რას გეგმავს ინგლისური ბრენდის IGLOO KIDS-ის ქართველი მფლობელი
„ცხოვრება თვითონ გვთავაზობს პატარ-პატარა შესაძლებლობებს“ - ნინო კუხალაშვილი

ჯერ კიდევ  უხსოვარი დროიდან მოყოლებული ადამიანები თანხმდებიან, რომ ტანსაცმელი  სხეულის დაფარვისა და სიცივისგან თავის დაცვის საშუალებაზე გაცილებით მეტია. საუკუნეების განმავლობაში  სამოსი  ხაზს უსვამდა არა მარტო  მფლობელის სოციალურ მდგომარეობას, არამედ მის სულიერ სამყაროს, გემოვნებას, შინაგან ბუნებას... და მაინც, მოდის აღორძინება მე-20 საუკუნეს უკავშირდება, როდესაც ასპარეზზე  ის დიზაინერები გამოჩნდნენ, რომლებმაც ერთგვარი გადატრიალება მოახდინეს  - ის რისი ჩაცმაც მანამდე საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო, ტრენდად აქციეს. მოდის მთავარი პრინციპიც ხომ მუდმივად ახლისკენ სწრაფვა და საზოგადოებაში არსებული მდგომარეობის არეკვლაა. სწორედ ამიტომ თანამედროვე ინოვაციურ ეპოქაში მოდის მნიშვნელობა გაცილებით დიდია,  ხელოვნებამდე აყვანილი ეს დარგი ჩვენი განუყოფელი ყოველდღიურობაა. მოდის მიმდევრები ყოველთვის ეძებენ სამოსს, რომელიც ერთდროულად სტილის თანამედროვე მოთხოვნებსაც უპასუხებს და მფლობელს  სხვა ადამიანებისგანაც გამოარჩევს.



ტანსაცმლის ინდუსტრია თანამედროვე მსოფლიოში მზარდია, ბიზნესი კი  მაღალკონკურენტული. ქალისა და მამაკაცის სამოსის ბრენდების გვერდით ბავშვის ტანსაცმლის ხაზსაც ღირსეული ადგილი  უჭირავს, სადაც ვიზუალთან ერთად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ხარისხს. ამ უკანასკნელს კი, რომ ბავშვის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს,  ევროპული ქვეყნები კარგა ხანია შეთანხმდნენ და ჩვენ საზოგადოებაში დღესაც  მრავლად მოისმენთ აზრს იმის შესახებ, რომ შვილისთვის ტანსაცმლის შეძენა  უცხოური საიტებიდან სჯობს - ხარისხის და ხშირად ფასიდან გამომდინარეც კი. ალბათ ბევრისთვის აღმოჩენა იქნება თუ გეტყვით, რომ ცნობილი ბავშვის ტანსაცმლის ინგლისური ბრენდის ,,igloo kids”-ის მფლობელი ლონდონში მცხოვრები ქართველი ნინო კუხალაშვილია. მაღაზია ლონდონში მდებარეობს, სადაც ბავშვის ტანსაცმლის და ფეხსაცმლის  ფართო სპექტრია წარმოდგენილი, თუმცა ,,igloo kids” მომხმარებელს სამოსის გარდა სხვა მომსახურებებასაც სთავაზობს.



,,ბიზნესპოსტი“ ნინო კუხალაშვილს რამდენიმე კითხვით ლონდონში დაუკავშირდა:

-დავიბადე და გავიზარდე თბილისში, ქართულ ტრადიციულ ოჯახში. ჩემი ოცნება ყოველთვის იყო, რომ განათლება  გერმანიაში მიმეღო. ბავშვობიდან ვსწავლობდი გერმანულს და ჩემი არაჩვეულებრივი მასწავლებლების საშუალებით, გერმანულ კულტურას ვეზიარებოდი. საბედნიეროდ, გამიმართლა და გერმანიის ერთ-ერთ უძველეს საუკეთესო უნივერსტეტში, ჰაიდელბერგში  სტიპენდია მივიღე, სადაც  სტუდენტობის საუკეთესო და ძალიან საინტერესო პერიოდი გავატარე. იქ მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ  ჩემს შემდგომ ცხოვრებაზე დიდი გავლენა იქონია. სტუდენტობის შემდგომი წლები  მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში გავატარე, 2009 წელს კი ჩემი მეუღლე სამუშაოდ  დიდ ბრიტანეთში მიიწვიეს და მას შემდეგ ბინა ლონდონში დავიდეთ. მყავს ორი შვილი, ორივე ცხოვრობს და მოღვაწეობს ლონდონში.

