„შემოდგომის ვირუსი“ თუ ხელოვნური სქემები? - ვინ სარგებლობს ლარის ხშირი რყევებითა და გაუფასურებით?
ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ მოსახლეობის თითქმის ყველა ფენა შეაშფოთა - ყველა, ვისაც შემოსავალი ლარში აქვს. უცნაურია, მაგრამ ლარმა გაუფასურება ტურისტული სეზონის პიკის დროს დაიწყო, კერძოდ, 10 აგვისტოდან, როცა დოლარი 2.46 ლარი ღირდა, დღეს კი, 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,7656  ლარია. ვინ იცის, რა არ სახელდება კურსის ვარდნის მთავარ მიზეზად - მეზობელი ქვეყნების ვალუტები, საარჩევნო ციებ-ცხელება, ბიუჯეტის არასწორი ხარჯვა, საერთაშორისო ბაზრებზე შექმნილი სიტუაცია და ა.შ... თუმცა, ფაქტი ჯიუტია: ლარმა 2018 წელს გაუფასურების რეკორდი მოხსნა. მიმდინარე მოვლენებს კრიტიკულად აფასებენ ფინანსისტები, მათ შორის არის ანალიტიკოსი ვაჟა კაპანაძე, რომელსაც „ბიზნესპოსტმა“ შექმნილი სიტუაციის შეფასება სთხოვა:

-სამწუხაროდ, ლარის ამჟამინდელი გაუფასურება სულაც არ არის დაკავშირებული ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებთან და ჩვენ გვიწევს მარჩიელობა, თუ რა ემართება ლარს ყოველ შემოდგომაზე. უცნაურია, რომ ამ სიტუაციაში ეროვნული ბანკი ხელშესახებს ვერაფერს ამბობს და აბსოლუტურ სიმშვიდეს ინარჩუნებს. ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა ვერ ახსნა და ვერ გამოიკვლია, რა ხდება საქართველოში. რა არის ეს ? - ყოველ შემოდგომაზე ლარს გრიპის ვირუსი ემართება, თუ რა სჭირს?

-ბატონო ვაჟა, მართლაც, რატომ უფასურდება ლარი ამ სეზონზე?

-ამჟამინდელი გაუფასურება არ არის გამოწვეული მაკროეკონომიკური მაჩვენებელებით და საზოგადოებაში ჩნდება სავსებით ლოგიკური კითხვა - ხომ არ არის კურსის მერყეობა სუბიექტური ფაქტორების ბრალი? ხომ არ არის  ეს ვიღაცების მიერ მოფიქრებული ხელოვნური სქემების დამსახურება? აბა, როგორ შეიძლება ეროვნული ვალუტა ყოველთვის ერთ სეზონზე უფასურდებოდეს და ამაზე ქვეყნის ცენტრალურ ბანკს პასუხი არ ჰქონდეს? ბოლოსდაბოლოს, ეროვნულმა ბანკმა ხომ უნდა გვითხრას, რა ხდება - დოლარზე მოთხოვნა იზრდება, თუ მიწოდება მცირდება, რომ დავასკვნათ, არის თუ არა ეს ობიექტური ფაქტორების ბრალი? ამას არ აკეთებენ, სამაგიეროდ, გამოდიან და უაზრო მიზეზებს ასახელებენ - მათ შორის, ე.წ. მოლოდინებსაც აბრალებენ. რა მოლოდინები, რის მოლოდინები? - რა შუაშია აქ მოლოდინები?

-თუმცა, კურსის ცვლილება არჩევნებსაც დაბრალდა...

-არჩევნები და საგარეო ფაქტორებიც არაფერ შუაშია - ეს თითიდან გამოწოვილი მიზეზებია. სიმართლე ის არის, რომ ეროვნულ ბანკში მკითხაობით არიან დაკავებული, ნორმალურ ანალიზს არ აკეთებენ, მარჩიელობენ და ჩვენც გვაიძულებენ, ვიმარჩიელოთ. უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ლარი სულს ღაფავს, ეროვნული ბანკის მოუქნელი პოლიტიკაა. ამის წყალობით, ნათელმხილველებს უნდა ვკითხოთ, ცოტა ხანში კურსი როგორი იქნება, რადგან ამ ქვეყანაში აღარ დარჩა ვინმე, ვინც ამის პროგნოზს გააკეთებს.

