„მატი“ - ხელნაკეთი წიგნაკების ბიზნესი 20 წლის ანი ეჯიბიასგან
რა ხდება მაშინ, როცა სასურველ ნივთს ვერ ვპოულობთ?  20 წლის ანი ეჯიბიამ ეს საკითხი მარტივად გადაჭრა - მან თავად დაიწყო პროდუქტის წარმოება მას შემდეგ, რაც მეგობრისთვის საჩუქრად ისეთი ხელნაკეთი წიგნაკი ვერ მოიძია, როგორიც სურდა. ასე შეიქმნა ბრენდი „მატი“, რომელიც მომხმარებლებს ექსკლუზიურ ბლოკნოტებს სთავაზობს.

ახალგაზრდა ბიზნესლედის საქმეში ძმა - ირაკლი გოგრაჭაძე ეხმარება. სტარტაპერები წიგნაკებს საკუთარ სახლში ქმნიან, რისთვისაც სპეციალური სივრცეც მოაწყვეს. „მატი“ მომხმარებელის სულ უფრო მეტ მოწონებას  იმსახურებს. „ბიზნეს პოსტი“ დეტალებისთვის აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების სტუდენტს - ანი ეჯიბიას გაესაუბრა.

  • ანი, რას ნიშნავს „მატი“ და როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა?
ალბათ ყველასთვის ნაცნობია ლამაზი წიგნაკების დანახვისას აღძრული გრძნობა. მეც სწორედ ასეთი სიყვარული მაქვს მათ მიმართ. ერთ დღესაც მეგობრისთვის ხელნაკეთი ბლოკნოტის ყიდვა გადავწყვიტე, თუმცა ვერ ვიპოვე ისეთი, რომელიც ჩემს კრიტერიუმებს - ხარისხს, ხელმისაწვდომ ფასსა და ორიგინალურობას ერთდროულად აკმაყოფილებდა. ბიზნესის დაწყების ინსპირაციაც სწორეს ეს დღე იყო - სახლში მისულმა ჩემით გადავწვიტე წიგნაკის გაკეთება და ასე დაიწყო „მატის“ ისტორია.



როცა ამ ბიზნესის სახელზე დავიწყე ფიქრი, გადავწყვიტე, რომ ის დედისთვის მიმეძღვნა, რადგან ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ქალია, განსაკუთრებული სახელით - მატილდა.  ასე შეიქმნა ბრენდიც -„MATTI“.

  • რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ეს საქმიანობა?
ბლოკნოტების შექმნა მარტივი ნამდვილად არ არის. მე და ჩემი ძმა, რომელიც ამ საქმეში მეხმარება, ხელით ვმუშაობთ: ვკერავთ, ვჭრით და ვასწორებთ ზედაპირს. მომხმარებელს „მატის“ პროდუქციას მხოლოდ ყველა დეტალის დახვეწის შემდეგ ვთავაზობთ.

  • როგორ აწვდით ხმას პოტენციურ მომხმარებელს?
ჩვენი პროდუქცია პირველად Flea Market-ზე გავიტანეთ.  ნელ-ნელა „მატის“ მიმართ ყურადღება გაიზარდა და წიგნაკებით სხვადასხვა მაღაზია დაინტერესდა. ამასთან, რამდენიმე პროექტის მხარდამჭერებიც გავხდით.  ამჟამად ჩვენი პროდუქციის შეძენა მომხმარებელს შეუძლია როგორც ჩვენს ფეისბუქ გვერდზე, ასევე - რამდენიმე მაღაზიაში.



  • რა დროს უთმობთ ბიზნესს და კიდევ რას საქმიანობთ?
მუდმივად ახლის ძიებასა და სწავლის პროცესში ვარ, ეს ჩემი ჩვეულებრივი მდგომარეობაა. ამჟამად ყოველდღიურად დიდ დროს  ფიზიკურ ვარჯიშს, სწავლას, ფოტოგრაფიას და „მატის“ ვუთმობ. ეს ქაოსი კი ჩემში  ნამდვილად სასიამოვნო შეგრძნებებს აღძრავს.

  • თქვენი გამოცდილებით, რა სჭირდება სტარტაპს განვითარებისთვის?
 ყველა სტარტაპს  შთაგონება და  აქედან გამომდინარე - მამოძრავებელი ძალა სჭირდება. ჩემი ღრმა რწმენით, მონდომებითა და მიზანდასახულობით ყველაფერია შესაძლებელი.



  • რა არის უახლოესი გეგმა, რომელიც „მატს“ უკავშირდება?
„მატი“ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ახალი სარეალიზაციო გზების ძიებაში ვართ და  მაქსიმალურად ვცდილობთ იგი მომხმარებლისთვის მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ.

 

 

თარიღი: 2018/10/09