ხელოვნებად აღქმული ბიზნესი  და „მადოს“ მოდად ქცევის იდეა - რაში დაეხმარა გურამ გოგუას არდანებების პრაქტიკა
ნაყინი - ზაფხულის ცხელი დღეების ყველაზე ცივი და გემრიელი ნუგბარი... ამ ტკბილეულის მოყვარულებისთვის სეზონურობა  პირობითი ცნებაა, თუმცა წელიწადის კონკრეტულ მონაკვეთში სანაყინეებს თვალი მაინც განსაკუთრებული მონდომებით ეძებს.

სწორედ ასეთ ვითარებაში მიიპყრო ჩვენი ყურადღება მსოფლიო ბრენდად ქცეულმა მარკამ  - MADO-მ, რომელიც სრულიად შემთხვევით დასასვენებელ-გასაგრილებელი ადგილის ძიების პროცესში რუსთაველის გამზირზე აღმოვაჩინეთ. 



ადგილი, სადაც ხსენებული ნუგბარის გარდა, უამრავი სხვა პროდუქტიცაა წარმოდგენილი, ნატურალური და ჯანსაღი საუზმის, ლანჩისა და მრავალფეროვანი დესერტის დაგემოვნების საშუალებასაც იძლევა. ქართულ-აზიურ-ევროპული ინტერიერი, თავაზიანი, მომღიმარი მომსახურე პერსონალი და უგემრიელესი ნაყინი კი კმაყოფილებისა და სიმშვიდის განცდას ტოვებს.

MADO – ს ისტორია 300 წლის წინ თურქეთში დაიწყო. ამ სახელწოდების ადგილობრივი სანაყინე მომხმარებელს ყოველგვარი ტექნოლოგიების გარეშე მომზადებულ პროდუქციას სთავაზობდა. შემდეგ კომპანიამ საკუთარი ნაყინის ქარხანაც გახსნა, ინოვაციური ტექნოლოგიები დანერგა და საკუთარი ნაწარმი მსოფლიო ბრენდად აქცია. ტექნოლოგიური ცვლილებების მიუხედავად მადოს ნაყინმა იმ უნიკალური გემოს, ხარისხისა და სურნელის შენარჩუნება მაინც მოახერხა, რომელიც მას სხვა ბრენდებისგან გამოარჩევდა.



იმ ქვეყნებს შორის, რომელშიც კომპანიამ ფილიალების გახსნა მოინდომა, საქართველოც აღმოჩნდა. პარტნიორობის შეთავაზებით თურქმა ინვესტორებმა ქართველ წარმატებულ ბიზნესმენს, გურამ გოგუას მიმართეს. მან კი მრავალ ქვეყანაში აღიარებული საერთაშორისო ბრენდი ქართული ხასიათით შეფუთა და ადგილობრივ  და უცხოელ მომხმარებლებს ქართული სტუმართმოყვარეობით  შესთავაზა.

ჩვენი საუბარიც „მადოში“, უჩვეულო ადამიანური სითბოსა და უბრალოების ფონზე, გემრიელი დესერტის, ყავისა და ჩაის დაგემოვნების პარალელურად წარიმართა. წარმატებულმა ბიზნესმენმა, თავდადებულმა მამამ, მოსიყვარულე მეუღლემ და უბრალოდ, კარგმა მეგობარმა „ბიზნესპოსტის“ მკითხველს საკუთარი წარმატების საიდუმლოც გაუზიარა. 



