ბავშვური თამაში თუ დიდი ბიზნესის დასაწყისი? - ციკლიდან „მას გაუმართლა“
„ჩემი პირველი ბიზნესი იყო და არის ის საქმე, რასაც ახლა ვაკეთებ“ - გიორგი შვანგირაძე

 ,,მას გაუმართლა“ -  ეს ის ფრაზაა, რომელსაც ადამიანთა უმრავლესობა მომონტალურად გაივლებს ხოლმე გონებაში წარმატებულ ადამიანზე საუბრისას, მაგრამ… თუ ამ ადამიანების ბიოგრაფიებს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ბევრმა მათგანმა ყველაფერი ნულიდან, ან მინიმალურიდან დაიწყო. არსებულ მდგომარეობას კი ნაბიჯ-ნაბიჯ, თავდაუზოგავი შრომითა  და  ნებისყოფის სიმტკიცით მიაღწია. ცხადია, წარმატების ერთი და კონკრეტული ფორმულა არ არსებობს, მაგრამ ფსიქოლოგებიდან დაწყებული მეტაფიზიკოსებით დამთავრებული,  ყველა თანხმდება, რომ  ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა, ამის რწმენა და თავდაუზოგავი შრომა კი  მიზანთან მიახლოებას აიოლებს.  დაახლოებით ამასვე ფიქრობს ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, გიორგი შვანგირაძეც, რომელიც საკუთარ გამოცდილებასთან ერთად, სტარტაპერების წარმატების საიდუმლოსაც გვიზიარებს. მისი თქმით, ბიზნესმენი, განსაკუთრებით კი დამწყები, არჩეულ გზაზე წარმოქმნილ პრობლემებს არ უნდა შეუშინდეს, რადგან წარმატების გასაღები სწორედ  დაბრკოლებების   გადალახვასა და შრომის სურვილში მდგომარეობს.

გიორგი შვანგირაძე საქართველოში რადიოსადგურებისა და კომუნიკაციის საშუალებების რესელერის, შპს კომუნიკომის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელია. კომპანია საქართველოში 2015 წლიდან ფუნქციონირებს და ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს მოტოროლას ნებისმიერი რადიოსადგურის, მათ შორის პოპულარული CP040, P145, DP1400, DM1400-ით უზრუნველყოფას სთავაზობს. მასზეა დაკისრებული ზეთანამედროვე, ციფრული რადიოსადგურების MOTOTRBO-ების დისტრიბუციაც. კომპანია მოკლე და გრძელ მანძილზე, ასევე რთულ რელიეფურ პირობებში, საკუთარი ანძებითა და გამაძლიერებლებით მოწყობილობის მონტაჟს, შემდგომ მომსახურებას (ასევე კონსულტაციას) და რემონტს უზრუნველყოფს. კომუნიკომი საკუთარ თავზე იღებს პროექტის სრულად დაგეგმვა-განხორციელებას, რაც მომხმარებლისთვის მეტად კომფორტულია, რადგან ხარისხთან ერთად,  მისი დროის დაზოგვის საშუალებასაც იძლევა.  მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომების წყალობით კომპანიამ, ბოლო 2 წელიწადია, რადიოკავშირგაბმულობის საშუალებების რეალიზაციის, მოგებული ტენდერებისა და რეალიზებული პროექტების მხრივ ლიდერის პოზიცია დაიკავა.

როგორ მივიდა ამ ეტაპამდე, რა იყო მისი პირველი ბიზნესი, რა დაეხმარა საკუთარ თავში სათანადო უნარების აღმოჩენაში,  რა  სირთულეები შეხვდა წინსვლის პროცესში, როგორ გაუმკლავდა კრიტიკულ სიტუაციებს და როგორ უყურებს ბიზნესს დღევანდელი გადმოსახედიდან - გიორგი შვანგირაძე ,,ბიზნესპოსტის“ კითხვებს პასუხობს.

- ჩემი პირველი ბიზნესი იყო და არის ის საქმე,  რასაც ახლა ვაკეთებ, თუ არ ჩავთვლით მცირე „საქმიანობას“ ბავშვობაში.  როდესაც შაბათ-კვირას რუსთაველის გამზირი  იკეტებოდა, მე და ჩემი მეგობრები იქ კედელს ვდგამდით, რომელიც საფეხბურთო კარების ფუნქციას ასრულებდა. მონაწილეობა გარკვეული თანხა ღირდა, თუმცა საჯარიმო დარტყმის შესრულების, გოლის გატანის შემთხვევაში მონაწილეებს სიმბოლურ პრიზებს ვაგებინებდით. საკმაოდ ბევრი მსურველი იყო და აქედან გამომდინარე,   შემოსავალიც გვქონდა.

 - და ამჟამინდელი კომპანიის ჩამოყალიბების იდეა საიდან გაჩნდა, როგორი გარემო იყო ბიზნესის დასაწყებად და რამ განაპირობა მოკლე ხანში ასეთი წარმატება?

- კომპანია 2 დღეში ჩამოვაყალიბეთ და საქმიანობას შევუდექით. ჩემს სფეროში კონკურენტუნარიანი გარემო მაშინაც იყო და ახლაც არის, მთავარია სწორი  მიმართულება და მყიდველი ყოველთვის განასხვავებს მართალს და მატყუარას. ხარისხზე და საიმედოობაზე გათვლილი მიმართულება კი ჩვენი კომპანიის აქსიომაა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლება.

