„გიყვარდეს ის, რაც არის“ –  ბაირონ ქეითის  „სამუშაო“ ქართულად და ოთხი შეკითხვა, რომელიც ადამიანის  ცხოვრებას შეცვლის
რატომ გადაწყვიტა თინათინ ბასილაიამ ამ მეთოდის  საქართველოში დანერგვა

„გიყვარდეს ის, რაც არის“ – ბაირონ ქეითის რევოლუციური პროცესი, სახელად „სამუშაო“, ცოტა ხნის წინ საქართველოშიც დაიძრა. მეთოდი, რომლის პირველი შედეგებიც პროგრამაში ჩართულმა ჩვენივე თანამოქალაქეებმა უკვე მოიმკეს, ჩვენს ქვეყანაში ავტორის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, თინათინ ბასილაიამ ჩამოიტანა. თუმცა  25 წლის წარმატებულმა ქართველმა ფსიქოლოგმა და ქოუჩმა საზოგადოებას მთავარი სიურპრიზი მაინც სასექტემბროდ შემოუნახა - ქეითის პირველი წიგნი, რომელიც ავტორმა საკუთარ მეუღლესთან, სტეფან მიტჩელთან ერთად გამოსცა, დაინტერესებულ პირებს 14 სექტემბერს, 19:30 სთ-ზე,  „თბილისის რუმს ჰოტელის“ „გარდენ ჰოლში“ ქართულ ენაზე ნათარგმნი დახვდება.



თინათინ ბასილაია - წიგნის მთარგმნელი, ბაირონ ქეითის მოსწავლე და ბაირონ ქეითის "სამუშაოს" ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში:  ბაირონ ქეითის „სამუშაომ“ საქართველოში უკვე ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. ძალიან შთამაგონებელია ჩემი პროგრამის მონაწილეების შედეგები და მჯერა, რომ ასეთ შედეგს მიიღებს ყველა, ვინც საკუთარ თავზე ამ მიმართულებით იმუშავებს. ბაირონ ქეითის მეთოდი ადამიანებს სტრესული ფიქრებისგან და ისტორიებისგან გათავისუფლებაში ეხმარება. წიგნში ცოცხალი დიალოგებია მოცემული. ეს ის ფაქტებია, რომლის დროსაც ქეითი სხვადახვა ტიპის ადამიანებს სხვადასხვა სირთულეების, პრობლემების დაძლევაში დაეხმარა, იქნება ეს ოჯახური კონფლიქტი, იმედგაცრუება, სხეულის მიუღებლობა, ჯანმრთელობის ან/და ფინანსური პრობლემები, ალკოჰოლდამოკიდებულება და ა.შ. თითოეულ ისტორიაში აუცილებლად იპოვით საკუთარ თავს, დაიწყებთ იმის შემჩნევას, რასაც აქამდე ვერ ხედავდით, გათავისუფლდებით ნეგატივისგან, უარყოფითი დამოკიდებულებისგან, თქვენში სულიერი სიმშვიდე, სიყვარული, მადლიერება დაისადგურებს. შეიძლება, თქვენი ცხოვრება ორ ნაწილად გაიყოს - წიგნის წაკითხვამდე და შემდეგ.