გურამ გოგუა: „მადო“-ს საქართველოში გახსნის შესახებ შემოთავაზება თურქი ინვესტორებისგან მივიღე.  სარესტორნო ბიზნესი ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო. მასში ჩაბმის შემდეგ კი ამ მიმართულებით კიდევ მეტად დავინტერესდი. თურქეთში მქონდა დაგემოვნებული მათი ნაყინი. ვიცოდი, რომ მრავალ აზიურ და ევროპულ ქვეყანაში ჰქონდათ ფილიალები და საკმაოდ დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა მათი პროდუქტი. ბუნებრივია, ბიზნესის დაწყებამდე ბაზრის კვლევა ჩავატარეთ. ჩემი გადმოსახედიდან, ცხადი იყო, რომ ქვეყანას სჭირდებოდა წყნარი ადგილი,  ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით, რომელშიც ადამიანი  საკუთარი ოჯახით მშვიდად დაჯდებოდა და დროსაც სასიამოვნოდ გაატარებდა, უფროსებიც და ბავშვებიც ნატურალური რძით დამზადებულ ნაყინს დააგემოვნებდნენ და ა.შ. ობიექტი, თავისი ლოკაციიდან გამომდინარე, საინტერესო იქნებოდა ტურისტებისთვისაც. სხვათა შორის, როდესაც  სტუმარს ვხვდებოდი აეროპორტში, ყოველთვის ვფიქრობდი, სად შეიძლებოდა წამეყვანა საუზმისთვის. ეს პრობლემაც მოგვარდა „მადოს“ წყალობით. აქ  ადამიანს უგემრიელესი საუზმის დაგემოვნების საშუალება ეძლევა.

ზოგადად, MADO თავისი 300 ფრენჩაიზინგით მსოფლიოში ცნობილი ბრენდია, რომელიც მომხმარებელს უნიკალური გემოთი გამორჩეულ ნაყინს, დესერტს და სხვა უგემრიელეს კერძებს სთავაზობს. ყველა პროდუქტი განსაკუთრებული საიდუმლო მეთოდით, ნატურალური ინგრედიენტებისგან მზადდება, ამიტომ გემრიელთან ერთად ძალიან სასარგებლოცაა. გვყავს კარგად მომზადებული, პროფესიონალი მომსახურე პერსონალი და მზარეულები. ჩვენ არ ვანსხვავებთ სტუმარს, რომელი ქვეყნის და ეროვნების წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის. აქ ყველას სათანადო დონეზე ემსახურებიან. მადო არის ადგილი, რომელიც ყველა აქ მომსვლელ სტუმარს უყვარდება. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მადო იქცეს მოდად საქართველოში.



ცოტა რამ რესპონდენტის შესახებ

გურამ გოგუა 1964 წლის 2 ნოემბერს ბათუმში დაიბადა. მამა მემანქანე ჰყავდა, დედა - ექთანი. სკოლაც წარმატებით დაამთავრა და უნივერსიტეტშიც პირველივე წელს სატრანსპორტო ფაკულტეტზე, ხიდებისა და გვირაბების სპეციალობით მოეწყო. შემდეგ ჯარშიც წავიდა, ნახიჩევანში, ორი წელი ოფიცრად იმსახურა. მართვა და სირთულეების დაძლევაც მაშინ ისწავლა, ნებისყოფაც იქ გამოიმუშავა. მოგვიანებით მოღვაწეობა საკუთარი პროფესიით განაგრძო და საკუთარი წვლილი აჭარის რეგიონის გზების მშენებლობაშიც შეიტანა. გარკვეული დროის შემდეგ ბიზნესის აწყობა გადაწყვიტა. ჯერ ციტრუსებით დაიწყო, შემდეგ ახლადშექმნილ ბირჟაზე საბროკერო ადგილიც შეიძინა და ... მომდევნო ეტაპი მაღაზიის გახსნა გახლდათ. 8 დახლით დაწყებული ობიექტი მალევე გააფართოვა და ... ბიზნესი ასე, ნელ-ნელა აეწყო. გარკვეული დროის შემდეგ, იძულებული გახდა, საცხოვრებლად თურქეთში გადასულიყო. იქ მყოფმა დრო თვითგანვითარებისთვის გამოიყენა. საქართველოში დაბრუნებულმა ინვესტიცია ერთ-ერთ ფიტნესპროექტში ჩადო. მოგვიანებით ბედი სხვა მიმართულებებითაც სცადა. ბოლოს კი  აბსოლუტურად განსხვავებულ, მისთვის უჩვეულო კვების ბიზნესზე გადაერთო. სტაბილურობა, რომელიც დღევანდელობამ უზრუნველყო, დასახულმა მიზანმა, საკუთარი თავის რწმენამ და დიდი ნებისყოფის უნარმა განაპირობა. უკან არასდროს დაუხევია - მიზნისთვის იბრძოდა,  დაბრკოლებები კი ახალი იდეების გენერირებაში ეხმარებოდა.  

