ფოლკლორს მიბმული საოჯახო ბიზნესი  
ნებისმიერი იდეის წარმატება მის სწორ ფორმულირებაზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, აზრის სწორი რეპრეზენტაცია და მით უმეტეს, მისი რეალიზება სირთულეების გარეშე წარმოუდგენელია. საინტერესოდ მიწოდებულ მომსახურებასაც ყოველთვის ეყოლება თავისი მომხმარებელი. ასევე, საყურადღებოა იდეის თვითკმარ ბიზნესად გარდაქმნის პროცესი, რომელსაც ადამიანის შემოქმედებითი ხედვა ასაზრდოებს.

რა კავშირშია ბიზნესი ტადიციულ ფოკლორთან,  რამდენად დიდი ადგილი უკავია მას ყოველდღიურ ცხოვრებაში, რამ განაპირობა პროექტ „აწარმოე საქართველოში“ რეგისტრაცია და საოჯახო ბიზნესის დაწყება, საიდან გაჩნდა „ფოლკლორული სახლის“ იდეა და რა მომსახურებას სთავაზობს დაწესებულება დამსვენებელს? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ბიზნესპოსტი“ „ფოლკლორული სახლის“ დამფუძნებელს და ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ჯგუფის ,,ძირიანის" ხელმძღვანელს თორნიკე სხიერელს გაესაუბრა.  



თორნიკე სხიერელი: ჩემი ცხოვრების ოცხმოცდაცხრამეტი პროცენტი ტრადიციულ ფოლკლორს უკავია. მთელი შეგნებული ცხობრების განმავლობაში ვმღერი და ეს იმდენად ორგანული ნაწილი გახდა, რომ მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. გავიზარდე გარემოში, სადაც ირგვლივ ყველა მღეროდა:  ჩემი მშობლემი, ბებია, ბაბუა და მათი მშობლები. ბავშობიდანვე ვხვდებოდი ტრადიციული მუსიკის ფასს და ადრეული ასაკიდანვე დავიწყე ფოლკლორული ნამუშევრების შეგროვება. მაშინ არ მქონდა ჩამწერი მოწყობილობა, ამიტომ ტექსტი პირდაპირ რვეულში გადამქონდა. შემდეგ, როცა გადავწყვიტე ტრადიციულ მუსიკას სიღრმისეულად გავცნობოდი, ჩავაბარე და დავამთავრე გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი.

სკოლის ასაკშივე დავიწყე ბავშვებთან მუშაობა. 2007 წლიდან დღემდე ვმუშაობ ფოლკლორის ეროვნულ სკოლაში. ჩამოვაყალიბე ანსამბლი „ძირიანი“. ამ ყველაფერმა შემძინა გამოცდილება და გამხადა უფრო თვითდაჯერებული. პირველად, ჩემთან, რაჭაში ეთნომუსიკოლოგმა ბატონმა მალხაზ ერქვანიძემ  უცხოელების ჯგუფი ჩამოიყვანა. დროთა განმავლობაში გაჩნდა კავშირები და ტრადიციულმა ფოლკლორმა   ინტერესი უცხოელებშიც გამოიწვია. სამწუხაროდ, იმჟამად ვიზიტორებისთვის არ გვქონდა განთავსების ადგილი. სწორედ მაშინ გაჩნდა პროექტის დაწერის იდეა, რომელსაც საკუთარი ხარჯებითა და გრანტით დავაფინანსებდი. ამგვარად, 2016 წელს პროექტმა „აწარმოე საქართველოში“ გრანტი გამომიყო. შემდგომ, ორწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად, სახლი ონის რაიონში გადავაკეთე საოჯახო სასტუმროდ და დავარქვი „ფოლკლორული სახლი“, რომელიც მდებარეობს არნო ონელის N12 - ში. „ფოლკლორული სახლი“ იმიტომ ვუწოდე, რომ გარემოა ძალიან მუსიკალური, ვგულისხმობ ოჯახის წევრებს. ასევე, ინტერიერიც ტრადიციულ მუსიკალურ სტილში არის გადაწყვეტილი. თუმცაღა, ბევრი რაღაცები კვლავ დასამატებელია და იმედია, დროთა განმავლობაში ახალ თემატურ ნიუანსებსაც შევმატებ.

ძირითადად, ჩამოსულ სტუმრებს ჩემი მშობლები მასპინძლობენ. ასევე, ივლისსა და ოქტომბრის თვეში ვიზიტორებისთვის ვაწყობ სპეც-ტურებს, რომელსაც ფოლკლორული დატვირთვა აქვს და შეგვიძლია ეთნო-ტურიც ვუწოდოთ. ეთნო იმიტომ, რომ მასში შედის ისტორიული ძეგლების მონახულება, ადგილობრივ ეთნოფორებთან შეხვედრა, ლექცია-სემინარი ქართულ ტრადიციულ მუსიკაზე, Workshop - ი კულინარიაში და ა.შ. ლექცია-სემინარის თემა არის ტრადიციული მუსიკა და მისი მრავალფეროვანი მახასიათებელი, რომლითაც უცხოელებიც ინტერესდებიან. ასევე, ვმსჯელობთ, საქართველოში გავრცელებულ საკრავებსა და მათზე შესასრულებელი მუსიკის თავისებურებაზე. მოკლედ, ჩვენ ვსაუბრობთ  ტრადიციული მუსიკის გარშემო. მაგალითად, წელს ონში და ზოგადად რაჭის რეგიონში ორი ქართული და ერთი უცხოური ტური გვქონდა. აქედან გამომდინარე, სამომავლოდ მსურს ვიზიტორებს შევთავაზო ისეთი ფილმების ჩვენება, რომლებიც ასახავენ რაჭულ ყოფასა და ტრადიციებს. ეს წამოწყება კი უფრო მეტ ეთნო-მუსიკალურ დატვირთვას შესძენს სასტუმროს.

საოჯახო სასტუმრო არის მათთვის, ვისაც აინტერესებს ტრადიციული ქართული მუსიკა. ზოგადად, ჩვენი მომსახურებით ვიზიტორებიც კმაყოფილები არიან. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ არ ვაწვდით მათ სასცენო მომსახურებას, არამედ იგი  ოჯახის შემადგენელი ნაწილია. ვცდილობთ, გავაცოცხლოთ ის უშუალო გარემო, სადაც ფოლკლორი დაიბადა და აგრძელებს არსებობას. ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანი, ვინც დაინტერესებულია ტრადიციული ფოლკლორით, კმაყოფილი დარჩება „ფოლკლორული სახლის“  მომსახურებით.         

თარიღი: 2018/10/22