ბაირონ ქეითი

დეპრესიის მძიმე შედეგები ამერიკელმა სპიკერმა და ზემოხსენებული წიგნის ავტორმა საკუთარ თავზე იწვნია. ფსიქოლოგიური მდგომარეობა განსაკუთრებულად 30 წლის შემდეგ  დაუმძიმდა. პარანოია, სიბრაზე, საკუთარი თავის სიძულვილი და მუდმივი ფიქრები თვითმკვლელობაზე თითქმის ათი წლის განმავლობაში არ ასვენებდა. ყველაზე მძიმე კი ბოლო ორი წელი აღმოჩნდა - ძალებს  საძინებელი ოთახიდან გამოსასვლელადაც კი ვეღარ იკრებდა. ერთ დღესაც, 1986 წლის თებერვალში, როგორც იტყვიან, გონება გაუნათდა. სარეაბილიტაციო ცენტრში ყოფნისას მან გააცნობიერა ის, რამაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა. გონებამ გაიღვიძა. მიხვდა, რომ მხოლოდ მაშინ იტანჯებოდა, როდესაც საკუთარი ფიქრების სჯეროდა, ხოლო როდესაც მათი არ სჯეროდა, ტანჯვაც არ ეკარებოდა. აღმოაჩინა, რომ თავისუფლება ასეთი მარტივია და რომ  ცხოვრება ტანჯვის გარეშე ბევრად უფრო საინტერესოა. იპოვა საკუთარ თავში სიხარული, რომელიც მთელი ცხოვრება გამოჰყვა. ქეითი დარწმუნებულია, რომ მსგავსი ემოცია ყველა ადამიანშია. უბრალოდ, მას აღმოჩენა სჭირდება. 

თვითგამოკვლევის მეთოდს, რომელსაც საკუთარი მდგომარეობიდან გამომდინარე მიაგნო,  ქეითმა „სამუშაო“ უწოდა და სხვა ადამიანებთან მიმართებაშიც საკმაოდ შედეგიანად გამოიყენა. მეთოდის ეფექტურობაზე ხმები საკმაოდ მალე გავრცელდა. ქეითს მსგავსი „სამუშაოების“ ჩასატარებლად უკვე სხვა ქალაქებსა და ქვეყნებშიც იწვევდნენ. საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა პროცესი საავადმყოფოებში, ციხეებში, ცალკეულ კორპორაციებსა თუ თავშესაფრებში,  უნივერსიტეტებსა თუ  სკოლებში და ა.შ.

ქეითის მეთოდი, რომელიც, ძირითადად, კითხვა-პასუხისგან შედგება, საკუთარ თავზე მისმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მისივე წიგნის მთარგმნელმა თინათინ ბასილაიამაც გამოსცადა. სასურველი შედეგის მიღებისა და მისი პიროვნების რადიკალურად შემობრუნების შემდეგ, ახალგაზრდა ფსიქოლოგმა და ქოუჩმა სიახლე საკუთარ პროგრამაშიც დანერგა. როგორც მოსალოდნელი იყო, „სამუშაომ“ ამ შემთხვევაშიც წარმატებულად იმუშავა. თინათინ ბასილაიამ წიგნის თარგმნა სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა. იდეა გააჟღერა, ავტორისგან ნებართვაც მიიღო და ჩანაფიქრიც ოპერატიულ რეჟიმში განახორციელა.