-„ფრაზა „არასდროს დანებდე“ ბიზნესში ყოველთვის აქტუალურია. არსობრივად ეს  პიროვნებაში გარკვეულ ფასეულობას ქმნის, ადამიანის ხასიათს უსვამს ხაზს, ნებისყოფას და მიზანსწრაფულობას უყალიბებს. დაეცი? უნდა იცოდე, რომ ყოველთვის შეგიძლია, წამოდგე.  შეგიძლია, ბოლომდე გაიარო ის გზა, რომლის გავლაც გარკეული მიზნებით გადაწყვიტე, მაგრამ ახლა უკვე  შეცდომების გარეშე. ამისთვის მარტივი რამაა საჭირო - მოთმინების უნარი და საკუთარი თავის რწმენა უნდა გაგაჩნდეს. 

პირადად მე ბიზნესში ბედი  25 წლის ასაკში ვცადე და დღემდე ამ რწმენით მოვედი.  ზოგადად, ვიცით, რომ წინააღმდეგობების გარეშე საქმე არ კეთდება, მისი დაძლევა კი ნებისმიერი ბიზნესმენის მიზანი უნდა გახდეს.  ახალი დაბრკოლება ახალ გზებს ხსნის, რომელიც შეგვიძლია საჩვენოდ გამოვიყენოთ. მაგალითად, როდესაც გარკვეული მიზეზების გამო, იძულებული გავხდი, ოჯახი დამეტოვებინა (რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი) და  თურქეთში გადავსულიყავი, გავიაზრე, რომ იმ მომენტისთვის ვერაფერს შევცვლიდი. ეს იყო მოცემულობა. არ დავმალულვარ, არც პრობლემებს გავქცევივარ, უბრალოდ, ჩრდილში გადავინაცვლე და ეს ჩრდილი თვითგანვითარებისთვის გამოვიყენე. იმ დროს კარგად ვსაუბრობდი რუსულად, დავხვეწე თურქულიც და იმასაც მივხვდი, რომ ინგლისურის გარეშე ვერაფერს მივაღწევდი. ამიტომ ოქსფორდში წავედი და საბაზისო ცოდნა მივიღე. მალტაში ორთვიან ინტენსიურ კურსებზეც გავემგზავრე. ძალა და სტიმული მიზანმა მომცა. მყავდა ოჯახი, შვილები, ადამიანები, რომლებსაც ჩემი სჯეროდათ და ეს ჩემთვის დიდი მოტივატორი იყო... საოცრად ემოციური იყო ჩემს შვილთან შეხვედრა დაბრუნების შემდეგ. აეროპორტიდან მივაკითხე პირდაპირ სკოლაში, მაშინ პირველად ვნახე სკოლის მერხთან 5,5 წლის შემდეგ...

