"მნიშვნელოვანია,  ემიგრაციაში დახმარების პირველ ხელს ვინ გამოგიწვდის"
გიორგი ნიკოლაიშვილის "ამერიკული ქველმოქმედება" ქართველებს 

"ჩვენ ამერიკაში" – ასე ჰქვია გიორგი ნიკოლაიშვილის მიერ შექმნილ ფეისბუქჯგუფს, რომელსაც 50 000–ზე მეტი წევრი ჰყავს და რომლის მეშვეობითაც მისმა ადმინისტრატორებმა ოკეანის გაღმა "პატარა საქართველო" შექმნეს. 


ჯგუფის შექნის მიზანი, როგორც ემიგრაციაში მყოფის, ასევე გამგზავრების მსურველი ქართველებისთვის დახმარების გაწევა იყო. თუმცა დაარსებიდან სულ რაღაც ერთ წელიწადში ქველმოქმედების საკმაოდ დიდ პლატფორმად გადაიქცა. იმის გასარკვევად,  კონკრეტულად რაში და როგორ ეხმარება ჯგუფი "ჩვენ ამერიკაში" ქართველებს "ბიზნესპოსტი" მის დამფუძნებელს, თავად ემიგრაციაში მყოფ გიორგი ნიკოლაიშვილს დაუკავშირდა: 

- 5 წელია, რაც ნიუ–იურკში ვცხოვრობ. ჩემი ემიგრაციაში წამოსვლის მიზეზი ტიპურია – უკეთესი მომავლის ძიება. თან ასაკიც მიწყობდა ხელს; 23 წლის ვიყავი და როგორც ვაკვირდები, ამ ასაკში უფრო მარტივია ემიგრაცია. ბევრი რთული დღეები და თვეები გავიარე, მაგრამ ეს ამათ ღირდა. ახალ ჩამოსულებს, ყველას ვეუბნები, რომ ეს ქვეყანა ღირს ამ მსხვერპლისთვის.

 პირადად თქვენ რა მოგცათ ამერიკამ

– როგორც წესი, ყველასთვის არის ხოლმე ფინანსური დაინტერესება და ვერც მე დავმალავ, რომ ჩემთვისაც ესაა. მაგრამ ამასთან, აქ ფასდება ადამიანის უფლებები, ხარ თავისუფალი გადაწყვეტილებებში, არ გაწუხებს მეზობლისა და ნათესავის ინსტიტუტი, პოლიტიკა აბსოლუტურად ამოღებულია ადამიანთა ურთიერთობებიდან
​ვერსად გაიგებთ, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ კაფეში, ამ თემაზე საუბარს. თუნდაც იმ პერიოდშიც,  როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები იყო. ამ გავლენებისგან ხარ თავისუფალი და ცხოვრობ შენთვის. 

ემიგრაციაში წამოსვლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ძალიან დამოუკიდებელი ვარ. სანამ წამოვიდოდი, ვცხოვრობდი ოჯახთან ერთად, სადაც დედა აკეთებდა ყველაფერს. აქ კი დამოუკიდებლად ცხოვრება ვისწავლე. ყოველი დღის გათენება რომ გიხარია, ამერიკა ის ქვეყანაა. თუ ხელს გაანძრევ, თუ არ გეზარება მუშაობა, შეგიძლია ყოველი დღე ფულად და მომავალი წარმატების საწინდრად აქციო. 

- ამჟამად რას საქმიანობთ, თუ არის ახლოს თქვენს პროფესიასთან

ამჟამად ვმუშაობ ნიუ-იორკში ტოიოტას ცენტრში გაყიდვების განყოფილებაში, ვყიდი ავტომობილებს. არანაირად არაა ახლოს ჩემს პროფესიასთან, რადგან განათლებით ფინანსისტი ვარ, ბუღალტრული გამოცდილებითაც და არანაირი შეხება არა აქვს ამჟამინდელ საქმიანობასთან. პირველი გაყიდვებია ჩემს ცხოვებაში. მესამე თვეა აქ ვმუშაობ. აქამდე ვმუშაობდი იმ სამსახურებში, სადაც ემიგრანტების უმრავლესობა მუშაობს. ეს სამსახური ახალი ტრამპლინია ჩემთვის, ახალი გამოწვევაა. გულრწფელად რომ ვთქვა, ავტომობილებშიც კი ვერ ვერკვეოდი, არა თუ გაყიდვებში, როდესაც დავიწყე. 

როგორ ფიქრობთ, რამდენად არის შესაძლებელი ემიგრაციაში და მით უმეტეს, ამხელა ქვეყანაში, წარმატების მიღწევა? 

– ბევრი ფაქტორი განაპირობებს წარმატებას და წარმატება ძალიან ინდივიდუალურია. ყველას თავისებური აღქმა აქვს. მიმაჩნია, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ემიგრაციაში მიდიხარ, ვინ დაგხვდება და ვინ გამოგიწვდის დახმარების პირველ ხელს. დახმარებაში არ იგულისხმება მხოლოდ ფინანსური მხარე,  უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ ინფორმაციას. დღემდე ძალიან დიდი საინფორმაციო ვაკუუმია ქართველებში, ამერიკაშიც და ალბათ, სხვა ქვეყნებშიც. არ აქვს მნიშვნელობა, ჩამოდიხარ მწვანე ბარათით თუ ვიზით, ვიზით ჩამოსვლის შემთხვევაში კიდევ უფრო უარესია, რადგან ხარ უსაბუთო. ამას  განაპირობებს ენის ფაქტორიც. ენის ბარიერიც ძალინ დიდი გამოწვევაა ქართველებისთვის. ალბათ, 80%-ზე მეტი ვერ საუბრობს ინგლისურად და ეს მათ დამატებით პრობლემას უქმნის. ჩემი აზრით,  ენის ცოდნა და სწორი ინფორმაცია და ლეგალური სტატუსი ქვეყანაში აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ ასეთი ტიპის სამსახურში იმუშაო, როგორიც, მაგალითად, მე მაქვს. ამ ქვეყანაში არ გჭირდება არც ბიძაშვილი და მამიდაშვილი და არც ვინმეს დახმარება. მეც  სრულიად შემთხვევით მოვხვდი. ტოიოტას ცენტრში მეგობრებს გამოვყევი, რადგან ინგლისურად ვერ საუბრობდნენ და ავტომობილის შეძენასა და თარგმნაში ვეხმარებოდი. ამ ცენტრმა შეამჩნია და ასე დავიწყე მუშაობა. 