-ხომ არ არის ეს ბანკების მიმართ ლოიალური პოლიტიკის შედეგი?

-მე ვიტყოდი, რომ რაც ხდება, ბანკების დიქტატის ბრალია. ეროვნული ბანკი კი არ არის კომერციული ბანკების ზედამხედველი, პირიქით, ბანკები ასრულებენ ეროვნული ბანკის ზედამხედველის როლს. მეოთხე წელია, ყოველ შემოდგომაზე ასე ხდება - ლარის გაუფასურებამ ლამის ტენდენციის სახე მიიღო და რას აკეთებს ამ დროს ეროვნული ბანკი - ზის და ყურებს აბარტყუნებს? - სიმართლე ისაა, რომ ცენტრალური ბანკი საქართველოში აბსოლუტურად უუნაროა. უფრო მეტიც, ლარი უფასურდებოდა, ეროვნული ბანკი კი გამოვიდა და დოლარები შეისყიდა იმის ნაცვლად, რომ პირიქით  მოქცეულიყო. ამით ეროვნული ვალუტის გაუფასურება კიდევ უფრო წახალისდა. აცხადებენ - ლარის კურსზე პასუხისმგებელი ჩვენ არ ვართო, მაშინ რატომ გამოდიხარ და კურსს რატომ აცხადებ - კომენტატორი ხარ, თუ სტატისტიკოსი? ამ ყველაფრის ლოგიკა მე არ მესმის და იქნებ, სხვებმა ამიხნან. ამიტომ, არასწორი იყო, როცა ეროვნულ ბანკს კურსზე პასუხისმგებლობა მოუხსნეს. ამის შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ეს პროცესი თავის ნებაზე მიუშვა და აღარც აქვს ინტერესი, რომ ლარის კურსზე იზრუნოს. თუმცა, ლარის მკვეთრ დევალვაციას ინფლაცია რომ მოჰყვება, ამაზე რატომ არ ფიქრობენ?

-მაინც ვინ სარგებლობს ლარის მკვეთრი გაუფასურებით საქართველოში?

- ეკონომიკაში ცალმხრივად დადებითი, ან უარყოფითი მოვლენები არ არსებობს. დავიწყოთ ქართული ბიზნესით: მხოლოდ ექსპორტიორები სარგებლობენ, რადგან უცხოეთიდან შემოსული დოლარებით უფრო მეტ ლარს იღებენ, მაგრამ მათი რიცხვი ძალიან მცირეა. სამაგიეროდ, იმპორტიორები არიან ცუდ მდგომარეობაში, რადგან პროდუქციას დოლარში ყიდულობენ, უფრო ძვირი უჯდებათ და მერე იძულებული ხდებიან ფასები აწიონ, რაც  მათ რენტაბელობაზე ცუდად მოქმედებს. ამ დროს ბიზნესს გადარჩენაზე უწევს ფიქრი და არა - მოგებაზე.  ასე რომ, ქართული ბიზნესის დიდი ნაწილი ზარალდება. ჩვენი ეკონომიკა ხომ იმპორტზე ორიენტირებული ეკონომიკაა და ლარის კურსის დაცემა ჩვენთვის ყოველთვის ცუდ  შედეგებს იწვევს. გამოდიან და ამბობენ - ლარის გაუფასურება ექსპორტის წახალისებას იწვევსო, კი ბატონო, იწვევს, მაგრამ ისეთ ქვეყნებში, სადაც ექსპორტის მაჩვენებელი მაღალია, ჩვენთან კი, ასე არ არის. ამიტომ, შექმნილ სიტუაციაში ქართული ბიზნესი ძალიან დიდ ზარალს ნახულობს. ზარალდება მოსახლეობაც, რადგან ჩვენთან დოლარიზაციის კოეფიციენტი მაღალია, სესხების 70% დოლარშია გაცემული, მოსახლეობის უმეტესობას კი - შემოსავალი ლარში აქვს. ისინი შემოსავლის დიდ ნაწილს ვალის მომსახურებაზე ხარჯავენ, სამაგიეროდ, ცდილობენ საყოფაცხოვრებო ხარჯები შეამცირონ, ამით მოხმარება მცირდება და პროდუქციის რეალიზაცია კლებულობს. ასე რომ, მოსახლეობა და ბიზნესი ლარის გაუფასურებით მხოლოდ წაგებას ნახულობენ.