ზოგადად, ბიზნესი საინტერესოა თავისი ნიუანსებით. სხვათა შორის, თავდაპირველად ჩვენი ბიზნესის გაფართოების იდეაც გზაში შექმნილმა  პრობლემამ წარმოქმნა. მინიბუსი გაგვიფუჭდა, პროდუქტზე გადავდიოდით თურქეთში, დიდი ავტობუსის დაქირავება დაგვჭირდა, შესაბამისად, მეტი საქონელი ჩამოვიტანეთ. შემდეგ ვიფიქრეთ, რომ საბითუმო ბიზნესის აწყობა შეგვეძლო. ამ პერიოდში ჩვენი ორგანიზაციის მიერ ქვეყანაში ბევრი საინტერესო პროდუქტი იქნა შემოტანილი. კარგად მახსოვს,  ასეთი იყო, მაგალითად, ქინდერ სიურპრიზი, რომელიც მერე საქართველოში ძალიან პოპულარული გახდა,  ასევე სარეცხი საშუალებები -არიელი და ტაიდი... სწორედ ამ პროდუქტების გამო დავარქვით კომპანიას „არტი“...

- ერთი შეხედვით, ეს სახელწოდება თითქოს ხელოვნებასთან არის კავშირში...

- ასეცაა, ბიზნესი მარტო ანგარიში არაა, ის ხელოვნებაა. თავიდან ჩვენც გვეგონა, რომ ნებისმიერი საქმე, დაახლოებით, ასე გამოიყურებოდა: იყიდე 100 ლარად და გაყიდე 150-ად, მაგრამ მთლად ასეც არ ყოფილა. ბიზნესის მთელი ხიბლი იმაშია, რომ ის გაცილებით მეტ ეტაპს მოიცავს და თითოეული მათგანი ძალიან საინტრესოა - ის შენ უნდა შექმნა.

მართალია, ბიზნესს ხელოვნებად აღიქვამს, მაგრამ მის მეორე მხარესაც დიდ დატვირთვას ანიჭებს. თვლის, რომ ბიზნესის ხიბლი, ყველაფერთან ერთად, ფინანსური მოგებაცაა. ამბობს, რომ საქმის სწორად დასაგეგმად რამდენიმე ნიუანსის გათვალისწინებაა აუცილებელი.

-„რა თქმა უნდა, ყველა ბიზნესს აქვს თავისი ბიზნესგეგმა და ყველა ბიზნესს აქვს მოტივაცია - მიიღოს მატერიალური სარგებელი. სხვა შემთხვევაში, ბიზნესს  ყველა გააკეთებს. ჩემი პარტნიორი ამბობს, - ყველა ადამიანი შექმნის ბიზნესს, თუ ფული არ მოიგო, ბიზნესში ფულის კეთება კი მხოლოდ ჭკვიანების ხვედრიაო. ვფიქრობ, ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს. გასათვალისწინებელია კონკურენციის ფაქტორიც. მახსოვს, თურქეთიდან დაბრუნებულმა ინვესტიცია ფიტნესკლუბში ჩავდე. სპორტული ცხოვრება მიყვარდა. ფეხით სიარული, ფეხბურთის თამაში, ფიზიკური აქტივობები. როდესაც თურქეთში სავარჯიშოდ დავდიოდი, ვფიქრობდი, თუ ეს სფერო არაა საქართველოში განვითარებული, აუცილებლად განვავითარებ-მეთქი. ასეც მოხდა, პარტნიორებმა ამ ბიზნესში ჩართვა შემომთავაზეს და მეც დავთანხმდი. მაშინ „ასპრია ფიტნესი“ იყო ერთადერთი ამ სფეროში, ფაქტობრივად, პიონერი ამ მიმართულებით. ახლა დიდი კონკურენციაა. ზოგადად, კონკურენცია ცუდი არაა, პირიქით, მომსახურების ხარისხს ზრდის. მონოპოლიების დრო დამთავრდა. მაშინაც არ იყო მარტივად საქმე. ბიზნესის მფლობელები მერე იმაზე ფიქრობდნენ, რამდენ ადგილზე მიეტანათ ფული. მათ ხომ „კრიშავდნენ“, ამიტომაც ჰქონდათ მონოპოლია ბაზარზე. ახლა სხვა რეალობაა. თუ სხვაზე უკეთესი არ ხარ, ვერ დამკვიდრდები, ვერ გაუძლებ კონკურენციას. უკეთესი ხარისისხი უნდა დადო, საზოგადოებას რამე ახალი უნდა შესთავაზო, ყველაზე მეტი უნდა იშრომო, მეტი უნდა იღვაწო, რომ წარმატებას მიაღწიო.

