ინოვაცია + ტრადიციული სტუმარ-მასპინძლობა - „ადამიანი-ბრენდი“-ს საქმიანი რეცეპტი
ბიზნესის ბიზნესი - აუთვისებელი სფერო საქართველოში...

აქ ჩვეულებრივი „კანონებია“:  ქმნი ბრენდს, აპიარებ და ყიდი …

ის, რაც სხვა ქვეყნებში შემოსავლის სარფიან წყაროდ ითვლება, ჩვენს ქვეყანაში პირველი ნაბიჯების გადადგმისთვის იბრძვის. 

გია პირადაშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც ვითარების გაუთვალისწინებლად მსოფლიო ფერხულში საქართველოს ჩაბმაც მოახერხა. დღეს მისი გონება მისივე ავტორობით შექმნილ საკმაოდ ბევრ შთამბეჭდავ ბრენდს ითვლის, თუმცა...

გზა, რომელმაც აქამდე მოიყვანა, საკმაოდ რთული და წინააღმდეგობებით სავსე აღმოჩნდა.  სასტარტო ეტაპზე საქმიან ცხოვრებას იმედგაცრუება და წაგების  განცდაც მოჰყვა.   წამგებიანი ბიზნესი მომგებიანად მას შემდეგ იქცა, რაც რისკიანმა ახალგაზრდამ „აღებ-მიცემობის“ დაუწერელი კანონი აამოქმედა. ბიზნესი, რომელიც იმ პერიოდში რეალურ პრობლემად აღიქმებოდა, სარფიანი გარიგების საგანი და გარკვეულ დროში N1 ბრენდი გახდა. ცოტა ხანში კი ინოვაციურმა ხედვამ, შემოქმედებითმა უნარებმა, პიროვნულმა თვისებებმა და ქართული სტუმარ-მასპინძლობის თემის ბიზნესში ინტეგრირებამ თავისი გაიტანა და გია პირადაშვილი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენად მოგვევლინა. 2011 წელს კი კახეთის ეკონომიკაში შეტანილი წვლილისთვის  უმაღლესი ჯილდო - ბრწყინვალების ორდენიც მიიღო.

„თელიანი ველი", „ვაინმენი", „ვინოტერა", „ვინივერია", „ჯანიანი"...

შემდეგ „შატო მერე“ და „როიალ ბატონი“ ...

დღეს მისი გეგმები ბევრად ამბიციურია - კახეთის მაღალმთიან დასახლებებში ზამთრის კურორტები უნდა ააღორძინოს.

-„ეს ის სფეროა, რაც კახეთში შედარებით ნაკლებადაა განვითარებული. ვნახოთ, როგორ წარიმართება საქმე, მოვიზიდავთ თუ არა ინვესტიციებს, ვნახავთ თუ არა შესაბამის კომპანიონებს და ა.შ. რაც მთავარია, მიზანი არსებობს.  მინდა ბიზნესი სანახაობრივადაც ვაქციო. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო პროექტი გამოვა“- აღნიშნა ბატონმა გიამ ჩვენთან საუბარში.

- „ადამიანი ბრენდი“ - ასეთი ეპითეტით შეგამკეს მასმედიაში. მახსოვს თქვენი პასუხიც -  ვქმნი ბრენდს, ვაპიარებ და ვყიდი...  არ გიჭირთ უკვე აწყობილი ბიზნესის დათმობა?

- ეს ბიზნესია. ამას ბევრი აკეთებს. საქართველოში ეს მიმართულება შედარებით ნაკლებად არის განვითარებული, მაგრამ მაინც არსებობს... ცეზარ ჩოჩელიც, მაგალითად, ქმნის და ყიდის ბრენდებს... მზა ბიზნესის ბიზნესი - ესეც ბიზნესია და საკმაოდ სარფიანიც. მე ხომ არავინ არაფერს მართმევს. ამაში საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებას მაძლევენ, ასე რომ, ჩემთვის კარგი შემოსავლის წყაროა. გარდა ამისა, შეუძლებელია ყველაფერი მართო თვითონ. მე, მაგალითად, ვიცი, რომ ჩემ მიერ შექმნილ ბრენდს კარგი მომავალი აქვს.  ამიტომ არ ვფიქრობ, რომ რამე დავკარგე, პირიქით, ვფიქრობ, რომ ამით მას განვითარების საშუალება მივეცი. მასში მეტ თანხას ჩადებენ და მეტ ენერგიასაც დახარჯავენ მისი პოპულარიზაციისთვის. ასე ბიზნესი მეტად განვითარდება. ვფიქრობ, ამით კარგი საქმე კეთდება საქართველოსთვის.

