“შეიძლება ყველაფერი თვალწინ გქონდეს და ვერ ხედავდე"- როგორ აიხდინა ემიგრაციაში იძულებით წასულმა თეა ოთარაშვილმა "ამერიკული ოცნება"? 
აშშ–ში ემიგრაციაში მყოფი ქართველი დიზაინერი თეა ოთარაშვილი ცნობილ ბრენდ Couch-ის გუნდის წევრია. ის ორი წელია, რაც ამერიკაში იმყოფება, საქართველოში წარმატებული ბიზნესის მფლობელი, როგორც თავად ამბობს, იძულებული  გახდა,  ემიგრაციაში წასულიყო. ამ ყველაფერს თან ახლდა უმძიმესი დაავადება. თბილისში მას მეილიტის, იგივე დამბლის დიაგნოზი დაუსვეს. ამ რთული დაავადებით განკურნების შანსი ძალიან მცირეა, თითქმის სრულად პარალიზებული, დაახლოებით, ერთ თვეს რეანიმაციაში იწვა. ამბობს, რომ ექიმების დროული რეაქცია რომ არა, ტვინიც გაეთიშებოდა და მისი გადარჩენა ვერ მოხდებოდა... 

"არასოდეს მიფიქრია, რომ ვერ ავდგებოდი და ეტლში დამჯდარი დავრჩებოდი და მართლაც, სასწაული მოხდა. ამ დაავადებით არავინ გამოჯანმრთელებულა. სიარული და სუნთქვა თავიდან ვისწავლე. დღესაც ცოტა მიჭირს სიარული, ნელა დავდივარ და ცოტას ვკოჭლობ – ამბობს თეა ოთარაშვილი.

მაგრამ ეს ერთადერთი სასწაული არაა, რომელი მის ცხოვრებაში მოხდა. ამერიკაში წასულმა მუშაობის დაწყება საკუთარი პროფესიით შეძლო და საკმაოდ წარმატებული დიზაინერის კარიერაც აიწყო. უახლოეს პერიოდში ის საკუთარი კოლექციის წარდგენას ნიუ–იორკის მოდის კვირეულზე აპირებს... 

"ბიზნესპოსტი" წარმატებულ ქართველ ემიგრანტს დაუკავშირდა და ახდენილ ამერიკულ ოცნებაზე უფრო დეტალურად ესაუბრა: 

საქართველოშიც წარმატებული ბიზნესი გქონდათ, თქვენ მიერ შექმნილი საქორწინო კაბები საკმაო პოპულარობით სარგებლობდა, არ იყო რთული ამ ყველაფრის დატოვება და სრულიად უცხო ქვეყანაში, ფაქტობრივად, ყველაფრის ნულიდან დაწყება?

– ამერიკაში ორი წელია, რაც ვიმყოფები.  ჩემი აქ წამოსვლა არც ისე ადვილი იყო. ოჯახის, შვილის, ბიზნესის დატოვება გამიჭირდა. საქართველოში საქორწინო კაბების ბიზნესი მქონდა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მასში მთელი ჩემი გული და სული მაქვს ჩადებული. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაკლისი ჩემთვის, როგორც პიროვნებისთვის, დიზაინერისთვის, ხელოვანი ადამიანისათვის. ეს იყო ბიზნესი, რომელსაც არ ჰქონდა მწირი შემოსავალი, უფრო პირიქით. ეს იყო ჩემი ცხოვრების აზრი, კაბების დიზაინზე მუშაობა, ახალი სტილის შექმნა მსოფლიო ტენდენციების გათვალისწინებით, ჩემი დედოფლების გაბრწყინებული თვალების ყურება მიქმნიდა უდიდეს ბედნიერებას, მაძლევდა დიდ ძალას და ენერგიას. ეს იყო საქმე, რომელსაც  დიდი სიხარულით ვაკეთებდი. თუმცა მაგ პერიოდში ავადმყოფობამ ძალიან შემიშალა ხელი. მიუხედავად ამისა, იმდენად მიყვარდა ჩემი საქმე, რომ თავი ვერ დავანებე, ვერ შევეშვი. დღესდღეობით მსოფლიოში ძალიან რთულია აკეთო ის საქმე, რომელიც გიყვარს, საქმე, რომელიც ასე ძალიან გახარებს და როდესაც, ამავდროულად, ფულსაც გიხდიან ამაში, ეს უკვე მართლა ძალიან დიდი ბედნიერებაა.

