„გარაჟი 11“ – MADE IN GEORGIA
თუკი საღამოს დაბადების დღეზე ხარ წასასვლელი და საჩუქრის ასარჩევად ცოტა დრო გაქვს დარჩენილი, არც იდეა გაქვს, რა შეიძლება მეგობარს წაუღო შენთვის მისაღებ ფასად, ამისთვის უნდა იცოდეთ მაზნიაშვილის 33 ნომერში მდებარე ქართული ხელნაკეთი ნივთების მაღაზია “გარაჟი 11”. აქ აქსესუარების უზარმაზარი არჩევანია და რაც მთავარია, ყველაფერი საქართველოშია დამზადებული. 4 მეგობრის ცხოვრების წესად ქცეული ბიზნესი და ერთადერთი ხელნაკეთი ნივთების მაღაზია, რომელიც ათეულობით ქართველი დიზაინერის ნამუშევარს აერთიანებს.     



- საიდან გაჩნდა  “გარაჟი 11“-ის გაკეთების იდეა?

ხათუნა თავართქილაძე - მაღაზიის ერთ-ერთი მფლობელი: მაღაზიის გახსნის იდეა მაშინ გაგვიჩნდა, როცა მეგობრებს ჩვენი საერთო მეგობრისთვის ქართული ხელნაკეთი ნივთის ჩუქება მოგვინდა, თუმცა ასეთი მაღაზია ვერსად ვნახეთ თბილისში. გადავწყვიტეთ ისეთი მაღაზია გაგვეკეთებინა, სადაც ერთად იქნებოდა თავმოყრილი ქართველი მწარმოებლების, ახალგაზრდა დიზაინერების და უბრალოდ მოყვარულების მიერ შექმნილი ნივთები.

- რამდენი დიზაინერის ხელნაკეთ აქსესუარებს აერთიანებს თქვენი მაღაზია?

- დაახლოებით 150 - ზე მეტი ქართველი მწარმოებელი გვყავს და ჩვენ ვამაყობთ, რომ ამდენი ნიჭიერი ადამიანია ჩვენს ქვეყანაში და სწორედ ჩვენ ვაერთიანებთ მათ ერთ სივრცეში!



- თქვენი მაღაზია ახლოს არის ფაბრიკასთან, სადაც ხშირად გადაადგილდებიან ტურისტები, ქართველების მხრიდან უფროა მოთხოვნა თქვენს პროდუქციაზე თუ უცხოელების?

-სიმართლე გითხრათ, როცა მაღაზია გავხსენით, გვეგონა, რომ მოთხოვნა ტურისტების მხრიდან უფრო მეტი იქნებოდა და ისინი უფრო დიდ ინტერეს გამოხატავდნენ ქართული წარმოების აქსესუარებზე, თუმცა ჩვენი მოლოდინი სრულად ვერ გამართლდა. ცხადია, ძალიან ბევრი ტურისტი გვსტუმრობს, თუმცა ქართველების მხრიდან დაინტერესება გაცილებით უფრო დიდია.

- როგორია არაქართველი სტუმრების რეაქციები ქართულ ნაწარმზე?

- შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არაქართველ მომხმარებელში ჩვენს მაღაზიაში არსებული პროდუქცია უდიდეს აღფრთოვანებას იწვევს.



- როგორც ვიცით, ხშირად თავად (მაღაზიის მფლობელები) ემსახურებით მომხმარებლებს, რას გაძლევთ ეს?
- ეს ჩვენთვის, პირველ რიგში, დიდი სიამოვნებაა, რადგან ვხედავთ ბედნიერ და კმაყოფილ სახეებს. გარდა ამისა, ეს გვაძლევს საშუალებას, უკეთესად შევისწავლოთ ჩვენი სტუმრების მოთხოვნილებები და მაქსიმალურად ვცდილობთ, დავაკმაყოფილოთ თითოეული მათგანი. ყოფილა შემთხვევები, მაღაზია 9 საათის ნაცვლად, 12 საათზე დაგვიკეტავს.



- არის თუ არა ეს თქვენთვის წარმატებული ექსპერიმენტი?

ჩვენ საკმაოდ დიდი ნაბიჯები გადავდგით ამ რამდენიმე თვის განმავლობაში და ვფიქრობთ, რომ ამ ცდამ ნამდვილად გაამართლა. ჩვენ იმხელა სიყვარულს და აღფრთოვანებას ვხედავთ თითოეულ მომხმარებელში, რომ ეს გვაძლევს საბაბს, ვიფიქროთ რომ ჩვენი ცდა -შეგვექმნა ქართული ხელნაკეთი აქსესუარების მრავალფეროვანი და საინტერესო მაღაზია, წარმატებული გამოდგა.

- გაგვიმხილეთ თქვენიბიზნეს საიდუმლო”, რითიც მომხმარებლის კეთილგანწობას მოპოვებას ცდილობთ?

- ერთგვარი რეცეპტი, რითიც მომხმარებლის კეთილგანწყობას მოვიპოვებთ -ეს არის ძალიან დიდი სიყვარული ამ ყველაფრის მიმართ. ჩვენ ჩავდეთ ძალიან დიდი შრომა ამ მაღაზიის შექმნისას და სხვაგვარად ვერც იქნებოდა. ჩვენ ეს ბიზნესი ცხოვრების ნაწილად ვაქციეთ და ჩავაქსოვეთ დიდი სიყვარული, რასაც ყოველდღე ჩვენს მომხმარებელს ვუზიარებთ.



- ჰპირდებით თუ არა მომხმარებელს რაიმე სიახლეს? რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

- მუდმივად ვცდილობთ განვითარებას, სიახლეების შეტანას მაღაზიაში, რომ ყოველ ჯერზე მომხმარებელს ახალი და საინტერესო პროდუქცია შევთავაზოთ. რაც შეეხება სიახლეებს და გეგმებს, რა თქმა უნდა, გვაქვს დაგეგმილი სიახლეები და მზადების პროცესში ვართ, თუმცა ამ მომენტისთვის ყველაფერს საიდუმლოდ დავტოვებთ.



თარიღი: 2018/10/11