„თან არავის მსგავსი და თან ძალიან მოდური" - როგორ შექმნა ორმა მეგობარმა იდეისა და სახელების გაერთიანებით წარმატებული ქართული ბრენდი „სალმანი" 
ორიგინალური, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი - ასე შეგვიძლია დავახასიათოთ ახალი ქართული ბრენდის- „სალმანის" პროდუქცია. ახალს ვამბობთ, რადგან სულ რაღაც შვიდი თვეა ბაზარზე არსებობს, თუმცა მოდისა და დიზაინის მოყვარულთათვის და არა მარტო „სალმანის" ფეხსაცმელები კარგად ცნობილია. 

ორი მეგობრის სალომე გოგიშვილისა და მანო გაბურის მიერ შექმნილი ბრენდი პოპულარული და მოთხოვნადი საკმაოდ მოკლე დროში გახდა. შესაბამისად, ისინი როგორც არსებული პროდუქციის წარმოების გაზრდის, ასევე მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზების აუცილებლობის წინაშე დადგნენ. 

როგორ და რატომ გაჩნდა „სალმანის" შექმნის იდეა, რა არის ბრენდის წარმატების საიდუმლო და რის შეთავაზებას აპირებენ მომხარებლებისთვის მეგობრები მომავალში ? - ამის შესახებ მათ „ბიზნესპოსტთან" ისაუბრეს: 

(სალომე გოგიაშვილი) ბრენდის შექმნის იდეა რამდენიმე წლის განმავლობაში მქონდა, თუმცა როგორც ხდება ხოლმე ხელს ყოველთვის რაღაც მიშლიდა და თავს ვერაფრით ვაბამდი. მოგეხსენებათ, ასეთი საქმის წამოსაწყებად მხოლოდ სურვილი არაა საკმარისი, მით უმეტეს, როდესაც პრეტენზია გაქვს იყო ხარისხიანი და მოთხოვნადი. იმასაც მივხვდი, რომ ასეთ რთულ საქმეს მარტო ვერ შევეჭიდებოდი, თუმცა პარტნიორის შერჩევაზე ბევრი არ მიფიქრია. მანო არის ჩემი უახლოესი მეგობარი და ადამიანი, რომელსაც ყველაფერში შეგიძლია ენდო. ამასთან ერთად შრომისმოყვარე და გემოვნებიანია. ჩემს შეთავაზებას მალევე დათანხმდა და საქმეს შევუდექით. ერთი რამ ზუსტად ვიცოდით, ბაზარზე შემოსვლა უნდა ყოფილიყო ხმაურიანი. ამისთვის კი საჭირო იყო ისეთი პროდუქციის შექმნა, რომელიც იქნებოდა თან არავის მსგავსი და თან ძალიან მოდური. ვფიქრობ, ჩვენ ეს გამოგვივიდა, რადგან ნამუშევრების გამოტანიდან ერთ კვირაში ყველამ იცოდა „სალმანი". 



-რატომ გადაწყვიტეთ მხოლოდ ერთი - ფეხსაცმლის მიმართულებით წარმოება? 

(მანო გაბური)ერთი მიმართულება კი ავირჩიეთ, მაგრამ არ ვაპირებთ ამით შემოვიფარგლოთ. უკვე ორი თვეა ატელიე - „სალმანი" გავხსენით და ვიღებთ შეკვეთებს სამოსზეც. ამ მხრივაც გვინდა გავფართოვდეთ. ასევე შექმნილი გვაქვს ჩანთების ესკიზები და ქვეყნის გარეთ ვეძებთ ქარხანას, რომელიც ხარისხიანად შეგვისრულებს სამუშაოს. ასევე შემოდგომიდან ვიწყებთ ფიქრს საკუთარ მაღაზიაზე, სადაც შევძლებთ სრულად წარმოვადგინოთ ჩვენი იდეები ყველა მიმართულებით. 

-ამჟამად სად არის შესაძლებელი თქვენი ბრენდის პროდუქციის შეძენა? 