ემიგრაციაში ​საკუთარი პროფესიით სამსახურის შოვნა არ გაგიჭირდათ, როგორ დაიწყო ყველაფერი, რა გზა გაიარეთ დღევანდელ დღემდე? 

–ძალიან დიდი ფსიქოლოგიური წნეხი მივიღე იმის გამო, რომ ჩემი ქვეყანა, ჩემი შვილი, ჩემი ოჯახი და ჩემი საქმე დავტოვე, მერწმუნეთ ისეთ დიდ ქვეყანაში, როგორიცაა ამერიკა უბრალოდ ახლიდან, ნულიდან ყველაფრის დაწყება მარტივი არაა. ამაზე ფიქრიც კი ძალიან მღლიდა. მაგრამ ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად ერთადერთი გამოსავალი საქართველოდან გამგზავრება და ამერიკაში ადაპტაცია იყო.

რაც შეეხება ჩემი პროფესიით სამსახურის შოვნას და ამ მხრივ განვითარებას, არანაირი ფიქრი და ფანტაზია არ მქონდა იმისა, რომ ასეთ ხალხში მოვხვდებოდი და ასე გამიმართლებდა. თავიდან ერთ–ერთ კომპანიაში დავიწყე მუშაობა, სადაც ჩემი პროფესიით ვმუშაობდი. ვასრულებდი დიზაინერების მიერ შექმნილ მოდელებს. ეს იყო უძვირფასესი მასალებით შესრულებული ძვირადღირებული კაბები, მათი ფასი აღემატებოდა 10.000 დოლარს, ერთ დღეს შემთხვევით შევხვდი ჩემს მეგობარს და გასაუბრების შემდეგ მან შერჩევის (კასტინგის) გავლით მიმიყვანა ფირმა COACH-ში, სადაც ჩემდა გასაკვირად  შემამჩნია COACH-ის გენერალურმა დირექტორმა და მიმიწვია თავიანთ ფირმაში გამოცხადებულ კონკურსზე. კონკურსი ტარდებოდა სელენა გომესის  VIP simple maker-ის თანამდებობაზე. გავიარე სამდღიანი ურთულესი ტესტირება. გავიმარჯვე, რასაც ნამდვილად არ ველოდი და მალევე დავმკვიდრდი COACH-ის დიზაინერებს შორის. MET GALA  2018-ის ცერემონიალზე  წითელ ხალიჩაზე სელენა გომესი ჩემი ხელით შექმნილი კაბით წარსდგა და ამით ძალიან ვამაყობ. სამწუხაროდ, არ შემიძლია ფოტოს გამოქვეყნება სელენასთან ერთად. არასოდეს დამავიწყდება იმ ბედნიერების შეგრძნება, როდესაც მან ნახა კაბა, მაშინ ძალიან დიდი ემოცია, აღფრთოვანება გამოხატა.

ამ ეტაპზე ალბათ, სწორედ ამას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად? 

– ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ დღესდღეობით მაქვს ჩემი ადგილი ამ უსაზღვროდ დიდ კომპანიაში, რომელიც მდებარეობს შუაგულ მანჰეტენზე. გამიმართლა და ვაკეთებ იმ საქმეს, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. მაგრამ რამდენიმე დღის წინ დიდი ცვლილებები მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ჩემმა დიდმა მეგობარმა და მენეჯერმა ჩემი კონტრაქტის შეცვლის მიზნით  COACH–ის  გენდირექტორს მიმართა, რაზეც უარი მიიღო, მაგრამ  ჩემდა გასაკვირად, მოხდა ისეთი რამ, რამაც გამაოგნა –  სათათბირო ოთახიდან გამოსულმა ჩემმა მენეჯერმა COACH ის დირექტორს თითი დაუქნია...  მითხრა, რომ უნდა გავყოლოდი. მივანებე თავი ჩემს მაგიდას და გავყევი, გზაში მითხრა, ნუ გეშინია ვიცი, მათ როგორ ვუპასუხოო. გაოგნებული, მაგრამ მშვიდი წამოვედი ჩემი სამსახურიდან ისე, რომ არაფერი მიკითხავს. მანქანაში ჩავსხედით და კონტრაქტი მაჩვენა. გადავიკითხე და ეს იყო ჩემს სახელზე დაწერილი კონტრაქტი.  ამას ნამდვილად არ ველოდებოდი. ეს იყო ფირმა „ზაკ პოსენის“ 2-წლიანი ხელშეკრულება. ტატომ (ჩემმა მენეჯერმა)ღიმილით მითხრა, COACH -ი შეეცდება, კომპანიაში დაგტოვოსო.  ზუსტად 2 დღეში  COACH–მა ელექტრონულ ფოსტაზე შემდეგი შინაარსის ტექსტი მომწერა: "თეა, ჩვენ არ გვინდა რომ წახვიდე, გვითხარი შენი პირობები" . ასე რომ, დღესდღეობით ძალიან რთული გადაწყვეტილების მიღება მიწევს ამ ორ გიგანტ კომპანიის შორის, მაგრამ, მერწმუნეთ, სრულიად აუღელვებლად ვარ, ეს ხომ ბედნიერებაა, როდესაც ასეთი არჩევანის წინაშე დგახარ...

ცნობილია, რომ მძიმე დაავადდება გადაიტანეთ, რამ მოგცათ ყველაფრის დაძლევის ძალა? 

- რაც შეეხება ჩემს დაავადებას, მე მას ვერ ვგრძნობ და მისი არსებობა დავიწყებული მაქვს. ეს ყოველივე ჩემი ამერიკული ოცნების ახდენამ გამოიწვია, რითაც მე ერთი ადამიანის დიდი მადლობელი ვარ. შეიძლება ყველაფერი თვალწინ გქონდეს და ვერ ხედავდე, ვერ ამჩნევდე, მე ამაში დავრწმუნდი. პირდაპირი მიშვნელობით, ტატომ ჩემი ხელფასი 3-ჯერ გააზრდევინა და სიმართლე გითხრათ, დღემდე არ მჯერა. ამერიკული ოცნება, რომელსაც ყველა აქ ჩამოსული, ეძებს და უნდა, რომ აიხდინოს, თავისი შეუზღუდავი შრომით, პოზიტივითა და ადამიანური სიყვარულით ერთმა დიდმა ქართველმა ამიხდინა.  ეს საოცრებაა და ეს საოცრება ჩემია.

ამ ეტაპზე რა არის თქვენი მთავარი მიზანი, რისთვისაც შრომობთ?

–საქართველოში დაკარგული ბიზნესი აქ დავაარსე, ჩემი სამსახურის დირექტორმა, ენტონიმ შემომთავაზა კოლექციის შექმნა და მისი წარდგენა–გაყიდვა, ამასთან ერთად შეკვეთების მიღებისას მაქვს უფლება, ჩემი დიზაინი შევთავაზო დამკვეთს. ამ მხრივ, შეუზღუდავი ვარ და ეს ჩემი ოცნება იყო, რომელიც ამიხდა. მაქვს აბსოლუტური თავისუფლება კოლექციის შექმნაში და ძალიან მალე წარვადგენ 2019 წლის ნიუ–იორკის ფეშენ ვიქზე ჩემს ახალ კოლექციას, რომელიც ჩემი პირადი ლოგოთი იქნება. შემდეგ კი აუცილებლად გავიმეორებ იმავეს ჩემს საქართველოშიც...

მე ჩემი ქართული ბიზნესი, რაც საქართველოში მქონდა აქ, ჩემს ამერიკაში შევქმენი. ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა ყველას.

 

 

თარიღი: 2018/10/01