„ჩემი სისხლი და ფესვები ქართულია, ზეგავლენა კი - გლობალური" - ნინო არობელიძის მუსიკით გაკვალული გზა 20-წლიან ემიგრაციაში 

მის საერთაშორისო მუსიკოსად და მოქალაქედ ჩამოყალიბებას ხელი ბავშვობაში ემიგრაციაში წასვლამ შეუწყო, თუმცა საქართველოდან გაყოლილი „ხმები" უკვალოდ არ დაკარგულა და შემოქმედებაში აისახა. „გოგონა სახელად ნინო" 14 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს. როგორც ყველა ემიგრანტს, მასაც რთულ, დაბრკოლებებით სავსე გზაზე სიარული მოუწია... უზარმაზარ ქვეყანაში მან თავის დამკვიდრება ინდივიდუალური, ყველასგან გამორჩეული მუსიკით შეძლო...

რა სირთულეები გაიარა 20-წლიან ემიგრაციაში მუსიკოსმა ნინო არობელიძემ, შესაძლოა თუ არა ხელოვნება ბიზნესად ისე აქციო, რომ პრინციპულ კომპრომისებზე არ წახვიდე, რას მიიჩნევს თავის მთავარ მიღწევად და რა არის მისი ყველაზე დიდი ოცნება ? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე სასაუბროდ „ბიზნესპოსტი" წარმატებულ ქართველ მუსიკოსს აშშ-ში დაუკავშირდა.

„ჩემი ოჯახის აშშ-ში წამოსვლა გამომდინარეობდა გაჭირვებისგან და იმ ეკონომიკური მდგომარეობიდან, რომელიც 90-იანი წლების საქართველოში იყო. 14 წლის ვიყავი და ბავშვისთვის ემიგრაციაში წამოსვლა ახალი თავგადასავალი და ცხოვრებაში გაჩენილი ისეთი პერსპექტივები იყო, რომელსაც არ მოველოდი. მეც ასე ვთქვათ, ავიკაპიწე ხელები და შევუდექი ახალ ცხოვრებას. პირველ რიგში, ენის სწავლა დავიწყე, რადგან ინგლისური საერთოდ არ ვიცოდი. თბილისში ფრანგულენოვან სკოლაში ვსწავლობდი და ჩემი ქართულ-რუსულ-ფრანგულით ჩამოვედი ამერიკაში და დავიწყე ინგლისურთან შეგუება, რაც ბავშვისთვის ცოტა დრამატული თავგადასავალი აღმოჩნდა. თავიდან ძალიან გამიჭირდა გარემოსთან შეგუება, სოციალური ადაპტაცია რთული იყო. როგორც მერე მივხდი, ამის მიზეზი არა უცხო ქვეყანაში ყოფნა, არამედ გარეუბანში მოხვედრა იყო. თბილისში ცენტრალურ ადგილას - „პლეხანოვზე" გავიზარდე და მუდმივ ალიაქოთსა და ხმაურს, კულტურისა და ლოკომოტივის ჩქეფას ვიყავი შეჩვეული. აქ კი გადმოვედით ისეთ უბანში, სადაც იდილია იყო. პრესტიჟულ სკოლაში ვსწავლობდი, ჩიკაგოს გარეუბნის ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივებისთვის, რომლებიც სასახლეებში ცხოვრობდნენ, ძალიან უცხო ვიყავი და ისინიც უცხოები იყვნენ ჩემთვის. ადამიანები სტრუქტურულად ერთნაირები ვართ, მაგრამ მსოფლმხედველობა ორ ასეთ განსხვავებულ გარემოს შორის სხვადასხვანაირია. ძალიან რთული იყო ახალი მეგობრების გაჩენა და მათგან შორს ყოფნა, ვინც თბილისში დავტოვე. მაშინ სოციალური მედია არ იყო აფეთქებული და ხელით ნაწერ წერილებსა და ერთჯერადი ფოტოაპარატით გადაღებულ ფოტოებს ვგზავნიდით. როდესაც „ფეისბუქი" დაარსდა ყველაფერი სულ სხვანაირი გახდა, სამყარო შეიკუმშა, ახლა ყველაფერთან ახლოს ხარ" 

-როგორც ვიცი, სანამ მუსიკის წერას დაიწყებდით, უფრო ადრე ხატავდით და ლექსებსაც წერდით... 