თინათინ ბასილაია: საკუთარ თავზე მუშაობა ყოველთვის მიყვარდა. ჩემი ცხოვრების გარდაქმნა კი 2013 წლიდან დავიწყე, მაშინ, როდესაც უკრაინიდან ჩემი მენტორი, ნიკოლაი ლატანსკი ჩამოვიდა. იმ პერიოდში თავს დაკარგულად ვგრძნობდი. ვმუშაობდი, მაგრამ თვითრეალიზებას ვერ ვახდენდი,  ურთიერთობებს ვერ ვაწყობდი და ამას ძალიან განვიცდიდი. მიუღებლობა მქონდა საკუთარი თავის, იმიტომ, რომ ვხვდებოდი, მე არ ვიყავი ნამდვილი, მაგრამ არც ის ვიცოდი, როგორი უნდა ვყოფილიყავი. ვიღიმოდი ძალით იმ მიზნით, რომ მიმეღო თანხმობა მოსაუბრისგან, ან დამემსახურებინა კონკრეტული პირის კეთილგანწყობა. ამას ემატებოდა პირადი ცხოვრების წარუმატებლობებიც. არაფერი გამომდიოდა. სწორედ ამ დროს მოვიდა ჩემი მეგობარი და მომაწოდა ინფორმაცია ტრენინგის შესახებ. კარგად მახსოვს მისი სახელწოდებაც - „Прорыв к успеху. აი, მაშინ რომ „გავარღვიე“, ეს გარღვევა აღარც დამთავრდა. სწორედ ამის შემდეგ დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა, მივხვდი, რომ რაღაცეების შეცვლა თურმე შემიძლია. ერთ-ერთ ტრენინგზე, ანტონინა ლიტოვკასთან, აღმოვაჩინე, რომ ის, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება აბსოლუტურად ჩემი ფიქრების შედეგია. იმ პროგრამების, რაც ჩემს ქვეცნობიერშია - რისი მჯერა, სამყაროზე, საკუთარ თავზე, სხვა ადამიანებზე და მივხვდი, თუ ამ ყველაფერს შევცვლი, აუცილებლად შეიცვლება ჩემი ცხოვრებაც. გადავწყვიტე,  გარდამექნა საკუთარი თავი. ავიღე შესაბამისი ლიტერატურა, დავისახე მიზანი - სად და როგორ უნდა ვყოფილიყავი ხუთი წლის შემდეგ, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი ცხოვრება, ეს ყველაფერი გავწერე. ოცნება ყოველთვის მიყვარდა და ამიტომ ამის გაკეთება არ გამჭირვებია. მიზანდასახულობაც არ მაკლდა. მაგრამ ცოდნამ და საკუთარ თავზე მუშაობამ მაინც სხვა რესურსი მომცა შიგნიდან. გავიარე ყველა ჩემთვის სასურველი და ხელმისაწვდომი ტრენინგი,  აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პირველი შთაგონება იყო ნანა ჩაჩუა, რომლის გამოც ავირჩიე პროფესიად ფსიქოლოგია.  შემდეგ იყო, როგორც უკვე აღვნიშნე, ნიკოლაი ლატანსკი, ანტონინა ლიტოვკა, ბრაიან ტრეისი, დევიდ ალენი, ჯორდან ბეფორდი, ბაირონ ქეითი, ტონი რობინსი და სხვები.

ყველაზე დიდი გავლენა კი ჩემზე მაინც ბაირონ ქეითის ტრენინგმა იქონია. ვერ წარმოიდგენთ, იმდენად საოცარი ადამიანი დამხვდა, როდესაც მასთან პირველად მივედი. გამაკვირვა მისმა სიცოცხლისუნარიანობამ, ხალისმა, საოცრად გამჭვირვალე თვალები ჰქონდა, საოცრად „ცინცხალი“ ჩანდა ასაკის მიუხედავად, საოცარი ენერგეტიკა მოჰქონდა... სწორედ მისგან ვისწავლე, რომ უნდა გავთავისუფლებულიყავი ნეგატივისგან. სწორედ მისმა „სამუშაომ“ მოახდინა ჩემში დიდი გარდაქმნა.“



სხვების როლი

„ჩვენ როგორები ვართ, იცით? გვირჩევნია, სხვა ადამიანები, გარშემომყოფები შეიცვალონ და ჩვენ არ გავაკეთოთ არაფერი, რაღაცები თავისით აეწყოს, მაგალითად, დედა დაგვეხმაროს, მამა დაგვეხმაროს, ვიღაცამ ხელი შეგვიწყოს, ვიღაცამ გზა გაგვიკვალოს, ვიღაც სხვა შეიცვალოს, ვიღაცამ გვაღიაროს და მერე ჩვენ ვაღიაროთ საკუთარი თავი და ა.შ.  მივხვდი, რომ ყველაფერი, რაც ხდება გარშემო, არის ჩვენი შინაგანი მდგომარეობის, ფიქრების, წარმოდგენების გამოძახილი. სწორედ ამიტომ დავიწყე უფრო ინტენსიური მუშაობა საკუთარ თავზე, შევეცადე დავსწრებოდი ყველა ტრენინგს, რომელიც ჩემთვის იყო ხელმისაწვდომი. მქონდა ეტაპები, როდესაც ვფიქრობდი, რომელი სჯობს, ახალი კაბა ვიყიდო თუ ტრენინგზე ჩავეწერო-მეთქი. მეც მინდოდა ახალი ლამაზი კაბები, მაგრამ მერე ვხვდებოდი, რომ თუ გავივლიდი ამ ტრენინგს, ერთის კი არა, ათი კაბის ყიდვასაც შევძლებდი მომავალში. ამიტომ ჩემი არჩევანი მაინც ყველაზე საჭირო რამეზე - განათლებაზე ჩერდებოდა. ვფიქრობ, ეს იყო ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანი ინვესტიცია, ყველაზე სწორი არჩევანი იყო.