ალბათ, იმასაც ხვდებით, ასე მალე წარმატების მიღწევა და შემდეგ მისი შენარჩუნება ძნელი იქნებოდა, რომ არა ის ხალხი, თანამშრომლები, ვინც ამ კომპანიაში არიან დასაქმებულები. იდეაც სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა, როცა ჩემ გარშემო  ის ხალხი შეიკრიბა, რომლებსაც ამ სფეროში საკმარისი გამოცდილება ჰქონდათ. ისინი საკუთარი საქმის პროფესიონალები არიან.

იდეაში კიდევ შეიძლება იმ ფაქტორის გათვალისწინება, რაც ჩვენს კომპანიას გამოარჩევს სხვებისგან და რაც მაშინ ამ ბაზარზე არ იყო. ეს არის ჩვენი რადიოსადგურების მომხმარებლებთან ადამიანური, მეგობრული და საიმედო პარტნიორული ურთიერთობის დამყარების სურვილი. მათ იციან, რომ ჩვენ ყოველთვის გვერდში დავუდგებით, როცა მათ ეს დასჭირდებათ, ეს არის კომპანია „მოტოროლა სოლუშენის“ დევიზი მთელ მსოფლიოში.

დასაწყისში სირთულეები იყო, რა თქმა უნდა, მაგალითად, უნდობლობა ბანკების მხრიდან. ალბათ, ხვდებით, რომ კომპანიას მისი არსებობის პირველ დღეებში, პირველ წელს სჭირდება თანხები სხვადასხვა მიზნობრიობით, მისი სახის, იმიჯის ჩამოსაყალიბლებად.

კონკრეტულად სახელებს არ ჩამოვთვლი, მაგრამ ახლა ეს ბანკები ჩვენი ოფისის კარებს ამტვრევენ და  ჩვენთან თანამშრომლობას ცდილობენ.

- და რა არის ამ წარმატების საიდუმლო?

- ჩემი აზრით, წარმატების საიდუმლო არის შრომის სურვილი. ამის გარეშე არ გამოვა საქმის ბოლომდე მიყვანა. მნიშვნელოვანია აგრეთვე ყურადღება და ადამიანური მიდგომა მომხმარებლებთან, მყიდველებთან.

- რა პიროვნული თვისებები უნდა ქონდეს ბიზნესმენს,  რომ მიაღწიოს  წარმატებას?

- პირველ რიგში უნდა იყოს წესიერი ადამიანი, ასევე გონებამახვილი და შეეძლოს გარისკვა სწორ დროს, სწორ მომენტში.

- თუ გქონიათ ისეთი მომენტი, როცა გეგონათ, რომ არაფერი გამოვიდოდა, მაგრამ შრომის და წინსვლის სურვილით სამშვიდობოს გასულხართ?

- გვქონია და ვფიქრობ ნებისმიერ დროს შეიძლება ესეთი მომენტი დადგეს, მაგრამ როგორც თქვენც აღნიშნეთ, შრომისა და სურვილის გარეშე არაფერი გამოგვივიდოდა, რამაც საშუალება მოგვცა ახალი მწვერვალები დაგვეპყრო, ჩვენი რადიოსადგურების მომხმარებლებისთვის სრულყოფილად ჩაგვებარებინა პროექტი. სრულყოფილებაში ვგულისხმობ, როცა თვითონ მომხმარებელიც  კმაყოფილია და ამას აღნიშნავს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას. აგრეთვე, ჩემი აზრით, ბიზნესში მთავარია რისკი, მაგრამ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.

- ყველაფერს რომ ახლა იწყებდეთ, შეცვლიდით თუ არა რაიმეს ბიზნესისკენ მიმავალ გზაზე?

- თან არა და თან - კი...  არა - რადგან ახლა ის მომენტია, რისკენაც მივდიოდი  და ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა, ამას  ამ სფეროში  ჩემი კოლეგები,  მეგობრები საქართველოშიც და საზღვარგარეთაც მეუბნებოდნენ.  და ,,კი“-ში ვგულისხმობ იმ პატარ-პატარა ნიუანსებს, რომელიც ყოველთვის თან გდევს  დამწყებ ბიზნესმენს, როცა გინდა, რომ იდეალურად შეასრულო ყველა დასახული ამოცანა. ზოგი გამოგდის, ზოგიც - არა, სამწუხაროდ. ახლანდელი გამოცდილების ხარჯზე, იმ ამოცანებს გადავჭრიდი, რომელიც მაშინ გადაუჭრელი დამრჩა.

ზოგადად, ნებისმიერი გამოცდილება უფრო წინ გწევს პროფესიონალიზმის მხრივ. სირთულე გაძლიერებს და გაანალიზების უნარიც თუ გაქვს, მათი გადალახვით უფრო ჩამოყალიბებული ნაბიჯების გადადგმისა და წინსვლის საშუალება გეძლევა ბიზნესში. ეს კი, თავის მხრივ, წარმატების საწინდარია.

თარიღი: 2018/05/16