- თქვენი ორიენტირი თქვენი მომხმარებელია ყოველთვის. როგორც ამბობენ, უმეტეს შემთხვევაში მათ თვითონვე მასპინძლობთ, თვითონვე ემსახურებით... 

- რა თქმა უნდა... ამით სიამოვნებას ვიღებ... თან ამით ვაჩვენებ ადამიანს, რომ არც მიმტანად, არც მზარეულად, არც დარაჯად მუშაობა  და ზოგადად, შრომა სამარცხვინო არ არის... ეს უკუღმართი აზროვნების ნაყოფია და სამწუხაროდ, მხოლოდ საქართველოს პრობლემა არაა. თუმცა მე, პირველ რიგში, ჩემს ქვეყანაზე მტკივა გული... ჩემი ქვეყნის ახალგაზრდა მინდა იყოს მუყაითი, მშრომელი, მუშაც და ხელმძღვანელიც, არ უნდა რცხვენოდეს შრომის, თვითონ უნდა შექმნას საკუთარი სარჩო-საბადებელი. ასე იქმნება მომავალი.

- თქვენ კი, თქვენი მხრივ, მომავალს სტუმარ-მასპინძლობის თემის სამუშაო პროცესში გადმოტანით აშენებთ, ცდილობთ ეს საკითხი თქვენს ყველა ბრენდში იყოს პრიორიტეტული. ვფიქრობ, თქვენი ოჯახისადმი დამოკიდებულების, ოჯახური სითბოს, ადამიანური სიყვარულის, შემოქმედებითი უნარების ინტეგრირებას წარმატებით ახერხებთ ბიზნესში. სავარაუდოდ, არსებობს ქართულ-ევროპული ტრადიციების გარკვეული ტანდემი, რომელსაც ინოვაციური გზით, ინოვაციური ხედვით სთავაზობთ ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლებს.

- ეს ინოვაცია არაა, ეს ტრადიციაა. ქართველები სტუმართმოყვარე ერი ვართ. ამ პრინციპით ცხოვრობს ჩემი ოჯახიც. სტუმარ-მასპინძლობის თემა ყოველთვის არსებობდა ბიზნესში. მერე კომუნისტებმა მოგვიკლეს. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან კი ჩვენ ისევ ძველ რელსებზე დადგომას ვცდილობთ დროსთან ფეხაწყობილ რეჟიმში. ზოგადად, ჩვენი სფეროა ამ მხრივ ძალიან საინტერესო. უნდა გიყვარდეს თითოეული სტუმარი, უნდა აჩვენო სტუმართმოყვარეობა, უნდა აგრძნობინო, რომ გიხარია თითოეული მათგანის ვიზიტი. რეალურად უნდა იგრძნო და გადასცე ემოცია... ასე იქმნება წარმატებული ბიზნესი... ასე ცხოვრობს დღეს ჩემი ოჯახი...

-თქვენი ოჯახისადმი დამოკიდებულება ძალიან კარგად ჩანს თქვენს ერთ-ერთ ბრენდში, რომელსაც მეუღლის სახელი „ნინო გაგუა“ დაარქვით...

- ეს არ იყო ბრენდი. ეს იყო ცქრიალა ღვინო. გაკეთებული იყო ჩემი მეუღლის საპატივსაცემოდ.  სულ 1500 ბოთლი ჩამოვასხით. ეს იყო კომპლიმენტი ჩემი მეუღლისთვის. დასამალი არაფერია, ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, ძალიან გვიყვარს ჩვენი შვილი, გოგო, რომელიც საფრანგეთში იღებს განათლებას, თუმცა მან იცის, რომ უნდა დაბრუნდეს და საკუთარი ცოდნა, ენერგია და გამოცდილება საკუთარ ქვეყანას მოახმაროს. ჩვენ ირგვლივ სხვანაირები არ არიან. ყველას გვიყვარს საქართველო, ერთმანეთი, ქართველი ხალხი და ზოგადად, ადამიანი. ვინც არ უნდა მოვიდეს ჩვენთან, რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომდგენელიც არ უნდა იყოს ის, ღირსეულად ვმასპინძლობთ. სტუმარ-მასპინძელი ვისაც აქვს წაკითხული, იოლად გაიგებს. თუ არ აქვს, მაშინ ვეცდები, რომ ჩვენი ქმედებებით გავაგებინო. 

-ანუ ცდილობთ, რომ ბიზნესი არ გარიოთ პოლიტიკაში?

