ადამიანური შესაძლებლობების უსაზღვრო რწმენაზე აგებული ბიზნესი -  როგორია ეკატერინე ჩიგოგიძის პირადი მისია ქოუჩინგში
 

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი  პროფესია- ქოუჩინგი, რომელიც ადამიანის პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზებას ემსახურება,  საქართველოში სულ უფრო პერსპექტიულ სპეციალობად ყალიბდება. ბიზნეს სექტორისთვის, მაღალ პროფესიულ იერარქიაზე მყოფი ადამიანებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც პროგრესზე არიან ორიენტირებულნი,  ქოუჩინგის შესახებ  უკვე წლებია ცნობილია და ის  მათ საქმიანობაში ბიზნესის, გუნდური, აღმასრულებელი, ლიდერობის  ქოუჩინგის პროგრამებისა და ტრენინგების სახით არის ინტეგრირებული. ხოლო ინდივიდუალური ანუ პერსონალური ქოუჩინგი გაცილებით ახალია და მის მიმართ ინტერესი დღითიდღე ძლიერდება.

ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, ფინანსური და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი, არა ერთი ქოუჩინგ-პროგრამის ავტორი, ეკატერინე ჩიგოგიძე,  ამ პროფესიით რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა და როგორც თავად ამბობს,  თავიდანვე იცოდა, რომ ეს მისი ძირითადი საქმიანობა გახდებოდა. 

ერიქსონის უნივერსიტეტის პროგრამაში, „ტრანსფორმაციული ქოუჩინგის მეცნიერება და ხელოვნება“, სერტიფიცირების ფორმალური პროცედურის გავლის შემდეგ, 2017 წელს ჰქონდა მცდელობა ქოუჩინგ ცენტრი პარტნიორებთან ერთად შეექმნა, რაც შეძლო კიდეც. თუმცა, დღეს ის საკუთარი სახელობის კომპანიის მფლობელია და ამ სფეროში დამოუკიდებლად მოღვაწეობს.

ეკატერინე ჩიგოგიძე : ,,როდესაც ქოუჩინგის, როგორც პროფესიის შესწავლა გადავწყვიტე, მაშინ უკვე ვიცოდი, რომ ეს ჩემი ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა გახდებოდა . ეს იყო 2015 წელს. დასაწყისში არ ვიცოდი, რა ფორმას მივცემდი ამ საქმეს, მაგრამ დიდი სურათი ჩემს წარმოდგენაში თანდათან გამოისახა. ჩემთვის ნათელი გახდა, რომ მინდოდა ქოუჩინგის საშუალებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ადამიანების ცხოვრებაში ტრანსფორმაციული, პოზიტიური ცვლილებები შემეტანა.

თავიდან მქონდა მცდელობა სხვებთან ერთად ჩამომეყალიბებინა კომპანია, თუმცა როგორც კი მივხვდი, რომ ეს ის საქმეა, რომელიც შენს პიროვნულ ფასეულობებსა და ცხოვრებისეულ ხედვას ბოლომდე უნდა შეესაბამებოდეს და თუ პარტნიორებს შორის ამაში თანხვედრა არ არის, უმჯობესია მარტო გააგრძელო მოღვაწეობა - ასეც მოვიქეცი.

ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება. წინ მხოლოდ ერთ ნაბიჯს ვხედავდი, მეტს ვერაფერს, მაგრამ მივენდე  პროცესს, დავიჯერე, რომ მარტოც შემიძლია დავიწყო და მივყვე ამ გზას, ხოლო როცა იქნება სწორი დრო, პარტნიორები და გუნდის წევრებიც გამოჩნდებიან. როგორც ჩინელი ფილოსოფოსი ლაო-ძი ამბობს:ათასი მილის მოგზაურობა ერთი ნაბიჯით იწყება “. და მეც შევუდექი თითო-თითო ნაბიჯის გადადგმას. პირველი რამდენიმე თვე ეს იყო ბრენდინგის, ჩემი მთავარი გზავნილების, პროგრამების შექმნის, საინფორმაციო კამპანიის ეტაპი. შეიქმნა ვებგვერდი www.ekaterine.ge. ასევე პლატფორმა ფეისბუქზე, რომელსაც ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება. დასაწყისისთვის კარგი შედეგია, თუმცა, რა თქმა უნდა, მეტისკენ ვისწრაფვი და დიდი მიზნები მაქვს.''