-დიახ, ოღონდ მოყვარულის დონეზე. თუმცა პოეზიასთან ყოველთვის სულ სხვანაირი სიახლოვე მქონდა. თუ მას გრძნობ, ინფორმაციის წყარო ხდება, ერთგვარი კარიბჭე, რომელიც აღებს კარს... და შენც იწყებ წერას, შეიძლება ძალიან უნიჭოდ, მაგრამ იწყებ... თავიდან ბავშვობაში ქართულად ვწერდი და შემდეგ კი ინგლისურად. რაც შეეხება მუსიკას, მისი შესწავლა ფინანსებთან არის დაკავშირებული, სიმღერა ადვილად ხელმისაწვდომია, რადგან ინსტრუმენტის შეძენა არ გჭირდება, მაგრამ ხმის ქონა და მისი ცოდნა სულ სხვა საქმეა და ჩემი ცხოვრების მოწოდება გახდა, ამიტომ ბავშვობაში უფრო ვმღეროდი, ვიდრე ინსტრუმენტალისტი ვიყავი. თუმცა მუსიკაში ჩემთვის ყველაფერი ჯაზის აღმოჩენით შეიცვალა, კერძოდ კი ბილი ჰოლიდეით, მისი ხმის გაგონება და ახალი ემოციები ჩემთვის ერთი იყო. მისი გავლენა ყველას აქვს, ვისაც ჯაზი და ბლუზი უყვარს, თუმცა ჩემთვის  ის მუსიკალურ დედაა. ასევე ჩემზე უდიდესი გავლენა მოახდინეს ედით პიაფმა და მარია კალასმა.

-მუსიკის კრიტიკოსები თქვენს შემოქმედებაზე ამბობენ, რომ ერთგვარი ნაზავია - ქართული ხმისა და ამერიკული მუსიკის... 

-რა თქმა უნდა. იმიტომ, რომ თავად მე ვარ ნაზავი. ჩემი სისხლი და ჩემი ფესვები ქართულია, ხოლო ზეგავლენა - გლობალური. მე ვარ ერთ-ერთი ადამიანი იმ მომავლის ნაკადის, რასაც ინტერნაციონალური, საერთაშორისო მოქალაქეები ჰქვია და რომელთაც ამავდროულად საოცარი სიამაყე აქვთ იმ ინდივიდუალიზმის, რაც მათ ფესვებშია. საოცრად მეამაყება საიდანაც ვარ, ვინც ვარ, ვისი შთამომავალიც ვარ, საოცრად მენატრება ჩემი დედასაქართველო. თუმცა შემოქმედებითად ნაზავი ვარ და ამას გამოხატავს კიდეც ჩემი მუსიკა. მუსიკას, რომელსაც მე ვქმნი ჩემს ფილტრში გადის, შესაბამისად მასში  რაღაც ჩემი ყოველთვის ურევია. ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს სწორედ ხმა. საქართველოდან გამოყოლილი ხმები, როგორც ვთქვი, ჩემზე დიდი გავლენა იქონია ქალაქის ცენტრში ხმაურსა და ალიაქოთში გაზრდამ. ასევე გავლენა მოახდინა გალაკტიონმა, მისმა პოეზიამ, მისმა ხმამ, რომლითაც ის თავის ლექსს კითხულობდა. გალაკტიონი ჩემთვის არის მოდერნიზმის, ინდივიდუალიზმის, ტკივილის, შეუძლებელი სილამაზის ხმა. ის შეუძლებლად ლამაზია, ცხოვრების ფუნდამენტალურად შემცვლელია. 

-ძალიან დიდი სიყვარულით საუბრობთ საქართველოზე, სამშობლოში კონცერტის ჩატარებასაც ხომ არ ფიქრობთ? 

