როგორ ხდება პერსონალის შერჩევა თანამედროვე მართვის პირობებში
ადამიანები, რომლებიც ორგანიზაციის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფენ, რომლებსაც ეყრდნობიან მენეჯერები, რომლებიც ქმნიან კომპანიის იმიჯს…

როგორ ხდება პერსონალის შერჩევა თანამედროვე მართვის პირობებში, რა წარმატებისა თუ წარუმატებლობის მოტანა შეუძლია სწორად ან არასწორად აყვანილ კადრს და რა სახის პრობლემებს აგვარებს HR დეპარტამენტი კომპანიაში? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე  „ბიზნესპოსტს“ რეკრუიტერი თამარ ფილიპია პასუხობს.

-რა მნიშვნელოვან პროცესებს აწარმოებს HR განყოფილბა და როგორია წარმატებული ორგანიზაციის მიდგომა ამ საკითხების მიმართ?

-ზოგადად, HR განყოფილება პროცესებისა და საქმიანობის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ შედის ორგანიზაციაში მიმდინარე ისეთი საკვანძო საკითხები, როგორებიცაა პერსონალის შერჩევა, ადმინისტრირება, ტრენინგები და განვითარება. ნებისმიერი წარმატებული ორგანიზაცია საკმაოდ სერიოზულად უდგება თითოეეულ ამ თემას და დიდ ძალისხმევას ხარჯავს ამ პროცესების შეუფერხებლად მიმდინარეობისათვის.

-როგორია თანამდეროვე მართვის პირობებში შერჩევის მეთოდები და პროცედურები, რომლებსაც გადიან კანდიდატები და რისთვის არის ეს საჭირო?

-დღესდღეობით, თანამედროვე ბიზნესგარემოში, კანდიდატები შერჩევის საკმაოდ რთულ და ვრცელ ეტაპებს გადიან.  შერჩევის პროცედურა, ბუნებრივია, იწყება შერჩევის ინსტრუმენტის დადგენით, ძირითადად აქ იგულისხმება ვაკანსიის გამოცხადება დასაქმების სააგენტოების ვებგვერდებზე, ასევე უნივერსიტეტების კარიერული განვითარების ცენტრებისათვის ვაკანსიების ელექტრონულად გაცნობა, შედარებით მაღალი პოზიციებისთვის ე.წ Headhunting-ის მეთოდის გამოყენება და ა.შ. რაც შეეხება შერჩევის პროცედურებს, კანდიდატები ძირითადად გადიან პირველად ინტერვიუს (ჯგუფურს ან ინდივიდუალურს), ავსებენ შესაბამისი უნარების საკვლევ ტესტებს, აქვთ შემდგომი ეტაპის გასაუბრებები. შესაძლოა, რაიმე კონკრეტული ვაკანსიისათვის სპეციალურად დაიგეგმოს შერჩევის განსხვავებული ეტაპი, რომელიც დაეხმარება რეკრუიტერს შესაბამისი კანდიდატის მოძიებაში.

-რა წარმატების, ან წარუმატებლობის მოტანა შეუძლია, სწორად ან არასწორად შერჩეულ კანდიდატს?

სწორი კანდიდატის მოძიება პერსონალის შერჩევის მენეჯერის მთავარი ფუნქცია-მოვალეობაა, რაც განისაზღვრება ვაკანტური პოზიციისათვის აუცილებელი ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების მქონე ადამიანის მოძიება/დასაქმებით. არასწორმა არჩევანმა საკმაოდ დიდი ფინანსური თუ მატერიალური ზარალი შეიძლება მოუტანოს ორგანიზაციას. ნებისმიერი შერჩევის პროცესის დროს იხარჯება საკმაოდ დიდი ადამიანური/მატერიალური რესურსი, რისი შედეგიც პოზიციისათვის შესაფერისი თანამშომელი უნდა იყოს. 

-რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ორგანიზაცია, რომელსაც არ გააჩნია HR-ის განყოფილება?

-HR განყოფილების არსებობა საკმაოდ დიდი კომფორტია ნებისმიერი ორგანიზაციისთვის.  თუმცა, ბუნებრივია, არსებობს კომპანიები, რომელთაც არ ჰყავთ HR მენეჯერები და ამ ფუნქციებს სხვადასხვა დეპარტამენტები ითავსებენ. HR განყოფილების არქონა სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, მაგალითად, როდესაც ორგანიზაცია მცირე მოცულობისაა, ან ორგანიზაციის თანამშრომელთა სპეციფიკა უბრალოდ არ საჭიროებს შერჩევისას მენეჯერის ჩარევას. საფრთხე, რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს, არის შერჩევის, პერსონალის ადმინისტრირებისა და ტრენინგებისა და თანამშრომელთა განვითარების პროცესის გაუმართაობა. როდესაც ამ პროცესებს მართავენ საქმის არაპროფესიონალები, იზრდება შეცდომების დაშვებისა და ორგანიზაციის სტრატეგიულ მიზნებთან აცდენის ალბათობა.

- როგორი უნდა იყოს წარმატებული HR-რეკრუიტერი?

-წარმატებულ რეკრუიტინგში საკმაოდ ბევრი პროცესის გამართული მუშაობა იგულისხმება.  ნებისმიერი ვაკანსიის შემთხვევაში, შერჩევის მენეჯერი აუცილებლად უნდა გაეცნოს სამუშაო აღწერილობას, დეტალურად შეისწავლოს ის ფუნქციები და ამოცანები, რომელიც უნდა შეასრულოს პოტენციურმა „ახალმა თანამშრომელმა“ და მხოლოდ ამის შემდგომ უნდა შეირჩეს შერჩევის მეთოდი და დაიგეგმოს ინტერვიუები. კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება ობიექტურობას და მიუკერძოებლობას, ასევე დისკრიმინაციული ფაქტების გამორიცხვას და კონფიდენციალურობის დაცვას, რისი გათვალისწინება აუცილებლად შეუწყობს ხელს შერჩევის წარმატებას.

თარიღი: 2018/10/16