აუცილებელია, დამწყებმა ბაზრის კვლევაც ჩაატაროს. მე, მაგალითად, აქ ვცხოვრობ, შესაბამისი გამოცდილებაც მაქვს და შესაძლოა, ჩემთვის კვლევა მხოლოდ სტატისტიკა იყოს, მაგრამ როდესაც უცხოელი ინვესტორი ჩამოდის, ბუნებრივია, ის ასეთი ტიპის კვლევებს დიდ ყურადღებას აქცევს. მნიშვნელოვანია სტაბილურობის ფაქტორიც, რაც, თავის მხრივ, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. “

კოლექტიური მმართველობა და პასუხისმგებლობა - ეს ორი მთავარი ფუნდამენტია, რომელზეც ბიზნესს პარტნიორებთან ერთად აშენებს. თვლის, რომ ძირითადი მოტივატორი ერთმანეთის წინაშე აღებული ვალდებულებაა, რომელსაც თან გამართული მექანიზმის აწყობა და ფინანსური მოგების ხიბლი მიჰყვება. სფეროს საზოგადოების მოთხოვნებიდან გამომდინარე ირჩევს. თვლის, რომ მომხმარებელი ხალხია და ბიზნესმენმა მათ გემოვნებას პატივი უნდა სცეს, რადგან სხვაგვარად, ბიზნესი ვერ განვითარდება.

-„ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა თითოეულ გადაწყვეტილებას. აქ უნდა გაითვალისწინო მომხმარებლის მოთხოვნები. მას უნდა მოარგო შენი გადაწყვეტილება. მე თუ ჩაი არ მიყვარს, არ ნიშნავს, რომ ჩაის ბიზნესში არ უნდა წავიდე, ან თუ ყავის ან ნაყინის მოყვარული არ ვარ, არ ნიშნავს, რომ ამ სფეროსთან ახლოსაც არ უნდა მივიდე. ყველაფერი საზოგადოების მოთხოვნილებიდან გამომდინარე უნდა გაკეთდეს. ასე კეთდება ბიზნესი. მნიშვნელოვანია, პარტნიორებთან ურთიერთობაც. მე არასდროს ვამბობ, რომ ჩემია რომელიმე ბიზნესი. იმიტომ, რომ არასდროს არ განვიხილავ თავს მარტო. ყოველთვის ჩემს პარტნიორებთან ერთად ვარ. ჩვენ ერთმანეთის წინაშე დიდი პასუხიმსგებლობა გვაქვს და ამას ყველა მხარე სრულად ვიზიარებთ. მართალია, ყოველთვის გვყავდა გამოკვეთილი ლიდერი, თუმცა საკუთარ თავზე აღებულ საქმეს პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით თითოეული ჩვენგანი. მართალია ყველანი ერთმანეთის მეგობრები ვიყავით, მაგრამ ამას ოფისში შესვლისთანავე  ვასრულებდით და გამოსვლისთანავე ჩვენი  მეგობრობა ისევ გრძელდებოდა.

მინდა აღვნიშნო, რომ ბიზნესში მე არ მყავს უფროსი. ჩემი უფროსი არის ჩემი პასუხისმგებლობა, რომელიც აღებული მაქვს ბიზნესპარტნიორების წინაშე. პასუხისმგებელი ვარ საკუთარი თავთანაც. შეიძლება დიდად მორწმუნე არ ვარ, მაგრამ ერთი ნამდვილად ვიცი - შეიძლება, რაღაც ხერხებით დავემალოთ მეგობრებს, მშობლებს, პარტნიორებს, მაგრამ ღმერთს ვერსად დავემალებით, ის ყველგანაა.“

 

თარიღი: 2018/09/04