-როგორ გაჩნდა ბიზნესიდეა?

-ალბათ, დამეთანხმებით, რომ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს, გარდა კომფორტისა,  გემოვნების, ხასიათისა თუ განწყობის შესაბამისად ვირჩევთ. ეს გარემოსთან ურთიერთების ერთგვარი ფორმაა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა ადამიანის ინდივიდუალობის წარმოსაჩენად. ამის გაცნობიერება ჩემს მცირეწლოვან შვილებზე დაკვირვების შედეგად ეკონომიკურად რთულ, 90-იან წლებში მოხდა, ძალიან შეზღუდული არჩევანის პირობებში. შესაბამისად, ჯერ კიდევ მაშინ, მქონდა უდიდესი სურვილი და იდეა, შემექმნა ისეთი მრავალფეროვანი სამყარო ბავშვებისა და მშობლებისთვის, სადაც მათ  სხვადასხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებას შევთავაზებდი.



- როდის დაფუძნდა ,,igloo kids” და რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ, სანამ  აღნიშნული ბრენდი წარმატებული გახდებოდა?

- მაღაზიების ქსელი ,,igloo kids” დაარსა ინგლისელმა ქალბატონმა, რომელიც სამწუხაროდ 2014 წელს გარდაიცვალა. მე თვითონ გახლდით მისი მაღაზიის ხშირი მომხმარებელი. ეს იყო ძალიან ცნობილი და ყველასთვის უსაყვარლესი ბრენდი ლონდონში. 2016 წელს, მისი ოჯახის წევრებმა ბრენდი გაკოტრებულად გამოაცხადეს. ამ მაღაზიის კონცეპტი ძალიან ახლოს იყო ჩემს იდეასთან. ნაცნობებისა და ოჯახის წევრების დიდი მხარდაჭერით შევძელით მათთან მოლაპარაკება სახელის შესყიდვაზე. ჩავთვალე, რომ ეს იყო საუკეთესო სასტარტო პოზიცია, გამეხორციელებინა ჩემი დიდი ხნის იდეა.

რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი სირთულის გადალახვა მოგვიწია. აღმოჩნდა, რომ წინა მფლობელებისგან კომპანიას უფრო მეტი პრობლემა ჰქონდა, ვიდრე მოველოდით. რადგან ჩვენ მათი სახელი გვერქვა, მომწოდებლებიც და მომხმარებლებიც ცდილობდნენ ჩვენთვის მოეთხოვათ პასუხი. ერთ წელიწადზე მეტი დაგვჭირდა, რომ ძველი მომხმარებლების ნდობა აღგვედგინა, ახლები მოგვეზიდა და IGLOO ბაზარზე ღირსეულად დაგვებრუნებინა.



- რა სახის ტანსაცმელი და ფეხსაცმელია წარმოდგენილი ,,igloo kids”-ში, რაზე კეთდება თქვენი ძირითადი აქცენტები და რითია გამორჩეული  მაღაზიაში არსებული მოდელები?

- ჩვენი საქონელი ძირითადად მიზანმიმართულია საშუალო და მაღალი კლასის მომხმარებელზე, ვყიდით “Back to school” ფეხსაცმელს და აქსესუარებს, ტანსაცმელს, სათამაშოებს და საჩუქრებს ბავშვებისთვის 0-12 წლამდე. გარდა ამისა, გვაქვს თმის შეჭრის სერვისი, სხვადასხვა უფასო ვორქშოპები ბავშვებისთვის. ვცდილობთ შევარჩიოთ საუკეთესო ხარისხის საქონელი, რომელიც გამორჩეულია მხიარული ფერებით, პრინტით და უნიკალურობით. რადგან ბრიტანელი და განსაკუთრებით, ლონდონელი მომხმარებელი, ხარისხის მიმართ გამორჩეულია მაღალი მოთხოვნით.

- რამდენად ბევრი მომხმარებელი გყავთ და როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს მომხმარებლების კმაყოფილებას?

