“ოჯახიდან მთელი გულით“ -  GAMASIN.GE  ანუ ბიზნესი დიასახლისებისთვის
„-მუშაობთ?

-არა, დიასახლისი ვარ, სახლში უამრავი საქმეა, ლამის სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ“…

თუმცა...

დღეს დიასახლისობა საკუთარი შემოსავლის გარეშე ყოფნას არ ნიშნავს, მით უმეტეს,  თუ თანხის გამომუშავება სწორედ დიასახლისობით შეგიძლიათ.

როგორ?

რამდენიმე თვის წინ ინტერნეტსივრცეში ახალი ვებგვერდი gamasin.ge გამოჩნდა, რომელიც კულინარებს საკუთარი კერძების გაყიდვის საშუალებას აძლევს, თუმცა სანამ პროდუქტს საიტზე განათავსებთ, გარკვეული პროცედურების გავლაა საჭირო, რომელთა შესახებ „ბიზნესპოსტს“ პროექტის ხელმძღვანელი 25 წლის  ზურა ბერუკაშვილი ესაუბრა.

- Gamasin.ge მომხმარებელს სრულიად ახალ სერვისს სთავაზობს. ეს არის სახლში მომზადებული კერძების ონლაინპლატფორმა და მიტანის სერვისი. უნიკალური შესაძლებლობა, სადაც ნებისმიერი ადამიანი საიტის საშუალებით გაიცნობს დიასახლისებს, მათ მენიუებს და მარტივად მიიღებს გადაწყვეტილებას თუ რომელ დღეს, რომელ დიასახლისს შეუკვეთოს სასურველი კერძი. „გამასინჯეს“ დიასახლისებს არ უწევთ ცხოვრების სტილისა და რეჟიმის შეცვლა, ისინი ისევე აგრძელებენ საკუთარი ოჯახისთვის კერძების მომზადებას, როგორც ამას მანამდე აკეთებდნენ. განსხვავება არის მხოლოდ ის, რომ მათ უფრო დიდი პორციების მომზადება უწევთ, რათა სხვა ადამიანებიც ასიამოვნონ საკუთარი კერძებით. დიასახლისებს კერძების დასურათებაში და ვებ-გვერდზე განთავსებაში ჩვენ ვეხმარებით. ასევე, შეკვეთის შეფუთვას და ადგილზე მიწოდებას „გამასინჯეს“ კურიერები უზრუნველყოფენ.

- რამდენად კონტროლდება კერძის მომზადების სისუფთავე? თუ იცნობთ იმ ადამიანებს, ვინც პროდუქტს თქვენი ონლაინპლატფორმის საშუალებით ყიდის?

- რა თქმა უნდა, ყველა დიასახლისს ვიცნობთ და პირადად ვაკონტროლებთ იმ გარემოს, სადაც ისინი საკვებს ამზადებენ. გარდა ამისა, ვებგვერდზე წარმოდგენილია დიასახლისების პროფაილები, სამზარეულოს სურათები და კერძების მზადების პროცესის ამსახველი ვიდეო. ასე რომ, მომხმარებელს შეუძლია თავად იხილოს, თუ რა გარემოში მზადდება მის მიერ შეკვეთილი კერძები.

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კარგად ამზადებს კერძებს და რომლის სამზარეულოც აკმაყოფილებს ჩვენს კრიტერიუმებს, შეიძლება გახდეს ჩვენი დიასახლისი და ამ გზით ჰქონდეს ფინანსური სარგებელი. ხოლო მომხმარებელი გაეცნობა, შეუკვეთავს და მიიღებს სრულიად ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში მომზადებულ საყვარელ საჭმელს.

- რა პროცედურები უნდა გაიაროს დიასახლისმა, რომელსაც თქვენთან თანამშრომლობის სურვილი გაუჩნდება და რა კრიტერიუმებით ხდება მათი შეფასება?

- ჩვენთან თანამშრომლობის მსურველმა დიასახლისებმა უნდა შეავსონ განაცხადი, რომელიც განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე. მთავარი კრიტერიუმებია - სამზარეულოს სისუფთავე და ჰიგიენური ნორმების დაცვა.

- რამდენი ხანია, რაც საიტი არსებობს და რამდენად მოთხოვნადია თქვენი პროდუქტი?

- პროექტის იდეა 2017 წელს გაჩნდა, 2018 წლის დასაწყისში ამუშავდა ვებგვერდი სატესტო რეჟიმში, ხოლო თავად პროექტი აქტიურ ფაზაში ივნისის ბოლოს შევიდა. ამ ეტაპზე კი მის  განვითარებაზე დაწყებითი ბიზნესისა და ინოვაციების საინვესტიციო ფონდი ზრუნავს. პროდუქტი საკმაოდ მოთხოვნადია. მისი ზუსტი ანალოგი საქართველოში არ გვაქვს და ქართული ბაზრისთვის უდავოდ ინოვაციურია. დიდია დაინტერესება, როგორც დიასახლისების, ისე მომხმარებლის მხრიდან.

- უახლოეს მომავალში რა გეგმები გაქვთ?

- ამ ეტაპზე ჩვენთვის მთავარია სწორი ბიზნეს მოდელი ჩამოვაყალიბოთ, შემდეგი მიზანია მოვიცვათ მთელი თბილისი. ამ ეტაპზე მიტანის სერვისი ფუნქციონირებს თბილისის 6 უბანში (ვაკე, ვერა, დიდუბე, საბურთალო, სოლოლაკი და მთაწმინდა) და სრულიად უფასოა, ანუ მომხმარებელი იხდის მხოლოდ შეკვეთილი კერძის ფასს.

რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ვაპირებთ პროდუქტი ხელმისაწვდომი მთელი საქართველოსთვის გავხადოთ.

აქამდე შეკვეთებს მხოლოდ წინა დღეს ვიღებდით, რაც ამ პროექტის განვითარებისათვის ყველაზე შემაფერხებელი პროცესი იყო, სექტემბრიდან ვებგვერდზე გაეშვა დღის კერძები და ყოველდღიურად ჩვენს მომხმარებლებს სხვადასხვა დღის კერძს ვთავაზობთ.

 

თარიღი: 2018/09/06