-ყოველთვის ვფიქრობ, ეს ჩემი ოცნებაა. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმარკეტის მხრივ მომგებიანი არ არის და შეიძლება არც აუდიტორია იყოს მრავალრიცხოვანი, ჩემთვის დიდი მიღწევა იქნება, რომ სადმე კლუბური შეხვედრა შევძლო. შემოთავაზებები მქონია, მაგრამ რეალური კონცერტის გაკეთებისთვის სერიოზული არაფერი. ძალიან მინდა, რომ ისე მოვხვდე საქართველოში, რომ რაღაც მნიშვნელოვანიც შევთავაზო მსმენელს. პრინციპის ამბავი გახდა, რომ თუ ჩამოვალ, მართლა ჩამოვიდე. როგორც ტურისტი არა, ან სტუმრად. ბუნებრივია, ჩემი მიწა-წყალია და სტუმრად არ ვიქნები, მაგრამ მაინც არც შემოქმედებითად რომ არ ვიგრძნო თავი ასე. თუკი მოხდება კოლაბორაცია შესაბამისს პრომოუტერებთან ძალიან გამიხარდება, საქართველოში კონცერტს ისე ვერ გააკეთებ. 

-როგორც ვიცი, 9 აპრილს სიმღერა მიუძღვენით და ამ დღეს ყოველწლიურად კონცერტსაც აკეთებთ... გახსოვთ ეს ტრაგიკული მოვლენა, თუ რატომ იქონია თქვენზე ამხელა გავლენა? 

-დიახ, სიმღერა მივუძღვენი. რაც შეეხება კონცერტს, როდესაც ვახერხებ, ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ თუ კონცერტი ვერ შევძელი, რაიმე სხვა სიმბოლური აქტივობით ვეხმიანები.  მაგალითად, ვიდეოს გამოშვებით. 9 აპრილის მოვლენა მახსოვს, პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად დამამახსოვრდა. ეს იყო ჩემთვის ძალიან შემზარავი - უსუსური ადამიანების მიმართ მასიურ აგრესიასთან შეჩეხების პირველი გამოცდილება. ამან ადამიანებში შინაგანი მიწისძვრა გამოიწვია, განსაკუთრებით ჩემს თაობაში, 80-იანი წლების ახალგაზრდებში. ეს იყო პროტესტი და იმედი ერთდროულად, რომელიც არასდროს ჩაქრება. ამის  შემდეგაც ბევრი აგრესია გადავიტანეთ ქართველებმა. როდესაც უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მაშინ მოხდა ზუსტად რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომი და კონცერტის მიმართულება შევცვალე, სახელი შევუცვალე და „კონცერტი მშვიდობისთვის" ვუწოდე. ჩემი კონცერტმეისტერი, ფორტეპიანოს მასწავლებელი იყო რუსი და გვინდოდა, სიმბოლური გამოხატვა, როგორც ორი ემიგრანტის, რომელიც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ომს. ბევრი ქართველი მოვიდა ამ კონცერტზე და მაშინ ვიგრძენი, რომ ასეთი საქმის კეთება მინდოდა, რადგან მუსიკას შეუძლია ისეთი სიახლოვე შექმნას ადამიანებს შორის, რასაც დიალოგი ვერ მიაღწევს. 

-როგორც უკვე თქვით, მუსიკით იმის თქმაა შესაძლებელი, რაც სხვა საშუალებით რთულია, პოლიტიკურ და სოციალურ კონტექსტს ვგულისხმობ, თუმცა შემოქმედება, ამავდროულად, არის ბიზნესი. ამ მიმართულებით რა ეტაპზე ხართ, როგორ ახერხებთ ხელოვნება ისე აქციოთ შემოსავლის წყაროდ, რომ არ წახვიდეთ კომპრომისზე?