-აბსოლუტურად სწორად მიხვდით. ჩემთვის ნულია ინტერესი პოლიტიკაში. მშვიდობა და საქმეზე ორიენტირებულობაა მთავარი.

- ბუნებრივია, თქვენ ორიენტირებული ბრძანდებით ხარისხზე, შესაბამისად,  არც უნდა ვაკეთებდე აქცენტს პროდუქტების ხარისხზე, მაგრამ... მაინც გეკითხებით, საიდან მოგაქვთ პროდუქტი, ვინაა თქვენი მომმარაგებელი?

- მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისგან, ისიც რამდენიმე სოფლიდან. ბუნებრივია, აქ აქცენტი კეთდება ხარისხზე, მაგრამ არსებობს კიდევ სხვა კომპონენტებიც. ეს არის მუდმივობა ურთიერთობების. ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ შენ ხარ სტაბილური მომხმარებელი. ვფიქრობთ, რომ მეტი ურთიერთობა, მეტი ნდობა უნდა იყოს ადამიანებს შორის. ამ ადამიანური ურთიერთობების გადატანას ვცდილობთ ბიზნესში.

- გამოდის, თქვენ ნდობაზე აგებთ ბიზნესს. მახსოვს, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ 100%-ით ენდობით პარტნიორებს. ახლა ხაზი გაუსვით, რომ ნდობა უნდა არსებობდეს მომმარაგებლებთან ურთიერთობაშიც,  ასევე ენდობით მომხმარებლებს, კლიენტებს...

-სხვათა შორის,  ჩვენი ასაკის გათვალისწინებით, უფრო მეტად ვენდობით ერთმანეთს,  საუბარი მაქვს საზოგადოებაზე მთლიანობაში, ვიდრე უნდა ვენდობოდეთ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, თუმცა  მნიშვნელოვანი არასდროს არაფერი წაგვიგია ამით.

- და მაინც... ხშირად ყოფილხართ ამ კუთხით იმედგაცრუებული?...

- რა თქმა უნდა, მაგრამ ასეთ რამეებს ვივიწყებ ხოლმე ყოველთვის, ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ, რაც შეიძლება სწრაფად დავივიწყო და ცხოვრება გულისწყვეტის გარეშე განვაგრძო...

- ანუ უფრო პოზიტივით ცხოვრობთ, როგორც წესი...

- ვფიქრობ, სხაგვარად საქმე არც გამოვა. შეცდომები ყოველთვის ყველას მოსდის, მაგრამ ნდობას ერთხელ თუ დაკარგავ, ძალიან ფუჭდება მერე ყველაფერი. ასე რომ, ვფიქრობ, ნდობა არის ყველაზე ბოლოს დასაკარგი. პირიქით, ჩვენ ერთმანეთი უნდა გავიტანოთ და მაქსიმალურად მივიყვანოთ ბოლომდე ის საქმე, რომელიც ამ ერთობლივი ძალისხმევით აუცილებლად იქნება წარმატებული.

- წარმატების კიდევ ერთი ფორმულის ერთ-ერთი კომპონენტი თქვენს შემთხვევაში, ვფიქრობ, თქვენივე შემოქმედებით უნარებს უკავშირდება. რამდენადაც ვიცი, თქვენი დიზაინითაა შექმნილი, მაგალითად, „შატო მერე“-ს ინტერიერი და ექსტერიერიც...

- ჩემი და ჩემი პარტნიორების აშენებულია. მარტო ერთი ადამიანი ვერაფერს ქმნის, ყველანი ერთად ვმუშაობთ.

- პროფესიით ხართ PR სპეციალისტი...  თუ ვცდები?

- მარკეტინგის სპეციალისტი ვარ და ვცდილობ, კარგ მარკეტოლოგად ჩამოვყალიბდე. ამის პირდაპირი რეცეპტი არ არსებობს. ეს არის წარმატებული და წარუმატებელი საქმეების ან ბიზნესების შედეგებიდან გამომდინარე დასკვნები. სხვა ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებული. ყველა  წარუმატებლობას წარმატება მოსდევს და პირიქით. ზოგადად ყველანაირი გამოცდილება უკეთესის შესაქმნელად უნდა იქნას გამოყენებული.

- ანუ თქვენი წარმატების ფორმულა საკუთარი და სხვების წარმატებული და წარუმატებელი გამოცდილების საკუთარ ბიზნესში გათვალისწინების ფაქტორში მდგომარეობს? ამ გამოცდილებაზე სწავლობთ და შემდეგ „ნასწავლზე“ აგებთ ბიზნესს?