ცხოვრებისეულ თუ კარიერული წინსვლის გზაზე ნებისმიერ პიროვნებას გარკვეული სახის დაბრკოლებები და პრობლემები ხვდება, რასაც მარტო, პროფესიონალის დახმარების გარეშე, შესაძლოა ვერ უმკლავდებოდეს. ქოუჩინგის მთავარი მისია სწორედ თვითაქტივაციის პროცესში ადამიანის თანადგომაა, რის შედეგადაც მიიღწევა ბალანსი საქმესა და განტვირთვას შორის, მნიშვნელოვნად უმჯობესდება მუშაობის ხარისხი და კომუნიკაციის უნარები, მატულობს თავდაჯერებულობა, ადამიანი საკუთარ თავში შესაძლებლობების ახალ სამყაროს პოულობს.

ეკატერინე ჩიგოგიძე, როგორც ამ საქმის პროფესიონალი, საკუთარი ინტელექტუალური რესურსებითა და  ადამიანური შესაძლებლობების ღრმა რწმენით ქმნის სივრცეს, სადაც მისი პროგრამების მონაწილეები იღებენ ინსპირაციას თვითრეალიზაციისა და ტრანსფორმაციისთვის. მას სჯერა, რომ ერთი ადამიანის პიროვნული გაძლიერებით, სულიერი გამოღვიძებით, პროფესიული განვითარებითა და ზოგადად, ცხოვრების ხარისხის ამაღლებით, სოციუმის გაჯანსაღებაში შეუძლია შეიტანოს წვლილი. და რომ ინსპირირებული, გაძლიერებული ადამიანები გახდებიან შეუჩერებელნი ბედნიერების, წარმატებისა და სიმდიდრის შექმნის პროცესში.

ეკატერინე ჩიგოგიძე : ,, ჩემი პროგრამები მორგებულია პერსონალური ქოუჩინგის ფორმატზე, რაც ერთი-ერთზე ადამიანთან მუშაობას მოიცავს და ეს არის არაჩვეულებრივი, პირადი სივრცე, სადაც ადამიანს შეუძლია ბოლომდე გაიხსნას და იყოს რეალურად ის, ვინც არის.

მას  შეუძლია უფლება მისცეს თავის თავს მოიხსნას ნიღაბი და გათავისუფლდეს  როლისგან, რომელიც სოციუმში აქვს მორგებული. მით უფრო, რომ ხშირად ის არ  წარმოადგენს მის ნამდვილ არსს. ეს არის რელაქსაციით, ჰარმონიული კავშირით, ემპათიით, გულწრფელობით გაჟღენთილი დრო და სივრცე, რომელსაც ადამიანი თავის სასარგებლოდ იყენებს და ქოუჩთან ერთად აღწევს უფრო მეტს, ვიდრე მას დამოუკიდებლად შეეძლო. ჩემი მუშაობის სპეციფიკა ემყარება ძლიერ, შეუფერხებელ ენერგეტიკულ ნაკადს ჩემსა და კლიენტებს შორის, რომლის მიმოცვლის დროსაც სასწაულებიც კი ხდება. და ამ სასწაულების ავტორები ისინი თავად არიან.

ჩემი საყვარელი პროგრამა, რომელსაც ეწოდება „ადამიანი სარკეში“ - ეს არის გრძელვადიანი,  3-თვიანი ტრანსფორმაციული პროგრამა, როდესაც ხდება ადამიანის საოპერაციო სისტემის, მისი იდენტობის სრულად გადახედვა და განახლება, მისთვის ახალი პირადი რეალობის შექმნა მისი შინაგანი მდგომარეობისა და გარეგანი აქტივობის ჰარმონიზაციის და გააქტიურების გზით. გარდა ამისა მაქვს სხვა პროგრამებიც, რომლებიც 1 თვე გრძელდება „შეუჩერებელი - Unstoppable“, „ფული + X = სიმდიდრეს“,  „რესურსები vs რესურსულობა“. ამათგან თითოეული ადამიანის მიერ ინსპირაციის უსასრულო წყაროს აღმოჩენასა და იქიდან მამოძრავაბელი ენერგიის უწყვეტად მიღებაზეა ორიენტირებული, იმ მიმართულებით, რომელიც მისთვის იმ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანია.