- ჩვენი მომხმარებლები ძირითადად ჩვენი უბნის მაცხოვრებლები არიან, რომელთა უმეტესობას უკვე პირადად ვიცნობ. ვინც კარგად იცის ჩვენი მუშაობის პრინციპი, უყვარს ჩვენთან შოპინგი, ან უბრალოდ ჯიბის ფულის  დასახარჯად მოჰყავს ბავშვი. გვყავს ისეთებიც, რომლებიც ფეხმძიმობის პერიოდიდან მოყოლებული ყველა ეტაპზე ჩვენი მომსახურებით სარგებლობენ: არჩევენ პირველ სათამაშოს, პირველ ფეხსაცმელს, პირველად ჩვენთან ჭრიან ბავშვს თმას.

,,Igloo kids” უკვე ჩემი მეორე ოჯახივითაა, სადაც უმეტესობა მობრუნებული მომხმარებელია, სადაც ყოფნა, მიუხედავად უდიდესი შრომისა და დაღლილობისა, საოცარ სიამოვნებას და ყოველდღიურ სიხარულს მანიჭებს. ძალიან ბევრი ჩვენი მომხმარებელი, ჩვენთან საჩუქრებს შვილიშვილებისთის ყიდულობს. ძალიან ამაღელვებელია, ბებიები და ბაბუები როგორ რუდუნებით და დიდი სიყვარულით არჩევენ საჩუქრებს თავიანთი შვილიშვილებისთვის.

დღევანდელ ტექნოლოგიების და ონლაინშოპინგის სამყაროში,  რთულია მომხმარებლის კმაყოფილების დამსახურება, მაგრამ custom made customer service, ინდივიდუალური მიდგომა, მუდმივად საქონლის განახლება და სასიამოვნო გარემოს შექმნა, მათ კითხვებზე თუ პრეტენზიებზე სწრაფი რეაქცია, ადამიანებს უქმნის სურვილს, ისევ ჩვენთან მობრუნდნენ.



- და ის, რაც ყველას გვაინტერესებს ასეთი ისტორიების მოსმენისას - რა არის წრმატებული ბიზნესის საიდუმლო?

- დაუღალავი შრომა, მისი მუდმივი მონიტორინგი, საქმის სწორად დელეგირება და იმაზე ზრუნვაა, რომ რაღაც ახალი, საინტერესო და განსხვავებული შესთავაზო მომხმარებელს. ასევე, მუდმივი მუშაობა საკუთარ თავზე. თვისება, რომ ყურადღებით მოუსმინო გარშემო მყოფ ადამიანებს და სწორად გაანალიზო მათი იდეები.

- გაყიდვების მხრივ როგორი მდგომარეობაა? მხედველობაში მაქვს, როგორც ონლაინ, ისე მაღაზიის მიმართულებით.

- ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბრექსითის მოლოდინმა ძალიან იმოქმედა ზოგადად ინგლისის ბაზარზე. ფასები გაიზარდა და ხალხმა უფრო ფრთხილად დაიწყო ფულის ხარჯვა ან გადავიდა ონლაინვაჭრობაზე.

რა თქმა უნდა, ჩვენს მომხმარებელზეც შესამჩნევად იმოქმედა ბრექსიტის სინდრომმა, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენ შევძელით ისეთი ნიშის დაკავება, სადაც ადვილად ვუმკლავდებით ამ სირთულეებს.



- ხომ არ ფიქრობთ ბიზნესის გაფართოებაზე?

- თუ იმ საქმეს აკეთებ, რაც ძალიან მოგწონს და გიყვარს, ბუნებრივი შედეგია, რომ იფიქრო მის შემდგომ განვითარებაზე. მე და ჩემი გუნდის წევრები ამ თემაზე მუდმივად ვმსჯელობთ და ვფიქრობთ. ამჯერად ვმუშაობთ ონლაინმარკეტის გაფართოებასა და ბრენდის პოპულარიაზაციაზე ონლაინსივრცეში.

- რას გვეტყვით თქვენს სამომავლო გეგმებზე და ხომ არ უკავშირდება ის საქართველოს?

- 23 წელია, საქართველოში არ მიცხოვრია, თუმცა ამის მიუხედავად სამშობლოში დაბრუნებაზე, ან საქმიანი კავშირის დამყარებაზე ფიქრი არასდროს შემიწყვეტია. მჯერა, ამას ოდესმე აუცილებლად განვახორციელებ. მთავარია მიზანდასახულობა და ამ მიზნისკენ ნაბი-ნაბიჯ მოთმინებით სიარული. ცხოვრება თვითონ გვთავაზობს გარკვეულ პატარ-პატარა შესაძლებლობებს. ჩვენ მთავარია შევამჩნიოთ და ხელიდან არ გავუშვათ ეს მომენტები.

 

თარიღი: 2018/10/31