როგორც ვიცი, თქვენ მიერ შექმნილი "ფეისბუქ" ჯგუფით "ჩვენ ამერიკაში" ძალიან ბევრ ქართველს ეხმარებით ასეთი საჭირო ინფორმაციით და არა მხოლოდ... 

– დიახ, საქართველოში მყოფ ქართველებს ვეხმარებით მწვანე ბარათზე რეგისტრაციაში სრულიად უსასყიდლოდ. როგორც ვიცი, ეს საქართველოში ფასიანი მომსახურებაა. დიდი რაოდენობით ოჯახს ვუკეთებთ შეღავათს მე და ჩემი მეგობრები, ჯგუფის მოდერატორები. ​შარშან, დაახლოებით, 700-ზე მეტი ადამიანი დავარეგისტრირეთ, რამდენიმემ იქიდან მოიგო კიდეც. 

ამის გარდა, ყოველდღიურ დახმარებას რაც შეეხება, რასაც ყველაზე ხშირად ითხოვენ ხოლმე, იმაში ვეხმარებით. მაგალითად, საცხოვრებლად ოთახების მოძებნაში, განსაკუთრებით, როდესაც ახალი ჩამოსულები არიან. ინფორმაციას ბინებისა და სამსახურის შესახებ ვდებთ ხოლმე ჯგუფში. ერთ წელზე მეტია ეს ჯგუფი გვაქვს და ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმდა აქ გაგებული ინფორმაციით. დასაქმების აგენტების ნომრებით ვეხმარებით. ასევე ხშირად ვდებთ ინფორმაციას კლინიკების შესახებ, როდესაც გავიგებთ, რომ რომელიმე მათგანი უსაბუთოს უმკურნალებს, ან მართვის მოწმობის აღებას როგორ შეძლებენ. 

ამის გარდა, ძალიან დიდი ადგილი უკავია ქველმოქმედებას. ამ ერთ წელიწადში, დაახლოებით, 60 000-დან 65 000–მდე დოლარამდე  თანხა შეგროვდა და  მთლიანად წამოვიდა საქართველოში. ყველა ბენეფიციარს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა და დავუფინანსეთ მკურნალობა. ეს თანხა მხოლოდ ემიგრანტების ფულით არის შეგროვილი, ჩვენი ხელფასებიდან. უმეტესად  ამერიკაში მყოფი ქართველების, ნაწილობრივ კი ევროპიდანაც, რადგან მათ ქვეყნებში არაა ასეთი ჯგუფი, ან ვერ ფუნქციონირებს. რამდენიმე ხნის წინ ბრუკლინში მომღერალ ზურაბ დოიჯაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო-კონცერტიც მოვაწყვეთ. მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. 

გარდა ფინანსური და ამგვარი ყოველდღიური დახმარებისა, ჩვენი ჯგუფი ამცნობს ქართველებს ამერიკის ისტორიას. მათ არ შეუძლიათ ორიგინალში ამის წაკითხვა. ჩვენ ვიძიებთ ინფორმაციას და ვთარგმნით. სინტერესო ფაქტებს ვდებთ მხოლოდ ამერიკის შესახებ.

ალბათ, ადგილზე კომუნიკაციასა და ერთმანეთის გაცნობაშიც გეხმარებათ, ერთგვარი "პატარა საქართველო" შექმენით... 

–დიახ, როდესაც გვცალია, გასვლით ტურებსაც ვაკეთებთ ხოლმე. მოვაწყეთ ორი ექსკურსია. ერთი იყო ვაშინგტონი-ფილადელფია და მეორე - ნიაგარას ჩანჩქერზე. დახლოებით, 30-35 ადამიანი ვიყავით. ასევე 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ვიზეიმეთ. ვიქირავე გემი და 140–მა ქართველმა, საქართველოს დროშებით, ქართული სამზარეულოთი და საქართველოს რუკის ფორმის ტორტით აღვნიშნეთ.

                             

1990-იან წლებში უმძიმეს სოციალურ მდგომარეობაში ჩავარდნილი საქართველო და მისი ეკონომიკა ემიგრაციაში წასულმა ქართველმა გადაარჩინეს. თუმცა, როგორც ვხედავთ, ამის გარდა  საზღვარგარეთ მყოფი, ერთ მუშტად შეკრული ქართველები  არა მხოლოდ თავიანთ ოჯახებს, არამედ მთლიანად ქვეყანას უდგანან გვერდში - ერთად აღნიშნავენ სამშობლოს დამოუკიდებლობის დღეს და არც გასაჭირში მყოფ თანამემამულეებს ივიწყენებ.


                             

 

თარიღი: 2018/10/23