ხორცშესხული ოცნება

„მართალია, საკუთარ თავზე მუშაობას რამდენიმე წელი დასჭირდა, მაგრამ უკან არ დამიხევია,  ვიცოდი, რომ ეს შედეგს აუცილებლად მოიტანდა. ამას წინათ ჩემი ჯგუფელი შემხვდა. მითხრა, შენი სოციალური ქსელი მოვინახულე, ყველაფერი მიგიღია, რაზეც ოცნებობდიო. არც კი მახსოვდა, რომ ამ რეალობაზე მქონდა ოცნება. ის კი კარგად მახსოვს, როგორ ვეპატიჟებოდი ყველას ტრენინგებზე, მაგრამ არავინ მოდიოდა. ცოტა უცნაურადაც მეჩვენებოდა საკუთარი თავი იმის გამო, რომ ტრენინგებზე დავდიოდი და მედიტაცია მიყვარდა. ტელეფონში მქონდა ჩანაწერები და ვმალავდი, არ მინდოდა, ვინმეს უცნაური ვგონებოდი. მეუხერხულებოდა, რომ ვმედიტირებდი. ახლა კი აღმოჩნდა, რომ სწორედ იმ რეალობაში ვცხოვრობდი, რომელზეც ოდესღაც მიოცნებია. შესაძლოა, ბევრის რეალობაა ისეთი, რომელიც წარსულში მხოლოდ შორეულ ოცნებას წარმოადგენდა. ამ პროცესმა მიჩვენა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება ჩვენი გზა, არ აქვს მნიშვნელობა, სად ვართ, თუ გვაქვს სურვილი და მონდომება, საკუთარ თავზე ავიღოთ პასუხისმგებლობა, თუ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი რეალობა არის იმის ასახვა, თუ როგორები ვართ, როგორ ვექცევით საკუთარ თავს, გარშემომყოფებს, რაც ხდება, ხდება იმიტომ, რომ მე მჯერა, მე მაწყობს ასე, თუ გვექნება გულწრფელი დიალოგი საკუთარ თავთან, ავიღებთ პასუხიმსგებლობას ჩვენს  თავზე, ყველაფერი მარტივად მოგვარდება.



ქეითის „სამუშაო“

„საკუთარ თავზე მუშაობა - აი, რა მასწავლა ქეითმა საკუთარ ტრენინგებზე. მისი მეთოდი უმარტივესია და საკუთარ თავში გარკვევას გულისხმობს. შენ უღრმავდები შენს ფიქრებს, შენ იღებ პასუხისმგებლობას შენს თავზე, გარშემომყოფებზე, რომელთა ქცევებიც შენი ფიქრების, შენი ქმედებების გამოძახილი შეიძლება იყოს. შენ თავისუფლდები წყენისგან, ბოღმისგან, რომელსაც ატარებ. ტვირთისგან, რომელიც ზურგზე გაქვს მოკიდებული, რომელიც არასწორ გზაზე გაყენებს. შენ თვითონ იღებ გადაწყვეტილებას აბსოლუტურად ცხადი გონებით. ქეითი გაიძულებს გაშიშვლებას საკუთარი თავის წინაშე და იმ რეალობის აღქმას, რომელშიც ვცხოვრობთ. ფიქრს ბევრი რამის პროვოცირება შეუძლია და ჩვენს რეალობაში ამის უამრავი ფაქტები არსებობს. მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, როდესაც ადამიანს ურწმუნია, რომ ნეგატივისგან გათავისუფლება მოუხსნის ჯანმრთელობის პრობლემებს და ასეთი რეალობა დამდგარა სინამდვილეშიც.