- ამ ეტაპზე სულ 5 ალბომი მაქვს გამოშვებული. აქედან სამი სოლო - moonlight daugter (2018), girl named nino (2016),  nomad (2014) ერთი კოლაბორაცია - Forbidden knowledge album Urbanism (2012) და მინი ალბომი - Starage Brew (2011). ბოლო  ალბომი moonlight daugter გამოვუშვი ფსევდონიმით „გოგონა სახელად ნინო" (girl named nino), რაც ასევე წინა ალბომის სახელწოდებაც იყო.  ამ ალბომებიდან რადიოებში სიმღერები ხშირად გადის, ეს დიდი მიღწევაა. ასევე აშშ-ში მქონდა რამდენიმე ტურნე. და ეს ყველაფერი დამოუკიდებლად,  მე ამ მიმართულებით ვარ დაინტერესებული, რადგან ვიღაც რომ ძალიან დიდ ბიუჯეტს გაძლევს მერე მისი ხარ და მას ძალიან დიდი უფლებები აქვს. სხვის ნათქვამზე ვერ ვიხტუნავებ, რაღაც სხვანაირი მუსიკალური და პირადი სამყარო მაქვს. მირჩევნია, ჩემი გზა მე თვითონ გავიკვალო და ამას, რასაკვირველია, დრო სჭირდება. ამიტომ ყველა პატარა საფეხური და პატარა მიღწევა დიდ სიხარულს იწვევს ჩემში. თქვენც რომ მიპოვეთ ძალიან მეამაყება. ძალიან მადლიერი ვარ. არაფერი შემთხვევით არ ხდება ხოლმე, მე ასე აღვიქვამ. 

                                 

-როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი მთავარი თვისება, რამაც უზარმაზარ ქვეყანაში, უდიდესი კონკურენციის პირობებში, ემიგრაციაში მყოფს შეგაძლებინათ მიგეღწიათ წარმატებისთვის და გეცხოვრათ თქვენი საქმით? 

-შრომისმოყვარეობა. ძალიან მიყვარს მუშაობის პროცესი. მიზანდასუხული და უშიშარი ვარ. ასევე ვიცი, რომ ყველაფერი ორ დღეში არ ხდება. არ ვუშინდები იმას, რომ გეგმები შევცვალო, რადგან რაღაც ახალი შევქმნა. მესმის, რომ ახალი რეალობაც უცებ არ დგება და დიდი შრომა სჭირდება. და რაც მთავარია, რწმენა უნდა გქონდეს, რომ რასაც აკეთებ, ფასეულია და ამით შენი თავის რეალიზაციას ახდენ. იმის არ უნდა გეშინოდეს, რომ სხვა არ გეთანხმება. სხვისი აზრი ძალიან არ უნდა გაინტერესებდეს. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად უნდა გაინტერესებდეს, იმისთვის, რომ ბიზნესში იყო, რადგან მუსიკაც და ხელოვნებაც ბიზნესის ნაწილია. იმისთვის, რომ ბიზნესში იყო, რადგან მუსიკაც და ხელოვნებაც ბიზნესის ნაწილია. მუსიკას ბიზნესის სტრუქტურული მხარდაჭერა სჭირდება, რომ გადარჩეს და იყვავილოს. ისეთ ექსტრაკაპიტალისტურ ქვეყანაში, როგორიც ამერიკაა უნდა იცოდე, როგორ მუშაობს ბიზნესის სტრუქტურა, პრომოუშენი, როგორ გამოიწვიო მსმენელის ინტერესი, მაგრამ ამავდროულად უნდა შეძლო და იყო ინდივიდუალური. რეალისტიც უნდა იყო და თან სულ ოცნებობდე, რომ შექმნა ახალი ოცნება და შეასხა მას ფრთები. თუ იპოვი შენს თავში ნებისყოფას, ნებისმიერი მიზნის შესრულება გახდება შესაძლებელი. და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, შენი საქმის სიყვარული უნდა გქონდეს და მისცე თავს შეცდომების დაშვების უფლება. არც რამდენჯერმე დაცემაა პრობლემაა, თუკი წამოდგომას მოახერხებ. 

-ამჟამად რა მიგაჩნიათ თქვენს მთავარ მიღწევად? 

