ეთიკა და მისი გავლენა ორგანიზაციის მართვაზე
ტერმინი ,,ეთიკა" ჯერ კიდევ არისტოტელემ განსაზღვრა, როგორც დამხმარე ასპექტი, მოვლენათა შემეცნებასა და გააზრებში. ეთიკის ნორმების მეშვეობით, ჩვენ ვხვდებით რა უნდა გავაკეთოთ, ან რისგან შევიკავოთ თავი. ეთიკის მეცნიერების საგანი, სწორედ ნორმათა ერთობლიობაა, რომელიც გამოხატავს პირადი და საზოგადოებრივი ინტერესების თანაფარდობის შეგნებასა და ამ შეგნებისადმი, თავისუფალ დამოკიდებულებას. ეთიკა განიხილება, როგორც მორალური პრიციპებისა და ღირებულებების კრებული, რომელიც საორგანიზაციო სისტემაში, განსაზღვრავს ადამიანის და ადამიანთა ქცევას, რომლის მიხედვითაც, ფასდება ქმედებები, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები.


საგანგებო ყურადღებას იმსახურებს „პროფესიული ეთიკა“. ამ სფეროში ზნეობის ზოგადი პრინციპები გამოყენებულია პროფესიასთან მიმართებით, განსაკუთრებით იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, განათლებასთან, მისი თავისუფლებისა და სოციალური უფლებების დაცვასთან.

რას ემსახურება ეთიკური საკითხების რეალიზება ორგანიზაციულ სისტემაში და რატომ არის ის აუცილებელი?– ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ „ბიზნესპოსტმა“ საქართველოს ეროვნული უნივერისტეტის პროფესორ, დავით ჩახვაშვილს მიმართა:

–რატომ არის მნიშვნელოვანი ნორმატიული ეთკის დაცვა ორგანიზაციში და არის, თუ არა ის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ორგანიზაციული საქმიანობის დროს?

–თანამედროვე საზოგადოებაში ორგანიზაციაში ეთიკის მნიშვნელობაზე საუბარი და დავა აღარ უნდა მიდიოდეს. ბიზნეს-ეთიკა, ჟურნალისტის ეთიკა, ექიმის ეთიკა, ადვოკატის ეთიკა და ა. შ. კაცობრიობის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. ეთიკური ნორმატივების გარეშე თამანედროვე საზოგადოების წარმოდგენა შეუძლებელია. უდავოა ისიც, რომ ორგანიზაციის მენეჯერის უშუალო და ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ორგანიზაციის მორალური „ჯანმრთელობის“ კონტროლი. ამ საქმეში მისი ინსტრუმენტებია: პირადი მაგალითი, მორალური კოდექსი, განვითარებული ეთიკური სტრუქტურები და სისტემები.

–ეთიკური არჩევანის გაკეთებისას მენეჯერები ეყრდნობიან სხვადასხვა ნორმატიულ თვალსაზრისს. რომელია ყველაზე მისაღები?

–ეთიკური არჩევანის და ზოგადად ეთიკური პრობლემების საფუძველი უმეტესწილად ორგანიზაციულია და არა პიროვნული. ეთიკა ხომ მორალური პრინციპებისა და ღირებულებების ერთობაა. სწორედ ეთიკა განსაზღვრავს რამდენად პოზიტიურად ან ნეგატიურად შეაფასებენ თანამშრომლები თავიანთ აზრებს თუ ქმედებებს. ამიტომ, ქცევის ნორმები, რომლებსაც მენეჯერები ეყრდნობიან მორალური-სამართლებრივი ბიზნეს-პრაქტიკის ჩამოყალიბებისკენ უნდა იყოს მიმართული.

–როგორი უნდა იყოს სამართლიანობის კონცეპცია და რას უნდა ეფუძნებოდეს ის?

–სამართლიანობის კონცეპციის იდეას, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საერთო ცივილიზებულ სამყაროში, ვინაიდან ის ორიენტირებულია ადამიანებს შორის ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე, სადაც პიროვნებებს შორის, პიროვნებასა და ჯგუფებს შორის, ასევე პიროვნებასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობები სამართლის მკაცრ საფუძვლებს ეფუძნება.

–არსებობს, თუ არა ეთიკური სტანდარტები, რომელსაც აუცილებლად უნდა იცავდეს წარმატებული ორგანიზაცია?

–ვფიქრობ, რომ დღესდღეობით ეთიკის საკითხები უნივერსალური გახდა. მაშინაც კი, როდესაც დაქირავებულებსაც და დამქირავებლებსაც განსხვავებული შეხედულებები აქვთ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, მიდგომა ეთიკური შემთხვევების მიმართ – ერთგვაროვანია. მიმაჩნია, რომ ეთიკური პრინციპები და სტანდარტები ქმნიან იმ ე. წ. წითელ ხაზებს, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრება, რომელი ქმედება ითვლება ორგანიზაციაში მართებულად, ხოლო რომელი ქმედება არის მიუღებელი თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების პროცესში.

–რას ურჩევდით მენეჯერებს როგორ დავძლიონ ეთიკურად არასწორი ქმედებები და როგორ აამაღლონ კადრებში ინფორმაციული დონე?

–ეთიკურად არასწორი ქმედებების პრევენცია შესაძლებელია, პირველ რიგში მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ე. წ. საცდურები. ამისთვის ორგანიზაციაში მეგობრული გარემო უნდა არსებობდეს. „მტრულ“ გარემოში ძალიან ადვილია არაეთიკური ქმედების განხორციელება. მენეჯერის არ უნდა დაუშვას თანამშრომლის ღირსების შემლახავი ქცევა. მართვა ნიშნავს სწორ მენეჯმენტს, როდესაც არ არის ნებადართული შიშის სინდრომისა და მუქარის გამოყენება შედეგის მისაღწევად. მოკლედ, რომ ვთქვათ: მოიქეცით ისე, როგორც გინდათ რომ თქვენ მოგექცნენ. ხოლო, ინფორმაციული დონის ამაღლებაში, ეთიკური სტრუქტურები და სისტემების გამოყენება დაგვეხმარება.

 

 

 

თარიღი: 2018/11/07