ქეითის მეთოდმა უნაკლოდ იმუშავა ჩემზე. მე ვისწავლე, როგორ არ უნდა გავბრაზდე ადამიანებზე, როგორ უნდა ვიყო ბედნიერი, როგორ უნდა მოვუსმინო საკუთარ თავს და გავხდე ის, ვინც ვარ სინამდვილეში. მე მივიღე ყველაფერი, რაზეც ვოცნებობდი და დავისახე ახალი მიზნები. ავიწყე პირადი ცხოვრებაც მალევე, როგორც კი შევწვიტე თვითგვემა აუწყობელი ურთიერთობისთვის, როგორც კი გავამხილე დამალული, როგორც კი გავთავისუფლდი არსებული ფიქრებისა და კომპლექსებისგან. დღეს მე მყავს გვერდით ადამიანი, შეყვარებული სწორედ ისეთი, როგორზეც ვოცნებობდი. ერთ-ერთ ტრენინგზე დავახასიათე ჩემი ოცნების მამაკაცი და დღეს სწორედ ისეთი მყავს გვერდით, როგორიც წლების წინ აღვწერე. ერთადერთი არ დაემთხვა ის, რომ ქართველი არაა და არც შავგრემანი. დანარჩენი ყველა თვისება აქვს და თუ არ აქვს,  ნელ-ნელა უნებურად იძენს...

ვერ წარმოიდგენთ, რამდენად საინტერესოა  მუშაობა ქეითის მეთოდით. აქვე აღვნიშნავ, რომ ვმუშაობ როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად და მეთოდი ეფექტურია ორივე შემთხვევაში. (დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.tinatinbasilaia.com) როდესაც ხედავ შედეგს, როდესაც გესმის მადლიერების სიტყვები. ამ დროს აცნობიერებ, რომ შენ ხარ ინსტრუმენტი და ადამიანი პრობლემას აგვარებს შენი გავლით. ჩვენი პროფესია გულისხმობს ორიენტირებას პიროვნებაზე საკუთარი „მე“-ს გვერდზე გაწევით. ასე მიიღწევა შედეგი. ამას მოაქვს ყველანაირი სტაბილურობა, მათ შორის, ფინანსურიც.

ის, რომ დღეს მე ბედნიერი ვარ, ის, რომ ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, ვეხმარები ადამიანებს და ამით უსაზღვროდ კმაყოფილი ვარ, ის, რომ ავაწყე როგორც პროფესიული, ისე პირადი ცხოვრება, ჯადოსნობა ნამდვილად არ არის, ეს კანონზომიერებაა...



ჩანაწერები

ერთ დღეს ავდექი და ჩამოვწერე, ვის, რა და როდის უწყენინებია. დავიწყე ბაღის ასაკიდან. დიდი ენერგია ჩავდე, არ ვიცოდი, რატომ ვაკეთებდი, რა შედეგს მომიტანდა, მაგრამ ვუსმენდი საკუთარ თავს და ვწერდი. შემდეგ მიზეზების ძებნა დავიწყე, გამოსწორების გზები დავსახე, ბაირონ ქეითის „სამუშაოს“ შესრულება განვიზრახე, გეგმა შევიმუშავე, მივყევი, გამოვხატე და ... ყველას ვაპატიე, გავთავისუფლდი. მივხვი, რომ ყველაფერი, რასაც ვითხოვდი სხვებისგან ჩემში უნდა მეძებნა, რადგან სხვასთნ ურთიერთობა იწყება საკუთარ თავთან ურთიერთობით. ყველაფერი, რაც გარეთ ხდებოდა იყო იმის ასახვა, თუ როგორ ვექცეოდი მე ჩემს თავს - ვცემდი პატივს, ვაყენებდი შეურაცხყოფას თუ სხვა... დღესაც ვინახავ იმ ჩანაწერებს და ძალიან დიდ სხვაობას ვხედავ მაშინდელ და ახლანდელ „მე“-ს შორის. სხვათა შორის, მადლიერების ინსტრუმენტის შექმნაც გადავწყვიტე, გადავწყვიტე, გამომეხატა, დამეწერა მადლობა იმისთვის, რაც არ მქონდა მაშინ, მაგრამ მინდოდა, მქონოდა. ახლა რომ ვკითხულობ, ვხვდები, რომ ეს ჩემი რეალობაა და მადლობას ვიხდიდი მაშინ იმის გამო, რაც დღეს მაქვს.

