებას, საზოგადოებაში სანდო და ლოიალური იმიჯის დამკვიდრებას განაპირობებენ.


კომპანიის დამფუძნებელი ხარისხის ექსპერტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ნათია ზადგინიძეა. საკონსულტაციო სფეროში 11 წლიანი მუშაობის შემდეგ მან საკუთარი კომპანიის დაარსება გადაწყვიტა და 2016 წელს IQ (Institute of Quality) შექმნა.


ნათია ზედგინიძე: "ხარისხის ინსტიტუტი" შეიქმნა, რათა საქართველოში ხარისხის სტანდარტების თემა აქტუალური გამხდარიყო. გამოცდილებამ, რომელიც ამ სფეროში მრავალწლიანი მუშაობით დავაგროვე, მომცა სითამამე საკუთარი კომპანია შემექმნა და ამ მიმართულებით ახალი სიტყვა მეთქვა ბაზარზე. ჩვენი მიზანია როგორც კერძო, ისე საჯარო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს დავეხმაროთ ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარებაში ისე, რომ მათ რაც შეიძლება ეფექტურად და ეფექტიანად განახორციელონ საქმიანობა. დამკვეთზე ორიენტირებული მიდგომით ვზრუნავთ კომპანიის იმიჯსა და რეპუტაციაზე და ვეხმარებით მათ, რომ ხარისხიანი პროდუქტი და მომსახურეობა აწარმოონ. საინტერესოა, რომ ამ დამოკიდებულებით საკონსულტაციო სფერო მედიცინას ძალიან ჰგავს, სადაც პაციენტის სიმპტომების მიხედვით ექიმმა სწორი მეთოდოლოგიის გამოყენებით უნდა დასვას ზუსტი დიაგნოზი და შესაბამისი მკურნალობის რეცეპტი გამოუწეროს. "


ბიზნესები, რომლებიც საკუთარი პროდუქტისა თუ მომსახურების ექსპორტს გადაწყვეტენ სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ. ISO სერთიფიკატი ერთგვარი სავიზიტო ბარათია, რომელიც ეხმარება მათ საერთო ენაზე ისაუბრონ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, როგორც ლოკალურ ისე გლობალურ დონეზე. სწორედ ამისთვის კომპანია კლიენტებს საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებში, როგორიცაა : შიდა მართვის სისტემის დიაგნოსტირება; ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა და სერთიფიცირება; სოციალური პასუხისმგებლობა; შიდა აუდიტი; ადამიანური რესურსების მართვის სისტემის დანერგვა და რისკების მართვა.


ნათია ზედგინიძე: ,,ხარისხის ინსტიტუტმა" დამანახა რომ სქართველოში ბიზნესებსა და საკონსულტაციო ორგანიზაციებს შორის საჭიროა ურთიერთობების გამყარება, რათა კომპანიები სწრაფად განვითარდნენ და უფრო დიდ მასშტაბებზე გავიდნენ. სწორედ ამ მიზით მარიკა ხალიანთან ერთად დავაარსე "საქართველოს მენეჯმენტის კონსულტანტთა ასოციაცია (GMCA)", რომელიც საკონსულტაციო ბიზნესის ხელშეწყობაზე, მის განვითარებაზე, ადვოკატირებასა და საკონსულტაციო ბიზნესს სექტორში ხარისხის სტანდარტების დანერგვაზე იმუშავებს. "


საკონსულტაციო მომსახურების გარდა, საზოგადოებაში ხარისხის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, "ხარისხის ინსტიტუტი" სასწავლო-საგანმანათლებლო პროდუქტებსაც ქმნის. სწავლის პროცესში როგორც ბიზნესს კომპანიების ხელმძღვანელები, ისე სხვადასხვა სტრუქტურული რგოლის მენეჯერები და ISO სტანდარტებით დაინტერესებული სხვა პირები ერთვებიან. სასწავლო კურსები და ტრენინგები, რომლებსაც ნათია თავად ხელმძღვანელობს, ზრდასრულთა განათლების პრინციპებით არის მომზადებული. სწავლების ფორმატი ერთსადაიმავე თემისთვის საჭიროების მიხედვით განსხვავდება. იმის გათვალისწინებით, თუ ვინ არიან მსმენელები, იცვლება სპეციფიკა, მიწოდების მეთოდები, რათა სწავლის პროცესი მოქნილი და ეფექტური იყოს.


ნათია ზედგინიძე: ,, ჩვენი სასწავლო კურსებისა და ტრენინგების მთავარი მიზანია, როგორც შემსრულებელმა ისე ხელმძღვანელმა, სუპერვაიზერი იქნება ეს, მენეჯერი თუ ტოპ მენეჯერი, ზუსტად გაიგოს, რას ნიშნავს მისთვის საერთაშორისო სტანდარტები და როგორია თითოეული რგოლის ფუნქცია და როლი კომპანიის ერთიან ჯაჭვში. იმისთვის, რომ მასალა ადვილად აღსაქმელი იყოს სხვადასხვა ჯგუფებთან ერთი და იგივე საკითხი განსხვავებული რაკურსით, შესაბამისი ფორმატითა და კომუნიკაციით არის წარმოდგენილი. ჩვენი ეს მიდგომა უფრო ეფექტურს ხდის თავად შინაარსის გადაცემის, გაზიარებისა და გაცნობიერების პროცესს."


- რა არის "ხარისხის ინსტიტუტის" მთავარი უპირატესობა საკონსულტაციო მომსახურების ბაზარზე?


- "ხარისხის ინსტიტუტის" სლოგანია- "აკეთე სწორი საქმე სწორად", შესაბამისად, პირველ რიგში ეს არის ისევ და ისევ ხარისხი, რაც ჩვენი კონსულტანტების კომპეტენციას, კვალიფიკაციასა და მრავალწლიან გამოცდილებას გულისხმობს. შემდეგ, კომპანიის საჭიროებაზე მორგებით, კონკრეტულად იმ სერვისის მიწოდება, რომელიც ყველაზე ეფექტურია. ბოლოს კი გარანტირებული კონფიდენციალობა და ბიზნეს ეთიკის ნორმების დაცვაა.

-როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და კიდევ რის შეთავაზებას გეგმავთ კლიენტებისთვის?


- უახლოეს მომავალში ვგეგმავთ მართვის სისტემების შესახებ ახალი სიღრმისეული სასწავლო კურსის დანერგვას, რომელიც კვირაში რამდენჯერმე ჩატარდება და საკმაოდ დეტალური პროგრამა იქნება. სწავლება 3 თვე გაგრძელდება და დასრულების შემდეგ, სერტიფიკატის მისაღებად, მონაწილეს გამოცდის დაწერა მოუწევს. ასევე იგეგმება ახალი პროგრამის დაწყება, რომელსაც ახალი ტრენერი ეყოლება და ეს ჯერ სამუშაო პროცესშია. და ბოლოს, იმასთან დაკავშირებით, რომ ISO- მ რამდენიმე სტანდარტი განაახლა, შექმნილი გვაქვს ახალი 3 დღიანი ტრენინგი. ყველა ეს სიახლე უკვე სექტემბრიდან გამოჩნდება ჩვენს არენაზე და ვიმედოვნებთ ბევრი მსმენელი ჩაერთვება სასწავლო პროცესში.

თარიღი: 2018/08/23