-სავალუტო ჯიხურები თუ სარგებლობენ კურსის მკვეთრი ცვალებადობით?

-ნაკლებად, რადგან სავალუტო ჯიხურები ხშირად იმას ნატრობენ, ხვალინდელი კურსი მაინც იცოდნენ, მათთვის სულ ერთია, ვალუტის კურსი 1,8 იქნება, თუ - 2,8. მათთვის სტაბილურობა ყველაზე მთავარია, რომ ნორმალურად იმუშაონ და წაგება არ ნახონ.

- მთავრობაზე რას იტყოდით?

-მთავრობას ჩვენი ვალუტის კურსის დაცემა ხელს აძლევს იმის გამო, რომ იმპორტიდან შემოსული შემოსავალი ეზრდება, მაგრამ სამაგიეროდ ვალების მომსახურება უძვირდება, ამიტომ, ჩემი აზრით, მთავრობას ეს არაფერში სჭირდება.  ვინღა რჩება - მხოლოდ კომერციული ბანკები, რომლებსაც  ამ პროცესით მანიპულირება  შეუძლიათ. ამით არის გამოწვეული ჩემი ეჭვი, რომ ლარის დევალვაცია კონკრეტული სქემების და ადამიანების გამო ხდება. ეს რომ ერთხელ, ან ორჯერ ხდებოდეს, გასაგებია, მაგრამ უკვე რამდენი წელია ერთი და იგივე მეორდება... მარტივი არითმეტიკაა: ზაფხულში თქვენ თუ გქონდათ 10 დოლარი, ესე იგი, 24 ლარის მფლობელი იყავით, ახლა კი - უკვე 28 ლარი გაქვთ. ვისაც დოლარები აქვს, არაფრის გამო რჩება სოლიდური მოგება. ვის შეუძლია ლარის დევალვაციის პროგნოზირება? - მხოლოდ იმათ, ვინც ამ სფეროში მუშაობს - ესე იგი, კომერციულ ბანკებს.

-ხომ არ არის შეთანხმება ბანკებს შორის?

-მათ ამის საშუალება აქვთ და რატომ არ გამოიყენებენ? თუ ეს ხელოვნურად ხდება, დანაშაულია, მაგრამ თუ ობიექტური ფაქტორებით არის გამოწვეული, შეუძლიათ და რატომ არ ისარგებლებენ? ამიტომ არის საჭირო შესწავლა, ეს ობიექტური ფაქტორების გამო ხდება, თუ მერკანტილური ინტერესების გამო. მე ერთხელ მოვითხოვე, ეს საკითხი საგამოძიებო ორგანოებმა შეისწავლონ-მეთქი, მაგრამ ამაოდ. ისეთ ქვეყანაში, სადაც საბანკო აქტივების 70% უცხოურ ვალუტაშია, კურსის ცვლილება ყოველთვის იწვევს შეშფოთებას და არასტაბილურობის განცდას. ვინ სარგებლობს ამ მოვლენით? - მოსახლეობა - არა, მთავრობის ინტერესში ლარის კურსის მერყეობა არ შედის, ბიზნესიც ზარალდება, - რჩებიან მხოლოდ კომერციული ბანკები, რომლებიც კურსთა შორის სხვაობით მილიონობით ლარის მოგებას ნახულობენ.

 

თარიღი: 2018/11/08