- და მაინც თვლით, რომ ეს კანონზომიერებაა და არა „ჯადოსნობა“?

- დიახ, ასეა. ვფიქრობ, რომ კანონზომიერებაა... იმიტომ, რომ ჩვენს ფიქრებს ნამდვილი ძალა აქვს, იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ წარსულის ტვირთს ვატარებთ, არ ვთავისუფლდებით მისგან, ბრუნდება ის რეალობა, რაც გვქონდა წარსულში, ანუ ის, რაც ადრე არ მოგვწონდა, მაგრამ როდესაც ჩვენ ამ ტვირთისგან ვთავისუფლდებით, სხვაგვარად განვაგრძობთ გზას და ვქმნით აბსოლუტურად განსხვავებულ ცხოვრებას.

- მაგრამ ჩვენ მაინც ვაწყდებით ნეგატივს, ხდება იმედგაცრუებებიც...

- აი, სწორედ ამის აღქმა უნდა ვისწავლოთ, ამისგან გათავისუფლება. მე, მაგალითად, როდესაც ვინმეს კონკრეტული გარემოებიდან გამომდინარე, შენიშვნას ვაძლევ, რაღაც არ მომწონს და არ ვმალავ, მაშინვე ვეკითხები საკუთარ თავს, - დარწმუნებული ხარ, რომ ასეა? ახლა, რასაც მას ეუბნები, მას ეხება თუ შენ? შემდეგ ირთვება მეორე მე და ვეღარ ვბრაზდები. ადრე მართლა მჯეროდა, რომ ვიღაცამ შეიძლება გული მატკინოს, იმედები გამიცრუოს, ახლა სხვა დამოკიდებულება მაქვს. ვფიქრობ, რომ ისინი არიან სარკეები, რომლებიც მასწავლიან, რომ უნდა ჩავიხედო და გავთავისუფლდე იმისგან, რაც მაწუხებს. რომ თუ გული მეტკინა, ე.ი. ასე მოვექეცი საკუთარ თავს. მოკლედ, აქ სიღრმეებში ჩადიხარ, საკუთარ თავთან მუდმივი მუშაობის რეჟიმში ხარ, ტყუილებისგან, სიბრაზისგან თავისუფლდები. ეს კი ბედნიერების საშუალებას გაძლევს. როდესაც შენში მხოლოდ პოზიტიური ემოციები რჩება, შენ უკვე კარგად ხარ და დროთა განმავლობაში იმ რეალობას ქმნი, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდი... ამის გაცნობიერებაში გვეხმარება სწორედ ბაირონ ქეითი. მის წიგნში, სწორედ იმ მაგალითებს ამოკითხავთ, რაც ამ რეალობამდე მოსვლაში დაგეხმარებათ. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ის ყველა ადამიანის სამაგიდო წიგნად უნდა იქცეს. სწორედ აქ ამოიკითხავთ იმ ოთხ შეკითხვას, რომელსაც თქვენი ცხოვრების ძირეული შეცვლა შეუძლია, ისევე, როგორც ეს ოდესღაც ჩემს შემთხვევაში მოხდა.



P.S. აღსანიშნავია, რომ წიგნის შეძენა პრეზენტაციამდეც არის შესაძლებელი. ამისთვის მარტივი პროცედურის გავლა იქნება საჭირო. მსურველი ბმულს უნდა მიჰყვეს, წიგნის ღირებულება გადაიხადოს, შემდეგ ავტორს დამადასტურებელი ქვითარი გაუგზავნოს და ... იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი ღონისძიებაზე მოსვლას ვერ მოახერხებს, გამონაკლისის სახით, შენაძენი მას პრეზენტაციამდეც გადაეცემა.

თარიღი: 2018/09/05