„ჯვრის მონასტრის 3600-იანი კუთხით დათვალიერება აღმოჩენა იქნება“ -  საქართველოში პირველი ჰოლოგრამული მუზეუმი დეკემბრიდან ამოქმედდება  
 

,,სტარტაპ საქართველოს" პროგრამის კიდევ ერთი გამარჯვებული პროექტი - Holosseum” - ჰოლოგრამული მუზეუმი, მაისში  ქალაქის ტურისტულ ცენტრში განთავსდება, დეკემბრიდან კი, როგორც ერთი ინსტალაცია, არსებულ რომელიმე მუზეუმში ამოქმედდება.  შესაბამისად, დამთვარიელებელს საქართველოს სხვადასხვა ტურისტული ღირსშესანიშნაობების ინტერაქტიული და ფოტორეალისტური ჰოლოგრამული მოდელების ნახვის შესაძლებლობა ექნება. მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ჰოლოგრამული მაკეტები, რომლებიც გაფორმებული იქნება სხვადასხვა ანიმაციური და აუდიო გახმოვანებით. სტუმრებს შეეძლებათ, ანიმირებულ ჰოლოგრამულ მაკეტს უყურონ 360 გრადუსიან დიაპაზონში, მიუახლოვდნენ მოდელების ცალკეულ ნაწილებს ან მის პერსონაჟებთან შევიდნენ ინტერაქციაში. პირველ ეტაპზე მუზეუმში წარმოდგენილი იქნება  საქართველოს 30-მდე ისტორიული და გეოგრაფიული ღირსშესანიშნაობისა და კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ჰოლოგრამული ექსპონატი.

პროექტის ჯამური ღირებულება 226 000 ლარია, საიდანაც ,,სტარტაპ საქართველოს" თანადაფინანსება 100 000 ლარს შეადგენს. „ბიზნესპოსტს“ ჰოლოზეუმის შესახებ პროექტის ერთ-ერთი ავტორი, ლევან ბახია ესაუბრა:

-ჰოლოზეუმი, როგორც ბრენდის სახელწოდება მიგვითითებს, არის მუზეუმი, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ ჰოლოგრამული ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი თანამედროვე და დიდი ისტორიის მატარებელი ექსპონანტები. რაც შეეხება კითხვას, თუ რა კონტენტი იქნება წარმოდგენილი, მხოლოდ ზოგადი პასუხის გაცემა შეიძლება, ვცდილობთ მუზეუმი იყოს რაც შეიძლება მრავალფეროვანი.   ჩვენ დავასკანერეთ საქართველოს ყველა მნიშვნელოვანი ლენდმარკი,  ვარძიიდან დაწყებული თბილისის ცენტრით დამთავრებული. ამ პროცესს კვლავ ვაგრძელებთ. ჩვენი მიზანია, შევქმნათ საქართველოს ვოლუმეტრული რუქა.  ჯერჯერობით მხოლოდ კონკრეტული საინტერესო მონაკვეთების შექმნაზე ვმუშაობთ. შემდგომ კი ვირტუალური მოგზაურობის საშუალება გვექნება.

პირველ ეტაპზე დამთვარიელებელს ჩვენს ჰოლოგრამულ მუზეუმში ვუმასპინძლებთ.  მომავალში კი, როცა ტექნოლოგიები კიდევ უფრო  განვითარდება, მათ ამის საშუალება სახლიდან გაუსვლელად ექნებათ.

დეკემბერში ჰოლოზეუმი გაიხსნება, როგორც ერთი ინსტალაცია სხვა მუზეუმში. ხოლო სრულფასოვნად ჰოლოზეუმი ამუშავდება შემდეგი წლის მაისში.

-როგორ გაჩნდა იდეა?

- ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, სამგანზომილებიან დასკანერებას  აქტიურად ვიყენებთ ფილმებში. მერე ვიფიქრეთ, რატომ არ შეიძლება, დავასკანეროთ ქართული ღირსშესანიშნაობები და ამ სახით წარვუდგინოთ ის დამთვარიელებელს? ამ პროცესისთვის მთავარი პრობლემა ფინანსები იყო. ეს ერთგვარი ბიზნესიცაა და  საზოგადო საქმეც,  „სტარტაპ საქართველომ“ თავისი წვლილი შეიტანა მის განხორციელებაში.

ჩვენი პროდუქტი გათვლილი იქნება ყველა იმ მომხმარებელზე, რომელიც ხშირად სტუმრობს საქართველოს. თარგმნა მხოლოდ ტექნიკური დეტალია,  ეს ადვილი ნაწილია იმ შრომასთან შედარებით, რაც კეთდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ მომხმარებელზე.  კარგად გვესმის მარკეტინგის ფასი და საკუთარი ენის სიყვარული.   ჩვენს მუზეუმში სტუმრები დასასვენებლად და საქართველოს შესახებ სრული სურათის დასახატავად მოდიან, ჩვენი საქმეა,  ეს პროცესი მათთვის მაქსიმალურად გაადვილებული იყოს.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი სტუმარი არა მარტო საქართველოს გაეცნობა, არამედ ჰოლოგრამულ ტექნოლოგიებში მოწინავე მიღწევებსაც.  იმისათვის, რომ პასუხი გავცეთ კითხვას, რანაირად მუშაობს ჰოლოგრამა, უნდა მოხვიდეთ და ნახოთ, როცა გაიხსნება.

მუზეუმში თავმოყრილი იქნება  სრული ინფრომაცია ქართული არსის შესახებ.  მაგალითად, დამთვარიელებელს შეუძლია, ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღოს „ვეფხისტყაოსნისა“ და სხვა კულტურული ძეგლების შესახებ.

აი, დავფიქრდეთ.  როცა ტურისტები ჩადიან პარიზში, პარიზის და საფრანგეთის პოპულარობიდან გამომდინარე, მათ უკვე ბევრი რამე იციან მასპინძლების შესახებ.  ხოლო საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს, შესაძლოა, არც არაფერი სმენიათ ჩვენი ქვეყნის შესახებ.  თუ თქვენს სტუმრებს ჩვენს მუზეუმში მოიყვანთ, ისინი არამხოლოდ გაერთობიან, არამედ საქართველოს შესახებ იმდენ რამეს გაიგებენ, შესაძლოა უმეტესობა ქართველმაც არ იცოდეს ან უბრალოდ არც კი დაკვირვებია. მაგალითად, ჩვენ დავასკანერეთ ჯვრის მონასტერი და ის ჩვენს მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ყველა კუთხიდან. მერწმუნეთ, ქართველისთვისაც აღმოჩენა იქნება მისი 360 გრადუსით დათვალიერება. ამიტომაც ვამბობ, მუზეუმი საინტერესო იქნება არამხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ ქართველებისთვისაც, ჩვენი მუზეუმი არ არის მხოლოდ უცხოლებისთვის.  თუკი თქვენ გინდათ ერთიანად დაინახოთ რა ქვეყნის შვილებიც ხართ, ჩვენი მუზეუმი თქვენთვის არის და თქვენი შვილებისთვის.  

 

 

https://www.facebook.com/wescangeorgia/

 

 

თარიღი: 2018/09/18