საქართველოდან აშშ-ს წარმატებულ პროფესორობამდე - ვასილ რუხაძის 20 წლიანი ემიგრაციის გზა 
პიტსბურგის​ უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიწვეული ლექტორი ვასილ რუხაძე უკვე 20 წელია აშშ-ში ცხოვრობს. საქართველოდან 23 წლის ასაკში, ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო წავიდა. პიტსბურგის უნივერსიტეტში მიწვევამდე ის ვაშინგტონში მდებარე ჯეიმსტაუნის გეოპოლიტიკური ცენტრის ანალიტიკოსი იყო. ასევე, მანამდე ასწავლიდა კენტ სტეტი უნივერსიტეტში (Kent State University). გამოცემული აქვს ორი წიგნი და ამჟამად მესამეზე მუშაობს. აკადემიური მიმართულებით მას უკვე ყველა მიზანი მიღწეული აქვს და ახლა მისი მთავარი გეგმები სამეცნიერო კუთხით განვითარებას ეხება. ეს ყველაფერი კი, ბუნებრივია, მარტივი არ იყო. „ბიზნესპოსტი" დაინტერესდა რა გზა განვლო და რის ხარჯზე მიაღწია წარმატებული პროფესორის სტატუსს  უცხო და უზარმაზარ ქვეყანაში მარტო ჩასულმა ემიგრანტმა ბიჭმა... 

„საქართველოში 1998 წელს დავამთავრე თსუ-ს ისტორიის ფაკულტეტი, პოლიტოლოგიის სპეციალობით. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ჩემთვის უკვე ნათელი იყო, რომ საქართველოში ჩემი ადგილი არ იყო. უბრალოდ, სამსახური ვერ ვიპოვე, რომ ელემენტარული ხელფასი მქონოდა და კარიერასა და ჩემს მომავალზე მეფიქრა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვცადე, თითქოს ყველა გზა შეკრული იყო. კარგად მახსოვს, ჩემი გადაწყვეტილება როგორ ჩამოყალიბდა. საერთოდ არ ვაპირებდი საქართველოს დატოვებას და სადმე წასვლას, მაგრამ ფიზიკური არსებობა გახდა შეუძლებელი. მე მდიდარი ოჯახიდან არ ვარ და გარემოებებმა მიბიძგა, რომ ყველაფერი დამეტოვებინა და ამერიკაში წამოვსულიყავი. მაინც და მაინც ამერიკა იმიტომ, რომ ინგლისურენოვანი ქვეყანაა, ცოტა ინგლისური ვიცოდი და შესაბამისად, ლინგვისტურმა ფაქტორმა განაპირობა. თან მაშინ ემიგრაციის ტალღა უფრო ამერიკისკენ მოდიოდა. სიმართლე გითხრათ, თუ სადმე წავიდოდი, ჩემი ოცნება მაინც ამერიკა იყო, რადგან მინდოდა ამერიკული განათლება მიმეღო. ძალიან რთული გზა გამოვიარე, მაგრამ მთლიანობაში, რაც მსურდა, რაც გეგმაში მქონდა, თითქმის მთლიანად შევასრულე" 

-ბუნებრივია, ამერიკა იძლევა დიდ შესაძლებლობებს, თუმცა ამავდროულად წარმატების მისაღწევად გაცილებით მეტსაც მოითხოვს, რადგან კონკურენციაც დიდი და ძლიერია... მით უმეტეს კი ემიგრანტისთვის, რომელიც სრულიად უცხო ქვეყანაში ხვდება. თქვენ როგორ შეძელით ამდენი წინააღმდეგობის გადალახვა და მიზნის მიღწევა? 