- რა თქმა უნდა, აბა მე ხომ არ მოვიგონებ ყველაფერს. ასეთი პრაქტიკა არსებობს...

- და იქნებ, რეალურად ბევრი რამეა თქვენი მოგონილი. მაგალითად, მართვის ხერხი... თქვენ უშუალოდ ერთვებით პროცესში, არ ხართ მხოლოდ განკარგულების გაცემის დონეზე - ფიზიკურად, შრომით მონაწილეობთ საქმეში. თქვენვე ქმნით, აწყობთ, ემსახურებით, აპიარებთ... ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესს თქვენ, პირდაპირი მნიშვნელობით,  საკუთარი ხელებით აშენებთ... რატომ ფიქრობთ, რომ ეს სტანდარტული მიდგომაა და ამაში არაფერია ინოვაციური?

- ეს ცოტა რთული ასახსნელია, კარგი ვარ,  თუ - ცუდი, სწორია ჩემი მიდგომა,  თუ - არა, სპეციალისტები გაგცემენ, ალბათ, ამაზე პასუხს. ვფიქრობ, ნებისმიერ სპეციალისტს ნებისმიერ სფეროში აქვს კარგი მარკეტინგული უნარები, ანუ უნარი, კარგ სპეციალისტად ჩამოყალიბდეს და ეს კარგად მიიტანოს მომხმარებლამდე, ასე რომ, აქ არაფერია ახალი.

- და კიდევ ერთი შეკითხვა: საიდან დაიწყეთ ბიზნესი და როგორ მოხვედით ამ წარმატებამდე? თუ გქონდათ რაიმე სახის ჩავარდნა პირველ ეტაპზე მაინც?

- პირველი ბიზნესი ჩავარდნით დავიწყეთ. დღეს ის ძალიან წარმატებული კომპანიაა. „თელიან ველს“ ვგულისხმობ. მისი წარმოება 1995 წელს დავიწყეთ. მაშინ, შეიძლება ითქვას, არასწორი დრო იყო ბიზნესისთვის. გახსოვთ, ალბათ, როგორი საშინელი პერიოდი იყო საქართველოსთვის. ჩვენც ძალიან გაგვიჭირდა. მოხდა ისე, რომ გამოჩდნენ ადამიანები, ვინც ჩვენი წამოწყების ფეხზე დაყენება მოახერხა. დღეს „თელიანი ველი“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდია საქართველოში.

- რთული დრო იყო...  რისკის გაწევის არასდროს შეგშინებიათ? მით უმეტეს, ბიზნესის კეთება ისეთ დროს დაგიწყიათ, როდესაც ეს მართლა ძალიან სარისკო იყო...

- მაშინ ჩვენც ახალგაზრდები ვიყავით... დღეს, ალბათ, შემეშინდებოდა. მაგრამ მე იმდენჯერ და იმდენი რამით ვრისკავდი, რომ...  ვფიქრობ, ბიზნესში ესეც აუცილებელია...

- და რით ვერ გარისკავდით? არსებობს თუ არა რაიმე საქმიანობა, რომელსაც ვერ შეელეოდით?

- დიახ, ხატვა... ამას ვერ დავთმობ...  პრინციპში, ამას არც არავინ მთხოვს...

- თქვენი ნახატების ხილვის შესაძლებლობა გვექნება?

- ყველა ჩვენი ეტიკეტი ჩემი დახატულია, ასე რომ... ჩემს შემოქმედებას ახალ ბრენდებზეც იხილავთ მომავალში...

- ახალ ბრენდს რაც შეეხება, ისევ მხოლოდ კახეთის ათვისებას გეგმავთ?

- დიახ, ამ ეტაპზე ისევ მხოლოდ კახეთი უნდა ავითვისო! რაღაც სანახაობრივი მინდა. სასტუმროს ტიპის კომპლექსი, მაგრამ არა მხოლოდ... ვნახოთ, როგორ გამოვა, რამდენად ვიშოვი სახსრებს. კახეთის მაღალმთიან რაიონებში არსებობს რესურსი, თუმცა ამ მხარეს ზამთრის კურორტები განვითარებული არაა. ამ ეტაპზე ამ მიმართულებით ვმუშაობ. ვფიქრობ, ეს საკმაოდ კარგი პროექტია საქართველოსთვის ტურისტული ზონების შექმნის თვალსაზრისით...  ვნახოთ, რა გამოვა... ჩვენ უნდა ვცადოთ!

ავტორი:
თარიღი: 2018/06/30