-შევძელი დამეძლია სტერეოტიპი, რომ წარმატებული მუსიკოსი უნდა იყოს ნაწილობრივად უბედური და არარეალიზებული. რომ უარს უნდა ამბობდეს თავის ბედნიერებაზე და ოჯახურ იდილიაზე. მართლა ძალიან რთულია ოჯახური იდილიის შექმნა და პარალელურად მისუკალური კარიერის გაკვალვა. მე თითქმის 5 წლის წინ გავხდი დედა და ამ ბალანსის შექმნა ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი. რადგან ამ დროს ყველა თითქოს ყურში ჩაგყვირის, რომ შენი მუსიკალური კარიერა დასრულდა და წინ ვეღარ წახვალ. რაღაც მხრივ თითქოს უხარიათ კიდეც, რომ მერე გითხრან „ხომ ხედავ, არ გამოვიდა, მეც მიჭირს, რადგან შენსავით დედა გავხდი". ამიტომ რაღაც სხვანაირი მოტივატორი გახდა ეს ჩემთვის. ის ფაქტიც, რომ ოჯახი და შვილი მყავდა უფრო მოტივაციის მომცემი იყო, რადგან ასე ვთქვათ უნდა „გამეტანა" და გამეკვალა ჩემი გზა, ახლა უკვე არა მარტო ჩემთვის, რადგან ეს ადამიანი არის დამოკიდებული ჩემზე და ჩემს მეუღლეზე და ორივე მუსიკოსები ვართ. ეს სულ სხვანაირი პასუხისმგებლობაა. 

-თქვენს სამომავლო მიზნებზე რას გვეტყვით, რა გაქვთ დაგეგმილი უახლოეს მომავლში? 

-როგორც ვთქვი, წელს უკვე გამოვიდა ჩემი ახალი ალბომი. ამის გარდა ვგეგმავ ტურს ევროპაში - ლონდონი-ამსტერდამი-პარიზი. იმედია, საქართველოშიც მეღირსება ჩამოსვლა, ძალიან გამიხარდება და ბევრს ვიტირებ ბედნიერებისგან. ამასთან კანადაშიც მაქვს ტურნე დაგეგმილი ტორონტო-მონრეალში, იქ მეგულება მსმენელი და ამერიკაში ჩემი სახელის, ასე ვთქვათ - ჩემი ბრენდის გავკალვა მინდა. 

ასევე ყოველთვის მაინტერესებდა სინემატოგრაფია. მინდოდა, რომ ფილმში ყოფილიყო ჩემი მუსიკა. წელს გამოვიდა ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფილმი ქართულ ღვინის ტრადიციაზე - Our Blood Is Wine. ფილმი ბერლინალეზე კულინარიის სექციაში იყო, ეს ჩემთვის უდიდესი მიღწევაა. აქამდე ჩემი მუსიკა ფილმში არ ყოფილა და უცებ ასეთ წარმატებულში მოხვდა, მას პრეზენტაციები ამერიკის ყველ დიდ ქალაქში ჰქონდა და „ნიუ-იორკ თაიმსის" დიდი რეკომენდაცია მიიღო. ევროპაში კი ლონდონი და ბერლინის კინოთეატრებშიც გააშუქეს. მასში ჩემი მუსიკა ორმაგად მეამაყება, რადგან  ჩვენი ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებზეა. ამ ფილმის რეჟისორი უბრალოდ ჩემს კონცერტზე მოსასმენად მოვიდა და იმავე საღამოს მომწერა თავის შემოთავაზებაზე. ამ წარმატებამ შთამაგონა ახალი პოროექტი Au cinema - „მუსიკა ფილმებისთვის, რომლებიც ჯერ არ გინახავთ",  ეს იქნება მინიალბომი, დაახლოებით 6-7 სიმღერა იქნება მასში, უფრო სინემატური კონტექსტით. პირველი სიმღერის პრემიერას უკვე ნოემბერში ვაპირებ. ასე, რომ მოკლედ რომ ვთქვა, ჩემი უახლოესი გეგმებია: ეს ტურები, ეს მინიალბომი და სამშობლოში დაბრუნება - დროებითი, მაგრამ ემოციური. 

 photo: მაკა მიმინოშვილი

                           

                            
                             

სხვა პუბლიკაციები

დაიმსახურეთ გუნდის წევრების პატივისცემა - რა მეთოდებით მიიღწევა რთული დავალების წარმატებული შესრულება?
რჩევები
4 თვის წინ
WALT DISNEY -მ 21ST CENTURY FOX-ის შესაძენად თანხა რეკორდულ ნიშნულამდე - 85 მილიარდ დოლარამდე გაზარდა
მსოფლიო
5 თვის წინ
ილონ მასკს Tesla-ს დატოვება მოუწევს?
მსოფლიო
2 თვის წინ
Tiff 2018 - თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი 3-9 დეკემბერს გაიმართება
საქართველო
4 კვირის წინ