- როგორც მოგახსენეთ, ძალიან მძიმე გზა გამოვიარე. არ იყო ისე, რომ სულ აღმასვლა მქონოდა. ძალიან ბევრი ჩავარდნა და სტაგნაცია მქონდა. ამერიკა რთული ქვეყანაა.  საქართველოში და ზოგადად, ყოფილ საბჭოთა კავშირში ამერიკაზე გაზვიადებული, ილუზიებზე მდგარი წარმოდგენები აქვთ. რეალობა კი სულ სხვა არის. კი, რა თქმა უნდა ამერიკა უზარმაზარი შესაძლებლობების ქვეყანაა, ამაზე არავინ დავობს. აქ შეიძლება  ადამიანი დაიბადოს ძალიან ღარიბი, მაგრამ თავისი შრომით, ორგანიზებულობით და მიზანსწრაფულობით ძალიან ბევრს მიაღწიოს და გახდეს მილიარდერი, ან ცნობილი პიროვნება, ან ქვეყნის პრეზიდენტი და ასე შემდეგ. მთლიანობაში, სოციალური მობილურობა ამ ქვეყანაში ძალიან მაღალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი ადვილია. პირიქით, ძალიან რთულია. ხშირად მქონდა სტაგნაციის პერიოდები, მაგრამ მთავარი გამოცდილება, რომელიც ამ ქვეყანაში მივიღე არის ის, რომ არასდროს შენს მიზანზე ხელი არ უნდა აიღო და ბოლომდე უნდა მიჰყვე მას, მიუხედავად იმისა, იმ მომენტისთვის რამდენად გაქვს წარმატება. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც დამეხმარა წარმატებაში. ასევე, ყოველთვის ვიცოდი, რა იყო ჩემი მიზანი და საით მივდიოდი. ვიცოდი, რომ ამერიკაში განათლება აუცილებლად უნდა მიეღო. ჩემთვის არ იყო მთავარი ფულის მოგროვება და შოვნა, თუმცა ამაშიც ცუდი არაფერია. ვიცოდი, რომ ამ ქვეყანაში განათლების გარეშე ძალიან რთულია რაიმეს მიღწევა. შესაბამისად, თავდაპირველად მთავარი ამოცანა ეს გახლდათ, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი რა თქმა უნდა უკვე სამსახურის პოვნა. 

-გარდა იმისა, რომ მიზანზე ხელი არ ჩაიქნიონ და თვითგანვითარებაზე იფიქრონ, კიდევ რას ურჩევდით ადამიანებს, განსაკუთრებით ემიგრაციაში მყოფებს? 

- ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზებულობა. ადამიანს უნდა ჰქონდეს შინაგანი დისციპლინა, რომ ყოველდღიურად რაღაც აკეთოს. ბუნებრივია, ყველას გვაშინებს გარკვეული მიზნები, დიდი იქნება ის თუ მცირე, მაგრამ  ჩემი მოკრძალებული რჩევა იქნება, რომ ადამიანმა თავისი მიზნისკენ ყოველდღიურად რაღაც გააკეთოს, თუნდაც  მცირე. და თვეებისა და წლების შემდეგ აღმოჩნდება, რომ ამ პატარ-პატარა ნაბიჯებით დიდი მანძილია გავლილი.

და კიდევ ერთი მთავარი ფაქტორი, რასაც ადამიანი ემიგრაციაში უნდა შეეგუოს ის გახლავთ, რომ ყველაფერი სწრაფად არ ხდება. ეს ყველაფერი გარკვეულ დროს და მსხვერპლსაც კი საჭიროებს. მეც მთელი რიგი მსხვერპლი გავიღე. იყო პერიოდები, როდესაც ოჯახს ვერ ვნახულობდი იმდენად ხშირად, როგორც მსურდა. მძიმე ფიზიკური შრომაც მიწევდა. საკმაოდ რთული პერიოდები მქონდა ფინანსურადაც. მაგრამ როდესაც ადამიანს მიზანი აქვს, ამ მიზნის განცდა მას ახალ ენერგიას აძლევს. 

- თქვენი ამჟამინდელი გეგმები და მიზნები რა არის? 

- აკადემიურად, კერძოდ განათლების მხრივ, რაც მსურდა უკვე ყველაფერს მივაღწიე, ჩემი სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხები აქ, ამერიკის შეერთებულ შტატებში დავიცავი. ახლა ჩემი ამოცანაა, რომ ჩემს დარგში სპეციალიზაცია გავიღრმავო. ამჟამად ვმუშაობ ერთ-ერთ წიგნზე. კერძოდ, ინგლისურ ენაზე გამოდის ჩემი მესამე წიგნი, რომელიც ეხება ყოფილ საბჭოთა კავშირში პოსტ-რევოლუციური, ანუ აჯანყების შემდგომი პოლიტიკური რეჟიმების მდგრადობის თემას, კონკრეტულად, უკრაინული, ქართული და ყირგიზული რეჟიმების მდგრადობას, ფერადი რევოლუციების შემდეგ. ეს წიგნი უკვე დამთავრებული მაქვს და შესაბამისად, უნივერსიტეტის გამომცემლობას წარვუდგინე განსახილველად და გამოსაცემად.