(სალომე გოგიაშვილი)ამჟამად ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია ირაკლი აბაშიძის 42 ნომერში მდებარე მაღაზია - „მოდარტში", რომელიც ჩვენი მეგობრისაა და მან სრულიად უფასოდ დაგვითმო ადგილი.მ რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდით. 



-რა შინაარსობრივი დატვირთვა აქვს თქვენი ბრენდის სახელსა და ლოგოს? 

(მანო გაბური)ბრენდის სახელი უნდა ყოფილიყო მარტივი და ადვილად დასამახსოვრებელი. ასეთი კი ჩვენი სახელების შემოკლებულმა ერთობლიობამ მოგვცა. ჟღერადობაც ძალიან მოგვეწონა და დავარქვით „სალ-მანი".  რაც შეეხება ლოგოს, ნემსიყლაპია იაპონიაში ბედნიერებისა და წარმატების სიმბოლოდ მიიჩნევა. იქნებ ჩვენი წარმატებაც მისი დამსახურებაა, ჩვენ კი საკუთრად მივიჩნევთ. 

-ბრენდის დაარსების მომენტში, თუ ფიქრობდით ბაზარზე კონკრეტული სეგმენტის დაკავებაზე და ახლა რა ნიშას იკავებთ? 

(სალომე გოგიაშვილი) რომელიმე კონკრეტულ სეგმენტზე არ გვქონია გათვლა და ალბათ, ამიტომაც ჩვენი ფეხსაცმელი აცვია ყველა ფენისა და ასაკის ადამიანს. ფასებიც ქართულ ბაზართან შედარებით დაბალი გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ნედლეულს ძვირსა და ხარისხიანს ვიყენებთ. ვფიქრობ, არც ფასების მხრივ შეგვიზღუდავს მომხმარებლის რომელიმე სეგმენტი. 

-როგორ ფიქრობთ, რა გამოგარჩევთ კონკურენტებისგან, როგორც წარმოების, ასევე მომსახურების თვალსაზრისით ? 

(მანო გაბური) იცით, რაღაც არ გვაქვს ეს კონკურენტომანია. ჩვენ ვმუშაობთ და ვცდილობთ ვიყოთ მაღალი ხარისხით წარმოდგენილნი ესაა და ეს. ყველაზე სასიამოვნო კი კმაყოფილი მომხმარებელია, რომელიც გვწერს, რომ სახლში მისვლის შემდეგაც არ უნდა ჩვენი ფეხსაცმლის გახდა, იმდენად კომფორტულია. სწორედ ეს გამოგვარჩევს კონკურენტებისგან. ჩვენი ბრენდის ნაწარმს არ სჭირდება ინსტრუქცია, სად და რამდენ ხანს უნდა გეცვას. 



-როგორ ფიქრობთ, რამდენად პოპულარული ხართ ქართულ ბაზარზე და რა სიახლეებს ჰპირდებით მომხმარებლებს? 

(სალომე გოგიაშვილი)მიუხედავად იმისა, რომ„სალმანი" მხოლოდ 7 თვეა რაც ბაზარზე არსებობს, შემიძლია ვთქვა, რომ ბრენდი საკმაოდ ცნობადი და პოპულარულია. ვერ გეტყვით, რომ არ მქონდა ამის მოლოდინი. მე მაქსიმალისტი ვარ და თუ რამეს ვაკეთებ სხვანაირად ვერ წარმომიდგენია.

სიახლეებს რაც შეეხება, მასზე სულ ვმუშაობთ, მაგრამ ჩვენ არ ვართ სერიული პროდუქტის მწარმოებელნი. გვყავს რამდენიმე ხელოსანი პატარა სახელოსნოში, სადაც ყველაფერი ასჯერ იზომება და ერთხელ იჭრება, რაც ძალიან მოგვწონს. თუმცა მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ უახლოეს მომავალში მოგვიწევს გაფართოება. ასევე სიახლეები გვექნება სამოსის წარმოების მხრივაც. შემოდგომიდან დიდი გეგმები გვაქვს.



 

თარიღი: 2018/08/27