  • რა არის ის ძირითადი კომპონენტები, რითაც კონკურენტებისგან გამოირჩევთ ?
შეიძლება არარაციონალურად ჟღერდეს, მაგრამ ეს სიმართლეა : მე არ ვცხოვრობ მატერიალისტურ პარადიგმაში და არ ვაღიარებ ზოგადად კონკურენციისა და კონკურენტის ცნებას. მე მაქვს ის, რაც არ აქვს და ვერასოდეს ექნება სხვას და პირიქით,  სხვას აქვს რაღაც ისეთი, რაც არ მაქვს მე.

თუმცა, სწორედ ჩვენს ორიგინალურობაში,  პიროვნულ ხელწერაშია ჩვენი განსაკუთრებულობა. ამიტომ ჩემს თავს კონკურსს გარეშე კატეგორიას მივაკუთვნებდი.  ყველას, ვინც დღეს  ქოუჩინგის/პიროვნული განვითარების სფეროში მოღვაწეობს, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ,  ჩემს პოტენციურ პარტნიორად და კოლეგად მოვიაზრებ.

 

  • მომავალში კიდევ რის შეთავაზებას გეგმავთ ქოუჩინგის სერვისით დაინტერესებული ადამიანებისთვის?
ამ ეტაპზე გადავდივარ აქტიური networking-ის, პარტნიორობის მოძიების, გუნდის სტრუქტურის დაგეგმვის ფაზაში.  თბილისში მცხოვრები უცხოელი კლიენტები უკვე მყავს, რადგან ინგლისურად მუშაობა შემიძლია.  ჩემი სამომავლო ხედვა კი არის კომპანია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით და ასევე საერთაშორისო არენაზე მოღვაწეობს.  ამჟამად პრიორიტეტი ჩემი ვებგვერდის ინგლისური ნაწილის შექმნა, ონლაინ მუშაობის სქემის აწყობა და  ონლაინ პროგრამების მომზადებაა.

მომავალში ასევე ვგეგმავ კორპორატიული და გუნდური ქოუჩინგ პროგრამების შექმნას. გარდა ამისა, მზად ვარ მივიღო შემოთავაზებები კომპანიებისგან და ჩემი პროგრამა მათ საჭიროებებს მოვარგო.

მაქვს რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებაში მასტერკლასების ჩატარების გამოცდილება, რაც ჩემთვის მოულოდნელი საოცარი შედეგებით დასრულდა, იმდენად დიდი იყო კეთილგანწყობა და დადებითი უკუკავშირი მოსწავლეებისაგან და სტუდენტებისგან. ამ მიმართულებით უკვე მაქვს შემოთავაზებები და ვაპირებ აქტიურად ჩავერთო საჯარო გამოსვლების, მასტერკლასების, თემატური დისკუსიებისა და პლატფორმების ფორმატებში.

ეს რაც შეეხება მომავლის გეგმებს, ზოგადად კი,  ჩემი საქმინობით მინდა ადამიანებს ვუთხრა: ცვლილება თავიდან საშიშია, შუაში ქაოტური და არეულ-დარეულია, მაგრამ ბოლოში მშვენიერია. დაიჯერეთ თქვენი საკუთარი სუპერ-ძალების და დიდებულების და გამოიყენეთ მსოფლიოში აღიარებული პროგრესული მეთოდები იმისთვის, რომ სწრაფად, ეფექტურად და ნაკლებ-მტკივნეულად მიაღწიოთ თქვენს მიზნებს და სასურველ შედეგებს. თქვენ თავად ქმნით თქვენს პირად რეალობას, ბედს, იღბალს, წარმატებას, სიუხვეს, ამიტომ თქვენზეა დამოკიდებული ეს რეალობა ბედნიერი და თავისუფალი იქნება თუ შეზღუდული და ღარიბული. იცოდეთ, რომ თქვენში არის ყველა საჭირო რესურსი იმისთვის, რომ მიიღოთ თქვენი საოცნებო ცხოვრება. არ მისცეთ საშუალება სხვების აზრებს, სტერეოტიპებს, სოციალურ ბარიერებს, რომ შეაჩერონ თქვენი პროგრესი და პიროვნული განვითარება. გახდით შეუჩერებელი!

ავტორი:
თარიღი: 2018/09/17