აქამდე კიდევ გამოიცა ჩემი ორი წიგნი, აქედან ერთი ქართულად, სათაურით, „წერილები ამერიკიდან," რომელიც მკითხველისთვის ხელმისაწვდომია როგორც თბილისი წიგნების მაღაზიებში, ასევე ამაზონზე. ეს წიგნი გახლავთ ჩემი ესსეების კრებული, ძირითად საქართველოს თანამედროვე პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე. წიგნი გამოიცა 2017 წლის სექტემბერში.

მიმდინარე წლის იანვარში გამოიცა ჩემი მეორე წიგნი, ინგლისურ ენაზე: „Reflections From Washington: A Chronological Digest of Georgian Politics in 2012-2017.” ეს წიგნი აერთიანებს ჩემს მიერ ჯეიმსთაუნის ფონდში 5 წლის განმავლობაში გამოცემულ ნაშრომებს.

ჩემს სამომავლო გეგმებში შედის, რომ გამოვცე ავტობიორაფიული წიგნი ქართულ ენაზე. უფრო სწორად, წიგნი უკვე დამთავრებულია და მხოლოდ მცირედი მუშაობა სჭირდება, რომ საბოლოო სახე მიიღოს. წიგნის სათაურია „ამერიკა, როგორც მე ვიცხოვრე“ და იგი ამერიკაში ჩემს და ზოგადად ქართულ ემიგრაციულ ცხოვრებას აღწერს.

ამასთანავე, შედარებით უფრო შორეულ პერსპექტივაში ვგეგმავ, პოლიტიკური მონოგრაფიის გამოცემას ინგლისურ ენაზე, რომელიც  ყოფილ საბჭოთა კავშირში კრიმინალური დაჯგუფებების პოლიტიკურ სისტემაზე გავლენის თემას მიეძღვნება. კერძოდ, ამ წიგნში განხილული იქნება საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ცენტრალური აზიის ქვეყნები და რუსეთი და იგი აღწერს თუ როგორ შეაღწიეს კრიმინალურმა დაჯგუფებებმა ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში. 

-ანუ თქვენი სამეცნიერო მუშაობის დიდი ნაწილი საქართველოს ეძღვნება

 -დიახ, საკმაოდ აქტიურად ვარ ჩართული საქართველოს ცხოვრებაში. მიუხედავად 20-წლიანი ემიგრაციისა სამშობლოსთან ინტენსიური კავშირი არ გამიწყვეტია. ჩემი ოჯახი საქართველოში ცხოვრობს და ოჯახის და მეგობრების სანახავად მეც ხშირად ჩამოვდივარ. ამ ზაფხულსაც გახლდით და მომდევნო წელსაც ვგეგმავ.

ასევე, ჩემს თანამოაზრე და მეგობარ გიორგი ლაბაძესთან ერთად ვუძღვები რადიო პოდქასტს სახელწოდებით „ანალიტიკური საუბრები,“ რომელიც მსმენელისთვის facebook-ზეა ხელმისაწვდომი. ეს პოდქასტი ძირითადად საქართველოს პოლიტიკურ და სოციალ-ეკონომიკურ პრობლემებს ეხება, თუმცა ზოგჯერ საერთაშორისო ამბებსაც მიმოვიხილავთ.

ამასთანავე, საკმაოდ ხშირად ვმუშაობ ქართველ ჟურნალისტებთან და თუკი ჩემგან, როგორც პოლიტოლოგისგან, რაიმე აინტერესებთ, ინტერვიუზე ყოველთვის სიამოვნებით ვთანხმდები. როგორც აღვნიშნე, საქართველოში ზაფხულში გახლდით, სადაც თბილისში და ბათუმში, სხვადასხვა უნივერსიტეტებში, მთელი რიგი საჯარო ლექციები და გამოსვლები მქონდა, რომელიც ამასთანავე ჩემი ქართულ ენაზე გამოცემული წიგნის „წერილები ამერიკიდან“ პრეზენტაციაც გახლდათ. ასევე, ყოველთვის მაქვს სხვადასხვა უნივერსიტეტში ლექციების ჩატარების შემოთავაზებები და მომავალ წელს, როდესაც საქართველოში ვიქნები, ვგეგმავ მთელი რიგი ლექციების ჩატარებას. ასე რომ ყველანაირად ვცდილობ საქართველოს პულსის ცემას არ ჩამოვრჩე და ჩემს ქვეყანასთან მქონდეს მჭიდრო პიროვნული და  პროფესიული კავშირი. 

 

 

 

 

თარიღი: 2018/11/12